გახსენდებათ სიტუაცია: კარადა სავსეა ტანსაცმლით და ჩასაცმელი არაფერი გაქვთ? ეს ნიშნავს, რომ ნივთები არასწორადაა შერჩეული და ერთმანეთს ვერაფერს უხამებთ. 40 წლის ქალის გარდერობის შესადგენად, უნდა გაითვალისწინოთ 3 ძირითადი რამ: სტილი, ელეგანტურობა და კლასიკა.
მოდის ექსპერტები გვირჩევენ, თუ გსურთ, შეუხამოთ ეს სამი ძირითადი რამ, აირჩიეთ იტალიური სტილი და არასოდეს წააგებთ.
მიდი-ქვედაბოლოები და კაბები
იტალიური სტილის ქვედაბოლოები და კაბები ფუტლარული, სწორი ან კლიოშია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ფაშფაშა. ყოველდღიურ იმიჯს ხშირად ავსებენ მაქმანიანი ქვედაბოლოებით, საღამოს გამოსვლისთვის კი ანალოგიური ქსოვილის კაბებით.
შარვალი
იტალიური სტილის შესაქმნელად, ნებისმიერი კლასიკური მოდელის შარვალი გამოდგება: სწორი, ვიწრო, თეძოებიდან მოშვებული ან არასტანდარტული სიგრძის. კომბინეზონი - შესანიშნავი არჩევანია ცხელი ზაფხულისთვის.
ჯინსები
ტრადიციული ლურჯი ჯინსი იტალიურ სტილში არ არის, ეს მეტისმეტად უბრალოდ გამოიყურება. საუკეთესო ვარიანტია თეთრი, ცისფერი, შავი ან ღია ნაცრისფერი ვიწრო ჯინსები.
ბლუზა და პერანგი
აირჩიეთ ტოპები ვისკოზისგან, მაქმანებიანი ბლუზები, ქაშმირის სვიტერები და როლინგები. იტალიური სტილი არ ცნობს ბლუზებს ღრმა დეკოლტეთი და დეკორატიული დეტალებით.
პიჯაკი, ჟაკეტი, ჟილეტი
ბლუზა, კარდიგანი თუ სვიტერი, ზემოდან კი მსუბუქი ჟაკეტი - აი, იტალიელი ქალის სტილი. რეკომენდებულია რბილი ქსოვილები და ლაკონური, ქალური დიზაინი: არამყარი შალის პიჯაკები და თხელი ნაქსოვი ჟილეტები.
ზედა ტანსაცმელი
აქაც ვერ ავუვლით კლასიკას გვერდს: შუა სიგრძის პალტოები ქამრით, მოკლე ქურთუკები და ტრენჩკოტები. აქცენტი აუცილებლად წელზე, მოცულობის გარეშე და მინიმალისტური.
ფეხსაცმელი
იტალიური სტილი ფეხსაცმლის უამრავ მოდელს გვთავაზობს. მთავარი წესი: მხოლოდ კლასიკური მასალა: ტყავი ან ზამში. ყოველდღიურობაში - "ბალეტკები", რომელიც ქალურობასა და ელეგანტურობას ითავსებს.
სამკაული
იტალიელები მიიჩნევენ, რომ სწორედ სამკაულია იმიჯის განმასხვავებელი. ამიტომაც ატარებენ მასიურ ბეჭდებსა და სამაჯურებს, გრძელ ძეწკვებს კულონებით, თუმცა, თუ ოქროს საათს გაიკეთებთ, მხოლოდ ამით შემოიფარგლეთ.
შლაპები
საღამოს, ხმაურიან იტალიურ ქუჩებში სეირნობისას, აუცილებლად შეხვდებით ქალებს სხვადასხვა კლასიკური მოდელის შლაპებით.
შარფები
იტალიელ ქალებს ძალიან უყვართ აბრეშუმის შარფები დახვეწილი პრინტებით. შეარჩიეთ ელეგანტური შარფი, რომელიც საბაზისო გარდერობს შესანიშნავად შეავსებს.
მზის სათვალე
იტალიელები აღმერთებენ სათვალეებს! ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის ან ფერის, მაგრამ აუცილებლად უნდა შეეხამებოდეს იმიჯს.
ფერი
ნატურალურობა, ბუნებრიობა, ელეგანტურობის სურვილი კარნახობს ფერებს, რომლებსაც ხშირად შეხვდებით იტალიელი ქალების გარდერობში. ეს გახლავთ შავი, ნაცრისფერი, ლურჯი.
საზაფხულოდ კი თეთრსა და კრემისფერს ირჩევენ. როგორც წესი, კომპლექტში 2-3 ფერი შედის. კაშკაშა ფერებს პოდიუმებზე შეხვდებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი - ნაკლებად.