აჭარული კერძი კაიმაღი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებიდან მთელი დღის განმავლობაში ისმის, ბევრისთვის უცნობია.
ეს მთიან აჭარაში გავრცელებული კერძია, რომელსაც დიასახლისები ყოველდღიურად ამზადებენ.
ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში, მაგალითად, ბეშუმში, საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები რძეს სეფერატორში - რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. სწორედ ამ ნაღებს ეძახიან კაიმაღს. ეს არაჟნის კონსისტენციის პროდუქტია და ასევე არაჟანივით მომჟავო გემო აქვს. იმდენად ნოყიერია (წარმოიდგინეთ მთის საძოვრებზე მოწველილი რძის სუფთა ნაღები), რომ ბავშვისთვის მისი შეთავაზება არც იფიქროთ.
მხოლოდ ახალმომზადებული კაიმაღის ჭამა შეიძლება შედარებით მსუბუქად. 2-3 დღის შემდეგ კი მაგრდება და ნამდვილ კარაქს ემსგავსება. საკმაოდ ეგზოტიკური საჭმელია, თუმცა ძალიან ცხიმიანი და მძიმე.
კაიმაღისგან შინაურ კარაქს ამზადებენ, რომელიც საკმაოდ მალფუჭებადია. ამიტომ ზამთრის მარაგისთვის ამ კარაქს ამარილებენ და ისე ინახავენ.
იხილეთ სტატია სრულად