Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, პარიზში 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, თუმცა განსხვავებული სილუეტებისა თუ შთამბეჭდავი შოუს მიღმა ეს ფაქტი სხვა არაერთი ასპექტითაც საინტერესო იყო.
შოუ სცენაზე გაიმართა. მუსიკალურ გაფორმებაზე, ტრადიციულად, დემნას მეუღლემ, ლოიკ გომესმა იზრუნა. თუმცა ეს მისი ერთადერთი ფუნქცია არ ყოფილა - საქორწინო კაბაში გამოწყობილმა ლოიკმა ჩვენებაც დახურა.
ჩვენება გამორჩეული იყო იმითაც, რომ ის დიზაინერის დედამ გახსნა. ამ ფაქტს კი სოციალურ ქსელში დემნას ძმა, ასევე დიზაინერი, VETEMENTS-ის კრეატიული დირექტორი გურამ გვასალია გამოეხმაურა:
"ვამაყობ, რომ Balenciaga-ს შოუ დედაჩემმა გახსნა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენებაზე არ მიმიწვიეს. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის. ღმერთმა დალოცოს იგი" - წერს გურამ გვასალია.
„ჩემი ძმა ექვსი წლით უფროსია. როცა მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. შესაბამისად, ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები ჩემზე ადრე მიიღო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, მგონია, რომ ბევრად უფრო მოწინავე ვარ“ - ამბობდა გურამ გვასალია ძმაზე The New York Times-სთან ინტერვიუში. რომ არა ეს ინტერვიუ, ძმებს შორის გაუგებრობა ისედაც ცხადი იქნებოდა, რადგან გურამი ხშირად აქვეყნებს საკუთარ "ინსტაგრამზე" "მინიშნებებს", რომ უფროს ძმასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.
ქართველებისთვის სიურპრიზი იყო ისიც, რომ დემნა გვასალიას შოუს ქართველი მომღერალი ლელა წურწუმიაც დაესწრო. სოციალურ ქსელში წერენ, რომ როცა დემნას საქართველოს ნოსტალგია აქვს, ლელა წურწუმიას სიმღერებს უსმენს. მათი შეხვედრის კადრებს "ინსტაგრამზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა.