ალუმინის ქვაბები ხმარებისგან შინაგან ბზინვარებას კარგავს. ამიტომ, პირველადი იერის დასაბრუნებლად, ჩაყარეთ ქვაბში ვაშლისა და კარტოფილის ნაფცქვენები და წამოადუღეთ ან ძმარი აადუღეთ მასში.
მიმწვარი ქვაბის გათეთრებას სარეცხის საპნით შეძლებთ. გახეხილი საპონი (ძირს უნდა ფარავდეს) წამოადუღეთ ქვაბში და გაგრილებული ღრუბლით გარეცხეთ.
ხორცისა და ხახვის გატარების შემდეგ ხორცის საკეპ მანქანას ადვილად გარეცხავთ, თუ მასში უმ კარტოფილს გაატარებთ.
თუ მომინანქრებულ ქვაბში სადილი მიგეწვათ, ადვილად გაასუფთავებთ სოდით. ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი ჟელე, დაასხით ცოტა წყალი და დაუმატეთ 1 ს/კ სოდა. ნარევი წამოადუღეთ.
იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში მომინანქრებული ქვაბი არ გაშავდეს, თვეში ერთხელ ძმარი ჩაასხით და წამოადუღეთ.
მინის ჭიქებს გააწკრიალებთ, თუ ძმრიანი წყლით გარეცხავთ.
მაცივრის გასაწმენდად 1 ლიტრ წყალში გახსენით 4 ს/კ სოდა, დაასველეთ მასში ჩვარი და ასე გაწმინდეთ.
დანა დიდხანს დარჩება ბასრი, თუ გალესვამდე მარილიან წყალში მოათავსებთ და სველს გალესავთ.
ფქვილში მწერები რომ არ გაჩნდნენ, ერთი კბილი გაუფცქვნელი ნიორი ჩააგდეთ.
თუ ადუღებისას რძე გადმოგივიდათ, ცხელ გაზს მარილი მოაყარეთ, რათა დამწვარი რძის სუნი მთელ სახლში არ დატრიალდეს.