ყოფილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ჟურნალ "სარკესთან" საკუთარი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
ჩვენ უკვე ოთხი წელია, რაც მცხეთაში ვცხოვრობთ, თბილისის ცენტრიდან გადავედით. იმდენი პლუსი აქვს ქალაქგარეთ ცხოვრებას, ისეთი კარგი გარემო შევქმენით ჩვენ გარშემო, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ბავშვებისთვის, ოჯახისთვის. გვაქვს დიდი ეზო, გვაქვს დიდი კომუნა შექმნილი იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენ გარშემო ცხოვრობს ამ დასახლებაში.
– დამოუკიდებელ ოჯახად ცხოვრება ხომ არ გაგიჭირდათ?
– ფანტასტიკური დედამთილ-მამამთილი მყავს, ასევე მული, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია. მათთან ცხოვრება ნამდვილად კარგი იყო, ბავშვებზეც ბევრს მეხმარებოდნენ, მაგრამ ცალკე ცხოვრება აუცილებელია. ჩვენ უკვე ვართ სრულუფლებიანი ოჯახი, უნდა შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება, ზრუნვა საკუთარ შვილებზე, ერთმანეთზე.
საერთოდაც, ყოჩაღი გოგო ვარ. ბავშვებისთვის ძიძა მყავს, დანარჩენ საქმეებს კი მე და ჩემი მეუღლე ერთობლივად ვუძღვებით.
– თქვენი შეხვედრის და სიყვარულის ამბავი გაიხსენეთ.
– ვახო ყოფილი მორაგბეა. იგი საქართველოში არ ცხოვრობდა, ჩეხეთში იყო და დრო და დრო ჩამოდიოდა. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს რაღაც ღონისძიებაზე მნახა და მოვეწონე. მას შემდეგ გადაწყვიტა, მისი მეუღლე გავმხდარიყავი. თავიდან შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი. ჩემი წინააღმდეგობა დაძლია და შეხვედრიდან ხუთ თვეში ვიქორწინეთ. უკვე 12 წელი გავიდა, ორი შვილი გვყავს – 10 წლის ერეკლე და 5 წლის ლილე.
– 12 წელი ოჯახური თანაცხოვრებისთვის ცოტა არ არის. რა გასწავლათ ამ წლებმა, რა არის მთავარი ოჯახში სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის?
– პირველ რიგში, თითოეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და დათმობა. ოჯახი არ არსებობს კამათის გარეშე. ერთად ცხოვრების წლები გაძლევთ საშუალებას, გაიგოთ ერთმანეთის ხასიათი, რა სწყინს შენს მეუღლეს, რა ახარებს, რას ელოდება შენგან. მე ხშირად დამითმია მისი აზრის სასარგებლოდ და ვიცი, რომ ისიც ასე იქცევა.
ჩვენ ყველა ეტაპი გავიარეთ და, შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის ფიქრები და სურვილები. ეს უკვე ჰარმონიაა წყვილის ურთიერთობაში.