ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიური და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნუკი წლების მატებასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ასაკის საერთოდ არ ეშინია:
„წლების მატების კი არ მეშინია, პირიქით, მიხარია. წლების მატება მიხარია და ვაფასებ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვცოცხლობ. ამიტომ, რაც უფრო მეტად მომემატება წლები, მით უკეთესი. ყველა ნაოჭი მიხარია. ადამიანს რომ გეძლევა საშუალება, დაბერდე, ნაოჭზე არ უნდა ილაპარაკო. მე ჩემი ნაოჭები მიყვარს და ვფიქრობ, ჩემთვის დიდი მადლია ყოველი მომატებული წელი. ასაკში შესვლა სიცოცხლის გარდაუვალი ნაწილია, ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ფიზიკური ცვლილებები არ მაშინებს. თუმცა, ხელსაც ვუწყობ, ვარჯიში დავიწყე. 19-20 წლის რომ ვიყავი, თითს თითზე ვერ მიმარტყმევინებდით, ახლა კი დავრბივარ, ვვარჯიშობ და ეს მხოლოდ გარეგნული ბენეფიტების გამო კი არა, მინდა, ჯანმრთელი ვიყო, კარგი ზურგი მქონდეს და არ მოვიკუზო. 33 წლის ვარ და არასოდეს დამიმალავს წლები, აზრს ვერ ვხედავ. ამ წლებმა ბევრი გამოცდილება მომცა, მივხვდი, რომ ოჯახი მთავარია და საკუთარ თავს არასოდეს არ უნდა უღალატო“.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე ის ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკის და ბენს ერთი შვილი ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის.
ნუკიმ უკვე რამდენიმე წელია, რაც საკუთარი ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი ბრენდი მოიცავს როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ისე თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს.