მგონი, ადრეც გითხარით, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დაკვირვება მიყვარს და პატარ-პატარა დეტალები დიდხანს არ მავიწყდება. ახლა რასაც გიამბობთ, სხვადასხვა დროს ვალენტინობის დღეს მაქვს ნანახი. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმეს საქციელის გარჩევას ან მით უმეტეს, გაკიცხვას ვაპირებდე, მე გიამბობთ და დასკვნები თავად გააკეთეთ.
მოკლედ, ვალენტინობის რომანტიკულ საღამოს, როცა თბილისის ერთ-ერთი ცნობილი ბარის ლამაზი ინტერიერისა და სასიამოვნო ცოცხალი მუსიკის ჰანგებით ვტკბებოდი, ეს კი თავიდან ბოლომდე ჩემი ვალენტინის დამსახურება იყო, შემთხვევით ყურადღება მეზობელ მაგიდასთან მარტოდ მჯდომმა საშუალო ასაკის მამაკაცმა მიიქცია, რომელიც რაღაც მოუსვენრად იქცეოდა.
რა დროს აქეთ-იქით ცქერა იყოო, გაიფიქრებთ და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება, ხოდა, მეც ამ მისი უდიდებულესობა შემთხვევითობის წყალობით თვალი შევავლე აშკარად ვიღაცის მომლოდინე, საკმაოდ სიმპათიურ და კლასიკურად ჩაცმულ მამაკაცს, რომელზეც არა მარტო მისი სტილი და ტელეფონი (რომელიც თითქმის არ ჩერდებოდა), არამედ მაჯის საათიც მეტყველებდა (რომელზეც ხშირად ნერვიულად იყურებოდა), რომ სერიოზული საქმით დაკავებული ადამიანი უნდა ყოფილიყო.
ცოტა ხანში დარბაზში შემოვიდა გოგონა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო. წარმოიდგინეთ ქალი - ჩამოსხმული ტანით, ქერა, ხშირი თმითა და სახის ლამაზი ნაკვთებით (თვალის ფერს ნუ მომთხოვთ, ვერ გავარჩიე). მოდიოდა და "მოჰქონდა" მთელი ბარი კი არა, მთელი სამყარო!
ოღონდ აღსანიშნავი და გამორჩეული ამ შემთხვევაში კიდევ ის იყო, რომ ეს უღვთოდ ლამაზი გოგონა მომლოდინე მამაკაცზე თითქმის ორჯერ ახალგაზრდა იქნებოდა, თითქმის "შვილის ტოლა"... - "ჭკუით მოხიბლა?" - "ფულით შეაბა?" - "ნახე, ბიძა რა პონტში გაიჩითა?!" - იკითხებოდა ბარში მსხდომების სახეებზე. კაცი გაიბადრა, ერთიანად გაიშალა, თითქოს, მთელი თავით ამაღლდა და უფრო ამაყი გახდა. მას ხომ ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა ქალი ჰყავს, რომელსაც ყველა პირდაღებული უყურებს, მის მოხერხებულობას კი ყველა შენატრის! ეს, ალბათ, მის მამაკაცურ ეგოს მალამოდ ედებოდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ: კაცები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი მიმზიდველი "თანამგზავრებით" - იქნება ეს მეუღლე, ე.წ. საყვარელი თუ თუნდაც უბრალოდ, სექსპარტნიორი. ზოგჯერ ამას შეჯიბრის ელფერიც დაჰკავს და როგორც პატარა ბავშვები ახარბებენ ერთმანეთს ახალ და ლამაზ სათამაშოებს, იგივე ემართებათ კაცებსაც, თუმცა, რა გასაკვირია: კაცები ხომ პატარა ბავშვებივით არიან!
დავუბრუნდეთ ჩვენს წყვილს, რომელსაც ბარში მყოფების უმრავლესობა გაფაციცებული, სულმოუთქმელად აკვირდება. მამაკაცი გოგონას წამოუდგა, მოკლე ტოპით შემოსაზღვრულ, წვრილ წელზე მარჯვენა ხელი შემოხვია, ახლოს მიიზიდა და... მომეჩვენა, რომ გოგონამ ტუჩებამდე არ მიუშვა, ცოტა გაღიზიანებული ჟესტით განიზიდა და მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე.
მერე კი დაიწყო ის, რაც არაფრით ჯდებოდა არც ვალენტინობის და არც რომანტიკული ვახშმის ჩარჩოებში: გოგონა ენერგული ჟესტიკულაციითა და ნერვიული გრიმასით რაღაცას ედავებოდა და უმტკიცებდა მამაკაცს, რომელიც გაღიზიანებული მოთმინებით უსმენდა, მაგრამ დრო და დრო ისიც არანაკლებ ნერვიული ტონით პასუხობდა. ყურს ხომ არ დავუგდებდი! ეგ კი არა, უკვე შეხედვაც მეუხერხულებოდა, მით უმეტეს, როცა მე ჩემი საკუთარი რომანტიკა და ამბავი მქონდა მისახედი! ))
შემდეგი სცენა ასევე თბილისურ საღამოს გათამაშდა, ოღონდ ამჯერად რესტორნის გაჩახჩახებულ დარბაზში, სადაც წყვილები ასევე ვალენტინობას აღნიშნავდნენ.
ეს წყვილი, ალბათ, ყურადღებას არაფრით მიიქცევდა, რომ არა ქალის საკმაოდ გამომწვევი და ხმამაღალი სიცილი. "ეტყობა, ცოტა მეტი მოუვიდა" - შევხედე, მართლაც ჭიქას ჭიქაზე ცლის. "რა ჩემი საქმეა, ღმერთმა შეარგოს", - გავიფიქრე, მაგრამ პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და მის პარტნიორ მამაკაცს დავაკვირდი. წარმოიდგინეთ საშუალო ასაკს ოდნავ გადაცილებული მამაკაცი, ერთიანად გაბადრული და სიამოვნების მორევში ჩაძირული. აი, ისეთი - ყველაფერს რომ გემრიელად შეგარგებს, თვითონაც დატკბება და შენც დაგატკბობს! ზის და თავის ხმაურიან ქალბატონს ტაშს უკრავს, სითამამეს უწონებს! ამ დროს კი იწყება ყურისწამღები მუსიკა და კარგად შემთვრალი ქალბატონი დგება... დგება და მაგიდის წინ საკმაოდ თამამ ცეკვას იწყებს... ცდილობს მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ამიტომ მთელი ძალით არხევს საკმაოდ მადიანად მოყვანილ ტანს, დრო და დრო ჰაეროვან კოცნას უგზავნის თავის მამაკაცს, უღიმის, ესიყვარულება. მის როკვას ძნელად თუ დაარქმევ ცეკვას, მაგრამ ის ხომ მისთვის ცდილობს! და კაციც ერთიანად ანთებული და სიყვარულის ბუშტად გადაქცეული შესციცინებს!.. დასრულდა მუსიკა და რაც უნებურად და გულწრფელად გავაკეთე, ის იყო, რომ მთელი ძალით ტაშს ვუკრავდი!..
მესამე სცენა ყველაზე საყვარელი და გულისამაჩუყებელი გამოდგა. ვალენტინობის ცივ და ბნელ საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე გადავაწყდი ახალგაზრდებს, რომლებიც ასფალტზე ანთებული სანთლებით გოგონას სახელს მთელი მონდომებით წერდნენ და გულებს ხატავდნენ. მერე გიტარები მოიმარჯვეს და მისი აივნის ქვეშ მინი-კონცერტი გამართეს. ისე კარგად და შეწყობილად მღეროდნენ, კორპუსის ფანჯრები რიგ-რიგობით ნათდებოდა და იქიდან ადამიანების ბედნიერი სახეები იმზირებოდნენ, ზოგი აივანზეც გამოვიდა. ბიჭები კი იმ ერთის გამოსვლას ელოდნენ, რომელისთვისაც მათ ძმაკაცს არა მარტო ანთებული გული, არამედ მთელი ქვეყანა ემეტებოდა! და აი, დამთავრდა კონცერტი, ბიჭებმა დაუშვეს გიტარები და დაძაბული სახეებით გადახედეს ერთმანეთს. მერე ყველამ ერთი მიმართულებით ავიხედეთ - აივნისკენ, სადაც "ის" უნდა გამოსულიყო! დადგა ყველაზე დაძაბული მომენტი: "რატომ არ ჩანს?! ნუთუ?!.." - და მოულოდნელად ისმის ასკოვანი ქალის ხალისიანი შეძახილი: "შვილო, თეკუნა ჯერ არ დაბრუნებულა მასწავლებლიდან, ცოტა მოგვიანებით უმღერეთ!"...