თუ სახის კანსა და დეკოლტეს ზონას უვლით, ხელებმა რა დააშავა?.. თანაც, როგორც ცნობილია, ქალის ასაკს ხელები გასცემენ.
ჭურჭლის რეცხვისა და სახლის დალაგების დროს ნუ დაიზარებთ, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები; ცივ ამინდში მუდამ წაისვით მკვებავი კრემი, გაიკეთეთ აბაზანები. ზამთარში თბილი ხელთათმანის გარეშე ქუჩაში ნუ გახვალთ. ხელის კანის მოვლაში საუკეთესო მეთოდია პარაფინთერაპია.
პარაფინთერაპია მინი-საუნასავითაა, ფორები იხსნება, წიდები გამოდის; როცა პარაფინი ცივდება, ხელის კანი ტენს იწოვს და კანს გამჭვირვალე აპკს აკრავს, რომელიც მის დაზიანება-დაბერებას უშლის ხელს.
პარაფინთერაპიის ჩატარება სახლის პირობებშიც შეიძლება:
დაგჭირდებათ: ღრმა ჭურჭელი, პარაფინი (იყიდება აფთიაქში), ცელოფნის პაკეტები, ორი პირსახოცი, სკრაბ-პილინგი, დამატენიანებელი საშუალება, მაგალითად, ხელის კრემი.
პარაფინი დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, წყლის აბაზანაზე ან გაზქურაში.
სანამ პარაფინი დნება, ხელები სკრაბით დაიმუშავეთ, ფაქიზად, მაგრამ გულდასმით. ხელები არ დაიბანოთ, ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდეთ.
ხელებზე სქლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
გაგრილებულ პარაფინში ხელები მონაცვლეობით, 3-3-ჯერ ჩაყავით.
ხელებზე ჩამოიცვით ცელოფნის პაკეტები და შემოიხვიეთ პირსახოცი. სასურველია, ვიღაც დაგეხმაროთ. დაელოდეთ პარაფინის გაშრობას, დაახლოებით 20 წუთი.
პარაფინი გაცივდა? ახლა მოიშორეთ ჯერ პირსახოცი, მერე პაკეტები და ბოლოს პარაფინისგან წარმოქმნილი "ხელთათმანი". კარგად შეიზილეთ ხელებზე დარჩენილი კრემი.
რას ხედავთ, გამოჯანმრთელებულ და გაახალგაზრდავებულ ხელებს? აი, ასე მარტივი პროცედურით მიიღებთ ჯადოსნურ ეფექტს. გაანებივრეთ თქვენი ხელები პარაფინთერაპიით.