როგორც წესი, წელიწადში ერთხელ გამოცდილი დიასახლისები ზამთრის მარაგს აკეთებენ. სხვადასხვა კონსერვის მომზადებისას აუცილებელია, დაიცვათ ქილების სტერილიზაციის წესები.
სტერილიზაცია, მოგეხსენებათ, საკმაოდ შრომატევადი და უსიამოვნო პროცესია. დიასახლისები მიკრობების მოსასპობად დიდი ხნის განმავლობაში ხარშავენ მდუღარე წყალში ქილებსა თუ ბოთლებს. შესაძლებელია თუ არა, შევიმსუბუქოთ ეს შრომა? დიახ!
ქილების სტერილიზაცია მარტივად შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში.
სტერილიზაციის დრო: 5 წუთი.
ინსტრუქცია:
გარეცხეთ მინის ქილა (ბოთლი) ჩვეულებრივი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი სითხით, კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში. სუფთა ქილაში ჩაასხით 1 სმ-ზე წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ქილა ღუმლიდან, გადაღვარეთ წყალი და დაამხეთ სუფთა ჩაის ტილოზე.
მიკროტალღურ ღუმელში სტერილიზაციის პლუსები:
პირველ რიგში, დროის ეკონომია, მეორე – ერთდროულად შეგიძლიათ რამდენიმე ქილის გასტერილება, მესამე – სამზარეულოში არ დგება ორთქლი და სინესტე.
სასარგებლო რჩევები:
მნიშვნელოვანია, რომ ქილებში ესხას ცოტაოდენი წყალი, რათა ქილა არ გასკდეს. თუკი დიდი ქილები არ ეტევა მიკროტალღურ ღუმელში (მაგალითად 3-ლიტრიანები), ისინი შეგიძლიათ დააწვინოთ, ოღონდ მასში უფრო ნაკლები წყალი უნდა ესხას, რომ არ გადმოიღვაროს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ლითონის ნივთების შედება მიკროტალღურ ღუმელში დაუშვებელია. ამიტომაც ქილის მოსახუფი სახურავების გასტერილება მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება.
ასევე იხილეთ:
მიკროტალღური ღუმელის სხვა დანიშნულებით გამოყენების 12 მეთოდი