ინტერიერის განახლებისთვის დრო ყოველთვის მოიძებნება. როგორც ჩაცმისას, ასევე ბინის მოწყობისას მნიშვნელოვანია მოდის ტენდენციების გათვალისწინება.
Embawood-ის დიზაინერმა საძინებლისა და სასტუმრო ოთახის კომფორტულად და გლამურულად მოწყობის საიდუმლო გაგვიმხილა.
7 რჩევა, როგორ შევარჩიოთ და მოვაწყოთ საძინებელი:
საძინებელი არის ოთახი, რომელიც სტუმრისთვის მუდამ დახურულია. ის უნდა იყოს განსაკუთრებულად კომფორტული და თავიდან ბოლომდე ინდივიდზე ან წყვილზე მორგებული. საძინებლის შერჩევისას ორი სტილი დომინირებს: კლასიკა ან მინიმალიზმი. კლასიკაში ყურადღება გამახვილებულია სწორ ხაზებსა და ტრადიციულ მასალაზე. ის მოგაგონებთ ზღაპრული სასახლის ოთახს. მინიმალიზმი კი სივრცის განცდას ტოვებს. გამოყენებულია ნეიტრალური ფერები, ნაკლები დეკორაცია. რომელი სტილიც უნდა აირჩიოთ, გაითვალისწინეთ, რომ საწოლი ოთახი პრაქტიკული უნდა იყოს.
ტენდენციურია საწოლები რბილი თავით ან მთლიანად რბილი კორპუსით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლოგინი სათავსოებით. მატრასი არა მხოლოდ საწოლის, არამედ საძინებლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის "ბამბანერკასავითაა" - არასდროს იცი, შიგნით რა დაგხვდება. სასურველია, შეიძინოთ ორთოპედიული მატრასი, ამ შემთხვევაში ხერხემალი დაცული იქნება დეფექტებისგან.
მსგავსი მატრასი აუცილებელია მოზარდისთვის, რომლის ხერხემალიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. უნდა აღინიშნოს, რომ ორთოპედიული მატრასი საკმაოდ ხისტია, თუმცა სიხისტის მიუხედავად, ზემოდან რბილი ფენის დამატების შემთხვევაში, კომფორტულ გამოძინებაში ხელს არაფერი შეგიშლით. არ დაზოგოთ ფული მატრასზე და მიენდეთ კონსულტანტის კვალიფიციურ რჩევებს.
საძინებლის ფერი, რა თქმა უნდა, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მხედველობაში უნდა მიიღოთ ფარდებისა და კედლების ფერიც. გაითვალისწინეთ, რომ საძინებელმა უნდა დაგამშვიდოთ და ჰარმონიის განცდით აგავსოთ.
იმისთვის, რომ თქვენი საძინებელი კომფორტულად ითვლებოდეს, საჭიროა: სწორად შერჩეული მატრასი, ხარისხიანი ქვეშაგები, ტევადი კარადა და საყვარელი ადამიანი.
სარკეს ფუნქციური და დეკორაციული დანიშნულება აქვს. შეიძინეთ დიდი სარკე, რომელშიც თავიდან ბოლომდე გამოჩნდებით. ფანჯრის ან ჭაღის შუქი სახეზე უნდა გეცემოდეთ.
თუ თქვენი საძინებელი შედარებით მცირე ზომისაა, შეიძინეთ სარკიანი კარადა. ის სივრცითი ეფექტის შექმნაში დაგეხმარებათ.
ოთახში აუცილებლად უნდა ეკიდოს სქელი ფარდები ან ჟალუზები. თუ დიდი საძინებელი გაქვთ, გარდერობი ცალკე ოთახად გადააქციეთ. მოერიდეთ საწოლ ოთახში ტექნიკის შეტანას. არ დაგავიწყდეთ, რომ საძინებლის უპირველესი დანიშნულება დასვენებაა.
6 რჩევა, როგორ შევარჩიოთ და მოვაწყოთ სასტუმრო ოთახი
სასტუმრო ოთახი სახლის გულია, სწორედ აქ ვიღებთ სტუმრებს. ამიტომ ელეგანტურობა მნიშვნელოვანია. სასურველია, თქვენს სტატუსსაც გაუსვათ ხაზი.
ვინაიდან სასტუმრო ოთახში ოჯახის წევრებიც დიდ დროს ატარებენ, რამდენიმე ზონად დაყავით: ავეჯი + ტელევიზორი და მაგიდა + კომოდი.
ქართველები ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ. ამიტომ მაგიდა ყურადღებით უნდა შევარჩიოთ. ხანდახან მაგიდა სასტუმრო ოთახის ნახევარსაც კი იკავებს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ტრანსფორმირებადი მაგიდები გამოიგონეს. ასევე, არსებობს ჟურნალის მაგიდა, ის ჩვეულებრივზე უფრო დაბალი და მცირე ზომისაა.
სავარძლები, მატრასის მსგავსად, მაქსიმალურად ხისტი უნდა იყოს. ძალიან გავრცელებულია კუთხის სავარძლები. პრაქტიკულია სავარძელი, რომელიც იშლება. რბილი ავეჯის შერჩევამდე, აუცილებლად დაჯექით მასზე. თუ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, მისი შეძენა არ ღირს. თუ სავარძელი რბილია, რამდენიმე წელში გაფუჭდება. წინდახედულება გმართებთ.
სასტუმრო ოთახი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანათოთ თეთრი, ცივი შუქით. ის სახლში დეპრესიულ გარემოს ქმნის და ინტერიერის ფერებიც კარგავს ინტენსიურობას.
სასტუმრო ოთახის კრემისფერში გადაწყვეტა არ ამართლებს. არც ჭყეტელა ფერებით გადატვირთოთ. უნივერსალური ვარიანტის მიხედვით, ოთახში ფერები აქსესუარებით უნდა დავაბალანსოთ. მაგალითად, რბილ ავეჯზე დაყარეთ ფერადი ბალიშები. რეკომენდებული არ არის ტელევიზორის მაღლა დაკიდება, ეს თქვენს მხედველობას აფუჭებს. ტელევიზორი თვალის გასწვრივ უნდა მოათავსოთ, ასე გამოსახულებაც მკვეთრად აღიქმება.
თათული ღვინიანიძე