ლაბირინთი - მაცდური წინადადება - თავი 7 - Marao

ლაბირინთი - მაცდური წინადადება - თავი 7

2020-07-02 12:29:53+04:00

ადამიანებს საოცარი უნარი გაგვაჩნია, ძალიან მოკლე დროში გავაცნობიეროთ არსებული სიტუაცია, რომელშიც სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით და უსწრაფესად შევიმუშაოთ ქცევის ტაქტიკა.

თუ საჭიროება მოითხოვს, სულ რაღაც წამებში, უამრავი რაღაცის გაფიქრება შეგვიძლია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო დროს ვიბნევით და იდეალური პასუხი ან საქციელი, რომელიც ჩვენს საუკეთესო მხარეს წარმოაჩენდა, გვიან გვაფიქრდება.

"მისტერ იდუმალება" გემოვნებით და ძალიან დახვეწილად იყო ჩაცმული. ძვირფასი მაჯის საათი ეკეთა და რაღა თქმა უნდა, ძვირფასი ფეხსაცმელებიც ეცვა. ყველაზე უცნაური კი თვალის ფერი ჰქონდა. ძალიან ღია, გაცრეცილი ცისფერი, ოდნავ ფირუზისფერი რომ დაჰკრავს... ასეთი ფერის თვალები მხოლოდ სურათებში თუ მინახავს... თმა ლამაზად ჰქონდა შეჭრილი. მთლიანობაში სიმპათიური იყო, მაგრამ არც ძალიან გასაგიჟებელი.

აუჩქარებლად მომიახლოვდა და მომესალმა. ხელი ჩამომართვა და ჟესტით მანიშნა, ფანჩატურში შევსულიყავი. ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. მისი დაცვის ორივე თანამშრომელი გარეთ დარჩა. დავსხედით თუ არა, ოფიციანტი ბიჭი მოგვიახლოვდა და ორი მენიუ მოიტანა.

- რას მიირთმევთ?

თავაზიანად შემეკითხა. თვითონ მენიუ არც გადაუშლია...

- მე არ მშია...

- არც გწყურიათ?

- რამეს დავლევდი...

- რას?

- რასაც თქვენ!

აშკარად დაძაბული ვიყავი და ისიც მშვენივრად ამჩნევდა ამას. გაეღიმა.

- ნუ გერიდებათ!

- არ მერიდება...

- მეეჭვება, თქვენც ტეკილა დალიოთ!

- გავრისკავ!

- როგორც ჩანს, რისკი გიყვართ... ძალიან კარგი. და ტეკილამდე რას მიირთმევთ? უგემრიელესი საჭმელი აქვთ აქ. მე ძალიან მშია!

- მაშინ თქვენ მიირთვით...

- მე მივირთვა და თქვენ მიყუროთ? ეგრე არ გამოვა!

მისტერ იდუმალება ოფიციანტს მიუბრუნდა.

- ესე იგი, ორი ტეკილა "კასა ნობლე" მოგვიტანე! სტეიკი გარნირით, სალათა და სუშის ასორტი. მანგოს წვენი. დესერტს მოგვიანებით შევუკვეთავთ...

შევცბი. რატომ მაინცდამაინც სუში?.. ნუთუ ესეც უბრალო დამთხვევაა? გამორიცხულია, ის მეკობრე იყოს! იმას თაფლისფერი თვალები ჰქონდა. არა მგონია, ლინზები ჩაედგა...

როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და ხმა ამოვიღე.

- უკაცრავად...

- ვიცი, ვიცი! არ გაგეცანით! - თქვენ იცით, ვინ ვარ?

- არა. არ უთქვამს ჩემს უფროსს.... მითხრა, რომ თქვენ თვითონ გამეცნობით...

- ეჭვიც არ გაქვთ, ვინ შეიძლება ვიყო?

- ეჭვი შეიძლება მაქვს...

- გამიზიარებთ?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა!

- კეთილი.

გაეღიმა.

- მე ლევან გიორგაძე ვარ! ეს სახელი ალბათ რაღაცას გეუბნებათ...

- ძალიან ცოტას! მხოლოდ ის ვიცი, რომ ლევან გიორგაძე ბიზნესმენია! ამ სახელის გარშემო ბევრი ლეგენდა ტრიალებს...

- თქვენ გჯერათ ლეგენდების?

- მე მხოლოდ იმის მჯერა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ და მესმის...

- საინტერესოა! მეეჭვება საკუთარი თვალით გენახათ, როგორ გაჩუქეთ კლუბი "პორტალის" ბარათები...

მერჩივნა, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე, ვიდრე ასეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი...

- ნება მომეცით, აგიხსნათ...

- საჭირო არ არის, ნუ ღელავთ... სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებულიც კი ვარ თქვენი საქციელით! მიყვარს გაბედული ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ სარისკო ნაბიჯის გადადგმის. შეგიძლიათ მითხრათ, საიდან გქონდათ ის ბარათები? იმედია, მეც იმას არ მეტყვით, რომ კინოთეატრში იპოვეთ...

როგორც ჩანს, ფილი გიორგაძის ხალხმა დაჰკითხა. სავარაუდოდ, ჩემზე უკვე ყველაფერი ეცოდინება და ამ შემთხვევაში, ტყუილით ვერ გამოვძვრები...

- ბარათები ჩემი კომპანიის უფროსის კაბინეტში ვიპოვე. უფრო სწორად, მისი ნაგვის ურნიდან ამოვიღე...

ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა და სიცილი ვერ შეიკავა.

- მაპატიეთ... ძალიან მოულოდნელი პასუხი იყო... კი ვხვდებოდი, რომ დობროვსკისგან გქონდათ ბარათები, მაგრამ საიდან - ეს მაინტერესებდა, რადგან დობროვსკი თავისი ნებით არ მოგცემდათ მაგ ბარათებს...

- დობროვსკის ალბათ უთხარით ბარათების ამბავი...

- არა, რა თქმა უნდა! არც ვაპირებ... რა საჭიროა ზედმეტი ვნებათაღელვა? თანაც, თქვენ პირველი ქალი ხართ, ვინც ჩემი გაოცება მოახერხა! როდესაც ბარმენმა მითხრა, თქვენ რომ დაპატიჟეთ, ის წყვილი დარბაზშიაო, გამოვიხედე და ვერც ერთი ვერ გიცანით, რაღა დაგიმალოთ და ძალიან დავინტრიგდი...

- ვწუხვარ, რომ ასე მოხდა! დაუფიქრებლად მოვიქეცი... სათანადოდ ვერ შევაფასე არსებული სიტუაცია და რაც ენაზე მომადგა, ის ვთქვი... ესე იგი, იმ ბარათების ამბის გასარკვევად დამიბარეთ...

- არა, არა! მე მანამდეც მინდოდა თქვენთან შეხვედრა. იმ ამბის მერე კი ორმაგად უფრო მომინდა!

- ჩემი მეგობარი, ფილიპე თქვენმა ხალხმა გაიყვანა დასაკითხად?

- თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რომ ის კლუბი ჩვეულებრივი გასართობი ადგილი არ არის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა...

- ძალიან დიდი ნერვიულობის ფასად დამიჯდა ამის მიხვედრა, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა... საქმეზე გადავიდეთ, ბატონო ლევან... აქ რატომ ვარ?

- მე ვიცი, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ თქვენს საქმეში! დობროვსკიმ ბევრი მელაპარაკა თქვენს ფანტაზიაზე, თქვენს ამოუწურავ შესაძლებლობებზე...

- მიკვირს... დობროვსკიმ არ იცის ადამიანების ქება!

- პირადად არა და ეს სწორი მიდგომაა! როდესაც ადამიანს პირში აქებ, დიდი შანსია, თავში აუვარდეს და მუშაობის ხარისხი დააგდოს. მე რამდენიმე ბიზნესი მაქვს, ანიკა! მაქვს სასტუმროების ქსელი, ერთი-ორი საწარმო, ტოტალიზატორები, კაზინო და დახურული კლუბი...

- "პორტალი"?

- კი ბატონო... მოდი, "შენობით" ფორმაზე გადავიდეთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ... არ მიყვარს ოფიციალური ტონი...

- გადავიდეთ...

- როგორ ფიქრობ, ანიკა... რაში კეთდება ყველაზე დიდი ფული?

გიორგაძე დივანს მოხერხებულად მოერგო და ჩემ მოსასმენად მოემზადა. როგორც შევატყვე, წინ სერიოზული საუბარი გველოდა.

- ამაში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკვებ პროდუქტში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შემოსავლების უმეტესი ნაწილი საჭმელში იხარჯება!

- მართალია! ოღონდ მე ერთსაც დავამატებდი... - თამაში! - "მიეცით ხალხს პური და სანახაობა" - ამბობდა რომაელი იმპერატორი გაიუს ოქტავიანე, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში და აბსოლუტურად მართალი იყო! არსად არ კეთდება ისეთი ფული, როგორიც კაზინოში და ტოტალიზატორებში...

- განსხვავება უფროსებსა და ბავშვებს შორის მათი სათამაშოების ღირებულებაშია, ხომ?

- რა ზუსტად თქვი!

- მე არა, რობერტ ფროსტმა თქვა! მე, უბრალოდ, დავეთანხმე...

გიორგაძეს ისევ გაეღიმა. რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობდით, მით უფრო უბრალო მეჩვენებოდა. აღარ ვღელავდი და გონებაც უფრო გამეხსნა.

ოფიციანტმა ვახშამი მოგვიტანა. სანამ სინიდან მაგიდაზე გადმოალაგებდა თეფშებს, დრო ვიხელთე და გიორგაძის დაცვის წევრებისკენ გავიხედე. ორივე მაღალი იყო და კარგად ნავარჯიშები სხეული ჰქონდათ. ჩვენგან ოდნავ მოშორებით, სკამებზე ისხდნენ. ერთი პერიმეტრს აკონტროლებდა, მეორე თვალს არ მაცილებდა.

- სად გავჩერდით?

მკითხა გიორგაძემ, როგორც კი მიმტანი წავიდა.

- თამაშზე...

- ისე, ძალიან უცნაური დამთხვევაა! წარმოიდგინე, თამაშების სცენარისტს ვეძებდი, რამდენიმე კანდიდატი განვიხილე, შევარჩიე და შეხვედრა გადავწყვიტე. წინა დღეს, უფრო სწორად - ღამეს, სრულიად შემთხვევით, საკუთარ კლუბში მატყობინებენ, რომ ვიღაც უცნობი გოგო ამბობს, რომ კლუბის ბარათები ვაჩუქე. ამ გოგოს ვინაობით ვინტერესდები და ნაცნობი სახელი და გვარი მესმის... შემდეგ ვიგებ, რომ სწორედ ისაა, ვისთანაც შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. შენ გჯერა ასეთი "შემთხვევითი" დამთხვევების? თუ ფიქრობ, რომ ეს გარკვეული ნიშნებია?

- მინდა მეორის უფრო მჯეროდეს!

- ნიშნების?

- კი. როდესაც გჯერა, რომ სამყარო გარკვეულ ნიშნებს გიგზავნის, უფრო მეტი შანსია, მართლა არსებობდეს რაღაც უზენაესი ძალა და სიკვდილის შემდეგ ყველაფერი არ მთავრდებოდეს...

- ყველაზე მეტად სიკვდილის გეშინია?

- თვითონ სიკვდილის არა! - რა არის სიკვდილი? ხარ და უცებ აღარ ხარ... საკუთარი სიკვდილის არ მეშინია! მე ჩემი საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში მაქვს... არ მინდა მათი სიკვდილის მომსწრე გავხდე...

- საინტერესო მოსაუბრე ხარ! მომწონს, როდესაც შეგიძლია ქალს ასეთ თემებზე ესაუბრო...

- თქვენ რისი გეშინიათ?

- ჩვენ "შენობით" ფორმაზე შევთანხმდით, არა?

გამიღიმა.

- ცოტათი მიჭირს ადაპტირება...

- არც კი ვიცი, რისი მეშინია... მგონი, არაფრის...

- აბა, დაცვით რატომ დადიხარ?

ამაზე გულიანად გაეცინა.

- როგორი ჩამჭრელი კითხვები გცოდნია! შენი აზრით, რატომ დავდივარ დაცვით?

- ალბათ, სიკვდილის გეშინია...

აღარაფერი მიპასუხა. ჭიქა აიღო და მომიჭახუნა.

- მოდი, ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დავლიოთ!

მეც ავიღე ჭიქა და მივუჭახუნე. ვახშმის დროს ცოტას ვლაპარაკობდით. მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს, ვიდრე ჭამას არ მოვრჩით.

- სანამ ჩვენი შეხვედრის კონფიდენციალურ ნაწილზე გადავალ, დალევა არ გვაწყენს...

გიორგაძემ ბარმენს ხელით ანიშნა მოსულიყო და დესერტი შეუკვეთა.

- მთავარზე გადავალ, რომ ძალიან არ დაგღალო.

- გისმენ...

- "პორტალის" შესახებ მინდა გითხრა რაღაც... მოკლედ, როგორც უკვე მიხვდი, ეს არის დახურული კლუბი, სადაც სერიოზული ხალხი დადის... სერიოზული რა მხრივ, სერიოზულ თანამდებობებზე მომუშავე, მათ შორის, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს არ აწყობთ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. გართობა კი, როგორც მოგეხსენება, ყველას უნდა! მათ იციან, რომ "პორტალში" დაცვა უმაღლეს დონეზეა და არაფერი არ ემუქრებათ... შეუძლიათ გაერთონ. "პორტალში" ასევე მოდიან მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლადაც, საიდუმლო შეხვედრებისთვის და ასე შემდეგ... ეს შენ ნაკლებად გეხება! - როგორ ერთობიან უფროსები? - ძირითადად კაზინო, კარტი, "რულეტკა", სათამაშო აპარატები და ასე შემდეგ... კაზინოები მრავალი წელია არსებობს და კლიენტების სიმრავლეს არ უჩივის, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან მოსაბეზრებელი ხდება!

- მე რა უნდა გავაკეთო?

- კლუბის წევრებისთვის თამაშის მოფიქრება მინდა! რამე სერიოზული, საინტერესო და ცოტა ეროტიკულიც...

- ეროტიკული?

- მინდა, რომ მაქსიმალურად გაშალო ფანტაზია და იდეები შემომთავაზო! ნურაფერში ნუ შეიზღუდები! ამ დღეებში მე შენ "პორტალს" დაგათვალიერებინებ და უფრო კარგად მიხვდები, რისი გაკეთება შეიძლება! არ მინდა არც კარტი, არც ბანქო... მსგავსი არაფერი! მხოლოდ რეალური თამაში, რეალური ფიგურებით...

- გასაგებია...

- რაც შეეხება ანაზღაურებას, თუ შენი სცენარი ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მზად ვარ, ათი ათასი გადავიხადო!

- აა... ათი ათასი ლარი?..

თვალები შუბლზე ამივიდა.

- ლარი არა, დოლარი... ოღონდ ერთადერთი პირობა, რომელიც უნდა შეასრულო, ისაა, რომ არავის არაფერი არ უნდა მოუყვე! დობროვსკისაც კი...

მანგოს წვენი მოვსვი, რომ აზრზე მოვსულიყავი.

- აბა, რას იტყვი?

- საინტერესო წინადადებაა! ვიფიქრებ, რა შეიძლება გაკეთდეს...

- "პორტალში" როდის წავიდეთ? მე, სამწუხაროდ, შაბათამდე არ მცალია...

- იყოს შაბათი... ისე, არ გეშინიათ? ხელისუფლებამ რომ გაიგოს კლუბის ამბავი...

- მთავრობის წარმომადგენლების უმრავლესობა კლუბის წევრია. დასკვნა თვითონ გამოიტანე.

გაეღიმა გიორგაძეს.

- ეგ სულ დამავიწყდა...

- კიდევ გაქვს კითხვები?

- რამდენი ხანია, რაც ეს კლუბი არსებობს?

- დიდი ხანი არ არის... წელიწადნახევარი იქნება, დაახლოებით!

- უფრო მეტი მამაკაცი დადის თუ ქალი?

- მამაკაცები გაცილებით მეტნი არიან.

- გასაგებია... ასაკი?

- ოცდაორი წლიდან ზემოთ...

- კლუბი რომელ საათზე იხსნება?

- ღამის ათიდან დილამდე.

- დობროვსკი კლუბის წევრია?

- არა. რამდენჯერმე გავუგზავნე ერთჯერადი ბარათები, მაგრამ მოსვლისგან თავი შეიკავა!

- ალბათ ამიტომ გადაყარა ნაგავში...

- ალბათ...

- იმ ღამეს, ჩემს მეგობარს რომ ვეძებდი, დაცვამ მითხრა, რომ წითელ დერეფანში შესვლის უფლება არ მქონდა...

- წითელ პორტალში შესვლის უფლება მხოლოდ კლუბის მუდმივ წევრებს აქვთ.

- და რა არის იქ?

- სწორედ მაგის ჩვენება მინდა შაბათს...

- ისე, სულ მაინტერესებდა... როგორ ხდებიან მილიონერები მილიონერები? რაში მდგომარეობს წარმატების ფორმულა?

გიორგაძეს გაეღიმა.

- მე არ მიწვალია ბევრი. ქონება ბაბუაჩემისგან მერგო. "სტარტი" აღებული ჰქონდა, მე უბრალოდ მის დაწყებულ საქმეს მივყვები... რა თქმა უნდა, საკუთარი იდეებიც განვახორციელე. დაწყებაა ძნელი. შენარჩუნება და შემოსავლების გაზრდა ადვილია.

დაიქირავებ პროფესიონალებს და ისინი მიხედავენ ყველაფერს... წარმატებული რომ გახდე, ძალიან მოხერხებული უნდა იყო! უნდა შეგეძლოს სარისკო ნაბიჯების გადადგმა, ლავირების უნარი უნდა გაგაჩნდეს და საჭირო დროს "ვა-ბანკზეც" უნდა წახვიდე... რასაკვირველია, იღბალიც ძალიან დიდ როლს თამაშობს...

- მე მეტი კითხვა არ მაქვს! აღარ მოგაცდენთ და თქვენს ზარს დაველოდები...

- სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, ანიკა!

- ბარათების ამბავზე კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს...

- ისევ "თქვენობით" ფორმაზე გადახვედი.

გაიღიმა გიორგაძემ და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი.

- მეც კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ საბოდიშო არაფერი გაქვს! პირიქით, მე მაპატიე, თუ რაიმე უხერხულობა შევქმენი, შენს მეგობართან დაკავშირებით...

გიორგაძის დაცვა წამში ფანჩატურთან გაჩნდა.

- ლაშა, ამ გოგოს გაბარებ! მანქანაში ჩასვი და ვაჟას უთხარი, სახლამდე მიიყვანოს!

- არა, არ არის საჭირო! ტაქსით წავალ!

- არავითარ შემთხვევაში! ეს საკითხი არ განიხილება! უი, კინაღამ დამავიწყდა...

გიორგაძემ შარვლის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ფილის მობილური ამოიღო.

- ეს შენს მეგობარს დარჩა! ელემენტია დამჯდარი...

- მადლობა!

- აბა, წარმატებები და შაბათს შევხვდებით!

გიორგაძემ კიდევ ერთხელ ჩამომართვა ხელი და ერთმანეთს დავცილდით. მე და მისი დაცვა ლიფტში შევედით. სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდა ლიფტი, დაცვის ბიჭმა მობილურით დარეკა და მძღოლი სასტუმროს შესასვლელთან დაიბარა. შენობიდანაც ერთად გამოვედით.

- მანქანა ახლავე მოვა!

- მადლობა... არ იყო საჭირო, მე თვითონაც წავიდოდი...

- ჩანთას დაგიჭერთ!

- არა, ნუ შეწუხდებით...

მისი ხმის ტემბრი რაღაცნაირად ნაცნობი მეჩვენა, მაგრამ ვერ გავიხსენე, საიდან მეცნობოდა. ორ წუთში "მირაჟის" შესასვლელთან ის შავი მანქანა გაჩერდა, რომელმაც იმ ღამეს ქუჩაში ნელი სვლით ჩამიარა, სკვერში რომ ვიმალებოდი. ლაშამ უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდომაში დამეხმარა. მეც მადლობა გადავუხადე და გიორგაძის მძღოლმა სახლში გამაქროლა.

ლევან გიორგაძეზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, სანამ ვნახავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან არ მომეწონებოდა, რეალობაში რომ მენახა ოდესმე.

სახლში რომ შევედი, ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი.

- ანიკა, შენ ხარ?.. დედა მეგონე...

- ჰო, მე ვარ, თეო! დედა არ არის სახლში?

- არა, მამიდასთანაა. მალე მოვალო... რატომ გაცვია დედას ტანსაცმელი?

თეომ ინტერესით შემათვალიერა.

- მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი და ოფიციალურად უნდა მცმოდა...

- გშია?

- არა... ჩაის კი დავლევ შენთან ერთად სიამოვნებით!

- კაი, დავადგამ...

- მე მანამდე გავიხდი...

რამდენიმე წუთში თეოსთან ერთად დივანზე ვიჯექი და ჩაის ვსვამდი.

- ანიკა...

- ჰოუ...

- კვირას გოგოები "დრაივში" მიდიან და შეიძლება ის ბრჭყვიალა კაბა ჩავიცვა?

- დედა ჩაგაცმევს მაგას?

- დედამ კაიო... ოღონდ მოსაცმელი მოიცვიო.

- დიდი არ გექნება?

- არა, ზუსტად მაქვს... უკვე გავისინჯე. ეგ ხო იწელება!

- სასაცილო გოგო ხარ შენ!

თეოს ჩავეხუტე. სხეულში სითბო ჩამეღვარა. პატარა რომ იყო, სულ ვკოცნიდი, ახლა დიდი გოგოა და ეთაკილება... დედაც მალე მოვიდა. დაწოლის წინ სამივემ ერთად ფილმს ვუყურეთ და მერე ჩემს ოთახში განვმარტოვდი. ძილის მეტი არაფერი მინდოდა...

დილით ძალიან ადრე ავდექი და ფილიპეს გავუარე სახლში. ჯერ კიდევ ეძინა.

- მშვიდობაა?

მკითხა, როგორც კი კარი გამიღო.

- ტა რაამ!

ცხვირწინ მობილური ავუფრიალე.

- აუუ... სად იპოვე?

წამში გამოფხიზლდა.

- არსად... კლუბის მფლობელს წავართვი!

- ღადაობ?

- რა მნიშვნელობა აქვს! მიდი, ჩაიცვი და სადმე დავლიოთ ყავა! მე გეპატიჟები...

- რაღაც კარგ ხასიათზე ხარ... მოხდა რამე?

- განსაკუთრებული არაფერი! მიდი და ქვემოთ დაგელოდები...

- ბაიკით ხარ?

- ჰო...

- კაი. მალე ჩამოვალ!

მე და ფილი "მაკდონალდსში" ვისხედით და ყავას ვსვამდით, როდესაც მობილურზე დედამ დამირეკა.

- ანიკა, რა ადრე წახვედი... ჩემი ჩანთიდან ამოვალაგე ახლა შენი ნივთები, გუშინ რომ გქონდა წაღებული და კონვერტი დაგრჩა, დედა... არ გჭირდება?

- რა კონვერტი?

- ყავისფერი კონვერტი... ზედ რომ არაფერი არ აწერია...

გაგრძელება იქნება პარასკევს

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - იდუმალი ვიზიტორი (ეპიზოდი VI)