ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ფილი გიორგაძის შავ საქმეებში აღმოჩნდეს გარეული. არ მინდა ვიფიქრო, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს. ლევანი კარგა ხანი ბოლთას სცემდა ოთახში, მერე დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული.
- რას აპირებ, ლევან?
კითხვა გავუმეორე. როგორც იქნა, გამოერკვა ფიქრებიდან და შემომხედა. მგონი, დაავიწყდა კიდეც, იქ რომ ვიყავი...
- "კუდზე დააჯდებით"?
- რა? შენ საიდან იცი ეგ გამოთქმა?
მკითხა გაკვირვებულმა.
- მე მაინც არ მგონია, ფილი იყოს გარეული. ისეთი კარგი მსახიობიც არ არის, "პორტალის" ამბებს ასე კარგად ვერ გაითამაშებდა. მართლა შეშინებული იყო... კარგად ვიცნობ და ვიცი...
- მაგას აუცილებლად გავარკვევთ!
- რანაირად?
- გავარკვევთ, ვის ელაპარაკება ტელეფონით, ვის ხვდება, სად დადის... ნუ გეშინია, თუ არაფერში არ არის გარეული, არაფერი მოუვა.
- და თუ გარეულია?
- ნუ მაშინ, არ ვიცი... გააჩნია, როგორ და რა დოზით... ფულის გათეთრება საკმაოდ მძიმე დანაშაულია...
- როგორ ფიქრობ, რით შოულობს შავ ფულს გიორგაძე? ნარკოტიკით ვაჭრობს?
- ყველა ფინანსური აფერა იწყება იმით, რომ მაქინაციის ორგანიზატორი კომპანია რამდენიმე "შვილობილ" ფირმას ქმნის. ასეთი საქმე დიდი ფულის კეთების, ანუ გათეთრების საშუალებას იძლევა. "შავი ფული" ნაწილებად იშლება და სხვადასხვა შუალედურ ბანკში ან კომპანიებში ხვდება. ჩვენ მას ჭიანჭველებს ვეძახით... მერე ფიქტიური ოპერაციები იწყება. ფული გადადის ბანკიდან ბანკში, იქამდე, სანამ შეუძლებელი არ გახდება ფულის წარმომავლობის დადგენა. ბოლოს ირიცხება ფირმის ანგარიშზე... ასახსნელად ძნელია, ევა. არსებობს ფულის გათეთრების უფრო მარტივი და რთული გზებიც...
- გამოდის, რომ ჩვენი "ლაბირინთი" ერთ-ერთი ჭიანჭველაა...
- შენ არაფერი უთხრა ფილიპეს. ეგ საქმე მე მომანდე. როდის აპირებ გიორგაძის ნახვას? მოიფიქრე რამე?
- მაქვს ერთი იდეა. საჩქაროა შეხვედრა?
- რაც უფრო მეტად დაახლოვდებით, უკეთესია... როგორც მივხვდი, მოსწონს შენთან ლაპარაკი...
- ასე ფიქრობ?
- კი. არ უნდა გაცივდეს სცენა...
- მოვიფიქრებ რამეს და შევხვდები ამ დღეებში.
- საყურეს ელემენტი ექნება შესაცვლელი.
- ელემენტი?
- ჰო, რო დაშლი, პატარა ელემენტი დევს შიგნით. შენ არ დაშალო, შეიძლება დააზიანო. მე მომიტანე.
- კარგი.
- არ დარჩები?
- არა. მთელი ღამე არ მძინებია. წავალ, გამოვიძინებ...
- რადგან ასეა, აღარ დაგაყოვნებ!
გარეთ საკმაოდ ციოდა. რაღაცნაირად ეს სიცივე მესიამოვნა. მოტოციკლი დავქოქე, მაგრამ პირდაპირ სახლში არ წავსულვარ. ჯერ ქუჩებში ვისეირნე. ფილის სახლთანაც ჩავიარე, რამდენიმე წუთი შევჩერდი და მის ფანჯარას ავხედე. სინათლე ენთო. როგორც ჩანს, სახლში იყო...
იქიდან პირდაპირ სახლში წავედი. კარი თეომ გამიღო. შესვლისთანავე ახალგამომცხვარი ნამცხვრის სუნი მომივიდა და რაღაცნაირი, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.
- კარგ დროს მოხვედი, ანიკა. ნამცხვარი გამოვაცხვე.
გამომძახა დედამ სამზარეულოდან. მეც ხელები დავიბანე და ნამცხვრის გასასინჯად სამზარეულოში შევედი.
- გშია?
- არა! ნამცხვარი და ჩაი მინდა მარტო...
- დაჯექი. დაგისხამ! ამ ბოლო დროს სულ ვეღარ გხედავ სახლში. ან ძალიან გვიან მოდიხარ, ან საერთოდ არ მოდიხარ. მშვიდობა გაქვს?
- კი, დე... ბევრს ვმუშაობ უბრალოდ!
- ღამღამობითაც?
- არა, საქმიანი შეხვედრა მქონდა...
- შუაღამისას?
- ჰო. ღამის კლუბში...
- ღამის კლუბში აღარ გამიგია საქმიანი შეხვედრები...
ჩაილაპარაკა დედამ და ჭიქებში ჩაი დაასხა.
- ღამის კლუბისთვის უნდა მოვიფიქრო რაღაც თამაში. ამიტომაც შევხვდი კლუბის მეპატრონეს...
- ის ფული მაგან მოგცა?
- ჰო. ეგ ავანსი იყო. კიდე ავიღებ, გაცილებით მეტსაც... შენ მაცივარი რომ გინდოდა, ვიყიდოთ!
- არ მინდა გადაიღალო, ანიკა! შენთვის არ არის კარგი გონების ასე დაძაბვა, დედი... დაგავიწყდა, რა პრობლემები გქონდა?
- არ დამვიწყებია!
- არაფერი დამიმალო! თავის ტკივილები ხომ არ გაქვს?
- ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო!
- მაგას მგონი შეყვარებული ჰყავს, დედა!
წამოიძახა თეომ.
- ვაიმე, შენს პირს შაქარი, თეო! ნეტა მართლა ჰყავდეს...
გაეცინა დედაჩემს. მეც გამეცინა.
- საიდან დაასკვენი ეგ, ბეღურა?
ვკითხე თეოს.
- როდის იყო, შენ ასე იცვამდი? ამ ბოლო დროს რომ იპრანჭები! თან, ვიცი, ვისაც უყვარხარ...
- რეებს ლაპარაკობ? ვის ვუყვარვარ, აბა?
- ვის და შენი თანამშრომელი როა, იმ ბიჭს!
- ირაკლის?
- მაგას არა, მეორეს... ქერა როა... ზღაპრის პრინცივით სახელი რო ქვია!
- ფილიპეს?
- ჰო, მაგას!
- საიდან მოიტანე?
- ინგლისურიდან მოვდიოდი ერთხელ, შენ მოტო გამოგყავდა "გარაჟიდან". დაგიძახე, მაგრამ ვერ გაიგე... დაქოქე და წახვედი...
- მერე ფილი რა შუაშია?
- მანქანაში იჯდა და უკან გამოგყვა. ეტყობა, გელოდებოდა. არ დაგეწია?
- ეტყობა მოგეჩვენა! ფილი აქ რო მოსულიყო, ჯერ დამირეკავდა!
- არაფერიც არ მომჩვენებია! მე ჩამიარა გვერდით და დავინახე. სურათებში როა, ზუსტად ეგ ტიპი იყო... ხოდა, რომ არ დაგირეკა, მაგაშია საქმე! ალბათ, ეჭვიანობს და ვერ გეუბნება... აინტერესებდა ეტყობა, სად წახვიდოდი...
- როდის იყო ეგ?
- აუ, რა მახსოვს... ერთი ან ორი კვირის წინ... მაგის მერე კიდე დაგინახეთ, შენს სამსახურთან.
- ჩემს სამსახურთან რა გინდოდა?
- შატალოზე წავედით კლასი, მანდ რო სახინკლეა, იქ... შენ გადასასვლელზე გადადიოდი და ტელეფონზე ლაპარაკობდი. ეგ ფილიპე კიდე შენი სამსახურიდან გამოვიდა და უკან გამოგყვა!
- მეღადავები, გოგო?
- დედას გეფიცები...
- იქნებ მართლა მოსწონხარ ფილს, დედი?
მკითხა დედაჩემმა. მე კიდევ ლაპარაკის უნარი წამერთვა. ნეტა როდის იყო ეგ? ლევანს რომ დავურეკე, მაშინ ხომ არა? დავიჯერო, ფილი მითვალთვალებს?
- არა, რა მოვწონვარ! მეგობრები ვართ...
- ყველაფერი მეგობრობიდან იწყება! თეო, შენ ის მითხარი, როდის აქეთ დაიწყე შატალოები?
ვიდრე დედაჩემი ჩემს დას ელაპარაკებოდა, ჩემს ოთახში გავედი. ტანსაცმელი გავიხადე, აბაზანა წყლით ავავსე და ჩავწექი. აღარაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა... დედას სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა. მართლა მაშინდელივით არ დამემართოს, რეალობა და ფანტაზია ლამის ერთმანეთში რომ ამერია...
თერთმეტი საათი ხდებოდა, როდესაც ირაკლიმ დამირეკა.
- ევანგელინა, სახლში ხარ, ფისო?
- კი. სახლში ვარ. სად დაიკარგე?
- ფელიქსასგან მოვდივარ, ერთად ვიყავით...
- მერე?
- შენს სახლთან რომ მოვიდე, ჩამოირბენ ცოტა ხნით?
- შენ ამოდი!
- სირცხვილია... გვიანაა გოგო. რას იფიქრებს დედაშენი?
- არაფერს არ იფიქრებს, მოდი.
სასწრაფოდ გავიმშრალე და ჩავიცვი. ჩემები გავაფრთხილე, რომ ირაკლი შემომივლიდა. თეომ ეშმაკურად გაიცინა და დედას თვალი ჩაუკრა. თმა ისევ სველი მქონდა, ირაკლი რომ მოვიდა.
- ძალიან მიხარია, ბოლოს და ბოლოს რომ გავიცანი ჩემი შვილის მეგობარი!
- მეც მიხარია და ბოდიშს გიხდით გვიანი სტუმრობისთვის.
- ძალიან კარგ დროს გვესტუმრე. ისეთი გემრიელი ნამცხვარი გავაკეთე... ახლავე გამოვიტან!
მე და ირაკლი მისაღებ ოთახში, დივანზე დავსხედით.
- მშვიდობაა?
ვკითხე და ტელევიზორში ხმას ავუწიე.
- კი. სახლში დავადექი ლუდით. დავლიეთ და ვიბაზრეთ.
- მერე?
დედაჩემმა ნამცხვარი შემოიტანა.
- ჩაი, ყავა?
- ნუ შეწუხდებით...
- საერთოდ არ ვწუხდები.
- მაშინ, ჩაის დავლევ...
დედა ისევ გავიდა.
- რაო? რამე გითხრა?
ახლა თეო შემოვიდა და ირაკლის მიესალმა.
- ეს შენი დაა? რა მაგარი და გყოლია!
ირაკლი ფეხზე წამოხტა და თეოს მიესალმა. თეო ცოტა წამოწითლდა სახეზე და უხერხულად გაიცინა.
- საერთოდ არა გგავს!
დედამ ჩაი გამოიტანა. სანამ ნამცხვარი და ჩაი არ მიირთვა ირაკლიმ, დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემს ოთახში წავათრიე.
- ამოღერღე ახლა, თორე გავგიჟდი უკვე!
- რანაირი ოთახია, გოგო?
- რანაირი?
- რაღაცნაირი, გადაფითრებული...
- სპეციალურად არის ეგეთი... - რაო ფელიქსამ?
- ჰო, მოკლედ, ცოტა რო დავლიეთ, მე გვანცაზე ვებაზრე რაღაცები. გული გადავუშალე, რა! ჰოდა, მერე მაგანაც ამოთქვა, როგორც იქნა...
- რაო?
- ერთი გოგო გავიცანი და მევასებაო. ვხვდებით ერთმანეთსო. მე ვუთხარი, დავსხდეთ ერთხელ კაფეში ყველანი ერთად, გაგვაცანი-მეთქი და ეგ ჯერ ადრეაო.
- სახელი გითხრა?
- კი, ლიზი ჰქვიაო. გოგო, მგონი, მართლა შემთხვევით მოხვდნენ იმ ნომერში და ტყუილად ვაბრალებთ რაღაცას...
- შეიძლება... კიდე რა გითხრა? სად გავიცანიო?
- პარკინგზეო.
- პარკინგზეო?
- ჰო, მანქანას ვერ ქოქავდაო. ამასაც იქვე ეყენა თავისი და სახლში წაუყვანია.
- სახლში? რა მისამართზე?
- მისამართსაც ხო არ ვკითხავდი? გამაგიჟებ შენ! გამომძიებელი ხარ, ტო?
- ვითომ შემთხვევით მოხდა ეგ ყველაფერი? იქნებ სპეციალურად გააკეთა, ვითომ ვერ დაქოქა, რომ ფილს წაეყვანა სახლში.
- ბოლოს რა კინოს უყურე შენ?
- ირაკლი... რაღაც უნდა გთხოვო!
- კიდევ?
- თუ შემატყობ, რომ უცნაურად ვიქცევი, მაგალითად, შიზოფრენიკივით, პირდაპირ მითხარი, კარგი?
- ძალიან მაშინებ შენ!
- როდის აქეთ გახდი ქვეშაფსია? უბრალოდ, დამპირდი!
- კარგი, ხო... გპირდები!
მეც არ ვიცი, რატომ, უცებ ირაკლის ჩავეხუტე. ალბათ, ძალიან მჭირდებოდა ვიღაცისგან თანაგრძნობა და სითბო მეგრძნო. ამ დროს თეომ შემოაღო კარი, ხილი უნდა შემოეტანა და რომ დაგვინახა, უკან შამპანურის საცობივით გავარდა...
ირაკლისთვის არ მითქვამს, რაც თეომ ფილზე მითხრა. ის კი არა, ლევანისთვისაც არ ვაპირებდი თქმას. მერჩივნა, ჯერ ჩემით გამერკვია ყველაფერი და დავრწმუნებულიყავი, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ლიზი ბერიძე არ ჰგავს მსხვერპლს. პირიქით, მტაცებელი უფროა. მე კიდევ ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ ფილთან აქვს კავშირი. ინტუიციურად ვგრძნობ, რომ ფილს გარკვეული მიზნებისთვის იყენებს...
მეორე დღეს, სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი. მაქსს თამაშის მეორე ლოკაციის შექმნაში ვეხმარებოდი. ფილი კარგ ხასიათზე იყო. ოთხივე ერთად გავედით საჭმელად კაფეში, რომელიც ჩვენი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მე პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე. ვითომ ტელეფონზე რაღაც მესიჯი მომივიდა, მოულოდნელად ავდექი და ქუჩაში გამოვედი. სინამდვილეში ჩემს დას, თეოს დავურეკე და რაღაც სისულელეები ვუთხარი, რომ დრო გამეწელა.
ცალი თვალი კაფეს ფანჯრისკენ მეჭირა, საიდანაც კარგად ჩანდა ჩვენი მაგიდა. მაინტერესებდა, ფილი რამდენჯერ გამოიხედავდა. ჩემდა გასაკვირად, ბიჭებთან ლაპარაკში იყო გართული და არც ერთხელ არ გამოუხედავს. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც.
უკან რომ ვბრუნდებოდით, დერეფანში ის მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი შემოგვხვდა, ამას წინათ რომ იყო მოსული კროულისთან. ამჯერად ახლოდანაც შევძელი მისი შეთვალიერება. გვერდით ჩამიარა, მაგრამ ზედაც არ შემოუხედავს, თავი დაღუნა და დიდი ნაბიჯებით გასწია გასასვლელისკენ. ისეთი უემოციო სახე ჰქონდა, თითქოს ცვილის ფიგურა იყო...
წამოსვლის წინ გადავწყვიტე, კროულისთან შევსულიყავი. მიზეზად იმ პოლონური სამშენებლო კომპანიის მიერ მოწოდებული შენობების მაკეტი მოვიმიზეზე.
- დღეს რაღაც ვერ არის ხასიათზე...
გამაფრთხილა მტრისამ.
- რატო? მოხდა რამე?
- ერთი ქალი ჰყავს მაგას სახლში, დამხმარე... კოჭი აქვს გაბზარული თუ რაღაც სჭირს და დროებით წასულა... ჰოდა, მაგის გარეშე ეს ეტყობა უმწეო ბავშვივითაა!
მითხრა მტრისამ ჩურჩულით.
- მერე აიყვანოს სხვა, რა პრობლემაა?
- ჰმ, შენ არ იცნობ დობროვსკის! ეგ ეგრე ადვილად არავის ენდობა.
უცებ კროულიმ თავისი კაბინეტიდან ზარი დარეკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასთან შესვლა შემეძლო. რომ შევედი, სახით ფანჯარასთან იდგა, ხელები ზურგს უკან დაეწყო და ქუჩას გაჰყურებდა.
- მოდი, ანნიკა!
- როგორ ბრძანდებით?
- არა მიშავს... თავად როგორ ხარ?
- მეც კარგად... მარია როგორ არის?
- ოჰ, მარიას თაბაშირში ჩაუსვეს ფეხი და იძულებული გახდა, თავის შვილთან წასულიყო. მის გარეშე თითქოს ორივე ხელი მომაჭრეს!
- მესმის... დროებით რომ აგეყვანათ ვინმე?
- სადღა იპოვი ამ დროში სანდო ადამიანს, ანიკა? მარიამ ყველაფერი იცოდა. რას ვჭამდი, რას არა... როდის რა ტანსაცმელი მოემზადებინა, სად რა დაეწყო...
- იცით, ბატონო აბრამ, მე ვიცი ერთი გოგო... ძალიან პატიოსანია და თან პროფესიონალი. გადასარევად ამზადებს საჭმელს...
კროულიმ ცალი თვალი მოჭუტა და გამომხედა.
- იცნობ?
- ჩემი შორეული ნათესავია. ათი წელია სახლებს ალაგებს. ენერგეტიკის მინისტრის მოახლეც იყო...
- რას ამბობ... ანუ, სანდოა?
- რომ არ იყოს, არც გირჩევდით...
- კარგი. მიეცი ჩემი ნომერი და უთხარი დამირეკოს! რა ჰქვია სახელი?
- ფატიმა!
მეც არ ვიცი, საიდან მოვიტანე ეს სახელი.
- დავიბარებ და გავესაუბრები...
- ვეტყვი, რომ დაგირეკოთ!
- შენ რა საქმეზე ხარ ჩემთან?
- გიორგაძესთან მინდა შეხვედრა... თუ არ შეწუხდებით, იქნებ დაუკავშირდეთ და გადასცეთ...
- როგორც ვხედავ, რაღაც მოგიფიქრებია!
- კი, რაღაც მოვიფიქრე...
- იმედია, მოეწონება. კარგი, მოგვიანებით დავეკონტაქტები...
- მადლობა.
სამსახურიდან ტაბიძეზე შევირბინე და საყურეები დავტოვე. მერე ტელევიზორი ჩავრთე, ხმას ავუწიე და ლევანს დავურეკე.
- ევა...
- მისმინე, ლეო! სასწრაფოდ ვინმე გოგო უნდა მოძებნოთ... დობროვსკი მოახლეს ეძებს... მე ვუთხარი, ჩემს შორეულ ნათესავს გამოვგზავნი-მეთქი. დამირეკოს და დაველაპარაკებიო! ეგ მთელი დღე გასული იქნება სახლიდან. მშვენიერი შანსია მის სეიფთან მისაღწევად...
- მშვენიერია! გოგო პრობლემა არ არის... კიდევ რა უთხარი? რა მითი შექმენი? ყველაფერი მითხარი!
- ათი წლის სტაჟი აქვს, ძალიან პატიოსანია, გემრიელ საჭმელებს ამზადებს, ფატიმა ჰქვია...
- ასაკი?
- ასაკი არ მითქვამს, გოგოა-მეთქი. ამიტომ ძალიან ბებერსაც ნუ გაუშვებთ...
- გასაგებია. კიდევ?
- ჰო, კიდევ ვუთხარი, რომ ენერგეტიკის მინისტრთანაც მუშაობდა... ნდობისთვის, რა! მაგას ვერც შეამოწმებს...
- გენიალურია! შენ დობროვსკის ნომერი გამოუშვი მესიჯად.
- კარგი...
- აზრზე არა ხარ, რამხელა საქმე გაგვიკეთე ახლა!
- ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ... რამე თუ იეჭვა, ეგრევე შარში გავეხვევი!
- მაგაზე არც იფიქრო! ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. სეიფში, სავარაუდოდ, თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს. უკვე ნივთმტკიცება გაგვიჩნდება და ასე ჰაერზე აღარ ვიქნებით. კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ...
- კარგი... მოგვიანებით შეგეხმიანები!
- ბრილიანტი ხარ! შეუფასებელი...
- ზედმეტს ნუ მაქებთ, კაპიტანო ჯეიმს!
მობილური გავთიშე და ცოტა ხნით დივანზე გადავწექი. ემოციურად ვიყავი დაღლილი. გადავწყვიტე, ყავა დამელია და სამზარეულოში გამოვედი. სახლში ცოტა გვიან მივედი. რომ ჩავწექი, ოთახში ჩემი და შემოვიდა და საწოლში ჩამიწვა.
- ანიკაა...
- რა გინდა, ბეღურა?
- ვეღარ გავიგე, რომელია შენი შეყვარებული. ფილი თუ ირაკლი?
- არც ერთი, შტერუკა! ორივე ჩემი უახლოესი მეგობარია.
- და გოგო მეგობრები რატომ არ გყავს?
- არ ვიცი... რაღაცნაირად, საერთო ვერავისთან გამოვნახე და ალბათ ამიტომ!
- მე ირაკლი უფრო მომწონს...
მე და თეომ ღამის პირველ საათამდე ვილაპარაკეთ. მერე ჩაეძინა. დილით, მოტო რომ უნდა გამომეყვანა, მობილურმა დამირეკა. დაფარული ნომერი იყო. მივხვდი, ვინც რეკავდა და პირდაპირ სახელით მივმართე.
- გამარჯობა, ლევან!
- სიჩუმეზე მიცანი?
ტელეფონში სიცილი გაისმა.
- არა, ნომრით გიცანი.
- დობროვსკიმ მითხრა, რომ ჩემი ნახვა გინდოდა. მეც მინდოდა შენი ნახვა ძალიან!
- რაღაც მოვიფიქრე... როდის შევხვდეთ?
- დღეს საღამოს გეცლება? ჩემი მძღოლი სამსახურში გამოგივლის, ასე შვიდი საათისთვის და წამოგიყვანს.
- "პორტალისთვის" შესაფერისად არ ვარ ჩაცმული...
- "პორტალში" არ წავალთ! ჩემი საყვარელი ადგილი მინდა გაჩვენო.
გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე