„გარდაცვლილი“ ქმრის დანახვაზე ირენს მუხლებში ძალა გამოეცალა, თვალებში დაუბნელდა და არც მეტი, არც ნაკლები, გული წაუვიდა.
შეშფოთებულ ელინს შემზარავი ხმა აღმოხდა და ორივე ხელით ძლიერად ჩაებღაუჭა საკუთარ თმას. ხმაურმა, ბუნებრივია, მიიქცია არტურისა და ადამის ყურადღება. დამფრთხალი არტური მხრებში მოიხარა და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ მალევე მიხვდა, რაც ხდებოდა და მიწაზე გართხმული ცოლის დანახვაზე გაქცევა გადაიფიქრა, ძალა არ ეყო მის დასატოვებლად. არტური მიუსაფარი მერცხლის ბარტყივით უსუსურად მიგდებულ ქალს ფრთხილად მიუახლოვდა, ხელებში მოიქცია და ნახევრად წამოსვა.
- ირენ! ირენ!
- წყალი! წყალი არავის გაქვთ? - ახალი გამოღვიძებულის გამომეტყველებით წამოიძახა ელინმა, აქეთ-იქით მიმოიხედა, მაგრამ საიმედო ვერაფერი დაინახა.
- ირენ, ნუ გეშინია, გაახილე თვალები, - მშვიდად ჩასჩურჩულა არტურმა ცოლს და შუბლზე ჩამოვარდნილი თმა უკან გადაუწია. ირენი შეირხა, ამოიოხრა და თვალები უკან გადაატრიალა.
- სახლში წავიყვან. რომ გამოფხიზლდეს და შენ დაგინახოს, უარესი იქნება, გაუშვი! - თქვა ხმადაბლა ადამმა და ირენისკენ მიიწია.
- არა, ირენ! ირენ, გაახილე თვალები! - სასაცილო დასანახი იყო, გორილასავით დიდ, მხარბეჭიან, ძლიერ და მამაკაცურ არსებას როგორ სათუთად აუთრთოლდა ნიკაპი მილეული ცოლის დანახვაზე.
- ირენ! - არტურში რაღაც აბობოქრდა, რაღაც ძლიერი და მთლიანად მოიცვა მისი სხეული. ეს სინანული იყო, მონატრება, ნოსტალგია, ტკივილი და ყველა გრძნობა ერთად თვალებში - სულის სარკეში ლამპიონების შუქზე აირეკლა. არტური მიხვდა, რომ კარგი არაფერი მოყვებოდა ირენისა და მის ამ კონკრეტულ დროსა და ადგილას შეხვედრას, რამდენიმე წამი თავჩახრილი დადუმდა, ცოლს შუბლზე ეამბორა, ადამს გადაუსვენა, ადგა და ნელი ნაბიჯით წავიდა...
სიბნელეში გაუჩინარდა... გაუჩინარდა და იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა. გონს მოსული ირენი უკვე სახლში იყო, უცნაური გრძნობა დაუფლებოდა. თითქოს თავიდან დაიბადა და ამავდროულად, თითქოს გულში ცხელი დანა ჩასცეს. როცა მისი ქმრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, რას არ გასცემდა, ოღონდ კიდევ ერთხელ შესძლებოდა მისი ნახვა. ერთი მხრივ, იმედიც ჩაუსახა ამ შეხვედრამ, იმედი იმისა, რომ ოდესმე კვლავ ერთად და ბედნიერად იცხოვრებდნენ, როგორც ყველა ზღაპარში ხდება ხოლმე „ჭირი იქა, ლხინი აქას“ წინ... მაგრამ თავს მოტყუებულად და განადგურებულად გრძნობდა, ის მიატოვა საყვარელმა კაცმა, რომლისთვისაც მზად იყო, ყველაფერი დაეთმო. მიატოვა, მოატყუა, უნდობლობა გამოუცხადა და ყველაზე დიდი ტკივილისთვის გაიმეტა და რა გაკეთა ახლა, როცა ამ ყველაფრის მერე ასეთი უსუსური ნახა?! კვლავ მიატოვა!
იმ დღის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ირენმა ორივე შვილი მარტომ გაზარდა, მთელი ყურადღება მათ დაუთმო, შვილებში ხედავდა ცხოვრებას, იმედს, მომავალს, სიამოვნებას, ხსნას, შვებას და ახალ სიცოცხლეს... ის იყო გოგონების დედაც და მამაც, მაგრამ მისთვის გარშემო არავინ და არაფერი არსებობდა, გარდა ამ ორისა - ენდი და სესილია... ისინი იზრდებოდნენ, იძენდნენ მეგობრებს, სწავლობდნენ, ახარებდათ და სწყინდათ წვრილმანები, ბევრი რამ აკლდათ მატერიალური უსახსრობის გამო, მაგრამ გამგები გოგონები იყვნენ და დედასთან ცდილობდნენ, გულისწყვეტა არ შეემჩნიათ.
ენდის გათხოვებამ ძალიან დააღონა ირენი. ეს მის ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება იყო, თითქოს თოკი გადაუჭრეს, რომელზე მოჭიდებულიც მაღლა, მწვერვალისკენ მიიწევდა. ენდის წასვლამ სახლში საშინელი სიცარიელე დატოვა, მარტო დარჩნენ სესილია და დედა, წასულის ადგილას კი სიცივემ დაისადგურა...
ენდი ტიმთან ერთად და ტიმის გარეშე ხშირად ჩამოდიოდა მშობლიურ ქალაქში. თითქოს ყველაფერი ძველებურად და ნორმალურად იყო, მაგრამ სინამდვილეში ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი... ეს იყო სესილიასთვის ბავშვობის დასასრულის დასაწყისი და ირენისთვის ახალი იმედის ძებნის საფუძველი. თუმცა, ირენი არ მიეკუთვნებოდა შეუპოვარი და სირთულეების მოყვარული ქალების კატეგორიას, საძებნელად შორს სულაც არ წასულა და ამჯერად მთელი მისი იმედების საყრდენი სესილია გახდა.
დედას იმედი ჰქონდა, რომ მისი უნცროსი ქალიშვილი გაუქარწყლებდა ყველა ტკივილს, ისეთ წარმატებებს მიაღწევდა, რომ ყველა მასზე ილაპარაკებდა, ქუჩაში თითს მისკენ გაიშვერდნენ და შვილიც ყველაფრისთვის დედის მადლიერი იქნებოდა და ყველაფერს დედისთვის გააკეთებდა...მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შვილებს არ შეუძლიათ მშობლების ვალის გასტუმრება, საკუთარი ცხოვრება, სურვილები, შეხედულებები და მიზნები აქვთ, რის გამოც არ ღირს მათი დადანაშაულება, რადგან ასეთია სამყაროს კანონზომიერება.
დიახ, დედები ღმერთები არიან, რადგან ისინი გვქმნიან, გვჩუქნიან სიცოცხლეს, ცხრა თვე სხეულიდან არ გვიშორებენ, საკუთარი სისხლით გვკვებავენ, ჩვენ გამო საკუთარი სურვილით უძლებენ ყველაზე წარმოუდგენელ და გაუსაძლის ტკივილს, მოგვავლენენ მიწაზე და გვასწავლიან... დიახ, გვასწავლიან, ისინი გვასწავლიან ყველაფერს, სამყაროს აღქმას, ჭამას, ბგერების გამოთქმას, მიწაზე მყარად დგომას, დაცემის შემდეგ ადგომას, სიარულს... ისინი არიან ჩვენი გზამკვლევები და აღმზრდელები, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამყაროს შემოქმედმა ასე ინება: მსოფლიოში ყველა დროში დაბადებული ადამიანი აბსოლუტურად განსხვავდება ნებისმიერი მეორე ადამიანისგან, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ადამიანი ისეთი იყოს, როგორიც დედას უნდა, რადგან დედებს ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ, ჩვენ - შვილებს კი არ შეგვიძლია ვიყოთ იდეალურები, მაგრამ როგორც კი თავად გავხდებით დედები, უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება „მინდა გავამართლო დედის იმედები, რომ დედა ჩემით ამაყობდეს“ სტრესი და ჩვენც იმავეს ვითხოვთ ხოლმე შთამომავლებისგან, რასაც ჩვენგან - წინაპრები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედები გვჩუქნიან სიცოცხლეს და ჩვენგან სამაგიეროს ელიან. უარეს შემთხვევებში, თავიანთ სიცოცხლესაც მთლიანად ჩვენ გვიძღვნიან და სწორედ ამით გვართმევენ საკუთარს, გვიზღუდავენ თავისუფლებას, არჩევანის უფლებასა და დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას.
სესილიას შეუყვარდა და დედას იმედები გაუცრუა. ამის გამო მის კაეშანს დანაშაულის გრძნობაც ახლდა, დედა კი შეშფოთებული ეკითხებოდა, მე ეს როგორ გამიკეთეო? მაგრამ ასე იყო თუ ისე, ახლა თავად სესილიაც დედად ქცეულიყო და მის მუცელში ახალი სიცოცხლე ჩასახულიყო. რაც მეტი დრო გადიოდა, პატარა არსება იზრდებოდა და მისი ამქვეყნად მოვლენის დროც ახლოვდებოდა. სესილიას უნდა გაეკეთებინა არჩევანი - მისი გადასაწყვეტი იყო, აჩუქებდა თუ არა სიცოცხლეს პატარა უსუსურ არსებას...{{ArticleSplitCont}}
* * *
- თქვი რამე, სულერთია, რაც გინდა, თქვი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა! - ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდნენ გზას. - სესილია, შენს გულში ჩაიხედე, რა უნდა შენს გულს? გინდა ამის გაკეთება? დაფიქრდი!
- ენდი, არ ვიცი, არ ვიცი, რა ვთქვა! - ძლივს ამოილუღლუღა ნიკაპათრთოლებულმა და დასიებული თვალებიდან კვლავ ცრემლები წასკდა. იმდენად ხშირად ხდებოდა ეს, წამწამები გაშრობას ვერ ასწრებდნენ, თავიდან რომ სველდებოდნენ.
- მომისმინე, დაივიწყე ყველაფერი, მხოლოდ იმაზე იფიქრე, რაც შენს გულს უნდა, სხვა ყველაფერს მე მოვაგვარებ! - თქვა დის სიბრალულით გულაჩუყებულმა და ლოყაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგორებული ორი მსხვილი ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა.
- ყველაზე მეტად, იცი, რა მიმძიმს? ის, რომ ... არჩევანი ჩემი გასაკეთებელია, ვიცი... რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და... არ შემიძლია... - აქოშინებულმა ძლივს მოახერხა წინადადების დასრულება, სვლა შეწყვიტა და სახეზე ხელებაფარებული აქვითინდა - ჯერ ძალიან პატარა ვარ!
ბინდდებოდა, ჯერ ბოლომდე დაღამებული არ იყო, მაგრამ მზის სხივების სინათლე ქუჩების გასანათებლად არ იყო საკმარისი, მთელ ქალაქში ლამპიონები აენთოთ. ენდი უყურებდა დის ტკივილს და თავს უძლურად გრძნობდა. რა შეიძლება იყოს იმაზე რთული, როცა უყურებ, როგორ იტანჯება შენი საყვარელი ადამიანი და ვერაფერს აკეთებ?
- ვიცი, ვიცი... - დაიჩურჩულა და გულში ჩაიკრა პატარა და. დიდხანს იდგნენ ასე, ჩახუტებულები, აქვითინებულები და სასოწარკვეთილები. ბოლოს, სესილია გაჩუმდა, რამდენიმე წამი დუმდა, აჭრელებული სახე მაღლა ასწია, სველ სახეზე საკუთარი თმები ეკვროდა, თვალები დასიებოდა.
- არ შემიძლია - თქვა ამჯერად უემოციოდ, დაცარიელებულად და ცივად, - ვერ მოვკლავ ბავშვს!
- ვიცოდი, ვიცოდი, რომ ამას იტყოდი! - შესძახა ენდიმ გამარჯვებულის გამომეტყველებით.
- მაგრამ არაფერი თქვა, არაფერი გააკეთო... - ისევ რამდენიმეწამიანი პაუზა და განაგრძო - ვიცი, შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ისე უცნაურად მოხდა, თითქოს სამყაროს უნდა, რომ ეს ბავშვი გაჩნდეს... და თუ ასეა, ისევ სამყარო მომცემს ნიშანს, რა გავაკეთო...
- მაგრამ ხვალ ექიმთან ვიზიტი გვაქვს დაჯავშნილი, ხომ გახსოვს?
- თუ მანამდე არაფერი შეიცვლება, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ...
„ხვალამდე“ მხოლოდ რამდენიმე საათიღა იყო დარჩენილი, მაგრამ რახან ენდიმ ის მოისმინა, რასაც ასე ელოდა, აღარაფერი უთქვამს, დამშვიდდა და გზა გააგრძელეს.
ქვაფენილს ჩუმად მიუყვებოდნენ, სანამ ქუჩის ბოლოს კაფე-ბარი „თეთრი რაში“ შეხვდათ, ბარის კართან შედგნენ, ერთმანეთს შეხედეს და ორივე შიგნით შევიდა. „თეთრ რაშში“ დიდ კედელზე მარჯვენა ზემოთა კუთხეში ორი პატარა ფანჯარა სასაცილოდ გამოიყურებოდა. მზის სხივები იმ სიდიდის სივრცეს დღისითაც ვერ გაანათებდნენ საკმარისად, მაშინ კი ფანჯრის გვერდით დაკიდებული მრგვალი საათის ციფერბლატზე ისრები ცხრის ნახევარს აჩვენებდნენ.
ნათურის მბჟუტავ, სუსტ სინთლეზეც კი კარგად ჩანდა ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკები. ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ხის იატაკის ჭრაჭუნი სდევდა თან. კარიდან მოშორებით, მარჯვენა კუთხეში ოთხსკამიან ოთხკუთხედ მაგიდას მაქსიმი და დევიდი შემოსხდომოდნენ. დევიდს, მაქსიმის ახლო მეგობარს, სერიოზული, მოკრძალებული გამომეტყველება ჰქონდა, მაქსიმი კი თავჩახრილი იჯდა და მარცხენა ფეხს ნერვიულად, საათის რიტმში ათამაშებდა.
სესილიას მაქსიმის დანახვაზე მუხლებში ძალა გამოეცალა, მაგრამ გრძელმკლავიან ქურთუკში დამალული მუჭები მაგრად შეკრა და ეცადა, თავი ძლიერად დაეჭირა. მას შემდეგ, რაც იცოდა, რომ მუცელში მისი შვილი ჰყავდა, პირველად შეხვდა. ადრე ყოველთვის, როცა ხვდებოდა თავს სხვა განზომილებაში, ზღაპრულ სამყაროში გრძნობდა, მოსწონდა მასთან ერთად განმარტოება, ახლა კი მხრებზე ორივეს სიკვდილ-სიცოცხლის პასუხისმგებლობა აწვათ და გული გამალებით უძგერდათ, მაგრამ ეს არ იყო ვნებით დამთვრალი და რომანტიკით დამტკბარი პულსი... არამედ ყოველ ჩასუნთქვაზე დაძაბულობით გაჟღენთილი ჰაერით ევსებოდათ ფილტვები და გულზე მარწუხებივით უჭერდათ კაეშანი.
- გამარჯობა - თქვა ფეხზე წამომდგარმა დევიდმა და მიესალმნენ ენდი და სესილიაც. მაქსიმი გულმოკლული, უსუსური გამომეტყველებით შეჰყურებდა სასწაულებრივად დაორსულებულ საყვარელ ქალს. მისი გამოხედვა მოგაგონებდათ ყმაწვილს, რომელსაც საშემოდგომოს გამო იმედგაცრუებული მშობლების წინაშე დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა.
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. III თავი. გაუჩინარება