"ერთხელ, ახალი წლის ღამეს სტუმრებს ველოდი. ზუსტად 12 საათზე ჩემს კარზე ბრახუნი ატყდა. გავაღე და კარის მეზობელი კაცი შემრჩა ხელში - არიქა, მიშველეთ, აჩენსო. ცოლი ჰყავდა ფეხმძიმედ და მაინცდამაინც მაშინ მოუნდა მშობიარობა.
რა მეკვლე და რის ახალი წელი? შევვარდი მეზობელთან. ის ტკივილებისგან იჭმუხნებოდა და ტიროდა. დავამშვიდე, მივეფერე, "სასწრაფო" გამოვიძახე და ბუნებრივია, სამშობიაროშიც გავყევი. ჩემს ქმარს დავუბარე, სტუმრები შენ მიიღე-მეთქი და სასწრაფო დახმარების მანქანაში ვდურთე თავი.
ერთი სიტყვით, კიდევ კარგი, მალე იმშობიარა. 2-3 საათში უკვე შინ ვიყავი და ახალდაბადებული მარიამის სადღეგრძელოს ვსვამდი, ჩემს სტუმრებთან ერთად. გამთენიისას კარგა შეჟუჟუნებული ავტყდი, სამშობიაროში მივდივარ, ბავშვი უნდა ვნახო-მეთქი. - არ შეგიშვებენო, - ჩემმა ქმარმა მითხრა.
პატარა ბალიში ჩავიტენე ტანისამოსში - ვითომ ფეხმძიმე ვიყავი და ტაქსით სამშობიაროში მივედი. მუცელი მტკივა, მშობიარობა დამეწყო, მიშველეთ-მეთქი. მთელი პერსონალი მთვრალი იყო, თვალებს ძლივს ახელდნენ, მაგრამ მიცნეს. - თქვენ ის არ ხართ, წეღან მშობიარეს რომ მოჰყევით? 2 საათის წინ არაფერი გეტყობოდათ და ასე უცებ როგორ დაორსულდითო? - გაოცებულები მიყურებდნენ.
ყურები ჩამოვყარე, რადგან გეგმა ჩამეშალა, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და შემიშვეს, მელოგინისა და ახალშობილის სანახავად. აი, ასეთი ახალი წელი მქონდა შარშან და კი დამებედა, რადგან ახლა მე ვარ ფეხმძიმედ; გაზაფხულზე ბიჭს ველოდები (3 გოგონას შემდეგ). ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ".
მარი ჯაფარიძე- "გზავნილები"
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)