ჩვენს მკითხველს ეს სიახლე ყველაზე მეტად გაახარებს. სუპერპუპულარული რომანი, რომელიც "მარაო.გე"-ზე ბლოგის სახით იყო წარმოდგენილი, დღეს წიგნის მაღაზიებშია.
გათხოვილი ქალის ისტორია პირველივე ეპიზოდიდან გახდა რეიტინგული და ნახვების რეკორდული რაოდენობა დააგროვა. სწორედ ამიტომაც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, ნაწარმოები წიგნად გამოეცა და დღეს ის უკვე წიგნის მაღაზიების თაროებზეა.
"ჟურნალ "და ქალის" რედაქტორმა პორტალ marao.ge-სთვის გათხოვილი ქალის ცხოვრებაზე ნოველის დაწერა შემომთავაზა და... ასე დაიწყო "გათხოვილის დღიურის" ისტორია. ეპიზოდები თავიდან საიტზე კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამდენი მკითხველი თუ მეყოლებოდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათ შორის ბევრი მამაკაცი გახლდათ. მკითხველის დაჟინებული თხოვნით, ეპიზოდები უკვე კვირაში ორჯერ ქვეყნდებოდა და, ამდენად, ამბების დაწერა რეალურ დროში მიწევდა, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობა იყო. "გათხოვილის დღიური" ჩემი პირველი წიგნი, ახდენილი ოცნება და სტიმულია, გავაგრძელო წერა და სხვა, უფრო საინტერესო ნაწარმოებები შემოგთავაზოთ" - ამბობს ავტორი თეა ინასარიძე.
P.S. დადგა დღე - ორშაბათი, როდესაც დაიდო "გათხოვილის დღიურების" ბოლო, ოცდამერვე ეპიზოდი... ახლა, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ღამის სამი საათია. მე კიდევ გული აჩქარებით მიცემს. გამოგიტყდებით, სამ დღეში ერთი ეპიზოდის დაწერა არ იყო ჩემთვის ადვილი. თუმცა თქვენი თბილი კომენტარები, რომლებშიც გამუდმებით მამხნევებდით, ძალიან მეხმარებოდა!
ამისთვის დიდი მადლობა! თქვენ ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ!
არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, ხვალ წავიკითხო თქვენი კომენტარები, რადგანაც ხვალიდან თქვენი კომენტარების ადრესატი "ავტორის" ნაცვლად, ვიქნები მე - ჟურნალ "...და ქალის" ჟურნალისტი... თეა ინასარიძე!
ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემმა მიზანმა გაამართლა და თქვენი გახალისება შევძელი, თუნდაც იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, როდესაც კითხულობდით ჩემ მიერ შემოთავაზებულ ეპიზოდებს. იმედია, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იქნება! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
პატივისცემით: ავტორი : ) - ასე გაამხილა ავტორმა საკუთარი ვინაობა ბოლო ეპიზოდის პოსტსკრიპტუმად.
ვულოცავთ ავტორს, თეა ინასარიძეს და ახლა უკვე პორტალ marao.ge-ს რედაქტორს პირველი წიგნის გამოსვლას და საინტერესო და მრავალფეროვან შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებთ!