ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის პროდუქტი ასუქებს ან სიმაღლეში ზრდის ადამიანს. მოდი, ერთად გავარკვიოთ ამა თუ იმ პროდუქტის კალორიულობა.
მაკარონი -ერთი ულუფა მაკარონი (60 გ) შეიცავს 220 კალ-ს, ხოლო ერთი ულუფა შემწვარი კარტოფილი 360 კალ-ს. ამრიგად, ის აზრი, რომ მაკარონი ადამიანს ასუქებს, არასწორია.
სინამდვილეში, წონის მომატებას არა მარტო მაკარონი იწვევს, არამედ ის სოუსები, რომლებთან ერთადაც მიირთმევთ. თუ თქვენ წონის დაკლების სურვილი გაქვთ, უარს ნუ იტყვით მაკარონზე, ოღონდ ბოსტნეულითა და ზეითუნის ზეთით შეზავებული მიირთვით.
გამომშრალი პური - ამბობენ, რომ გამომშრალი პური არ ასუქებს. სინამდვილეში, 100 გ გამომშრალი პური შეიცავს 318 კალ-ს, ხოლო 100 გ რუხი პური 210 კალ-ს.
აბსოლუტურად მცდარია ის აზრიც, რომ მარგარინზე მეტად კარაქი ასუქებს, 100 გ კარაქი შეიცავს 750 კალ-ს, ხოლო 100 გ მარგარინი 745-ს. ამრიგად, განსხვავება თითქმის არ არის, მაგრამ კარაქი შეიცავს სრულფასოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს გულის მუშაობის გაუმჯობესებას.
საკმაოდ გავრცელებული აზრია, რომ თუ გვიან მიირთმევთ, გასუქდებით, მაგრამ ესეც არასწორია. მთავარია დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა, მასში შემავალი ცხიმების შემცველობა და ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად ფიზიკური აქტივობა.
ის აზრი, რომ კვერცხი ქოლესტერინის მომატებას იწვევს, მცდარია. თქვენ შეგიძლიათ უშიშრად მიიღოთ 2 ცალი კვერცხი, თუ ნივთიერებათა ცვლის პროცესი დარღვეული არ გაქვთ.
არც ის არის მართალი, თითქოს ლუდი ასუქებს. სინამდვილეში, ყველაფერი დამოკიდებულია მიღებული ლუდის რაოდენობასა და იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ლუდს ვაყოლებთ.
ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)