პირველად მოხდა, რომ სამსახურში მაქსზე დიდხანს დავრჩი. შენობაში მარტო მე და დარაჯი ვიყავით.
ლეოს მოცემულ "ნოკიას" ელემენტი ბოლომდე ჰქონდა დამჯდარი, ამიტომ მის წაღებას აზრი არ ჰქონდა და ჩემი მაგიდის უჯრაში შევინახე. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. დათქმულ დროს ქვემოთ ჩავედი და პარკინგი მოვათვალიერე, მაგრამ გიორგაძის დაბურულმინებიანი მანქანა არსად ჩანდა.
უცბად შავი "პაჯეროს" წინა ფარები აინთო და საჭესთან მჯდომმა მანქანიდან ხელი დამიქნია. წვიმაში ცუდად ჩანდა, ვინ იყო, მაგრამ მივხვდი, რომ მე მელოდა. მანქანასთან მივირბინე და მოულოდნელობისგან გავშრი. საჭესთან ლევან გიორგაძე იჯდა.
- ჩქარა, თორე სულ დასველდი!
მითხრა და კარი გამიღო. მეც მანქანაში ჩავჯექი და ზურგჩანთა უკანა სავარძელზე გადავაგდე.
- მეგონა, მძღოლს გამოაგზავნიდით...
- შენ ისევ "თქვენობით" მელაპარაკები?
გამიღიმა ლევანმა და მანქანა დაქოქა.
- სად მივდივართ?
- ჯერ არ გეტყვი...
გიორგაძე კარგ ხასიათზე ჩანდა.
- გცივა?
- არა. მიჩვეული ვარ სიცივეს... ზამთარში მოტოთი რომ დავდივარ, გიჟს მეძახიან...
- ესე იგი, შენი მოტოციკლი იდგა პარკინგზე...
- ჰო...
- ლამაზია. გიკვირს ალბათ, დაცვის გარეშე რომ მხედავ, არა?..
- ცოტა კი. მეგონა, ყველგან დაცვით დადიოდი.
- ზოგჯერ მარტოც გამოვიპარები ხოლმე...
- მაინც ვერავინ გიცნობს...
- ბუნება გიყვარს?
- რა ვიცი, კი... თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ გასვლას... რამდენიმე წელია არ დამისვენია.
- სერიოზულად?
- ჰო... დასასვენებლად ბოლოს მაშინ ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა...
- გასაგებია... და ნადირობა გიყვარს?
- ნადირობა?..
- აჰა!
- არასოდეს მინადირია. მეეჭვება, რამე მოვკლა! პატარა რომ ვიყავი, ტარაკანა ვერ გავსრისე... კარგა ხანი ვუყურებდი და ვფიქრობდი, დამედგა თუ არა ფეხი...
ლევანს გულიანად გაეცინა. მეც კარგ ხასიათზე დავდექი. რაღაც მომენტში დამავიწყდა კიდეც, ვინ იჯდა ჩემ გვერდით. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ფილთან და ირაკლისთან ერთად ვარ ხოლმე.
- მე ცამეტი წლიდან ვნადირობ. პაპაჩემს დავყავდი ხოლმე... ნადირობა მისი ჰობი იყო. ხომ უამრავი საქმე ჰქონდა? მაგრამ ნადირობისთვის მაინც პოულობდა დროს.
რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდით, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივი გარეგნობა ჰქონდა ლევანს, მისგან ძალიან დიდი პოზიტივი მოდიოდა და ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ასე დამაინტერესა... არ ვიცი რატომ, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა. რატომღაც მეგონა, რომ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია უნდა ჰქონოდა...
თბილისიდან გამოვედით და წავკისის მიმართულებით წავედით. ლევანმა ტყის გზაზე გადაუხვია. წვიმამ იკლო, მაგრამ ისეთი ნისლი იდგა, ერთი მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. თითქოს ჩვენ წინ უხილავი კედელი იყო.
- ხედავ რამეს?
- ზეპირად ვიცი ეს გზა. თვალდახუჭულიც გავატარებ, ნუ გეშინია.
გამიღიმა გიორგაძემ. გზა საკმაოდ მიხვეულ-მოხვეული იყო. ასფალტი დამთავრდა და შიგ ტყეში გადავუხვიეთ.
- რა კარგი "საოფროუდე" გზებია...
ვუთხარი ლევანს და მინას ოდნავ ჩავუწიე. ტყის სუნმა მანქანაში შემოაღწია. გზა სულ უფრო რთულად გასავლელი ხდებოდა. ამ სიტუაციის შესაძლო განვითარება წარმოვიდგინე. როგორ მივყავარ ტყეში ლევანს, მერე რაღაც ორმოში ჩამაგდებს და დამტოვებს. ან მძევლად ამიყვანს. ან კიდევ, მაწამებს იქამდე, სანამ ყველაფერს არ მათქმევინებს... ამ არასასიამოვნო ფიქრებიდან ძლიერმა ბიძგმა გამომომიყვანა.
- ფუ შენი...
წამოიძახა ლევანმა და მანქანა ხელახლა დაქოქა.
- რა მოხდა?
ვიკითხე და ფანჯრიდან გადავიხედე. წინა ორი ბორბალი ტალახიან ორმოში იყო ჩავარდნილი და სრიალებდა. ლევანი წვალობდა, რომ როგორმე ამოეყვანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- მგონი, გავიჭედეთ...
თქვა ბოლოს და ძრავა გათიშა.
- არა უშავს... მიყვარს თავგადასავლები.
- ამას არც ერთი გოგო არ იტყოდა! იჯექი, მე გადავალ, ვნახავ, რა ხდება!
ლევანი გადავიდა, რომ სიტუაცია შეეფასებინა. მერე მანქანას შემოუარა და ჩემი კარი გააღო.
- ბუქსირი დასჭირდება! ორი ვარიანტია, ან უნდა ველოდოთ, როდის მოვლენ და ამოგვიყვანენ, ან გზა ფეხით უნდა გავაგრძელოთ. პრინციპში, თითქმის მოსულები ვართ...
- თუ თითქმის მოვედით, მაშინ მივიდეთ ბარემ, სადაც მივდიოდით!
ვუთხარი და ზურგჩანთას გადავწვდი.
- ხელში უნდა აგიყვანო.
- რა სისულელეა!
- შემხედე, მუხლებამდე ლაფში ვარ...
- მერე რა? ტალახია, ლავა ხომ არა?
- ამ მონაკვეთზე გადაგიყვან მარტო. ნუ ჯიუტობ, ანიკა!
- კარგი, რადგან არ იშლი შენსას, გადამიყვანე...
გიორგაძემ ხელში ამიყვანა და ტალახში გატოპა. ასე უხერხულად არასოდეს მიგრძვნია თავი. მე მშრალ ადგილას დამსვა, თვითონ მანქანასთან დაბრუნდა, საბარგულიდან დიდი ზურგჩანთა ამოიღო და მხარზე მოიგდო. მერე მანქანა დაკეტა და ჩემთან მოვიდა.
ძირს ჯერ კიდევ ეყარა გამხმარი ფოთლები. მიწა სველი იყო და ფეხი მისრიალებდა. ლევანმა ხელი მომკიდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიარეთ და პატარა ქოხს მივადექით. ქოხს უკნიდან დიდი გორაკი ეფარებოდა, წინიდან ხეები. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა რომ არ გცოდნოდა, ვერასდროს იპოვიდი. შევხედე თუ არა, მაშინვე ზღაპრის წიგნში დახატული ილუსტრაცია გამახსენდა, რომელსაც ყოველ ღამე ვათვალიერებდი. ეს იყო ზღაპარი ობოლ გოგონაზე, რომელსაც ტყეში აებნა გზა და ქოხს მიადგა. ქოხში ბაბა-იაგა დახვდა...
ეს წიგნი და ზღაპარი დავიწყებული მქონდა და ქოხის დანახვამ ჩემი ბავშვობის მოგონება გააცოცხლა...
- რა სილამაზეა! ასეთი ქოხი მარტო ზღაპრებში მინახავს!
ლევანი კუნძთან მივიდა, ნაპრალში ხელი ჩაყო და გასაღები ამოაძვრინა, რომელიც პატარა კოლოფში იდო. ქოხი პატარა იყო. სულ ორი მოცუცქნული ოთახი ჰქონდა. პირველ ოთახში ღუმელი და ძველი ავეჯი იდგა. მეორეში ორი საწოლი და კარადა. კედლებზე ცხოველების ტყავები ეკიდა. ლევანმა პირველ რიგში ღუმელი აანთო და თვითონ მეორე ოთახში გავიდა, შარვალი რომ გამოეცვალა. მე ღუმელს მივუჯექი. სახლი პატარა იყო და ძალიან მალე დათბა. ქურთუკი გავიხადე.
- გათბი?
- კი...
- ახლა ჩაის ავადუღებ!
ლევანმა ზურგჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო, ჩაიდანში წყალი ჩაასხა და ღუმელზე შემოდგა. მერე ტახტიდან შალის თხელი პლედი აიღო და მხრებზე მომახურა. თვითონ კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- ძალიან უცნაურია...
თავისით აღმომხდა.
- რა არის უცნაური?
- მეგონა, არ შეგეძლო კომფორტის გარეშე!
- შენ ჩემზე ბევრი რამე არ იცი. ეს პაპას სახლი იყო... იცი, რა მაგარი კაცი იყო პაპაჩემი? უღარიბეს ოჯახში გაიზარდა...
- მართლა?
- აჰა!.. თერთმეტი წლიდან მუშაობდა და თავისი ხელფასი ჰქონდა...
- რას ამბობ...
- სოფელში, სათბურში ეხმარებოდა თანასოფლელებს... მერე მოსკოვში წავიდა და ძალიან დიდი ფული იშოვა! მამაჩემი სხვანაირი იყო... არ ჰგავდა პაპას...
- მამაშენის შესახებ არაფერი მსმენია...
- ახალგაზრდა დაიღუპა.
- ძალიან ვწუხვარ!
- ბაბუა ალბათ ხედავდა ჩემში რაღაც ნაპერწკალს... ფიქრობდა, რომ მას ვგავდი. პატარაობიდან მაჩვევდა დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ფული თავზე საყრელად გვქონდა, გაჭირვების გემოც ვიცოდი... აი, ამ ქოხში მოვყავდი ხოლმე. ხშირად მარტო პური გვიჭამია. ერთად ვნადირობდით... მოდი, ნახე!
გიორგაძე ფეხზე წამოდგა და ძველ სკივრს თავი ახადა. მეც მივედი და ჩავიხედე. სკივრში სანადირო თოფები ეწყო.
- სად ნადირობდით?
- საკმაოდ შორს მივყავდი ხოლმე... წალკისკენ! ღამღამობით მანქანაში გვეძინა.
- მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს?
ვკითხე უცებ და თვალი გავუსწორე.
- მინდა და იმიტომ. მსგავსებას ვხედავ... მიუხედავად იმისა, რომ მესამედ შეგხვდი, ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო გვაქვს. პირველად მაშინ ვიგრძენი ეს რაღაცნაირი სიახლოვე, როდესაც შენი სცენარები წავიკითხე. მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი გოგო ხარ! მე იშვიათად ვცდები ადამიანებში...
- მაინც რაში ფიქრობ, რომ ერთმანეთს ვგავართ?
- შენც ჩემსავით ზუსტად იცი, რა გინდა. ფანტაზიორი ხარ, მაგრამ არა მეოცნებე... ადვილად არ ენდობი ადამიანებს. მარტო საკუთარი თავის იმედი გაქვს და ყოველთვის ყველაფერს თავად ამოწმებ!
- ვამოწმებ?
- ჰო, აბა რატომ ამოიღე ბარათები აბრამის ნაგვის ურნიდან? იმიტომ, რომ რაღაცას ეჭვობდი და გინდოდა შეგემოწმებინა... ლიზი ბერიძესაც ამიტომ გამოელაპარაკე, გაინტერესებდა, თავისი სურვილით მუშაობდა თუ არა "პორტალში". შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ანიკა!
- ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე...
- მე ვფიქრობ, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები არ არსებობენ! არსებობენ წინდახედული, ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანები... შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ! იცი, ზოგჯერ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეშმაკობაში მაჯობეს, მაგრამ სინამდვილეში, მე ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯით მაინც მათზე წინ ვარ! აი, ჩაიც ადუღდა...
ლევანმა ფეჩიდან ჩაიდანი გადმოდგა. მისი სიტყვები არ მომეწონა.
- ვინ არიან ეს ადამიანები? ვისაც ჰგონია, რომ ეშმაკობაში გაჯობეს?
ვკითხე და გულუბრყვილო სახე მივიღე.
- მტრების მეტი რა მყავს? ჩემ ირგვლივ თითქმის ყველა ასეთია!
- მერე, არ გღლის ამდენი თვალთმაქცობა?
- როგორ არა. მეც ხომ ადამიანი ვარ? მაგრამ სამაგიეროდ ეს ქოხი მაქვს!.. და შენც აქ რომ ხარ, ბედნიერი ვარ. აი ახლა, ამ მომენტში... შენ ოდნავადაც არ იგრძნო თავი უხერხულად იმის გამო, რაც წეღან გითხარი, კარგი? პირიქით, მე პატივი გეცი ამის გამო!
ლევანი განჯინასთან მივიდა და იქიდან ჭიქები, ჩაი და შაქარი გადმოიღო.
- მართალი ხარ, ადამიანებს არც მე არ ვენდობი... აქ რატომ მომიყვანე?
- ჩემი საყვარელი ადგილი მინდოდა მეჩვენებინა. ჰო, და კიდევ რაღაც... ოღონდ ჯერ ჩაი დავლიოთ!
გარეთ ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. შორიდან ძაღლების თუ მგლების ყმუილი ისმოდა. ლევანმა ზურგჩანთა გახსნა და საჭმელი ამოალაგა. პური, მონადირული ძეხვი და მჟავე კიტრი. მგონი, ცხოვრებაში არ მიჭამია ასე გემრიელად.
- მანქანაზე რა ვქნათ?
ვკითხე ლევანს და თითები ჩაის ჭიქას მოვუჭირე.
- ევაკუატორს გამოვიძახებდი, მაგრამ გზაზე ისეთი ნისლია, მეეჭვება მოვიდეს. შენ პრობლემა გაქვს აქ დარჩენაზე? დილით კიდევ ვეცდები მანქანის ამოყვანას... მეორე ოთახში საწოლებია. ღამის გათევა პრობლემა არ არის, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხარ...
- არა, არ ვარ წინააღმდეგი. უბრალოდ, დედას უნდა დავურეკო და გავაფრთხილო...
- აქ არ იჭერს... გარეთ უნდა გავიდეთ!
ლევანი მეორე ოთახში გავიდა და კარადიდან კაცის თბილი ქურთუკი გამოიღო.
- ეს ჩაიცვი! ძალიან თბილია.
ლევანის ქურთუკი ჩავიცვი. მანაც ჩაიცვა თავის ქურთუკი და ორივენი გარეთ გამოვედით. მობილური მართლა არ იჭერდა.
- ცოტა იქით უნდა გავიდეთ!
მითხრა ლევანმა და ფარანი აანთო. უკან მივყვებოდი და თან მობილურის ეკრანს ვუყურებდი. როგორც ჩანს, მართლა ზეპირად იცის, რა ადგილებში იჭერს ტელეფონი.
სახლს დაახლოებით ოცი მეტრით მოვშორდით.
- აბა, ახლა სცადე!
- მგონი, იჭერს...
ლევანი ცოტა მოშორებით დადგა, რომ დამერეკა. ლაპარაკს რომ მოვრჩი, მეც მისკენ გავემართე. უცებ ტყის სიღრმიდან შემზარავი ხმაური გაისმა. თითქოს უთვალავი მხედარი მოჰქროდა... წამიერად ვერც კი მივხვდი, რა იყო... ლევანი ჩემკენ გამოქანდა, ხელი მომკიდა და დიდ ხესთან წამათრია. სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, დაახლოებით თხუთმეტმა ცხენმა ჩაგვიქროლა. ცხენები დაოთხილი მირბოდნენ. ლევანი რომ არ ყოფილიყო, ზედ გადამივლიდნენ და ჩამქოლავდნენ...
კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე, შოკში ვიყავი.
- როგორ ხარ?
მკითხა, როცა ფლოქვების ხმა მიწყდა.
- ეს რა იყო?
- ცხენების ჯოგი... ეტყობა რაღაცამ დააფრთხო....წამოდი, სახლში დავბრუნდეთ!
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუკანტურე და მორჩილად გავყევი. ხელს ხელზე ისე მაგრად მიჭერდა, ცოტა მეტკინა - კიდეც...
- ასეთი რაღაც პირველად ვნახე!
ვთქვი, როდესაც სახლში შევედით და ქურთუკი გავიხადე.
- ბეწვზე გადარჩი!
თქვა ლევანმა და კარი ჩაკეტა.
- შენ გადამარჩინე! რომ არ მოვარდნილიყავი, იქ ვიდგებოდი... ასე რომ... ვალში ვარ შენთან!
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ! მე რომ არ წამომეყვანე, საფრთხეში არც აღმოჩნდებოდი... ძალიან შეგეშინდა?
- ფაქტობრივად, ვერც აღვიქვი, რა მოხდა...
ფეჩთან დავსხედით. ახლა შევამჩნიე, რომ ლევანს ცოტათი ფერი ჰქონდა დაკარგული სახეზე. როგორც ჩანს, ძალიან ინერვიულა.
- მე რაღაც იდეები გამიჩნდა, თამაშთან დაკავშირებით...
- მართლა?
- გითხრა?
- აუცილებლად! მოდი, ცოტა დავლიოთ...
ლევანმა ჩანთიდან მარტინის ბოთლი ამოიღო და ჭიქებში ჩამოასხა. ერთი მე გამომიწოდა და გვერდით მომიჯდა.
- მოკლედ, კლიენტები ხომ თვითონ ირჩევენ ოთახებს და ქალებს? ანუ იციან, რა იქნება და როგორ...
- აჰა...
- ჰოდა, პირიქით რო იყოს? წარმოიდგინე, მოდის კლიენტი კლუბში, ხედავს გოგოებს, რომლებიც ყველა ერთნაირადაა ჩაცმული. შეარჩევს რომელიმეს და მაგიდასთან დაპატიჟებს... თითო ჭიქას დალევენ, თან საუბრობენ. კლიენტი უნდა ეცადოს, რომ გოგოს თავი მოაწონოს და აალაპარაკოს...
- აალაპარაკოს?
- ჰო... გაიგოს, ვინ არის, რა ისტორია აქვს... ეს ისტორიები უნდა იცვლებოდეს, რა თქმა უნდა!
- გავიგე. მერე?
- მერე, თუ ყველაფერი კარგად გააკეთა და გოგოს მოეწონა, მიჰყავს რომელიმე ოთახში. კლიენტმა არ იცის, იქ რა დახვდება...
- მომწონს... მაგალითად, რა შეიძლება დახვდეს ოთახში?
- მაგალითად, ქალი-ვამპირი ან ლილიტი... ან რომელიმე მითოლოგიური პერსონაჟი. შეიძლება უბრალოდ დედოფალი, ან კლეოპატრა... კლიენტს ხომ ჰგონია, რომ ქალი უკვე დაკერა? აღმოჩნდება, რომ ის უბრალოდ შუამავალი იყო... სინამდვილეში კლიენტი თვითონ გაება მახეში... ეს სცენარები ბევრნაირად შეიძლება გაკეთდეს, მე ერთ-ერთ მაგალითს გეუბნები...
- კი, მივხვდი! ზუსტად ჩაწვდი არსს! ხო გეუბნები, რაღაცით მგავხარ-მეთქი? იცი, რა მოსწონთ ადამიანებს! შეუცნობელის შეცნობის სურვილი ყველაზე ძლიერი სურვილია!
- ეს ჯერ იდეის დონეზეა. რა თქმა უნდა, დავხვეწავ...
- ეჭვიც არ მეპარება!
- შენ რა უნდა გეჩვენებინა ჩემთვის?
ლევანმა ჩანთიდან აიპედი ამოიღო და რაღაც ვიდეო ჩართო. ვიდეო რესტორანში იყო გადაღებული. კადრში მაგიდა ჩანდა და ხუთი მამაკაცი, რომლებიც ნასვამები იყვნენ და ერთხმად ლაპარაკობდნენ. სიტყვები ვერ გავარჩიე, რადგან რუსული სიმღერა ძალიან ხმამაღლა ისმოდა...
- რა არის ეს?
ვკითხე ლევანს გაკვირვებულმა.
- ამ კაცს დააკვირდი...
ლევანმა ერთ-ერთს თითი დაადო.
- დავაკვირდი, მერე?
- არ გეცნობა?
- უნდა მეცნობოდეს?
- ეგ კაცი თამაზ წულაიაა...
ამ სიტყვებმა თავზარი დამცა. ლევანს აიპედი ხელიდან გამოვგლიჯე და მამაჩემის მკვლელს დავაკვირდი. ისეთი უდარდელი სახით მღეროდა... უცებ ძალიან მომინდა მისი მოკვლა...
- საიდან გაქვს ეს ვიდეო?
- მე გადავიღე. მოსკოვში ვიყავი, რამდენიმე დღის წინ... საქმიანი მოლაპარაკება მქონდა მასთან...
ლევანს გაოგნებულმა შევხედე.
- მე ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ მისი ქონება შენს სახელზე გადმოვიდეს. უბრალოდ, ცოტა დრო დამჭირდება...
სრული შოკი მივიღე.
- მე არაფერში არ მჭირდება მაგ კაცის ფული...
ძლივს ამოვთქვი.
- მაგ კაცის ფული?.. არა, ანიკა! ეს შენი ფულია! მამაშენის წვალებით ნაშოვნი ფული! მითხარი, რას გრძნობ ახლა?.. რას გააკეთებდი, აქ რომ იყოს ეს ახვარი კაცი?
- არ ვიცი... ალბათ, ერთ-ერთ თოფს ამოვიღებდი შენი სკივრიდან და შუბლში დავახლიდი... როგორც... როგორც...
წინადადების დასრულება ვეღარ შევძელი, რადგან ყელში ბურთი გამეჩხირა.
- ახლა ამ ბიჭს შეხედე...
ლევანმა ახალგაზრდა ბიჭის ფოტო დამანახა. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა...
- ეს ვინღაა?
- ეს თამაზის შვილია. ბექა ჰქვია! ახლა აქ არის, თბილისში...
გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე