ბავშვობიდან მეგონა, რომ კაცობა ძალიან ძნელია. ასე მეგონა განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაოდან მობრუნებული მამაჩემის დაღლილ სახეს და ნაჯაფ ხელებს შევხედავდი, როცა მწყობრად მომავალ ჯარისკაცებს დავინახავდი, როცა ფიგურული სრიალის ყურებისას აღტაცებით ვუცქერდი, როგორ აიტაცებდა პარტნიორი გოგონას და კარგა დიდ მანძილზე გადაისვრიდა, ის კი, ვითომც არაფერი, ოთხმაგ ბრუნს აკეთებდა...
სხვათა შორის, იგივე აზრზე ვარ ახლაც: კაცობა ძალიან ძნელია, კარგი კაცობა, მით უმეტეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კაცობრიობა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა იგულისხმება სიტყვაში "კარგი კაცი" და მეორეც იმიტომ, რომ ამ უცნაური და პრეტენზიული ქალების გადამკიდე ხომ ვერ გაიგებ, როგორ უნდა მოიქცე, რომ მათი აღიარება მოიპოვო! ) ზოგი გიჟდება ყვავილებზე, ზოგი კი დასანახად ვერ იტანს და დიდი რუდუნებით შექმნილი თაიგულიც რომ მიუტანო, შეიძლება ყურებზე "სამკაულად" ჩამოგკიდოს. )
სუნამოს არჩევა ხომ საერთოდ, კოშმარია! გაიგე ახლა, როგორი სუნი მოსწონს: ცივი თუ ტკბილი! ან როგორ უნდა გამოიცნო, რომელი რომელია?! - მაღაზიაში იმდენ არომატს გაგასინჯებენ, ბოლოს თავბრუ დაგეხვევა!
რომანტიკულ საღამოსაც ყველა თავისებურად აღიქვამს. არადა, რომელი სჯობს: ვახშამი ფეშენებელურ რესტორანში, სანთლის შუქზე თუ ხმაურიან ბარში ძიგძიგი? თუ გასეირნება ძველ თბილისში და მერე ხილის ჩაის არომატითა და რაიმე "სვეცკური" ნუგბარით დატკბობა?
ოდესღაც ერთი თაყვანისმცემელი მყავდა, რომელმაც ერთხელ სამსახურში მომაკითხა და გავისეირნოთო - შემომთავაზა (ეტყობა, გაიგო, რომ ფეხით სიარული მიყვარს). გავისეირნეთ - საბურთალოდან რუსთაველზე და მერე რუსთაველიდან ვაკეში... ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ამხელა მარშრუტის გავლა, თანაც, როცა მინიმუმ 8-სანტიმეტრიან ქუსლებზე ხარ "ამხედრებული", ხომ წარმოგიდგენიათ, რა სასიამოვნო იქნებოდა?! ) იმ ჩემი ცოდვით სავსეს კი ეგონა, მაგარი "რომანტიკა" მომიწყო... )
ჰოდა, ამის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომ კაცობა ძნელია!
მაგრამ ასმაგად ძნელი ყოფილა შეყვარებული კაცობა! ოხ, როცა გგონია, რომ ასე ნათელია, როგორ გიყვარს, აღმერთებ, მისთვის სიკვდილისთვისაც კი მზად ხარ და ის კი ტუჩაბზუებული გიყვება, რა მაგარი ტიპია მისი დაქალის ქმარი, რომელმაც ცოლს საქორწინო ბეჭედი ეიფელის კოშკზე გაუკეთა!
როცა ძლივს დაიზეპირებ მისი საყვარელი პოეტის ლექსს, წაიყვან ქალაქგარეთ, მინდორში და აღმოჩნდება, რომ მას თურმე, პლაჟზე გარუჯვა ერჩივნა! )
როცა ბიჭის გაჩენისთვის გულუხვად დააჯილდოებ და მის სანუკვარ მანქანას პირდაპირ ავტოსალონიდან გამოუყვან... და ბრახ! მას თურმე, შინდისფერი კი არა, ფორთოხლისფერი მანქანა უნდოდა: "აი, იმენნა ფორთოხლისფერი!"
როცა გადარეული არჩევ ყველაზე მყუდრო და გემოვნებიან სასტუმროს, რომ რომანტიკული ვახშმის შემდეგ ვარდის ფურცლებით მორთულ ნომერში განმარტოვდეთ, მას კი თურმე, სახლში უგემრიელესი კერძი მოუმზადებია, სანთლებიც აუნთია, ბავშვები დედასთან დაუტოვებია და შენს ლოდინში სავარძელზე ჩასძინებია! )
ერთი გოგო მიყვებოდა, რა ბოთეა მისი ქმარი! რომ ვერაფრით დაიმახსოვრა მათი ჯვრისწერის თარიღი და სულ ეშლება: ხან ადრე ულოცავს და ხან - დაგვიანებით!
მეორე გოგო კი ამბობდა, რომ მისმა შეყვარებულმა ვერაფრით მოახერხა მისი დაქალების კეთილგანწყობის მოპოვება და ისინიც სულ "ეკაიფებიან".
დაქალები ცალკე თემაა - ვრცელი და საინტერესო და ამაზე ოდესმე ცალკე მოგიყვებით, აქ კი უბრალოდ, დავამატებ, რომ თითოეულ მათგანს "კარგი კაცობის" საკუთარი, მყარად ჩამოყალიბებული კონცეფცია აქვს, რომელსაც "წყალი არ გაუვა!" )
ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, რას ვიზამდი, მე რომ კაცი ვიყო?! - თქვენ წარმოიდგინეთ, აზრზე არ ვარ, რას ვიზამდი და ალბათ, სწორედ ამიტომაც არ ვარ კაცი! )