მისაღები ოთახის ისტორია ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან იწყება. თავდაპირველად მისაღები ოთახები სტუმრების მიღებისთვის და ჩაის სმისთვის სულაც არ იყო განკუთვნილი.
ეს იყო გრძელი, სასეირნო გალერეები გობელენებითა და ბუხრებით, რომლებშიც დუელებსაც კი აწყობდნენ ხოლმე. დროთა განმავლობაში გამოჩნდა სალონები, რომლებშიც დადგეს დივანი, სავარძლები და მაგიდები. მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები დღის უმეტეს ნაწილს აქ ატარებდნენ.
საბჭოთა კავშირის დროს კი მსგავსი ტიპის ოთახს გამოუჩნდა ახალი სახელწოდება -"ზალა". გაიზარდა მისი დანიშნულებაც. ეს იყო ოთახი გრძელი, რუმინული "სტენკით", რომლის ვიტრინებიდან აუცილებლად იყურებოდა ბროლის ვაზა და ჩაის "სერვიზი". ამ ოთახში ნახავდით ტელევიზორსა და რბილი ავეჯის სამეულს, პიანინოს, სამუშაო კუთხესა და ერთ დიდ მაგიდას. როგორც წესი, დღესასწაულების დროს ეს მაგიდა 20 კაცსაც კი იტევდა.
დღევანდელი მისაღები ოთახი რადიკალურად განსხვავდება თავისი წინამორბედებისგან. შეიცვალა მისი სახელწოდებაც - "living room", ოთახი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
გემოვნება, სტილი და კომფორტი - ეს თანამედროვე მისაღები ოთახის მთავარი კრიტერიუმებია. ინტერიერის ყველა ელემენტი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს სივრცეს და ერთდროულად აერთიანებდეს მას.
თუ თქვენი მისაღები მცირე ზომისაა, მისი კედლების ფერი მკვეთრი არ უნდა იყოს. უპირატესობა ღია და ნათელ ფერებს მიანიჭეთ. უმჯობესია, თუ იატაკს ნატურალური ხის ეფექტი ექნება.
მისაღები ოთახის ახალი ტენდენციები მინიმალიზმს გულისხმობს. ავეჯის დადგმის დროს მანძილი ნივთებს შორის 80 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მისაღები ოთახისთვის ავეჯის შერჩევის დროს ყურადღება მის ხარისხს, ფერსა და ფუნქციონალურობას მიაქციეთ. საცხოვრებელი ფართის ნაკლებობის გამო ხშირად უპირატესობას გასაშლელ დივანს ვანიჭებთ. ასეთ შემთხვევაში, დივნის მექანიზმი, უმჯობესია, იყოს რკინის, რადგან მისი გაფუჭების ალბათობა ნაკლებია. მნიშვნელოვანია დივნის სიმყარეც. "ჩემი რჩევა იქნება, დივანი ოდნავ მყარი იყოს, ვიდრე რბილი, ერთ წელიწადში რომ არ დაჯდეს. ის უმჯობესია, ბლოკ-ზამბარისგან იყოს დამზადებული, რათა გაუძლოს დროსა და მოხმარებას", - აღნიშნავს ნინო მჭედლიშვილი, "ემბავუდის" დიზაინერი.
ახალი ტენდენციების მიხედვით, დივანი სადა, ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო სავარძლები დივნისგან კარდინალურად განსხვავებული, ფერადი და დეკორატიულია. დივანს ხშირად ალამაზებს და სიხალისეს მატებს დიდი რაოდენობით ფერადი ბალიშები. ძირითად შემთხვევაში, ეს ბალიშები დივანს თავად მოჰყვება. თუმცა, შესაძლებელია საკუთარი გემოვნებით შერჩევაც და დამატებაც. იმათ კი, ვინც უპირატესობას დივანთან ერთად ნაყიდ ბალიშებს ანიჭებს, როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, ასეთი ბალიშების ცალკე შეკვეთა და შეძენა კომპანია "ემბავუდშიც" შეგვიძლია.
მისაღებში დიდი ზომის მაგიდების განთავსება წარსულს ჩაბარდა. დიზაინერები მცირე ზომის, ე.წ. ჟურნალის მაგიდის დადგმას გვირჩევენ, მასალად კი "დეესპეს" გამოყენებას, რადგანაც ის არ იხაზება და არც მალე ფუჭდება.
იუგოსლავიური "სტენკების" წარსულში ჩაბარებასთან ერთად, მისაღები ოთახიდან გაქრა ბიბლიოთეკებიც. მართალია, ელექტრონული წიგნები მოსახერხებელია, მაგრამ სიმყუდროვის განწყობას ვერ შექმნის. წიგნების რამდენიმე თარო არა მხოლოდ კითხვისთვის განგაწყობთ, არამედ თქვენს ინტერიერს საინტერესოსაც გახდის.
თანამედროვე მისაღებ ოთახში დიდი ყურადღება განათებას ეთმობა. თუ მზის სინათლე რთულად აღწევს აღნიშნულ ოთახში, მოერიდეთ მუქი ფერის ფარდებს. ოთახის რბილი ნაწილი (დივანი-სავარძლები) გაანათეთ ტორშერით. უპირატესობა სადა ჭაღებს მიანიჭეთ.
თანამედროვე მისაღები ოთახის განუყოფელი ნაწილია აქსესუარები. ლამაზი და განსხვავებული ფორმის ვაზები, ყვავილები, სანთლები და დეკორატიული ნივთები მეტ სიმყუდროვესა და სტილს შემატებს თქვენს მისაღებ ოთახს.
თანამედროვე ტენდენციების თანახმად, მისაღები ოთახი გახდა ადგილი და სივრცე, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ის არ უნდა იყოს გადატვირთული, არამედ პირიქით - უნდა იყოს სადა და ღია ფერებში გაწყობილი.
ეკა მელიქიძე