"ჩემი სახელი არავის აინტერესებს და გამოვტოვებ. გავიზარდე მოკრძალებულ, თბილისურ ოჯახში. მართალია, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არც არაფერი მაკლდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ პირადობის მოწმობაზე შექმნილი პრობლემის გამო გამოცდაზე ვერ გავედი და დავრჩი სახლში. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ 2 იანვრიდან ყველაფერი შეიცვალა...
გავიცანი ბიჭი, პირობითად - როინი. თავიდან სიტუაცია უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე... როგორც ხდება ხოლმე, შეგვიყვარდა ერთმანეთი. მე მისმა განსხვავებულობამ მომხიბლა - განსხვავებულად აზროვნებდა...
ოღონდ მარტო აზროვნებდა, საქმეში კი ტიპური დედიკოს ბიჭი აღმოჩნდა (ამას ძალიან გვიან მივხვდი, ჩემდა სამწუხაროდ). მოდიოდა ჩემთან სახლში, ჩემს ნათესავებთან, სამუდამო სიყვარულს მეფიცებოდა. მახსოვს, ერთხელ დედაჩემი სახლში არ უშვებდა - ანას არ გაჩვენებო და უთხრა, თუ არ მაჩვენებ, აქედან გადავხტებიო (მეოთხე სართულიდან).
დედამაც შემოუშვა. ამ შემთხვევის მერე დედაჩემი დანებდა. ტრადიციისამებრ, ჯერ ნიშნობა გვქონდა, ხოლო 1 თვეში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქორწილიდან დაიწყო, თუ დაიწყო! ქორწილში მაგიდაზე საშინელი ჭურჭელი ელაგა. ზედ ძველი საჭმელები ჰქონდა შემხმარი... ქონიანი და გაზინტლული იყო ყველაფერი... აღარ გავაგრძელებ, თორემ რომელიმე მკითხველს გული შეუწუხდება.
ეს ყველაფერი არაა. პირველი ღამე ისეთ ოთახში გავატარე, რომ კინაღამ ცუდად გავხდი აბლაბუდებითა და ქვიშით სავსე ოთახი იყო, სადაც ერთადერთი, მორყეული საწოლი იდგა! პირველი ღამე ცრემლის ღვრაში გავატარე. ჩემმა მზრუნველმა მეუღლემ კი ეს იმით ახსნა, რომ დრო არ ჰქონდათ (ალბათ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში).
ამასაც შევეგუე, ამის მერე კი დაიწყო დამცირებისა და შეურაცხყოფის 3 ჯოჯოხეთური წელი. ჩემს ძვირფას მეუღლეს საცხოვრებლად ცალკე გადასვლის ხსენებაზე კრუნჩხვები ემართებოდა. თურმე დედიკოს გარეშე ვერ გაძლებდა! უკანასკნელი წვეთი კი მისი სიტყვები აღმოჩნდა: "შენ უკანასკნელ ადგილზე დგახარ, მონა ხარ და ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დამემორჩილო!" მოვკიდე ხელი ჩემს ანგელოზს და წამოვედი.
სხვათა შორის, ჩემი იქ ყოფნის დროს ბავშვი 3-ჯერ მომეწამლა, ერთხელ კი ჩემი ანგელოზი საოპერაციო გამიხდა - უვარგისი ძეხვი აჭამეს. ბავშვის გადარჩენის საკითხი სათუო იყო. მოკლედ, დროზე გამოვეცალე იქაურობას. თქვენი vampiru noutaka.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)