ლაბირინთი - საიდუმლო გეგმა თავი 16 - Marao

ლაბირინთი - საიდუმლო გეგმა თავი 16

2023-01-27 09:24:31+04:00

დობროვსკი ფანჯარასთან მივიდა და ჟალუზები დახურა. მერე ოთახში შუქი ჩააქრო. სრული სიბნელე ჩამოწვა. ავღელდი, რადგან ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი საქციელი.

გავიგონე, როგორ მივიდა თავის საწერ მაგიდასთან და რაღაცა ჩართო. პროექტორის მბჟუტავმა სინათლემ ოთახი ოდნავ გაანათა და კროულის შავი სილუეტი გამოიკვეთა. იმ კედელთან მოვიდა, რომელთანაც ვიდექი და თეთრი ეკრანი ჩამოშალა.

- ანიკა, მაგიდასთან დადექი, გენაცვალე!

- რა უნდა მაჩვენოთ?

- ერთი ძალიან წარმატებული კომპანიის გენერალური დირექტორი დამიკავშირდა ამას წინათ პოლონეთიდან. საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სამშენებლო კომპანიაა. იმ შენობების 3D პროექტების პრეზენტაცია გამომიგზავნა, რომელიც ჯერ არ განუხორციელებიათ. საკმაოდ ინოვაციური პროექტებია. მოკლედ, ჯერ უყურე და მერე აგიხსნი ყველაფერს!

კროულიმ პრეზენტაცია გაუშვა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ყურების პროცესში ვიყავით, როდესაც კაბინეტში მარია შემოვიდა და სინით ჩაი და მურაბა შემოიტანა. სანამ მაგიდასთან მოვიდოდა, სიბნელეში სკამს დაეჯახა და წაიქცა. ყველაფერი ძირს დაცვივდა და ნამსხვრევებად იქცა. ჩაიც დაიღვარა.

- იაკ შე მაშ, მარია! იაკ შე მაშ!

დობროვსკი ფეხზე წამოხტა, შუქი აანთო და მარია ფეხზე წამოაყენა.

- პშეჟევამ, პშეჟევამ...

ამოიკვნესა მარიამ და სკამზე ჩამოჯდა. ხელით ფეხს ისრესდა, როგორც ჩანს, იტკინა.

- ხომ არ დაიწვით?

ვკითხე და მეც მასთან მივედი.

- არა, ფეხზე ცუდად დავეცი... ახლავე ტილოს მოვიტან...

- რა ტილოს? სახეზე ფერი აღარ გადევს! წამოდი, შენს ოთახამდე მიგაცილებ, ცოტა ხანი წამოწექი...

უთხრა კროულიმ მარიას და კაბინეტიდან კოჭლობით გაიყვანა.

- ნამტვრევებს მე ავიღებ, თქვენ იქნებ ტილო მოიტანოთ, ბატონო აბრამ...

გავძახე კროულის. ნატეხები ძალიან სწრაფად ავკრიფე და სინზე დავყარე. მერე მობილური ამოვიღე და კაბინეტს ვიდეო გადავუღე. ნახატთანაც მივედი, ერთ-ერთი დარაბა მოვკეცე და მის უკან შევიჭყიტე. კედელში სეიფი იყო... დარაბა ისევ ისე გავშალე, ნახატს რამდენიმე ფოტო გადავუღე და მობილური ჯიბეში ჩავიდე. ამასობაში კროულიმ იატაკის ტილო ამოიტანა. გამოვართვი და ძირს დაღვრილი ჩაი მოვწმინდე.

- არ მინდოდა შენი შეწუხება, ანიკა.

- რა შეწუხებაა! სად შეიძლება ხელები დავიბანო?

ვკითხე და წელში გავიმართე. კროულიმ სააბაზანო ოთახამდე მიმაცილა და თვითონ სამზარეულოში ჩავიდა. სანამ ხელები დავიბანე, ჩაი ხელახლა დაასხა და კაბინეტში ამოიტანა.

- რატომ შეწუხდით, ბატონო აბრამ...

- ამ ბოლო დროს ძალიან მოუხერხებელი გახდა მარია. არადა, თერთმეტი წელია ჩემთან მუშაობს... ოჯახის წევრივით არის, ხომ გესმის?

- მესმის...

პრეზენტაციას ბოლომდე ვუყურეთ. თან ჩაის ვსვამდით. ბოლოს კროულიმ პროექტორი გამორთო და მომიბრუნდა.

- მოკლედ, ძალიან უცნაურ დიზაინს ქმნის ეს კომპანია. პიარ-მარკეტინგიც ძალიან ინოვაციური აქვთ! რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდა ამ კომპანიის დირექტორი, კონტენტ რეკლამა უნდოდა. მერე რატომღაც თავი შეიკავეს და ახლა ისევ გამოჩნდნენ. ფარული რეკლამა უნდათ... თამაშის სახით წარმოდგენილი. ჰოდა, შენი ახალი იდეა, რომელზედაც ვმუშაობთ, გავაცანი მე და მოეწონათ! მაგათ კომპანიას "ახალი სამყარო" ჰქვია და შენც თამაშში ალტერნატიული სამყარო გაქვს, ხო ასეა?

- ასეა...

- ჰოდა, შეგვიძლია ლოკაციები, რომლებიც გეიმერმა უნდა გაიაროს, ამ კომპანიის მაკეტების მიხედვით შევქმნათ... არა მგონია, შენ ამან რამეში ხელი შეგიშალოს... რას იტყვი? მე ჯერ შენ გითხარი ეს ყველაფერი პირადად, რადგან შენი აზრი გამეგო. თუ თანახმა იქნები, ხვალ თათბირზე განვიხილოთ ბიჭებთან ერთად.

- მადლობა, რომ ჯერ მე მითხარით. თუ თქვენ გაწყობთ და ფიქრობთ, რომ ასე უკეთესი იქნება, გავაკეთოთ მაგ მაკეტების მიხედვით ლოკაციები...

- საქმე რაშია იცი, ანიკა? ეს პროექტი რომ განვახორციელოთ, გარდა იმისა, რომ ჰონორარები გაორმაგდება, ეს კომპანია პიარზეც იზრუნებს, თამაშს მაგარ რეკლამას გაუკეთებს პოლონეთში და მომავალში კიდევ უფრო მეტ კლიენტებს მოვიზიდავთ, გესმის?

- მესმის! ხვალ თათბირზე აჩვენეთ ბიჭებსაც... მგონი, მაქსის აზრი იქნება გადამწყვეტი. რამდენად შეძლებს თამაშში ამ მაკეტების გაცოცხლებას...

- მართალი ხარ! ასე მოვიქცეთ...

- კარგით, ბატონო აბრამ, მაშინ მე წავალ!

- რატომ ჩქარობ?

- სცენარს უნდა მივხედო და ცოტა ადრე მინდა დავიძინო... თქვენ მარიას მიხედეთ, ნაღრძობი არ ჰქონდეს ფეხი.

- რადგან ასეა, აღარ შეგაყოვნებ!

ფეხზე ავდექი და სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდი, მექანიკურად ნახატისკენ გავიხედე.

- იცი, ანიკა! ბოსხი გამორჩეულად მიყვარს! ძალიან საინტერესო მხატვარია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარჯვენა ნაწილში, ანუ "ჯოჯოხეთში" უცნაური ფიგურა რომ არის, თავად ჰიერონიმუსის ავტოპორტრეტია...

მითხრა კროულიმ, რომელსაც არ გამოეპარა ჩემი მზერა.

- საინტერესოა, რას მალავს ეს ნახატი... ხომ შეიძლება რამე ფარული გზავნილია დაშიფრული შიგ, თავისი შემქმნელის მიერ?

- სავსებით შესაძლებელია! შენი და ლევან გიორგაძის საქმე როგორ მიდის? მოიფიქრე რამე?

- ვმუშაობ ამაზე. საკმაოდ რთულია...

- რთულია, აბა რა! ამიტომაც იხდის ამდენს...

კროულის გამოვემშვიდობე და სახლში წამოვედი. ის სურათები და ვიდეო, რომელიც მის კაბინეტში გადავიღე, ლევანს "სკაიპში" გადავუგზავნე. ცოტა ხანში დამირეკა.

- ლაპარაკი შეგიძლია?

- კი, ჩემს ოთახში ვარ!

- ეს დობროვსკის კაბინეტში გადაიღე? როგორ მოახერხე?

- რაღაც პერიოდი მარტო დავრჩი და ვისარგებლე მომენტით... ნახატის უკანაც შევიხედე!

- მართლა?

- ჰო... სეიფია კედელში!

- დარწმუნებული ხარ?

- ასი პროცენტით...

- როგორი სეიფია, გახსოვს?

- მგონი, დასატრიალებელი კოდის მექანიზმით...

- გასაგებია...

- რას აპირებთ?

- მოვიფიქრებთ რამეს! მაგრამ ძალიან რთული იქნება...

- წარმომიდგენია...

- რა უნდოდა, რაზე დაგიბარა?

- პოლონურ კომპანიასთან უნდა თანამშრომლობა და მაგაზე... ისეთი არაფერი.

- როგორი სახლი აქვს?

- საკუთარი სახლია, ორსართულიანი. გარეთ დაცვა ჰყავს.

- მარტო ცხოვრობს?

- დამხმარე ქალი ჰყავს, ხნიერი. მარია ჰქვია. როგორც მივხვდი, ისიც პოლონელია.

- გასაგებია... მომენატრე, იცი?

- არ ვიცი...

- სიამოვნებით დავლევდი ახლა შენთან ერთად ჩაის და მოგისმენდი დილამდე.

- რომელი ორატორი მე მნახე...

გამეცინა.

- ორატორი არა, მაგრამ საინტერესო მოსაუბრე ხარ! კარგი, დაისვენე... მე დაველოდები ჩვენი შეხვედრის დღეს. ძალიან მინდა, მალე დადგეს.

- ძილი ნებისა, ლევან!

- ძილი ნებისა!

ყურმილი რომ გავთიშე, მაშინ მივხვდი, რომ ვიღიმებოდი. ორშაბათი დილა სამსახურში თათბირით დაიწყო. ახალი პროექტი განვიხილეთ. მერე მე და ბიჭები ჩვენს ოთახში დავბრუნდით. მაქსმა პრინტერზე ამობეჭდილი მაკეტის სურათებიდან რამდენიმე შენობა ამოარჩია და ერთად გავანაწილეთ, სად რა ყოფილიყო.

- სასტუმრო არ გაქვს, ხომ თამაშში?

- არა, მაქს, სასტუმრო არ მაქვს...

- მოკლედ, რომელი შენობებიც არ დაგვჭირდება, ისე ჩავდგამ. ქუჩებს შევავსებ. ეს სასტუმრო ძალიან მომწონს... მოთამაშე ვერ შევა შიგნით, მაგრამ ერთ-ორ ფანჯარას გავააქტიურებ, რაღაც მოძრაობა რომ იყოს. გარედან რომ გამოჩნდეს ფანჯარაში ვინმე ტიპი...

- მაქს, გენიოსი ხარ!

მაქსის ნათქვამზე რაღაც მომაფიქრდა და გახარებულმა ლოყაზე ვაკოცე.

- რა ვთქვი ისეთი?

- რაღაც იდეა მომივიდა...

- რა გიკვირს, ბიჭო? არ იცი ამის ამბავი? შეიძლება მიხოზე და ვირზე ჰყვებოდე ანეკდოტს, ეს უცებ წამოხტეს და ფსიქოლოგიური დრამა დაწეროს...

- ირაკლიი... წამო რა, ყავა დავლიოთ! რაღაც საქმე მაქვს შენთან!

ირაკლი დერეფანში გამოვიყვანე.

- რა მოიფიქრე ამჯერად?

მკითხა და სიცილი დაიწყო.

- ირაკლი, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული შემიძლია ვენდო!

- რა უნდა მთხოვო, ფისო?

- შეგიძლია რაღაც გააკეთო ჩემთვის ისე, რომ არაფერი არ მკითხო?

- ეუფ... რამე შარში ხომ არ ხარ გახვეული?

- არა!

- კაი, ვეცდები... შენთან ვალში ვარ! მითხარი, რით შემიძლია გემსახურო.

- მისმინე! მე მოგცემ ფულს, შენ სამსახურის მერე წახვალ სასტუმრო "მირაჟში" და შენს სახელზე დაჯავშნი ნომერს...

- რა?

ირაკლის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.

- იცი რა ღირს მანდ ნომრის ქირაობა?

- შენ მაგაზე არ იდარდო. ფული მაქვს!

- ბანკი გაძარცვე?

- კარგი რა, ეგეთი ძვირიც არ არის...

- მოიცა, ვინმეს ხვდები იქ?

- არა კაცო! არავის... მარტო უნდა დავრჩე.

- გადამრევ შენ გოგო. მარტო რა მუღამი აქვს?

- მაშინ შენც დარჩი...

ირაკლის ყავა გადასცდა და ხველება დაიწყო.

- ნუ დაიხრჩობი ახლა! ჯერ დამეხმარე...

- რა ჩაიფიქრე, მითხარი? თუ კითხვები არ უნდა დაგისვა?.. ჰო, "იასნა", არ უნდა დაგისვა... ცოტა მაშინებ, იცი? ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური გახდი...

- ჩემი დახასიათება სასტუმროშიც შეგეძლება. დილამდე დრო გექნება... დამეხმარები?

- შენ უარს გეტყვი, აბა?

- ამათთან არ შეიმჩნიო, ოკეი?

- კაი. ერთად წავალთ "მირაჟში"?

- არა. შენ წახვალ და ჯერ 34-ე ნომერს მოითხოვ. თუ დაკავებული იქნება, მაშინ 32-ეს ან 36-ეს. თუ ესენიც დაკავებული იქნება, მაშინ 33 ან 35 აიღე... ფულს, რო გავალთ გარეთ, მერე მოგცემ! მე ცოტა გვიან მოვალ... ასე თერთმეტისთვის!

- მოიცა, იქამდე რა ვაკეთო მე მარტომ?

- ჩადი რესტორანში, ივახშმე. გვანცა ნახე...

- და გვანცას რა ვუთხრა? ღამე ევასთან ერთად ვრჩები ნომერში, მაგრამ ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ, მეგობრული "პიჟამაფართი" გვაქვსო?

- რა აუცილებელია რამე უთხრა? გულახდილობის ფიცი დადეთ ერთმანეთთან?

- არა, ტო! ღმერთმა დაიფაროს...

- ჰოდა, ძალიან კარგი. ფილს და მაქსს წავუღოთ ყავა...

ცოტა ხანში მე და ირაკლი ოთახში დავბრუნდით. საღამოს პირველები ჩვენ ორნი წამოვედით. ირაკლის მანქანამდე მივყევი და ფული მივეცი.

- ხუთასი ლარი ღირს ნომერი?

- სავარაუდოდ, ლუქსი იქნება...

- იმედია, ვისაც უნდა უთვალთვალო, ღირს ამად!

- ვუთვალთვალო?

- გოგო, მხიარული ვარ, დებილი კი არა...

- კარგი, კარგი... წადი! აბა, შენ იცი. დამიმესიჯე, რომელ ნომერს აიღებ, კარგი?

- კაი, ფისო!

სახლში წამოვედი. ისე ვღელავდი, რომ ადგილს ვერ ვპოულობდი. რამდენჯერმე ლევანის მოცემული მობილური ავიღე ხელში და მასთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. სავარაუდოდ, მეტყოდა, ამ განზრახვაზე ხელი ამეღო... სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვაცნობიერებდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ საკუთარი ძალების მჯეროდა...

ლამაზად ჩავიცვი, თმა ავიწიე და დედას შლაპა დავიხურე. სათვალეც გავიკეთე და წითელი პომადა წავისვი. მერე თეოს ოთახში შევედი. ჩემი და მეცადინეობდა. რომ დამინახა, გაკვირვებისაგან პირი დააღო.

- ბეღურა, ასე ქუჩაში რომ დაგენახე, მიცნობდი?

ვკითხე თეოს.

- ვაიმე, არაა... მე კი არა, მშობელი დედაც ვერ გიცნობდა!

თეოს სიცილი აუტყდა.

- სადმე მიდიხარ?

- ხო... დედას უთხარი, რომ დღეს არ მოვალ სახლში.

- აუ, ანიკა მომიყევი რაა!

- რა მოგიყვე?

- ვინ შეგიყვარდა?

- არავინ არ შემყვარებია, საიდან მოიტანე?

- ეს დღეები სულ გვიან მოდიხარ, ან არც მოდიხარ...

- ჰო, ვიცი... უბრალოდ, ძალიან უცნაური შეკვეთა გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ...

- ღამღამობით?

- ზოგჯერ ღამღამობითაც! კარგი, წავედი და აბა, შენ იცი...

- მართლა ასე მიდიხარ?

- ჰო. ირაკლის სიურპრიზს ვუწყობთ დღეს...

ტაქსი გავაჩერე და სასტუმროში წავედი. ირაკლიმ 36-ე ნომერი აიღო. მეოთხე სართულზე ლიფტით ავედი. თვითონ ნომერში არ დამხვდა. ქუდი და სათვალე მოვიხსენი და დავურეკე.

- ჰო, ფისო... მოხვედი?

- კი. შენ წახვედი?

- არა, ქვემოთ ვარ, ვჭამე და გვანცა ვნახე. ამოვალ მალე....

- კარგი...

მობილური გავთიშე და ნომერი დავათვალიერე. ნახევრად ლუქსი იყო. კარადა გამოვაღე და თეთრი პირსახოცის ხალათი გამოვიღე. კაბაზე შემოვიცვი და თავზე კაპიუშონი წამოვიფარე. მერე აივანზე გავედი და რომ დავრწმუნდი, რომ ვერავინ მხედავდა, ოცდამეთოთხმეტე ნომერში შევიხედე. ოთახი ჩაბნელებული იყო.

კარის ხმაზე უკან შემოვბრუნდი. ირაკლი მოსულიყო.

- შენ უკვე ხალათში ხარ?

მკითხა დაბნეულმა.

- არა.

ხალათი გავიხადე და საწოლზე დავჯექი.

- რაღაცას ხო არ მიჩალიჩებ?

- არა, არა.... ტელევიზორი ჩართე და მოდი!

ირაკლიმ ტელევიზორი ჩართო და გვერდით მომიჯდა.

- რასაც ახლა გეტყვი, საიდუმლოა!

ირაკლიმ თავი დამიქნია.

- მოკლედ, "მოჩვენება" ხო იცი?

- აუ, ვიცოდი რაა! ეგრეც ვიფიქრე, რო მაგას ეხებოდა საქმე!

ირაკლი ფეხზე წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო.

- შენ თუ რამემ დაგაინტერესა, საზღვარი არ იცი მერე რა... იმ გამოსირებულის გამო შვლიპე გოგო 300 ლარი?

- დამაცდი, აგიხსნა?

- ჰო, ჰო...

ირაკლი ისევ ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა.

- მოკლედ, ეგ დაუკავშირდა კროულის და სცენარისტთან შეხვედრა სთხოვა. ჩემთან ანუ...

- ღადაობ?

- არა. მოკლედ, შევხვდი და მოვუსმინე. სცენარი უნდა დავუწერო...

- რა სცენარი, გოგო?

- მაგას ვერ გეტყვი და არ გეწყინოს რა! ეგ კროულიმაც კი არ იცის...

- მერე?

- არაფერი. ჭორის დონეზე ვიცი, რომ 34-ე ნომერში ცხოვრობს...

- მოიცა, სახლი არა აქვს ტო?

- აქვს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, მგონი, აქ რჩება...

- უნდა დაადგე?

- დებილი ხარ რაა... დავადგე არა ის... უბრალოდ, მაინტერესებს, რა ხდება ამ 34-ე ნომერში. არ მინდა, რამე შარში გავყო თავი, გესმის?

- არ მესმის, მაგრამ თან მესმის...

- "ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია" - ხო იცი?

- ხო...

- ხოდა, მეც ვფრთხილობ! მეც დავჯავშნიდი ნომერს, მაგრამ არ მინდა, ჩემი სახელი დაფიქსირდეს...

- მივხვდი... ესე იგი, მთელი ღამე უნდა ველოდოთ ოცდამეთოთხმეტე ნომრის იდუმალ მცხოვრებს?

- ასე გამოდის...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - კლონი (ეპიზოდი 15)