წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია - დედაო.
იმისათვის, რომ დედაეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სულიწმიდისა, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება. ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნათლისღების საიდუმლო წარხოცავს პირველქმნილ და ყველა სხვა ცოდვასაც - "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - ყოველდღიურად ვიმეორებთ ქრისტიანები. საიდუმლო მართლაც დიდია და ხშირად მასში მონაწილეებს - იქნებ სწორედ მისდამი სერიოზული დამოკიდებულების გამო - უამრავი ყოფითი შეკითხვა უჩნდებათ.
ნათლისღების საიდუმლოს ასპექტებზე გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) წინამძღვარი დეკანოზი დავითი (შარაშენიძე).
- ნათლისღებით წარიხოცება ადამისა და ევასაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ჩვენი პირველყოფილი ცოდვა. ეკლესია მიიჩნევს, რომ სწორედ ნათლობაა ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანმა შეიძლება დაამყაროს კავშირი ეკლესიასთან, ხოლო ეკლესია ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანმა შეიძლება სული იცხონოს. ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს, ხოლო ეკლესიასთან კავშირის ერთადერთი გზაა ნათლობა.
- როდიდან იღებს დასაბამს ნათლისღება?
- ნათლობა დასაბამს იღებს იმ დროიდან, როდესაც იორდანეს უდაბნოში იოანე ნათლისმცემელი იქ მყოფ იუდეველებს ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით. მაგრამ ეს არ იყო ის ნათლისღება, რომელიც პირველი ქრისტიანების ეკლესიის დროიდან დაარსდა, მანამდე ნათლისღებას მხოლოდ და მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა. როგორც სახარებაში ვკითხულობთ, ადამიანები მიდიოდნენ იოანე ნათლისმცემელთან, აუარებდნენ ცოდვებს და მისგან იღებდნენ ნათელს. გაგრძელება