ზოგჯერ ჩვენსა და ჩვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში ისეთი კრიტიკული პერიოდი დგება, თითქოს, გამოსავალი მხოლოდ განშორებაშია.
ამ დროს, როგორც წესი, ერთვებიან დედები, ოჯახის სხვა წევრები, დაქალები, ცოლის დაქალები, ქმრის ძმაკაცები, მეზობლები და სხვები... გააჩნია პირადი სივრცე როგორ გვაქვს შემოსაზღვრული. რაღა თქმა უნდა, მათ ჩვენთვის სიკეთე უნდათ, მაგრამ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, გადაწყვეტილება კი ჩვენ უნდა მიიღოთ...
ამიტომ თუ ცხოვრებაში დაგიდგათ მომენტი, როცა თვლით, რომ "ასე გაგრძელება აღარ შეგიძლიათ" და უნდა წახვიდეთ, უმჯობესია, ჰკითხოთ საკუთარ თავს, იქნებ, ეს დროებითი ვერ ატანაა და არა სამუდამო გადაწყვეტილება? ეს რომ გაარჩიოთ, საჭიროა უბრალოდ, წარმოიდგინოთ, რომ ამის შემდეგ ვერასდროს ნახავთ ამ ადამიანს აქ, თქვენს გვერდით არხეინად წამოწოლილს ტელევიზორის პულტით ხელში. ვეღარ ჩაეხუტებით ძილის დროს საწოლში, ვერ მოისმენთ მისი ჩუსტების ფრატუნს, როცა აბაზანისკენ მიდის, ვერ დაურეკავთ მოწყენილობის ჟამს და ვერ სთხოვთ: "მითხარი კარგი რამე", ვერ (უფრო ზუსტად, ვეღარ) შეუდგენთ პროდუქტების სიას და გაუშვებთ ბაზარში... მოკლედ, ეს ჩამონათვალი, შესაძლოა, უსასრულოდ გავაგრძელოთ, და რაც მთავარია: ეს ადამიანი, ვეღარ იქნება თქვენი ცხოვრების ნაწილი!
თუ ამის შემდეგ მაინც ჩათვლით, რომ დაშორება აუცილებელია, მაშინ უნდა დაშორდეთ ღირსეულად! ეს ყველაზე მთავარია არა მარტო საკუთარი თავის პატვისცემის, არამედ სამომავლო ურთიერთობისთვის (თუ ასეთს საერთოდ განიხილავთ), შვილების ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებისთვის, ჭორებისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად და ასე შემდეგ.
ღირსეულად დაშორება ყველაზე რთულია! მენდეთ...
ზოგჯერ ისე გინდა იყვირო, დალეწო, დაამსხვრიო ირგვლივ ყველაფერი, თითქოს, მასთან ერთად ანგრევდე იმ ცუდ და აუტანელ ყოფას, რაშიც აღმოჩნდი, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. დამიჯერეთ, არც ის ცნობილი "ღრმად ჩაისუნთქეთ და 10-მდე დაითვალეთ" შველის... გამოსავალი საკუთარი თავის ფლობაშია. ამაში კი ერთი მარტივი ჭეშმარიტება დაგეხმარებათ: იფიქრეთ იმაზე, როგორ საშინლად გამოიყურებით, როცა ყვირით, წივით, ტირით, მით უმეტეს, თუ ღრიალებთ... ძლიერი სტრესის დროს, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს. ამიტომ ერთი წამით შეჩერდით და გაიფიქრეთ, რომ თქვენ მოკვდებით, თქვენი ყოფილი კი გააგრძელებს ცხოვრებას ბედნიერად (თუნდაც უბედურად, მაგრამ ხომ მაინც გააგრძელებს!). გაიაზრეთ, რა ეშველებათ თქვენს შვილებს უთქვენოდ?! იფიქრეთ, რომ სტრესი იწვევს კიბოს, ჩიყვს, ინფარქტს და კიდევ ბევრ საშინელებას... ეს დაგეხმარებათ ცოტა დაამუხრუჭოთ და თავშეკავება ისწავლოთ.
ამის მერე კი უნდა აწონ-დაწონოთ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ხშირად ისე ხდება, რომ ამაზე ფიქრი აღარც გინდა, იმდენად გაუსაძლისია არსებული მდგომარეობა, თითქოს, გამოსავალი მხოლოდ წასვლაშია. მეტი აღარ შეგიძლია და მორჩა! მაგრამ აქაც არსებობს ერთი პატარა ეშმაკობა: წადით, ოღონდ ჯერ დროებით, უკან დასახევი დაიტოვეთ, რადგან გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნებაც ღირსეულად შეძლოთ. როცა ცოტა დრო გავა და ორთქლს გამოუშვებთ, როცა მარტო ყოფნის სიძნელეებს გააცნობიერებთ: გენატრებათ თუ არა, შეძლებთ მის გარეშე თუ ვერა, ან გიღირთ ცალკე ყოფნა თუ არა - აი, მაშინ გადაჭერით ბოლო ძაფი! გეთანხმებით, ეს შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს - ზოგი ადამიანი მეტად მერყევია და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება უჭირს! მაგრამ რას იზამთ, როცა ეს აუცილებელია, უნდა დაიცადოთ! მიეცით საკუთარ თავს დრო, დალაგდეს!
იბადება კითხვა: რა გავანდოთ მეგობრებს და რა - არა! ეს ძალიან ინდივიდუალური ამბავია და ადამიანის ფსოქოტიპზეა დამოკიდებული. ზოგი საკუთარ თავში იკეტება, ზოგს კი ერთი სული აქვს, ბრაზს და ნაღველს როდის ამოაფრქვევს, თორემ შეიძლება დახრჩოს... აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც: რამდენად საბოლოოა თქვენი გადაწყვეტილება დაშორების შესახებ. თუ გაყრა ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, ნუ ამოსვრით თქვენს ყოფილ მეგობარს, შეყვარებულს თუ ქმარს ლაფში და ნუ გალანძღავთ უკანასკნელი სიტყვებით, რადგან შერიგების შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენივე სიტყვების შეგრცხვეთ (სასურველია ასევე მოიქცეთ იმ შემთხვევაშიც, თუ გაყრა საბოლოოდ გადაწყვიტეთ). ნურც იმას იფიქრებთ: მერე რა, ჩხუბის დროს "ყველაფერი მოსულა"! - ნურას უკაცრავად! გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მეგობრები თქვენი მეგობრები არიან და არა მისი! და სულაც არ არიან ვალდებული, თქვენს ყოფილს მისი საქციელი ისევე უპირობოდ აპატიონ ან ისე დაივიწყონ, როგორც თქვენ! მეგობრების მეხსიერებაში, შეიძლება, სამუდამოდ დაილექოს ის პიკანტური დეტალები და არასასიამოვნო სცენები, რასაც ასე გულმოდგინედ უყვებოდით და აღწერდით. ამან კი, ადვილი შესაძლებელია, გააფუჭოს თქვენი მეგობრების დამოკიდებულება არა მარტო თქვენი ყოფილის, არამედ თქვენს მიმართაც , რადგან არავის მოსწონს უთავმოყვარეო ადამიანი, რომელიც ჯერ დაუნდობლად ლანძღავს საყვარელ მამაკაცს, შემდეგ კი უპრინციპოდ ურიგდება. ასე რომ შეინარჩუნეთ სახე!
სახე შეინარჩუნეთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი დაშორების მიზეზი მისი მხრიდან ღალატი გახდა. ნუ მიუვარდებით იმ ქალს სახლში ან სამსახურში, ნურც დაურეკავთ და მუქარის სმს-ებს გაუგზავნით. მით უმეტეს, ნუ დაითრევთ თმით! მერწმუნეთ, ეს დაბალი დონის საქციელია! ნურც იმას იფიქრებთ, რომ ის, "როგორც ქალი - ქალს", გაგიგებთ და თქვენს წუწუნზე გული აუჩუყდება. არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ და თავი არ დაიმციროთ თხოვნით: "დაგიბრუნოთ თქვენი კაცი!" ამით მხოლოდ თქვენი დაცინვისა და საბოლოოდ განადგურების საუკეთესო შანსს მისცემთ. ამიტომ გაგანადგუროთ ნებისმიერმა, ოღონდ არა "იმან"!
საერთოდ კი გახსოვდეთ, რომ ვერავინ წაგართმევთ სიყვარულს, თუ ის თქვენ გეკუთვნით. და თუ პარტნიორმა (ქმარმა, შეყვარებულმა) სხვასთან წასვლა არჩია, ესე იგი ეს მას თავად უნდოდა... ბოლოს და ბოლოს ადამიანი საქონელი ხომ არ არის, საბელი ჩააბან და წაიყვანონ! ასე რომ, მორჩით თქვენს უბედურებაში სხვების დადანაშაულებას და თვალი გაუსწორეთ რეალურ პრობლემებს!
იმ შემთხვევაში, თუ თავად ტოვებთ მას ასევე მესამე ადამიანის გამო, ნუ გამოუცახადებთ თქვენს ყოფილს, რომ "ძლივს თავი ნამდვილ ქალად იგრძენით". ნუ დაიწყებთ მის შედარებას ახალთან და ნუ დააკნინებთ მის მამაკაცურ ღირსებებს. მით უმეტეს, ცხელ გულზე ნუ უამბობთ ახალთან დაკავშირებულ ინტიმურ დეტალებს , ამით თქვენ არა მარტო გაანადგურებთ მასში მამაკაცს, არამედ, ადვილი შესაძლებელია, გააბოროტოთ კიდეც და სამუდამოდ ისე შეაძულოთ თავი, დაუძინებელ მტრად გექცეთ! და საერთოდ, ერიდეთ ამ საშინელ სასიყვარულო სამკუთხედებს!
იქნებ, იმიტომ შორდებით, რომ საკუთარი თავი ყოველთვის მართალი გგონიათ ან პატიება გიჭირთ? - ბავშვმაც კი იცის, რომ როცა ორი ადამიანი იბუტება, ორივე დამნაშავეა, მეტ-ნაკლებად. ამიტომ თუ თვლით, რომ თქვენს ურთიერთობას შეცდომების აღიარება გამოასწორებს, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მართლი ხართ, გადადგით პირველი ნაბიჯი და მოუბოდიშეთ. ამით ჩინ-მედლებს არ დაკარგავთ!
ნუ მოუწყობთ სცენებს! აი, ამაშია ღირსეულად წასვლის ან დარჩენის ყველაზე დიდი საიდუმლო! მშვენივრად მესმის, რომ მთელ ამ ამბავში ყველაზე რთული ამ "ოქროს შუალედის" მიღწევაა. დაუსახეთ საკუთარ თავს ამოცანა, რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, უნდა შეძლოთ. რაც გინდა გააკეთეთ: იმეცადინეთ სარკის წინ, მოემზადეთ მსახიობთან, თუნდა დუმილის აღთქმა დადეთ, ოღონდ არ იყვიროთ, არ იწივლოთ, არ იბღავლოთ, ისტერიკა არ მოაწყოთ და საკუთარი თავი იაფფასიანი გულის წასვლის სცენებით არ გააუფასუროთ! იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ამით კაცს გულს აუჩუყებთ და ნაზ გრძნობებს გაუღვიძებთ. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ დროს ჩხუბი და მოთქმა მამაკაცზე საპირისპიროდ მოქმედებს: პირველი აღიზიანებს და მეორე აფრთხობს. ასეთ ვითარებაში მამაკაცს ერთი სული აქვს გაეცალოს იქაურობას და თავქუდმოგლეჯილი გარბის კიდეც იქ, სადაც სიმშვიდე, სიმყუდროვე და სითბო (თუნდაც ყალბი) ეგულება.
ასე რომ, კრიტიკულ მომენტში იყავით მკაცრი, მაგრამ გაწონასწორებული, კატეგორიული, მაგრამ მშვიდი, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი!
ნუ უსურვებთ თქვენს ყოფილს ცუდს, არავითარ შემთხევაში არ გაუკეთოთ ბოროტება! არ დასწყევლოთ! არასდროს დაამციროთ საჯაროდ. გახსოვდეთ, რომ ოდესღაც ის თქვენ თავად აირჩიეთ, ამიტომ მისი ლანძღვა ღირსებას არ შეგმატებთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: არასდროს განაწყოთ შვილები მამის წინააღმდეგ, როგორი "ცუდი მამაც" არ უნდა იყოს ის. თქვენი მხრიდან ეს ყველაზე სულმდაბალი და საზიზღარი საქციელი იქნებოდა. გაითვალისწინეთ, რომ ამით თქვენს შვილებს დიდ სულიერ ტრავმას მიაყენებთ და მთელი ცხოვრება "უვარგისი მამის" კომპლექსით დატანჯავთ.
და ბოლოს: გაყრა თუ მართლა მყარად გადაწყვიტეთ, წარსულის მარწუხებისგან სრულად მაშინ გათავისუფლდებით, თუ მას თქვენი ნებით გაუშვებთ... პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. თუ სახლში აღარ შეინახავთ მის ნივთებს, გადაყრით მის კბილის ჯაგრისსა და ჩუსტებს, აღარ დაათვალიერებთ საერთო ფოტოებს, აღარ შეხვალთ მის "ფეისბუქ" გვერდზე, აღარ დაინტერესდებით სად მუშაობს, როგორ ცხოვრობს, როგორ გამოიყურება, ვისთან ერთადაა: მარტოა თუ ბევრი ქალი გამოიცვალა? და თუ ერთ მშვენიერ დღეს კაფეში შემთხვევით გადააწყდებით ვიღაც ქალთან ერთად, მაგრამ მის დანახვაზე არც გული აგიკანკალდებათ და არც გეტკინებათ, აი, მაშინ შეგიძლიათ ამოისუნთქოთ თავისუფლად - ესე იგი თქვენ დაშორდით! თუმცა, იმ ქალის თმისა და პომადის ფერი, ალაბთ, მაინც დაგამახსოვრდებათ!..