- რამდენ ხანში დაამთავრებ? - უკვე მოთმინება ელეოდა უფროსს, ლენა ჯერ კიდევ საბუთებს რომ ჩაჰკირკიტებდა სერიოზული სახით.
- რამდენიმე საათში. - იცრუა ისე, წარბიც არ შეუხრია. სინამდვილეში, არც არაფერი აურევია და ყველაფერი მაშინ მოიფიქრა, ლილუს გაშვებას რომ არ აპირებდნენ, თუმცა, დრო კი საკმარისად მოიგო და როგორც თვითონ გათვალა, დემნაც და პოლიციაც ახლოს უნდა ყოფილიყვნენ უკვე.
- შენ ვერ ხვდები, ყველაფერი რამდენად სერიოზულადაა?! - იღრიალა თამაზმა და ისე მიეჭრა, ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც. მთავარია, გაუძლოს. მთავარია, სულ ცოტას გაუძლოს და შემდეგ იმასაც კი შეძლებენ, უშუალოდ დანაშაულის ჩადენისას რომ აიყვანონ ეს ნაძირალა.
- როგორ გეკადრებათ. - ჩაეცინა მწარედ. - ზედმეტად კარგად გიცნობთ.
- მიცნობ? - წარბები აზიდა კაცმა. - შენ კი არა, შენი ცნობისმოყვარე ქმარიც არ მიცნობს მე სათანადოდ! არაფერი შეგეშალოთ, გაფრთხილებ! - გამოსცრა კბილებს შორის, შემდეგ კი, ისე დაამატა, მზერაც არ მოუშორებია ელენესთვის. - დავით, გადი ოთახიდან.
- რამეს აპირებთ, ბატონო თამაზ? - ხმა შეეცვალა ღვინიანიძეს. საინტერესოა, აშინებს ამ ხალხს და ისე ჰყავს თავისთან თუ რატო იცვლებიან ასე წამიერად?
- გადი-მეთქი! - ახლა მას დაუღრიალა და მარტო რომ დარჩა ელენესთან, მხოლოდ შემდეგ გააგრძელა. - ახლა კი შენ თქვი, რა გაარკვია იმ ნაბიჭვარმა ჩემზე, ასე თამამად რომ ხარ და არაფრის გეშინია!
- ჩვენი ორიდან აქ ერთს ნამდვილად ეშინია, თუმცა, ეს მე ნამდვილად არ ვარ. - გაუღიმა უდარდელად, მიუხედავად იმისა, სინამდვილეში შიშისგან რომ კანკალებდა.
- ამოიღე ხმა! - დაუყვირა და ისე უხეშად სწვდა თმაში, სულ დაუკარგა ღიმილის სურვილი. - თქვი, რას აპირებთ!
- იმაზე უარესს არაფერს, რაც თქვენ გააკეთეთ!
- რა გავაკეთე? გეყოს ზღაპრები!
- მე მეკითხებით? თქვენ მე შვილი მომიკალით! - უღრიალა გამწარებულმა და ვერც გაიაზრა, როგორ მოახერხა ფეხზე წამოჭრა, როცა თმაზე ჯერ კიდევ კაცის ხელი ჰქონდა ჩაბღაუჭებული. - რამდენი ადამიანი მოკალით, იცით მაინც?
- საკმარისია! მიხედე საქმეს!
- ზვიადაური თქვენი მოკლული არაა? - განგებ ყვიროდა ხმამაღლა, თავიც რომ დაეზღვია და კაციც წყობიდან გამოეყვანა. იცოდა, რამდენად სარისკო იყო, მაგრამ უღირდა. დრო იყო, წერტილი დაესვა ამ ყველაფრისთვის.
- სანამ მშვიდად გეუბნები, საქმეს მიხედე!
- ისიც ვიცი, რატომაც მოკალით! - მაინც არ გაჩერდა. - საქმიდან გასვლა მოუნდა და იმიტომ! ცხოვრება წაართვით და ესეც არ იკმარეთ!
- რაც შენი საქმე არ არის, იმაში ნუ ერევი!
- ყველას თვალწინ მოკალით, არა? - ჩაეცინა სიმწრით. - დანარჩენებსაც რომ ენახათ, რა ხდება ღალატის შემთხვევაში. ხომ ასეა? ამიტომ ეშინიათ თქვენი ასე ძალიან, არა? - დაუყვირა კიდევ ერთხელ და საშინლად რომ აეწვა ლოყა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როგორ ძალიან შეტოპა. ისე მწარედ გაარტყა კაცმა, ვერც მოახერხა თავის შეკავება, ისევე დაეცა ძირს.
თუმცა, ასე ძალიან მაშინ არ შეშინებია, როგორც რამდენიმე წამის შემდეგ, ჯერ უცნაური ხმაური რომ ატყდა გარეთ, მოგვიანებით კი, კარი გაიღო და გააფთრებული დემნა შემოვარდა შიგნით.
- ვერ მოვასწარი დაჭერა! - მოჰყვა აქოშინებული ღვინიანიძეც, მაგრამ სანამ გაკავებას მოასწრებდა, ისე მიეჭრა ხერგიანი თამაზს, ამ უკანასკნელმაც ვერ მოასწრო რეაგირება, მუშტად შეკრული მარჯვენა რომ შეასკდა ყბაში.
- შე ნაბიჭვარო! - დაუღრიალა, სანამ კიდევ ერთხელ დაარტყამდა. - როგორ გაბედე? როგორ შეეხე?
- დემნა, რას აკეთებ?! - აი, ახლა კი მართლა შეეშინდა ელენეს. ეს გათვლილიც კი არ ჰქონიათ. წამითაც არ უფიქრია, ამ დონეზე თუ დაკარგავდა ხერგიანი კონტროლს, ყველაფერს რომ ჩაშლიდა. - გაჩერდი!
- მაგ ხელს ძირში მოგამტვრევ!
- საკმარისია! - როგორც იქნა, გააჩერა ღვინიანიძემ და ელენეს რომ ეგონა, ახლა დემნა მიიღებდა თამაზისგან, მწარედ შეცდა.
ლამის გული წაუვიდა, როცა დაინახა, როგორ დაუმიზნა გაკავებულ ხერგიანს იარაღი იმ კაცმა, რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა ყველას და მაინც არ ჩერდებოდა. ადგომაც კი ვერ მოახერხა, ისე გაეყინა მთელი სხეული და პირზე აიფარა ხელები, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო.
- მაინც ვერ მოისვენე, სანამ მდგომარეობიდან არ გამომიყვანე! - ამჯერად, თამაზი იღიმოდა ირონიით აღსავსე ღიმილით. - ეს გინდოდათ ორივეს, ხომ ასეა?
- ძალიან გთხოვთ! - წამოდგა, როგორც იქნა.
- ელენე, ნაბიჯის გადადგმაც არ გაბედო! - შეუღრინა დემნამ. ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ასეთი გამწარებული არც ჰყავდა ნანახი. ძლივს აკავებდა დავითი, წამითაც არ ჩერდებოდა.
- დაუჯერე შენს ქმარს, ელენე, დაუჯერე, შენი მოკვლა ჯერ არ მაწყობს, საქმეს სჭირდები!
- ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ იარაღი დაუშვით!
- უკვე გვიანია. - გაეცინა და აუღელვებლად გადატენა. - რამდენჯერ გაგაფრთხილეთ? რამდენჯერ გითხარით, რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლებოდა?!
- ბატონო თამაზ...
- ლენა, გაჩუმდი! - ხერგიანი იმაზეც კი ღიზიანდებოდა, ამ კაცს საერთოდ რომ ელაპარაკებოდა ლენა და იმას საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავდა, მის გამო ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა.
- თავიდან თამაშისთვის რომ თავი დაგენებებინათ, დაგწვით, მაგრამ მაინც ვერ მიმიხვდით მინიშნებას! არადა, ღმერთია მოწმე, ყველანაირად ვცდილობდი თქვენ ჩამოშორებას!
- ძალიან გთხოვთ, იარაღი დაუშვით და ისე ვილაპარაკოთ, გეხვეწებით. - წინ აესვეტა ელენე და აღარც დემნას ხმა ესმოდა, ვეღარც იმას იაზრებდა, რას აკეთებდა. წამითაც კი არ შეშინებია, ისე გადაუდგა იარაღმომარჯვებულს და მართლა ყველაფერზე მზად იყო, ოღონდ როგორმე შეეჩერებინა.
- შენმა ცოლმა ყველაფერი კარგად იცის. ხომ ასეა, ელენე? თუ რას გეძახის, ლენას, არა?!
- ხმის ამოღებას როგორ ბედავ, შე ნაბიჭვარო! - კიდევ ერთხელ უღრიალა დემნამ.
- ნუთუ, ერთი შვილის უსაფლავო სიკვდილიც კი არ გეყო, რომ გაჩერებულიყავი, დემნა? მეორეც უნდა მომეკლა? რატომ მექცევი ასე, იცი, როგორ არ მიყვარს მკვლელობები? - თავი გადაიქნია გამკიცხველად. - კარგი ადამიანი ვარ და ყველას გინდათ, ცუდად გამომიყვანოთ. ჯერ ზვიადაური გადამიდგა გზაზე, მერე შენ გამოჩნდი შენი საქაღალდეებით! მერამდენე უნდა მოვკლა, მშვიდად რომ შევძლო ჩემი საქმის გაკეთება?
- შენს საქმეს რას ეძახი, ნარკოტიკების უკანონოდ გადატანას?
- თუნდაც! რას ხედავ ამაში ცუდს? ვინმეს ვაწუხებ? ქვეყნის ეკონომიკასაც კი ვეხმარები, სავაჭრო კავშირებს რომ ვამყარებინებ საზღვარგარეთ. თუ ჩემი არ გჯერა, ელენეს ჰკითხე, როგორი საჭიროა ეკონომიკაში საერთაშორისო მიმოცვლა.
- ციხეში ჩაძაღლდები, ნაძირალა! სიცოცხლის ბოლო დღესაც კი ბინძურ საკანში იქნები და რომ მოკვდები, მერეც არ გიტირებს არავინ!
- სამაგიეროდ, შენ გიტირებენ! - გაეცინა და მშვიდად მიადო სასხლეტს თითი. ამ საქმეში ნამდვილად ჰქონდა საკმრისი გამოცდილება, ხელის აკანკალების გარეშე რომ მოეკლა მსხვერპლი. - მინდოდა, ეს უფრო მასშტაბურად გამეკეთებინა, მაგრამ არ მაცადე და შენი ბრალია! - შემდეგ კი, ის იყო, საბოლოოდ უნდა გამოეკრა, მოულოდნელად ელენე რომ ეცა ხელებში.
ვერც კი იფიქრებდა, ამაზე თუ იყო წამსვლელი. მაშინაც არ დაუშვია, ეს თუ დასჭირდებოდა, დემნას რომ დაუმიზნა იარაღი თამაზმა. იცოდა, რომ გარეთ იყო პოლიცია და მიუხედავად სიტუაციისა, მაინც ეიმედებოდა მათი იქ ყოფნა. ეგონა, რომ დროულად გამოჩნდებოდნენ. ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებოდნენ, იმას ნამდვილად ვერა.
უძლურებისგან ერთიანად აკანკალებდა უკვე და ვერ ხვდებოდა, რატომ აგვიანებდნენ ასე ძალიან. როგორ შეიძლებოდა ასე გაერისკათ, მხოლოდ იმიტომ, ინფორმაცია რომ მიეღოთ? ისედაც საკმარისი აღიარა, რაღა საჭირო იყო ამდენი ლოდინი? დემნასთვის რომ მართლა ესროლა, სად მიდიოდნენ მერე?!
სასხლეტზე მიბჯენილი თამაზის თითი კი საბოლოო წერტილი აღმოჩნდა მისთვის. ზღვარი, რომელიც წამიერად წაიშალა. თვითგადარჩენის ინსტინქტმაც კი ვერ აიძულა შეჩერება და წამითაც აღარ დაფიქრებულა, ისე მოულოდნელად ეცა ხელებში.
თავიდანვე იცოდა, რომ ვერ წაართმევდა. არც ჰქონია ამის ილუზია. ისიც იცოდა, დიდი ალბათობით, თვითონაც რომ დაზარალდებოდა, მაგრამ ახლა მის უპირველეს მიზანს დროის გაწელვა და დემნას გადარჩენა წარმოადგენდა და ყველაფერზე წავიდოდა ამისთვის.
დემნას ღრიალისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება. არც ის გაუგონია, როგორ შემოგლიჯეს კარი ხმაურით. არც დავითის შეშინებული სახე დაუნახავს და არც თამაზისთვის შეუხედავს იმ მომენტში, რადგან ერთადერთი, რაც იგრძნო, იყო ის, თუ როგორ გაისროლა მის ხელებში მოთავსებულმა იარაღმა უმისამართო ტყვია. ტყვია, რომლის გასასროლადაც, თვითონ არ გამოუკრავს სასხლეტისათვის თითი, მაგრამ სწორედ ის ადამიანი დააზიანა, ვის გადარჩენასაც ცდილობდა ასე ძალიან...
ეპილოგი
კონსერვატორიის მთავარი საკონცერტო დარბაზის პირველ რიგში იჯდა. ზუსტად ისე, როგორც ერთი წლის წინ, მაგრამ ახლა რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებით. სრულიად სხვანაირი ელენე იყო და ვერც კი იჯერებდა, როგორ შეძლო ამ ყველაფრის გადატანა. როგორ მოახერხა, ჭკუიდან რომ არ შეიშალა და გაუძლო. ერთადერთხელ ჰქონდა ასეთი გრძნობა. მხოლოდ მაშინ, შვილი რომ დაკარგა. თვითონვე აკვირვებდა საკუთარი სიძლიერე. ვერ იჯერებდა, გადატანა რომ შეძლო.
თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, ყველაფერი წინ რომ იყო. ერთი წლის წინაც, ამ დარბაზში დარასელთან ერთად რომ შევიდა შვილის კონცერტზე დასასწრებად, მაშინაც ვერ წარმოიდგენდა, ყველაფერი ასე თუ შემოტრიალდებოდა.
ახლა კი... ახლა იჯდა, კვლავ ლილუს გამოსვლას ელოდა, საგრძნობლად გამობერილ მუცელზე ისვამდა ხელს, შიგნით მყოფი, მოუსვენარი პატარა ბიჭი რომ დაეწყნარებინა, თუმცა, მის გვერდით სკამი კვლავ ცარიელი იყო.
სუნთქვა ეკვრებოდა იმ დღის გახსენებისას. არასდროს უგრძვნია, რომ ისეთი სუსტი იყო, როგორც მაშინ. მანქანის გაჩერებას რომ ვერ ახერხებდა, მაშინაც კი ჰქონდა რაღაცის იმედი, რაღაც სასწაულის, ამოუხსნელის, მაგრამ სისხლიანი დემნა რომ დაინახა, მისი დაუდევრობის გამო მუცელში დაჭრილი, უნდოდა, საერთოდ გამქრალიყო, ვიდრე მის თვალწინ დაელია სული იმ კაცს, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გაიღებდა სიცოცხლეს.
ეგონა, რომ ფილტვებზე მოუჭირეს ხელი და სუნთქვა აღარ შეეძლო.
ეგონა, გულს უკაწრავდნენ ბასრი ბრჭყალებით.
ეგონა, არასდროს დასრულდებოდა ეს ტკივილი.
ეგონა, ვერასდროს აპატიებდა საკუთარ თავს.
ეგონა, ვერ გადაიტანდა...
ახლა კი, იჯდა კონსერვატორიის მთავარი საკონცერტო დარბაზის პირველ რიგში და ელოდებოდა შვილის გამოსვლას, რომელიც საკუთარ დაწერილ ნაწარმოებს ასრულებდა. კომპოზიციას, რომელიც მამასთან ერთად დაწერა, თუმცა სკამი, დედის გვერდით, კვლავ ცარიელი იყო.
- მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ! - ომახიანად გახსნა კონცერტი კლასიკურ ფორმაში გამოწყობილმა ქალბატონმა და მუცლის შიგნით კიდევ ერთი მირტყმა იგრძნო ელენემ.
- დამშვიდდი, დე, შენს დაიკოს ყველაფერი გამოუვა... - დაიჩურჩულა თავისთვის და აღელვებულმა, ცრემლიანი თვალებით გახედა ცარიელ სკამს.
- და ჩვენს კონცერტს გახსნის სამუსიკო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, რომელიც საკუთარი დაწერილი კომპოზიციით წარდგება თქვენ წინაშე! მაშ ასე!
- ჯანდაბა, ისევ დავაგვიანე, ხო? - აღელვებული, აქოშინებული ხმა რომ მოესმა, ყურებამდე გაღიმებულმა გაიხედა გვერდით.
ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მოასწრებდა! ზუსტად იცოდა. არ იყო ხერგიანი ის კაცი, დადებულ პირობებს რომ არ ასრულებდა და მით უმეტეს, ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, დედამიწას რომ უკუღმა დაეწყო ბრუნვა და აპოკალიფსის ეპიცენტრში მოყოლილიყო, შვილისთვის მიცემულ პირობას არ გატეხდა არაფრის დიდებით.
ახლაც აშკარად ეტყობოდა, რომ სირბილით მივიდა. ალბათ, ისევ საცობში მოყვა და ისევ რომელიმე საჩაიესთან გააჩერა მანქანა. ისევ გულთბილად მოიკითხა ქალაქის მერი, ისევ ფეხით ირბინა რამდენიმე კილომეტრი, ისევ გიჟივით, მაღლა აწეულს მიარბენინებდა ლილუსათვის ნაყიდ თაიგულს, გამვლელებს შემთხვევით რომ არ გაეფუჭებინათ. ისევ გზაში ისწორებდა პერანგსა და ჰალსტუხს და ისევ კონსერვატორიისათვის შეუფერებელი ხმაურით ეძებდა საკონცერტო დარბაზს, მაგრამ, ამჯერად, არაფერი არ იყო ისე, როგორც მაშინ.
ბევრად უკეთ იყო. გაცილებით უკეთესად და ამას ისიც მოწმობდა, გვერდით მჯდარი ორსული ცოლი ნაზად რომ ისვამდა მუცელზე ხელს, რომლის არათითსაც ქორწინების ბეჭედი ამშვენებდა, სცენაზე გამოსასვლელად კი მათი შვილი ემზადებოდა, რომელმაც მაინც გაიტანა თავისი და კონცერტის გახსნა დაიმსახურა.
- თქვენ წინაშეა ლილუ ხერგიანი! - გამოაცხადა წამყვანმა, ელენემ კი, ღიმილიანი სახით ახლართა საკუთარი თითები ქმრის ხელში და ბედნიერებით სავსე ხმით, ჩურჩულით გადაულაპარაკა:
- მთავარია, რომ მოხვედი!
დასასრული
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ახალი ავტორის ახალი ნოველის პირველი ეპიზოდი: სხვა ხედი. თავი I. "ქალიშვილი"