მეორე დღესვე რომ დაურეკა დეამ, რაღაც ისეთი ვიპოვე, თქვენთვის გამოსადეგარიო, ძლივს მოახერხა სიცილის შეკავება.
არც უფიქრია სხვანაირად. ზუსტად იცოდა, მისი მდივანიც წინასწარ კარგად შერჩეული და გაწვრთნილი კადრი რომ იყო. მაშინვე მიხვდა ამას, პირველად რომ გამოიჭირა დარასელთან მოჩურჩულე, თუმცა განგებ არ შეიმჩნია რამე. არ იყო იმ ტიპის ადამიანი, სკანდალი მოეწყო და აყვირებულიყო, ეს როგორ გამიბედეთო. პირიქით, კარგად ახსოვდა, ჩათრევას რომ ჩაყოლა სჯობს და არც თამაშში შესვლაზე უთქვამს უარი. ზოგადად, მომავლის გეგმების დაწყობა არ ახასიათებდა ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა ის გამონაკლისი იყო, როცა თავიდანვე იცოდა, ეს გოგო აუცილებლად გამოადგებოდათ!
მასალები, რა თქმა უნდა, ყალბი და ისეთი შეთითხნილი იყო, დემნა კი არა, დამწყები იურისტიც არ დაიჯერებდა მათ რეალურობას. ან სათანადოდ ვერ აფასებენ კონკურენტს, ან, ჰგონიათ, რომ ბრაზისაგან გონება იმდენად ექნება დაბინდული, ტყუილისა და მართლის გარჩევას ვეღარ შეძლებს.
თავის ქნევით მოძებნა მობილურის კონტაქტებში გეგას ნომერი და მხოლოდ მას შემდეგ დარეკა, როცა მანქანაში ჩაჯდა. უკვე აღარაფრისგან იყო დაზღვეული. ისიც არ გააკვირვებდა, მისთვისაც რომ დაეყენებინათ მოსასმენი, მაგრამ ეს ის ადგილი იყო, სადაც ყველაფერი საკუთარი ხუთი თითივით იცოდა და ბოლომდე იყო დაზღვეული.
– რა ქენი? – მისალმების გარეშე ჰკითხა მეგობარმა. წინა ღამით მოუყვა ყველაფერი და მართალია, რაღაც მომენტში ფიქრობდა, წინააღმდეგობას რომ შეხვდებოდა მისგან, თუმცა, იმაში ნამდვილად არ ეპარებოდა ეჭვი, არასწორ გზაზე წასულსაც, გვერდით რომ გაჰყვებოდა ფიცხელაური. ახლა კი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში.
– ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვივარაუდეთ.
– ყალბი მასალებია?
– ჩვეულებრივი ანკესია.
– ანუ ჰგონიათ, ცილისწამებისთვის მოგიშორებენ? – გაეცინა კაცს. დემნასგან რაც არ უნდა გაეგო, ამ ამბავთან დაკავშირებული, ყოველთვის გაოგნებული რჩებოდა, ახლა კი, პირველად ჰქონდა ის შემთხვევა, მათმა სიბრიყვემ კარგ ხასიათზე რომ დააყენა.
– მთავარია, რომ მათზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ და ეს მანამ ვერ უნდა გაიგონ, სანამ ფინიშის ხაზს მე არ გადავკვეთ პირველი.
– არ თქვა, რომ აყოლას აპირებ! – მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს.
– უკვე აღარ ვიცი. – აღიარა გულწრფელად. – ახლა რომ მე ეს საბუთები პოლიციაში არ მივიტანო, მაშინვე მიხვდებიან, რომ გავშიფრე.
– და ისიც ხომ იცი, რა მოხდება, თუ მიიტან?! შენობიდან გამოსვლასაც ვერ მოასწრებ, ისე დაგადებენ ბორკილებს.
– მერე არ გინდა ახალი საქმე?! ადვოკატად აგიყვან! – შეეცადა, ხუმრობით გადაეტანა თემა, მაგრამ კარგად ესმოდა, უკვე ჩიხში იყვნენ და თვითონ როგორც არ უნდა ნდომებოდა, ასე ვერ გარისკავდა. ერთხელ მაინც უნდა გაეთვალა წინასწარ ის, ოჯახი რომ ჰყავდა და ის ხალხი, ვისაც ებრძოდა, აღარაფერზე დაიხევდა უკან.
– ადვოკატად კი არა, მოსანახულებლადაც არ მოგაკითხავ, შენ რომ ეგ გააკეთო! ელენეს ელაპარაკე?!
– არაფერი მითქვამს. მეც არ ვიცი, ამ შემთხვევაში რისკი რამდენად გამართლებულია. არადა, ახლა ყველაზე რთულია უკან დახევა.
– დემნა, ნუ გავიწყდება, ციხიდან ვერაფერს შეძლებ. ვერც ამ საქმეს დაამთავრებ და ვეღარც ოჯახს დაიცავ.
– საქმის დამთავრება, ჩემ ნაცვლად, ლენასაც შეუძლია, თუმცა, საშიშია.
– თან ძალიან! – დაეთანხმა მაშინვე, საბოლოოდ რომ ამოეგდო ეს აზრი თავიდან.
– სხვა გამოსავალიც უნდა არსებობდეს... – ამოიოხრა, ყველაფრით დაღლილმა და თვალებმიხუჭულმა გადადო თავი სავარძლის საზურგეზე, ყურზე მიდებული მობილური რომ აუზუზუნდა. მეორე ხაზზე ურეკავდნენ და ნომერს რომ დახედა, სწრაფადვე დაემშვიდობა გეგას.
– დემნა, შვილო, სად ხარ?! – ხმის ამოღებაც არ დააცადა დედამ, ისე მიაყარა, როგორც კი უპასუხა.
– რა ხდება, დედა? რა ხმა გაქვს?! – აღელვებული გასწორდა წელში. წამის მეასედშივე მოასწრო ყველაფრის გაფიქრებაც და უკუგდებაც. რას არ გაიღებდა ახლა, სიმართლე რომ არ აღმოჩენილიყო მისი ვარაუდი.
– დემნა, სასწრაფოდ მოდი, მამაშენის მარანში ხანძარია! – ჩასძახა ყვირილით და ისევე სწრაფად გაუთიშა, როგორც დაურეკა.
გააზრებაც ვერ მოახერხა, ვერც იმას მიხვდა, როდის დაქოქა მანქანა და ვერც ის გააცნობიერა, როდის გავიდა ცენტრალურ მაგისტრალზე. თითქოს, წამებში მოხდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც თავში უტრიალებდა და განგაშის ზარივით გაჰყვიროდა, ის იყო, რომ ყველაფერს მიუხვდნენ! წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ, მაგრამ როგორღაც ყველაფერი გაარკვიეს! ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო ნაცნობი ხანძრის ავტორი. უკვე შეჩვეულიც კი იყო მათგან ასეთ მხურვალე თავის შეხსენებებს, თუმცა, ამჯერად, უნდა აღიაროს, არც კი უფიქრია, გეგმა თუ ჩაუვარდებოდა და ვინმეს საფრთხე ემუქრებოდა.
სწრაფადვე გადარეკა ელენესთან. ლოდინის დრო აღარ იყო, აღარც გეგმის გაგრძელება შეეძლოთ და დაუყოვნებლივ უნდა გაეფრთხილებინა, შემდეგ კი ლილუ ისეთ ადგილას გადაემალათ, სანამ ამ ყველაფრის დასრულებამდე, ვერავინ შეძლებდა მასთან მიახლოებას.
– ლენ, სად ხართ?
– სახლში. რა ხდება? – უპასუხა დაბნეულმა. ეტყობოდა, ხმაზევე მიხვდა, კარგ ამბავზე რომ არ ურეკავდა და ისე აღელდა, ვეღარც მოახერხა დამალვა.
– ლილუ სადაა, შენთანაა?
– დემნა, რა ხდება?
– შენთანაა? თუ ოთახშია? ახლა ხედავ, სადაც არის? – მიაყარა ისე, არც უფიქრია, დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაეცა.
– საძინებელშია. დავბანე და დავაწვინე დასაძინებლად. დემნა, მაშინებ!
– ახლავე შედი და შეამოწმე. – წამებში გაეყინა ხმა და თვითონვე შეეშინდა საკუთარი ფიქრების. ჯანდაბა, დემნა, ჯანდაბა! – ელენე, მალე!
– შევდივარ... – უპასუხა აკანკალებული ხმით და შემდეგ, რამდენიმე წამის განმავლობაში ისეთი აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ ქალის აჩქარებული სუნთქვის ხმა ესმოდა საპირისპირო მხრიდან.
– ელენე! – ხმის დამორჩილებაც ვეღარ შეძლო, ზედმეტად რომ დაუგვიანა პასუხი. ფაქტობრივად, დადასტურებასღა ელოდა მისგან, იმ საშინელი ამბის მოსმენამდე რომ მიხვდა თვითონ, რაც იქნებოდა.
– არ არის... – ამოიკნავლა ისე, ხერგიანმა ძლივს მოახერხა სიტყვების გარჩევა. – არ არის, არ წევს, ოთახშიც არ არის! – შემდეგ კი, მიაყარა განერვიულებულმა და არც გაუთიშავს, ისე გავარდა სადღაც. მხოლოდ ფეხის ნაბიჯების ხმა და საკუთარი შვილის სახელი ესმოდა კაცს, სრულიად უუნაროდ და უძლურად რომ გრძნობდა ახლა თავს. – დემნა, არსად არ არის, მთელი სახლი გადავატრიალე! – დაუკივლა სიგიჟის ზღვარზე მყოფმა და არც დალოდებია ქმრის პასუხს, ისევე გააგრძელა. – იმათი გაკეთებულია, ხომ ასეა?! დაგირეკეს? რამე გითხრეს?
– ლენა, ახლავე ჩაიცვი, ნივთები აიღე და გეგასთან წადი. ახლავე!
– მიპასუხე!
– მამაჩემის მარანში გააჩინეს ხანძარი და მივხვდი... – მოუჭრა მოკლედ. ახლა ყველაზე ნაკლებად ლაპარაკი შეეძლო. გაასმაგებული სიჩქარით უმუშავებდა ტვინი, თუმცა, აზრების მოკრებას მაინც ვერ ახერხებდა და უკვე მართლა აღარ იცოდა, როგორ შეიძლებოდა გადაერჩინა ოჯახი, რომელსაც თვითონ აზარალებდა ყველაზე მეტად.
– მეც მანდ მოვდივარ!
– არც კი გაიფიქრო!
– მოვდივარ-მეთქი, დემნა და შენ არ გაბედო წინააღმდეგობის გაწევა! ახლა დამალვის დრო აღარაა, ხვდები მაინც, რომ ჩვენი შვილი მათ ჰყავთ?!
– არსადაც არ მოდიხარ! – დაუღრიალა ისე, ვერც მიხვდა, საიდან ამოუვიდა ამხელა ხმა.
– საჭირო ნივთები აიღე და გეგასთან წადი, ჩემებს წამოვიყვან და მეც წამოვალ, მალე მოვალ! – წარმოთქვა ბრძანებასავით, შემდეგ კი, მანქანა ნაცნობ შესახვევში რომ შეიყვანა და ქუჩის ბოლოდანვე დაინახა ცაში აჭრილი შავი კვამლი, უკვე ჩამწყდარი ხმით დაამატა ყველაზე მთავარი: – ჩემ მოსვლამდე არც კი გაბედოთ პოლიციაში დარეკვა!
* * *
წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში, მონოტონურად მოწიკწიკე აპარატის გვერდით, თავჩახრილი იჯდა და დაუღალავად ითვლიდა გადარჩენილი ცოლის ამოსუნთქვებს. უკვე მეორე დღეა, დამამშვიდებლებზე ჰყავდათ და ფაქტობრივად, გონს მოდიოდა თუ არა, მაშინვე თიშავდნენ, ისეთ მდგომარეობაში იყო. იმ მოკლე შუალედებშიც, მხოლოდ ლილუს ამბავს კითხულობდა და შემდეგ გაუჩერებლად იმეორებდა, რომ დემნა გასულიყო პალატიდან.
– გადი... – მოესმა ახლაც და სწრაფადვე წამოსწია თავი.
– ლენ...
– დემნა, ძალიან გთხოვ, სანამ ისევ ყვირილს დავიწყებ და ექიმები შემოვარდებიან, გადი... – წარმოთქვა ნაწყვეტ- ნაწყვეტ, ჩამწყდარი ხმით და ერთხელაც არ შეუხედავს ქმრისთვის, როცა ამ სიტყვებს ეუბნებოდა.
– ლენა, ძალიან გთხოვ, გეხვეწები, მე თუ არა, საკუთარ თავს მაინც ნუ ექცევი ასე... – ხერგიანმაც, ვერაფრით შეძლო ხმაში გარეული ცრემლების დამალვა.
ისეთი გატეხილი იყო, ერთიანად დაშლილი და განადგურებული... წამითაც აღარ უნდოდა, ძლიერად ეგრძნო თავი. საერთოდ აღარ აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ან რას ამბობდა. ერთადერთი, რაც ახლა მის აღრიალებულ სინდისს სჭირდებოდა, პატიება იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, ელენეს რომც ეპატიებინა, მაინც ვერასდროს მოიშორებდა ამ ცოდვის სიმძიმეს საკუთარი მხრებიდან. მთელი ცხოვრება მარტოს მოუწევდა ზიდვა, რამდენი ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო მის გვერდით. ვისაც არ უნდა ენუგეშებინა და როგორც არ უნდა დაერწმუნებინათ, რომ ყველაფერი უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო, სიმართლე ხომ იცოდა... და ისიც იცოდა, რეალური დამნაშავე ამ საქმის შემკვეთი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ თვითონ რომ იყო.
– არ მინდა შენი დანახვა. – ერთ წერტილს მიშტერებულმა, ცივად უპასუხა ელენემ და იმდენად გულწრფელად ჟღერდა ეს ყველაფერი, ეჭვსაც ვერ შეიტანდით. – არც მინდა და არც შემიძლია.
– ლენა...
– თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, მე თუ არა, ლილუ თუ მაინც გიყვარს, გადი აქედან და აღარასდროს დაბრუნდე! – ჯალათივით მშვიდი ტონით ეუბნებოდა სიტყვებს, რომლითაც ნაწილებად ანაწევრებდა და ნაკვთიც არ უტოკდებოდა თვითონ.
– გაჩერდი!
– დემნა, გადი! – ბოლოს, მაინც გახედა და ნამდვილად ჯობდა, ეს არ გაეკეთებინა.
ისეთი ცეცხლი ენთო მის თვალებში, ისე უელავდა გამწარებულს, ბოღმისა და ტკივილის მეტი, არაფერი ჩანდა შიგნით. სიძულვილის პირას იყო უკვე მისული და აღარ შეეძლო მეტის ატანა.
– ვიცი, რომ ჩემი ბრალია...
– შენი ბრალია! – გააწყვეტინა გაღიზიანებულმა.
– და ისედაც მთელი ცხოვრება მეყოფა ეს ტკივილი სატარებლად. გეხვეწები, ლენა... – ძლივს მოახერხა, თვალებში შეეხედა. სიტყვებსაც ძლივს უყრიდა თავს, არანაკლებ ცუდად იყო თვითონაც, მაგრამ ამას ვერავის უხსნიდა. ვერავის აგებინებდა. ელენე კი... მას უნდა გაეგო! უნდა მიმხვდარიყო, მის მზერაში უნდა დაენახა, უნდა ეგრძნო!
– შენ მე შვილი მომიკალი! – დასჭექა მოულოდნელად და აპარატიც მაშინვე აჰყვა ტემპში. თითქოს, ჯაშუშად ჰყავდათ შეგზავნილი და საუბარსაც კი არ აცდიდა ნორმალურად. – შენ მოკალი! და არ გაბედო შეწინააღმდეგება! – გამოსცრა კბილებს შორის და ქმრის სახის, მისი თვალების დანახვამაც კი ვერ აიძულა ამ სიტყვების თავისთვის შენახვა. – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწყო! შენ ხარ ერთადერთი დამნაშავე!
– ელენე...
– გადი და აღარ დაბრუნდე! ძალიან გთხოვ, გევედრები, საბოლოოდ ნუ გამანადგურებ! ნუ წამართმევ საკუთარ თავს მხოლოდ იმის გამო, შენ რომ იყო ჩემ გვერდით! ნუ მაიძულებ, ლილუს მამა შევაძულო!
– ასე არ მომექცე... – ამოიხავლა ბოლოს, როცა მიხვდა, დასასრულამდე რომ მივიდნენ. ხვდებოდა თვითონაც, სხვა გზა რომ აღარ იყო დარჩენილი. არჩევანიც კი არ ჰქონდა, იმდენად ვალდებულებად ქცეულიყო ახლა მისი წასვლა.
– წადი... – ისევ ჭერზე ამორჩეულ წერტილს დაუბრუნა ქალმა მზერა. – აქედან ჩემს მშობლებთან წავალ და წინასწარ გეუბნები, მაშინაც არ მინდა, შენ რომ დაგინახო, როცა ლილუს ნახვას გადაწყვეტ. მინდა საერთოდ დავივიწყო შენი არსებობა! ყველაფერი, რაც შენ გეხება. მინდა გაქრე, ისე, თითქოს არც გიარსებია ჩემს ცხოვრებაში. არ მინდა მახსოვდე. არ მინდა მახსოვდეს შენი მზერა, შენი თვალები, შენი კანის სურნელი, სითბო. ყველაფერს დავივიწყებ! შენს ხმასაც, შენს შეხებასაც, იმასაც დავივიწყებ, რომ მიყვარხარ, შენს სახელსაც გავაქრობ ჩემი გონებიდან.
– ლენა...
– მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ამის გასაკეთებლად საკუთარი თავის გაქრობა დამჭირდება... – გაეღიმა მწარედ, მაგრამ კვლავ არ გაუხდია შეხედვის ღირსი. – ამას ნუ გამიკეთებ. ნუ წამართმევ იმას, რაც ჩემგან დარჩა.
– ანუ ასე გინდა?
– ასე მინდა!
– და შემდეგ...
– არავითარი შემდეგ, დემნა! ეს დასასრულია! – გახედა მკაცრად, სანამ საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამდა. – განქორწინების საბუთებს ფოსტით გამოგიგზავნი!
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: საქმე №109. თავი 40. ვნებისგან გადამწვარი სამზარეულო