მეჰენდი - ულამაზესი ნახატებია, რომლებიც ქალის სხეულს, ხელებსა და ტერფებს ამშვენებს. თუ მოგწონთ, რატომ არ უნდა გაიკეთოთ მეჰენდი თავად? ეს ძალიან მარტივია.
ცნობილია, რომ ქალები ინით ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იხატავდნენ ტანს; ინდოეთში კი საქორწინო ცერემონიის მთავარი ატრიბუტი იყო, რომელსაც ბოროტებისგან დამცავი ფუნქცია ჰქონდა. ნახატით შეეძლოთ მიეზიდათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სილამაზე.
ინით სხეულის მოხატვა ოთხ ეტაპად იყოფა: არაბული - ყვავილების მოტივები, მაროკოული - გეომეტრიული ფიგურებისა და ყვავილების ორნამენტების სინთეზი, ინდური - ორნამენტები, ხაზები, წერტილები და აზიური - ინდურისა და აღმოსავლურის სინთეზი. თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
მეჰენდის სპეციალურ ინა სჭირდება. ის გაცილებით წმინდაა. თუმცა, მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ. ამისათვის 100 მლ მოხარშულ ყავას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი შაქარი და იმდენი გაცრილი ინა, რომ თხელი ფაფისმაგვარი კონსისტენცია მიიღოთ. გააჩერეთ 15-20 წუთი.
მოხატვამდე საპნით დაიბანეთ ხელები, წაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. ასეთნაირად ფერი უფრო მკვეთრი იქნება. მასა მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და კუთხე მოაჭერით, რომ სითხე თავისუფლად გადმოდიოდეს. ნახატი შეგიძლიათ ჯერ ფანქრით მოხატოთ ან ტრაფარეტი გამოიყენოთ.
ინის პასტა 30-60 წუთში გაშრება. მას ჩამობანვა არ სჭირდება. გახმობის შემდეგ (3-6 საათის განმავლობაში) თავად ჩამოგშორდებათ. ნახატის ჩამობანვა მხოლოდ 8 საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ.
მიჩნეულია, რომ ყველაზე კვეთრი ნახატი ხელისა და ფეხის გულებზე გამოდის. ინის ნახატი ყოველდღიურად ზეთით დაიმუშავეთ, რათა გაუხანგრძლივოთ არსებობა. ბანაობისას ნახატიან მონაკვეთზე ღრუბელი არ მიიკაროთ.
გაიხალისეთ ყოველდღიურობა ინის ნახატებით და შეიძლება ცოტა ხანში მეგობრებმაც გთხოვონ სხეულის მოხატვა.