სიტუაცია აფთიაქში:
ის იყო, წამლების ნუსხა გადავეცი და საფულე ამოვიღე, რომ ჩემ გვერდით მოდურად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი დადგა... მხოლოდ ერთხელ გავხედე თვალის კუთხით და თვალის ამ ერთი შევლებით დავინახე – საკმაოდ სიმპათიური, მოვლილი და დავარცხნილი. იდგა და თავის რიგს აუღელვებლად ელოდა.
მე კი ვჩქარობდი და, როგორც ამ დროს ხშირად ხდება ხოლმე, საფულე ხელიდან გამისხლტა - ჩემი ხურდა სულ რაკარუკით მიმოიფანტა აფთიაქის ახალმოპრიალებულ იატაკზე... სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, ბიჭი მაშინვე დაიხარა და ჩემი მონეტების შეგროვება დაიწყო. მეც, უნებურად,მუხლებზე დავეშვი, მაგრამ სულ რამდენიმეს აღება მოვასწარი, უფრო მის მოძრაობას ვაკვირდებოდი...
საკმაოდ ახლოს ვხედავდი მის მოვლილ, ნაზ ხელებს, უფერო ლაქით გაპრიალებულ ფრჩხილებს, ოდნავ გაღეღილ ვარდისფერ პერანგს, ლამაზად შეკრეჭილ და ასევე ლამაზად დავარცხნილ წვერს, მესმოდა აუჩქარებელი სუნთქვა და მცემდა სუნამოს ოდნავ მტკნარი, მწვანე თამბაქოს მსგავსი ნედლი სუნი...
ვუყურებდი ფრთხილად, ძუ ვეფხვის დაძაბული და ცნობისმოყვარე მზერით, რომელიც გაურკვეველი ჯიშის ნადავლს გადააწყდა..."აბა, ახლა რას იზამ?"
მიყვარს "კინოს" თამაში - ამ დროს რეალობას ოდნავ ვწყდები და უცნაურ და სახალისო განზომილებაში გადავდივარ. ამ წუთებში მე ჩემივე გამოგონილი "კინოს" პერსონაჟი ვხდები. პერსონაჟი, რომელიც ზოგჯერ რეალურ "მეს" არ ცნობს და არ ემორჩილება! მომეჩვენა, რომ იმ ბიჭსაც ჩემსავით "კინოს" თამაში უყვარდა...
და უცებ, გიჟურად გამეცინა (ოღონდ გულის სიღრმეში, ჩემთვის) იმის გაფიქრებაზე, რომ ამგვარი სცენები ჰოლივუდურ ფილმებშიც კი ბანალური და სასაცილო გახდა...
თავი არც ერთს აგვიწევია - ასე უხმოდ, უპრეტენზიოდ სათითაოდ ავკრიფეთ მიმოფანტული მონეტები და ასევე მშვიდად ჩავყარე უკან, საფულეში... მერე ამ ბიჭმა კონსულტანტს, ცოტა არ იყოს, განაზებული ინტონაციით მიმართა: "ერთჯერადი ოყნები თუ გაქვთ?"... - ორი ცალი იყიდა და ჩემთვის ასევე უცნაური სიარულის მანერით, ლამის თითის წვერებზე, აფთიაქიდან აუღელვებლად გავიდა..
სიტუაცია ქუჩაში:
გოგონა - მაღალი, ისეთი - "კისრიდან რომ ეწყება ფეხები", ღიმილიანი, ძალიან მომხიბვლელი და გლამურული... შეხედავ თუ არა, მაშინვე იფიქრებ: "ღმერთო, რა მაგარია! განსაკუთრებული! ვიღაცას მაგონებს" - ეს ვიღაც ჰოლივუდის ძალიან ცნობილი და კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, გოგონა მას ორი თავით სჯობს!
ჰოდა, ეს ძალიან მაგარი გოგონა ერთ-ერთ თბილისურ ქუჩას მიუყვება. მიდის ამაყად თავაწეული, მშვენიერ განწყობაზე, ტკბება კარგი ამინდისა და ცხოვრების სილამაზის სასიამოვნო შეგრძნებით. უნდა, რომ ბედნიერების ეს თბილი და ღუნღულა განცდა სხვებსაც გადასდოს...
ცოტაც და... გვერდით ამოუდგება ასევე ახალგაზრდა და მაღალი, სპორტული აღნაგობის სიმპათიური ბიჭი - ასევე მოდურად ჩაცმული და მოვლილ-დავარცხნილი.
თითქოს, ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი... სულ ამ ქუჩაზე დააბიჯებენ და აქამდე როგორ არ უნახავთ ერთმანეთი?! ნუთუ ეს საბედისწერო შემთხვევითობაა?! - მაგრამ ცხოვრებაში ხომ შემთხვევით არაფერი ხდება! ამ ორი გამორჩეული ადამიანის შეხვედრაც ალბათ, სადღაც იქ, ზემოთ "დაიწერა" თუ გადაწყდა - ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ!..
ასე მიდიან რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად, გვერდიგვერდ... არც ერთი ცდილობს, გაუსწროს და მოულოდნელად შეერთებული გზა გადაკვეთოს... თითქოს, ორივე რაღაც ბიძგს თუ ნიშანს ელოდება... და მერე, უეცრად, დგება ის განსაკუთრებული თუ მარადიული წამი, რომლის ძალითაც ორივე ერთდროულად მოიხედავს, თვალს თვალში გაუყრის... თითქოს, ამ მზერით ეტყვის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს, რაც სიტყვებით ან არ გამოითქმის, ან ძალიან ზედმეტია... ამ ერთი შეხედვითაც ორივე ასწრებს იგრძნოს, რომ მის გვერდით ჩვეულებრივი ადამიანი არ დგას, ის, ვინც ყოველდღე ასობით გხვდება და გვერდს აგიქცევს..."ნუთუ ეს "ის" არის?!" - დგება გადამწყვეტი მომენტი: ბიჭი ძალიან ახლოს მიიწევს, ისე ახლოსაა, თითქმის ტუჩებთან... გოგოს ყურთან სცემს მისი თანაბარი და სასიამოვნო სუნთქვა... "ღმერთო, ჩემო, რას აპირებს?!" - და უცებ, ბიჭი: "მაინც მე გჯობივარ!"