ლაბირინთი - უცნაური ღამე სასტუმროში თავი 17 - Marao

ლაბირინთი - უცნაური ღამე სასტუმროში თავი 17

2023-01-27 16:19:11+04:00

არაფერია იმაზე უცნაური, როდესაც სასტუმროს ნომერში ღამეს მამაკაცთან ერთად ათევ და თქვენ შორის არაფერი ხდება, თუნდაც ეს მამაკაცი შენი საუკეთესო მეგობარი იყოს.

ირაკლის შევთავაზე, რომ სახლში წასულიყო, მაგრამ მარტო არაფრით დამტოვა. შხაპი მიიღო და საწოლში ჩაწვა. მე ისევ ოცდამეთოთხმეტე ნომერს ვყარაულობდი, რომლისგანაც მარტო ერთი კედელი მყოფდა. რადგან ირაკლის ეს ნომერი არ მისცეს, ესე იგი, დაკავებულია და ღამის პირველ საათამდე რომ არავინ მოვიდა, სავსებით შესაძლებელია, მართლა გიორგაძე ცხოვრობდეს...

- შეიძლება ტელევიზორი ჩავრთო? თუ დილამდე ეგრე უნდა იჯდე, კედელზე ყურმიდებული?

მკითხა ირაკლიმ და თავქვეშ ბალიში ამოიდო.

- ჩართე, ოღონდ არ აღრიალო! თუ გინდა დაიძინე, შენ მე ნუ მიყურებ.

- დავიძინებ, აბა, რას ვიზამ? ღამეს ნაღდად ვერ გავათენებ... ისედაც მაგარ კურიოზულ სიტუაციაში გავეძრე... ქალაქის ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს ნომერში ვარ გოგოსთან ერთად, რომელიც მეზობელ ნომერში სხვა კაცს ყარაულობს... მე კიდე პატარა ბავშვივით უნდა დავხუჭო თვალები და დავიძინო...

- შემოგთავაზე სახლში წასვლა, მაგრამ არ მოინდომე და რა გიყო?

ვუთხარი სიცილით ირაკლის.

- არა, კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, მეც კაცი ვარ და თან, გოგოსა და ბიჭის მეგობრობის საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ.

- მაგით რის თქმა გინდა?

- რის და შენ, პირველ რიგში, ქალი ხარ და მერე ჩემი მეგობარი. შეუძლებელია ქალთან წმინდა მეგობრობა ყოველგვარი ეროტიკული აზრის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, კაცებთან ასეა. შეიძლება გამოხატულად არ ფიქრობდე ამაზე, მაგრამ "ბექგრაუნდში" თუ არ გიზიდავს ქალი სექსუალურად ოდნავ მაინც, იმასთან მეგობრობაც ძალიან გაგიჭირდება. ინტუიციის დონეზე მაინც უნდა იყო დარწმუნებული, რომ რამე რო იყოს, მასთანაც გექნებოდა შანსი... ხვდები, რის თქმას ვცდილობ?

- ჰო, რა მიხვედრა მაგას უნდა?! დებილი კი არ ვარ... თან ახალი არაფერი გითქვამს, მეც ვიცი, რომ ასეა!

- დაიცა, შენ გიფიქრია ოდესმე ჩემთან იმაზე?..

ირაკლი საწოლში წამოჯდა.

- კარგი რაა, ირაკლი! რა დროს ეგ არის ახლა?

- ახლაა მაგის დრო, აბა, როდისღა?

სავარძლიდან პატარა ბალიში ავიღე და ვესროლე.

- რა მოხდა? გიტყდება?

- შენ მაინც ხომ იცი, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტს ფიქრებში ვატარებ? მგონი, ყველაფერზე მიფიქრია, რაზეც კი ფიქრი შეიძლება... ნუ, გაფიქრებით მაინც...

- დაიცა, კროულისთან სექსზეც?

- ფუუ....

ირაკლიმ სიცილი დაიწყო.

- არა, მართლა მაგრა ვკაიფობ, მე და შენ "პიჟამაფართი" რომ გვაქვს... მოდი, წამოწექი, ვიჭორაოთ!

- მორჩი მაიმუნობას!

- მაპატიე... დამავიწყდა, რა მნიშვნელოვან საქმეზე ხარ მოსული...

- დასალევი არაფერი გინდა? დავრეკავ, ვეტყვი, ჩაი ამოგვიტანონ...

- გაგიჟდი? გვანცაა დღეს მორიგე. ხო აზრზე ხარ, ჩაის რო შემოიტანს და ასე დაგვინახავს? მიდი მერე და უხსენი, ეს ის არაა, რაც შენ გაიფიქრეო...

- უი, ხო... ეგ სულ არ გამხსენებია!

- მომიყევი რა, ჩემზე რეები გიფიქრია!

- საერთოდ არ გეძინება?

- შენ წარმოიდგინე, არა!

- არ მახსენდება მართლა... რომ მახსოვდეს, მოგიყვებოდი. არ მომერიდება...

- მე, მაგალითად, მახსოვს, რასაც შენზე ვფიქრობდი... გითხრა?

- არა, იყოს...

- ისე, ვინ მოიგონა, რომ მეგობრებს შორის სექსი "გრეხია"? პირიქით არ უნდა იყოს წესით? აი, დაფიქრდი! მეგობარი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად გიგებს, შენც უგებ. გისწორდება მასთან საუბარიც, გართობაც, დალევაც... აი, რაღა მაინცდამაინც სექსი არ უნდა გისწორდებოდეს? - მართლა არ მესმის!

- შენ რამე ჯადო ხო არ გაჭამა დღეს გვანცამ?

- მე სულ ასეთი ვარ! უბრალოდ, დღეს უფრო სექსუალურად ვხუმრობ...

- ყველაზე საყვარელი ხარ!

სიცილი ვერ შევიკავე. უცებ ძალიან მომინდა, მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ირაკლის, მაგრამ არ გავრისკე.

- კაცს მარტო ერთადერთ შემთხვევაში ესიამოვნება, თუ ეტყვი - საყვარელი ხარო, როცა სიტყვა "საყვარელში" სხვა მნიშვნელობას იგულისხმებ. ჩემნაირ სიმპათიურ, სექსუალურ, ნავარჯიშები სხეულის მქონე კაცს რო "საკალელი" ხარო, ეუბნები, ცოტა არ იყოს, დამამცირებელია. მე კი არ მწყინს, უბრალოდ, გეუბნები, რომ სხვა კაცებთან გაითვალისწინო რა...

- მეც ხო რიგი მიდგას სხვა კაცების...

- ისე, ეს "მოჩვენება" რა როჟაა? საინტერესო "მასტია"?

- საკმაოდ. ზუსტად იცის, რა უნდა, რას აკეთებს, რისთვის და ისიც იცის, როგორ უნდა გააკეთოს. ზერელე ლაპარაკი არ უყვარს. რასაც ამბობს, საინტერესო მოსასმენია.

- ვა... მე ჩლუნგი მეგონა.

- არა, არ არის ჩლუნგი. გახსოვს, კარნავალზე მითხარი, ძალიან საეჭვო ფიგურააო?..

- ჰო... მაგარი "წიომნი ლაშადკაა!"

- შეიძლება საკუთარ თავსაც არ ვუტყდები, მაგრამ მგონი, ეგ მიზიდავს რაღაცნაირად...

- გევასება?

- არა. თითქოს არა... მაგრამ მომენტებში... არ ვარ დარწმუნებული... ძალიან არ მინდა, რომ მომწონდეს...

- რატო?

- იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ძალიან ცუდი საქმიანობითაა დაკავებული. ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდი კაცია! კრიმინალი...

ირაკლი საწოლში წამოჯდა.

- მოიცა, იცი რამე?

- არა, მაგრამ რა ცოდნა მაგას უნდა? ამხელა ფული რომ ეგრე ადვილად არ იშოვება, შენც ხო იცი?

- ეგ ხო... და იმას დაევასე?

- არ ვიცი...

- "ბულშით"... რას ჰქვია, არ იცი? ქალი ხარ და მიხვდებოდი.

- ვფიქრობ, რომ რაღაც სიმპათიები აქვს...

- მიდი მერე, დაუახლოვდი და აახიე მაყუთი.

ირაკლიმ სიცილი დაიწყო.

- რაში მჭირდება მაგისი "შავი ფული"? ხო იცი, "შავი ფული" რაღაც ძალიან დიდი უბედურების ხარჯზე მოიპოვება...

- "შავი ფული" საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. ამ თანხის მხოლოდ ნაწილის, სადღაც - 30-40%-ის ლეგალიზება, ანუ გათეთრება ხდება, დანარჩენი კი ისევ უკანონო შემოსავლების მიღებას ხმარდება... ასე რომ, "მოჩვენება" არც პირველია, არც უკანასკნელი...

ღამის ორი საათი ხდებოდა, როდესაც ირაკლის ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა. ცდილობდა, ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ წინა ღამეს საერთოდ არ სძინებია და როგორც ჩანს, ვეღარ გაძლო. მე ტანსაცმელი გავიხადე და ხალათი ჩავიცვი. ფუმფულა სავარძელში ვიჯექი და ჟურნალს ვათვალიერებდი, როცა გვერდზე ნომრიდან ყრუდ კარის გაღება-დახურვის ხმა გავიგე.

წყლის ცარიელი ჭიქა ავიღე და კედელს მივადე. ყური ჭიქის ძირთან მივიტანე და მივაყურადე. ოცდამეთოთხმეტე ნომერში მართლა შემოვიდა ვიღაც...

სასტუმროს ერთჯერადი ჩუსტები მეცვა. აივანზე ფეხაკრეფით გავედი და ძალიან ფრთხილად შევიჭყიტე გვერდითა ნომერში. სინათლე ენთო, მაგრამ არავინ ჩანდა. ისევ ოთახში შემოვბრუნდი და კედელს მივადე ყური. შორიდან წყლის ხმა ისმოდა. როგორც ჩანს, შხაპს იღებდა... ოცი წუთის მერე წყლის ხმაური შეწყდა და აბაზანიდან ვიღაც გამოვიდა. მესმოდა, როგორ დადიოდა ოთახში.

ისევ აივანზე გავედი, მაგრამ აღარ გადამიხედავს. ნომრების გამყოფ კედელთან ვიდექი და ჩრდილს ვაკვირდებოდი, რომელიც ჩვენი აივნების პირდაპირ, კედელს ეცემოდა.

აივნის კარის გასრიალების ხმაც გავიგე და მივხვდი, რომ ჩემი იდუმალი მეზობელი აივანზე გამოვიდა. სანთებელას ტკაცუნი გაისმა და სიგარეტის ბოლი ჰაერს შეერია. უხმოდ ეწეოდა. სახე ხალათის კაპიუშონში მქონდა ჩამალული და კედელს ვიყავი აკრული. მისი სუნთქვაც კი მესმოდა...

მერე ოცდამეთოთხმეტე ნომრის კარზე დააკაკუნეს და აივნის კარიც მიიხურა. მხოლოდ ახლა გავბედე გახედვა. თხელი ფარდიდან გამოსახულება ცუდად ჩანდა, მაგრამ დავინახე, რომ კარი ხალათიანმა გოგომ გააღო, რომელსაც თავზეც პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. ცუდია, რომ ხმა გარეთ არ ისმოდა. სიამოვნებით დავტოვებდი ყურებს ნომერში, რომ ერთდროულად მომესმინა კიდეც...

ნომერში მამაკაცი შემოვიდა. ხალათიანი გოგო მას მოეხვია და კოცნა დაუწყო. როდესაც შემოსასვლელშივე გახადა ხალათი კაცმა, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი და ნომერში შემოვბრუნდი. პათოლოგი დედამთილივით ვიყავი მიყურადებული და ველოდი, როდის შეწყდებოდა ინტიმური ხმები... რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, ძალიან ზედმეტი ხომ არ მომივიდა-მეთქი...

როგორც იქნა, სიჩუმემ დაისადგურა და ცოტა ხანში ქალის და კაცის ლაპარაკი გაისმა. სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. კიდევ კარგი, ირაკლის დაეძინა და ვერ ხედავდა, როგორ გავდიოდი და გამოვდიოდი ლანდივით ოთახიდან აივანზე და პირიქით... მე უფრო ვგავდი მოჩვენებას, ვიდრე გიორგაძე...

წყვილი საწოლში იწვა. გოგო თმებით ვიცანი. ლიზი იყო... მამაკაცის გარჩევა ვერ შევძელი, მაგრამ ვიფიქრე, რომ სავარაუდოდ, ლევანი იქნებოდა... ოთახში სინათლე ენთო. გარეთ ბნელოდა და ჩემ დანახვას ისინი ვერ შეძლებდნენ. რაღაც დრო რომ გავიდა, მამაკაცი საწოლიდან წამოდგა, ხალათი მოიცვა და აივანზე გამოვიდა მოსაწევად. მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და ისე ეწეოდა. მე კი მის მარცხენა ხელს ვხედავდი...

- მოდი, ნახე, როგორი სავსე მთვარეა!

წამოიძახა მოულოდნელად და მეც გავქვავდი. ლიზი აივანზე გამოვიდა. როგორც ჩანს, მთვარის ყურებით ტკბებოდნენ. მე კი ვნატრობდი, კიდევ ეთქვა რამე, რადგან მისი ხმა ჩემთვის ძალიან, ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა...

- დღეს მაგრა დავიღალე!

ეს ლიზის ხმა იყო.

- ძალიან გვიან მოდიხარ ხოლმე...

- დღეს ხო ადრე მოვედი, რა გინდა?

- და სულ რომ წამოხვიდე, არ გინდა?

- ვერ წამოვალ! ხომ გთხოვე, ჩემს სამსახურზე ნურაფერს მკითხავ-მეთქი...

ამ სიტყვებზე ლიზი ოთახში შებრუნდა. მე მთელი სხეული მიკანკალებდა, რადგან მივხვდი, ვინც იდგა კედლის იქითა მხარეს...

კონცენტრაცია მის მარცხენა ხელზე მოვახდინე და ველოდი, როდის გაამოძრავებდა. როდესაც სიგარეტის ნამწვი მოისროლა, წამიერად დავინახე ის, რის დანახვასაც ვცდილობდი, რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი... მაჯის შიდა მხარეს პატარა ტატუ ჰქონდა. პატარა ისარი...

ნომერში შემოვბრუნდი და საწოლზე გადავწექი. ჭერს ვიყავი მიშტერებული. მერე გადმოვბრუნდი და ირაკლის შევხედე. ბავშვივით უდარდელად ეძინა. ვერ გადავწყვიტე, მეთქვა თუ არა ის, რაც ვნახე... ბოლოს, ვეღარ დავიტიე ამდენი ემოცია და გავაღვიძე.

- ირაკლი...

- რა მოხდა, ფისო?

- ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა...

ირაკლი საწოლში წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა.

- ჰა, რა ხდება? მოვიდა?

- ჯერ გოგო მოვიდა...

- გოგო?

- ჰო. ვიღაც გოგო... იბანავა და ცოტა ხნის მერე...

ფეხზე ავდექი და ოთახში გავიარ-გამოვიარე.

- ამოთქვი! ფერი არ გადევს სახეზე... ვინ მოვიდა ამისთანა? პრეზიდენტი?

- ფილი...

როგორც იქნა, ამოვთქვი და ირაკლისკენ შევბრუნდი.

- რა თქვი? ვინ ფილი?..

- რა ვინ ფილი, ირაკლი! ჩვენი ფილიპე...

- ფელიქსა? ღადაობ!

- მიდი, გადი ჩუმად აივანზე და გადაიხედე, ოღონდ ფრთხილად!

მეც მინდოდა, რომ ჩემი სიტყვები ირაკლისაც დაედასტურებინა, რადგან უკვე აღარ ვიცოდი, მეჩვენებოდა თუ მართლა ხდებოდა ეს სიგიჟე... ირაკლიმ გადაიხედა და ოთახში შემობრუნდა.

- ეგ არის... აუ, აქ საიდან, ტო... ჩემთვის არ უთქვამს, ნაშა თუ ჰყავდა...

- მომისმინე! შენ არაფერი უთხრა, გესმის?

- რა უნდა ვუთხრა, გოგო, მე და ევა გვერდითა ნომერში ვიყავითო, ხო არ ვეტყვი? ფელიქსა, ბიჭოო... ამას რას წარმოვიდგენდი... ნაღდად თქვენი გაჩალიჩებულია ყველაფერი!

- გაგიჟდი?..

- არა, ვერ ვიჯერებ...

- დამშვიდდი... ვერც მე ვიჯერებდი და ამიტომ გაგაღვიძე...

- და ეს გოგო ვინ არის, იცი?

- არა, არ ვიცი. ხვალ ეცადე, სადმე წაიყვანო, დალიეთ ან რამე... იქნებ მოგიყვეს თვითონ... უთხარი, გუშინ ღამე შემოგიარე სახლში და არ დამხვდი-თქო... ან რამე ისეთი, რომ არაფერი იეჭვოს!

- შენ რაღაცას მიმალავ! რა ხდება, გამაგებინე!

- წარმოდგენა არ მაქვს... ვერაფერს ვფიქრობ...

დილამდე თვალი არ მომიხუჭავს. აღარც ირაკლის დაეძინა. მთელი ღამე ვლაპარაკობდით. სასტუმრო დილის შვიდ საათზე დავტოვეთ. არ გვინდოდა, ფილიპეს შემთხვევით დავენახეთ... სახლში წავედი, შხაპი მივიღე და ცოტა ხნით ლოგინში ჩავწექი. ფიქრებში ჩამეძინა და დედამ ათ საათზე გამაღვიძა, სამსახურში გაგვიანდებაო...

ირაკლი არ მოვიდა და მობილურზეც არ მიპასუხა. როგორც ჩანს, გაითიშა და ეძინა... ფილი ჩვეულებრივად იქცეოდა. როცა საჭმელად გავედით მე, ფილი და მაქსი, საუბარი ჩვენს სამსახურზე ჩამოვუგდე.

- ფელიქს, შენ აქ როგორ მოხვდი, ეგ ისტორია კი არ ვიცი...

- ჩვეულებრივად. "სივი" გამოვაგზავნე... არაფერია მოსაყოლი.

- თავიდანვე ამ თანამდებობაზე დაგნიშნეს?

- თავიდანვე მარკეტინგის განყოფილებაში ვიყავი...

- მაქს, შენ?

- მე კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან აქ ვარ! თავიდან რეკლამებზე ვმუშაობდით მარტო. თამაშები მერე დავიწყეთ...

ფილს განსაკუთრებული ვერაფერი წამოვაცდენინე. სამსახურის მერე პირდაპირ ტაბიძეზე წავედი და ლევანს დავურეკე. "სკაიპში" და ტელეფონში არ მინდოდა ლაპარაკი, ამიტომ მოსვლა ვთხოვე. დაახლოებით ოც წუთში მოვიდა.

- მოხდა რამე? აღელვებული ხმა გქონდა... შემოსვლისთანავე მკითხა.

- არც კი ვიცი, როგორ გითხრა...

- გაგშიფრეს?

ლევანს გამომეტყველება შეეცვალა.

- არა! სხვა რაღაც მოხდა...

- მოდი, დავსხდეთ და მომიყევი...

დივანზე დავსხედით.

- გუშინ სასტუმრო "მირაჟში" ვიყავი...

- დაგირეკა?

გაკვირვებულმა შემომხედა.

- არა. ჩემს მეგობარს ვთხოვე, ნომერი თავის სახელზე გაეფორმებინა. ღამე იქ დავრჩი. ნუ გეშინია, არავის დავუნახივარ...

- ეს რატომ გააკეთე? ვერ ვხვდები...

დაიბნა ლევანი.

- ოცდამეთექვსმეტე ნომერში ვიყავი...

- რა?

- ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდი, მაგრამ მაინც გავრისკე...

- მერე?

- ლიზი ბერიძე მოვიდა. საკმაოდ გვიან... მარტო არ იყო...

- გიორგაძე?

- არა... ჩემი მეგობარი... ფილიპე...

- შენი თანამშრომელი ფილიპე, "პორტალში" რომელიც წამოგყვა?

- ჰო...

ლევანი ფეხზე წამოიჭრა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. თავზარდაცემული იყო...

- ეგ იცი, რას ნიშნავს?.. შეიძლება გიორგაძეს ლაშაზე აქვს ეჭვი... ან უარესი, იცის, ვინც არის...

- ჰო, მაგრამ ფილი ვერ იქნება შეკრული გიორგაძესთან! გამორიცხულია... სხვა რაღაცაშია აქ საქმე...

- გამორიცხული არაფერი არ არის! ამ სფეროში რომ ტრიალებდე, მიხვდებოდი, რომ ხშირად ყველაზე წარმოუდგენელი რაღაცები ხდება...

- ფილიპეს წლებია ვიცნობ! ჩემი უახლოესი მეგობარია! გამორიცხულია, გიორგაძის ჯაშუში იყოს...

- აბა, როგორ ახსნი მაგ ორის კავშირს?

- იქნებ პირიქითაა? ლიზი არის გიორგაძის ჯაშუში და თავს იზღვევს, აინტერესებს ფილის ამბები... ფილმა "პორტალი" ხომ ნახა?

- შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ ვარაუდებს ვერ ვენდობით...

- და რას აპირებ?

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე:ლაბირინთი - საიდუმლო გეგმა (ეპიზოდი 16)