ქალების საუკეთესო მეგობრები ბრილიანტები კი არა, ჰორმონები არიან. მათი გავლენით გოგონა ქალად იქცევა და წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენა აქვს მათ ქალის ორგანიზმზე. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სამსახურებრივი და პირადი წარმატების მიღწევაში ჰორმონები გვეხმარება, უფრო სწორად, მათი გავლენა მენსტრუალური ციკლის პერიოდზე.
მენსტრუალური ციკლის პირველიდან მეხუთე დღემდე განსაკუთრებული, პირველი ფაზაა. იგი ქალის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. ორგანიზმი ბევრ რკინას კარგავს და ქალი გადაღლილია, თავს სუსტად გრძნობს. ამ პერიოდში არ გირჩევთ ვარჯიშს, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას და საქმიან შეხვედრებს. უმჯობესია, შინ კარადა დაალაგოთ, სამსახურში კი - დოკუმენტები.
გაამდიდრეთ რაციონი რკინითა და თუთიით (ხბოს ღვიძლი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ხილი). მაქსიმალურად შეამცირეთ ნახშირწყლები. ტკბილი ღვეზელები და ფუნთუშები კიდევ უფრო მოგთენთავთ.
მეექვსედან მეცამეტე დღემდე მეორე ფაზა იწყება - "ფოლიკულარული". ამ დროს უმჯობესდება ტვინის მუშაობა, ქალი უფრო აქტიური ხდება, იმატებს ჩასახვის ალბათობა. კარგი პერიოდია მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანი შეხვედრების დასაგეგმავად, წვეულებებზე დასასწრებად.
პირველი ფაზის გასვლის შემდეგ ორგანიზმი ჯერ მაინც სუსტია, ამიტომ რაციონი გაამდიდრეთ ცილის შემცველი პროდუქტებით (თხილი, თევზი, ხორცი, კვერცხი). თუ დაფეხმძიმება გაქვთ გადაწყვეტილი, მიირთვით დიდი რაოდენობით: ხორბალი, ნიახური, ხაჭო, ყველი, არაჟანი, ვაშლი, სტაფილო, ალუბალი და ბროწეული.
მე-14-16 დღეებში წარმატებისთვის მოემზადეთ. ამ დროს ქალი ვარდივით იფურჩქნება. მომხიბვლელი და სექსუალური ხდება. ამასთანავე, საქმიანად აქტიური. თუმცა, მომატებული ტესტოსტერონის გამო ქალი შეიძლება აგრესიულიც იყოს.
ამ დღეებში ნუ მიიღებთ გადაჭარბებულად ზღვის პროდუქტებს, თხილს, ყვავილოვან კომბოსტოს. აგრეთვე ძალიან ტკბილ ყავასაც ნუ დალევთ.
მე-17-დან 28 დღემდე ქალი მშვიდი და ტოლერანტულია. კარგი დღეა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ახალი მეგობრების გასაჩენად, ოჯახურ წრეში დასასვენებლად. ესტროგენის დონე ამ დღეებში იკლებს (თუ ასე არ მოხდა, მიზეზი უნდა ეძებოთ მედიკამენტებში, კვებაში). ამ ჰორმონის სიჭარბე ქალს აგრესიულს ხდის. ასე რომ, უმჯობესია, უარი თქვათ შებოლილ, ნახევარფაბრიკად და კონსერვ პროდუქტებზე.
25 დღიდან ქალს ე.წ. PMS, ანუ წინა მენსტრუალური პერიოდი ეწყება. ის, რაც ვერ მოასწარით წინა პერიოდში ამ თვეში დაგეგმეთ. დააკვირდით მენსტრუალურ კალენდარს, აკონტროლეთ ჰორმონები და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებისთვის მოემზადეთ.