წიგნის - "კარგად ნათქვამის" ავტორი დარლინ პრაისი ბიზნესმწვრთნელია. მან იცის, რომ სანამ რამეს იტყვით, გარშემო მყოფები თქვენ მიმართ ნდობით უნდა განაწყოთ. ამისათვის რამდენიმე მოკლე რჩევას გვთავაზობს.
დამიჯერე - თუ ამ სიტყვას წინადადების ბოლოს იტყვით, თქვენდამი ნდობა 35 პროცენტით გაიზრდება. "შენ ეს 500 ლარი არც ისე გჭირდება, როგორც მე, დამიჯერე". იგრძენით?
დიახ - როცა დახმარებას გთხოვენ, დაეთანხმეთ. იმის ახსნას, რომ არ გცალიათ, უმჯობესია, ან მომენტალურად დაეთანხმოთ, ან ჯანდაბაში გაუშვათ.
გავაკეთებ - "ვეცდები" ან "შევძლებ" არა, ამ სიტყვებს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი არ იტყვის.
მადლობა - ზედმეტი სიტყვა ნამდვილად არაა. თუ ადამიანმა გააკეთა ის, რაც მის ვალდებულებაში შედიოდა, მაინც იყავით მისი მადლიერი.
უშენოდ არაფერი გამომივიდოდა - ადამიანები წაახალისეთ, იყავით მათი მადლიერი. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვნები არიან. შემდეგში კი უფრი მეტს გაგიკეთებენ.
რით შემიძლია დაგეხმარო - აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვნები არიან, რომ მათ შეიძლება თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ.
რას ფიქრობ? - როცა ადამიანი ხვდება, რომ მის აზრს ითვალისწინებენ, პატივს სცემენ, ის ბედნიერია.
გენიალური იდეაა - ნორმალურიც რომ იყოს, მაინც გაამხნევეთ და შეაქეთ.
კვლევამ დაადგინა - ხალხი ამ ფრაზას უფრო ენდობა, ვიდრე "აი, ჩემს მეზობელს..." ვინ უფრო კომპეტენტურია, ბრიტანელი მეცნიერები, თუ თქვენი უსაქმური მეზობელი?
მესმის - ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი ყველაზე მეტად საჭიროებს გაგებასა და მოსმენას.