მოგონებების მორევიდან ნელ-ნელა გზა თავად გავიკვლიე.
უკვე აღარ ვიცოდი, მერამდენედ ვიხსენებდი ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს, თუმცა ყოველ მომდევნო ჯერზე უკეთ ვგრძნობდი თავს.
ვუცქერდი ზღვას და ვფიქრობდი, ეს პეიზაჟი თრგუნავდა ჩემში სტრესულ ჰორმონებს და ვგრძნობდი, ნელ-ნელა სიმშვიდე როგორ მეუფლებოდა. ხელს ფრთხილად, ქვემოდან ზემოთ და შემდეგ ზემოდან ქვემოთ ვასრიალებდი გამობერილ მუცელზე, შიგადაშიგ საპასუხო შეხებასაც ვგრძნობდი და ბოლომდე მაინც ვერ გამეაზრებინა, როგორ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება ერთმა მოულოდნელმა სიახლემ... ტალღების პერმამენტული რხევა საოცრად მიზიდავდა. მუქი, მელნისფერი ზღვა თეთრად რომ იქაფებოდა და სანაპიროზე არსებული ყველა კენჭის შთანთქმას ლამობდა, თითქოს მეძახდა, რათა თავის იდუმალ სამყაროს ვეზიარებინე.
- როგორ მიზიდავს... - წარმოვთქვი უნებლიეთ, ლამის ჩურჩულით.
- კარგი რა, ნუ ხარ ეგოისტი, ხომ ხედავ, ყველა ამბობს, რომ შენთვის ზღვაში ჩასვლა არ შეიძლება! - მითხრა მაქსიმმა ისე, რომ მზრუნველი, ალერსიანი მზერა არ მოუშორებია. ყოველთვის ასე ხდებოდა, ვერასდროს იგებდა ვერც ჩემს ნათქვამსა და მით უმეტეს, ვერც მდუმარებას... მინდოდა მეთქვა, რა შუაშია ეგოიზმი, სხვანაირად გაიგე ჩემი სიტყვები-მეთქი... მაგრამ ხანდახან, როცა ადამიანს არ ესმის შენი, არ არსებობს სიტყვები, რომლებსაც რამის შეცვლა შეუძლიათ, ხოლო როცა ესმით, თუნდაც სულ არაფერი თქვა, უბრალოდ ესმით და დამთავრდა. მერე კიდევ ერთხელ გავაანალიზე მისი სიტყვები გონებაში და ისევ გავღიზიანდი - "ყველა ამბობს?! ყველა თუ ასეთი ბრძენია, რაღა საჭიროა ამდენი ანალიზები და ექიმთან ვიზიტები? ყველამ დამინიშნოს ვიტამინები და წამლები, ყველა... ყველა"...
- ვინ ყველა ამბობს, აბა?
- ვინ და ნადია...
არ ვიცი, აპირებდა თუ არა კიდევ რამის თქმას, პირდაპირ მივახალე:
- ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ ნადია ყველაა? ნადიას ნათქვამით განისაზღვრება ყველაფერი?
- ხომ ხედავ, იგივე თქვა მაიმაც და დილით ბარში ნადიას გაუცნია ვიღაც, შვილიშვილი მეყოლება მალეო და იმ უცნობს, უფრო სწორად, ახალგაცნობილს უთქვამს, ორსული აქ რატომ წამოიყვანეთ, ზღვაში არ ჩავიდეს არავითარ შემთხვევაშიო!
- ეგეც ნადიას ნათქვამია, მაია კიდევ ნადიას დაქალია და ესე იგი, ჰო - ნადია არის ყველა!
- სესილია! - წარბები შეკრა.
- მაქსიმ!
- ნუ ბავშვობ!
- იცი რა, სულაც არ ვაპირებდი ასეთ სიცივეში წყალში ჩასვლას, საცურაო კოსტიუმიც კი არ მაცვია. რაღაც შენებურად გაიგე, მაგრამ იცი, რამ გამაღიზიანა? ყველას ნათქვამზე რომ უნდა ვიარო, თურმე... სულ ფეხებზე მკიდია, რას ამბობენ, გესმის? ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, დავდივარ ყოველ თვეში და ფულს ვუხდი და სწორედ იმ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა იმას, რაშიც ახლა ფულს ვუხდი მე და უამრავი ჩემნაირი, გარკვევით მითხრა, რომ შემიძლია ვიცურაო ზღვაში... და მეტიც, შემიძლია კი არა, რეკომენდებულია ცურვა ორსულობის დროს, რადგან ფიზიოლოგიური გზით ვაპირებ მშობიარობას და ცურვის დროს მენჯები ვარჯიშდება. სხვათა შორის, სანამ ექიმისგან ამას მოვისმენდი, ვიცოდი, რასაც მეტყოდა, რადგან სანდო წყაროებიდან მოვიკვლიე ინფორმაცია და წავიკითხე, "ყველასგან" განსხვავებით, ზედაპირულად არ ვლაპარაკობ!
- რას ბოდავ? ექიმმა ისიც ხომ არ გითხრა, ბევრი იცურავე ბინძურ ზღვაში, რომ ბევრი ვირუსი და დაავადება აიკიდოო?
- არა, საყვარელო. ექიმმა მითხრა, სუფთა ზღვაში იცურავე, თუ ამღვრეული იქნება წყალი, ნუ ჩახვალო. ხალხმრავალ ადგილებთან მორიდებაც მირჩია, რადგან მართლაც არსებობს ვირუსების ან ინფექციის "აკიდების" საშიშროება... და ამ უვიცმა "ყველამ", სწორედ ეს ფაქტი აითვისა უაზროდ და ფანატიკურად!
- ღმერთს ვევედრები, ორსულობის ბრალი იყოს!
- რა უნდა იყოს ორსულობის ბრალი?
- შენი აუტანელი ხასიათი! - მომახალა მკვახედ.
- რა ვთქვი აუტანელი ან გაუგებარი? - შეზლონგზე მკვეთრი მოძრაობით წამოვჯექი - მე ვარ აუტანელი არა?- ფეხზე წამოვიჭერი - არა, არ არის ორსულობის ბრალი, ყოველთვის ასეთი ვარ და იცი, რას გეტყვი?! თუ რამე არ მოგწონს, ახლავე გამეცალე, თორემ ბავშვს რომ გავაჩენ, მერე იმედები გაგიცრუვდება! - ვუთხარი სულმოუთქმელად, განრისხებულმა, მაგრამ ისე, რომ ხმა არ ამიმაღლებია, ყვირილი არ მჩვევია. ბრაზმა ერთიანად წამომახურა, ვიგრძენი, სახე როგორ ამიწითლდა, ნიკაპი ამითრთოლდა, ყელში ბურთი გამეჩხირა და ზურგი ვაქციე თუ არა, ცრემლები წამსკდა. ჩქარი ნაბიჯით წავედი. "ო, არა! ისევ ცრემლები?! როგორ შემზიზღდა ჩემი თავი! მერამდენედ?! ნუთუ ყველაფერზე უნდა ვიტირო? ეს კი ნამდვილად ორსულობის ბრალია! მე არასდროს ვყოფილვარ მტირალა, ახლა რამ გამაგიჟა?!" და საკუთარ თავზე გაბრაზებულს კიდევ უფრო ამიჩუყდა გული, ვიგრძენი, სახე როგორ დამემანჭა და მხრები ამიკანკალდა. "ოღონდ ახლა არ შემომხედოს, არ შემომხედოს!".
- სესილია!
სიჩქრეს მოვუმატე.
- სესილია, დამელოდე!
დამედევნა. სირბილი ვერ გავბედე, თუმცა ბევრი არ მაკლდა, რომ დამეწია და მკლავზე ჩამჭიდა ხელი და მომაბრუნა. ცრემლების შემშრალებას აზრი არ ჰქონდა, თავი ძირს ჩავხარე.
- ტირი?
- არა-ა! - ამოვიგმინე საცოდავად თვალებდახუჭულმა.
- ჩემო პატარავ, რა სულელი ხარ?!
- თავი გამანებე!
- დამშვიდდი, არ მინდოდა...
- შემეშვი! აუტანელი ვარ, არ შევიცვლები, უფრო აუტანელი გავხდები! - სიბრალულის გამომჟღავნებამ უფრო გამაღიზიანა, სუნთვა გამიხშირდა, გული უფრო ძლიერად ამიძგერდა.
- მაგასაც ნახავ! - დაიჩურჩულა და ჩამიხუტა.
- რატომ მეხუტები, რა გინდა? - შეწინააღმდეგების ძალა აღარ მქონდა.
- მიყვარხარ, წარმოუდგენლად მიყვარხარ.
- ამას იმიტომ ამბობ, რომ ვტირი!
- არა... მიყვარხარ.
წითლად მოელვარე მზე ლურჯი უფსკრულისკენ მიექანებოდა, ირგვლივ ყველაფერი ფერს იცვლიდა, რამდენიმე ტონით უფრო მუქდებოდა გარემო. ყველაზე ლამაზი ცა სწორედ დაისის დროსაა, პალიტრისფრად შემოსილი, ფერადი ღრუბლებით მოპენტილი... ისეთივე მშვენიერია ცა ამ დროს, როგორი ლამაზი, ნაზი, სპეტაკიც და კეთილიც ორსული ქალია...
დიახ, სწორედაც რომ კეთილი! სიკეთე ხომ მაშინ ჩნდება, როცა სულიერი ჭარბობს ხორციელს? საოცარია, არა? ორსული - ორი სული ერთ სხეულში. ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ომია გაჩაღებული. ის ემზადება ყველაზე დიდი ტკივილის გადასატანად, რათა ეზიაროს ყველაზე დიდ ბედნიერებას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით განმსჭვალული. ჰორმონალური დისბალანსი, ნივთიერებათა ცვლის პრობლემები, სტრესი, შფოთვა, შიში, ნამდვილი ფიზიოლოგიური მიწისძვრა და ფსიქოლოგიური ქარიშხალი! ქალის ორგანიზმი უძლებს, ყველაფერს უძლებს, ხოლო ორსული ქალი - გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე უსუსური და საბრალო ქმნილება სამყაროში.
- წამოდი, წავიდეთ - ჩამჩურჩულა ხანგრძლივი მდუმარე ჩახუტების შემდეგ ისე, რომ არ მომშორებია.
- სად?
- ზღვაში.
- როგორ?
- გავცუროთ...
- აკი არ შეიძლებაო?
- აკი მიზიდავსო?
- ცივა...
- მე გაგათბობ.
- მაგრამ ბნელა...
- გინდა თუ არა ზღვაში, ჩემთან ერთად?
- მინდა...
ორივენი გავირინდეთ, ადგილიდან არ დავძრულვართ.
- მეშინია...
- მენდე.{{ArticleSplitCont}}
ორი ნაბიჯი უკან გადადგა, ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა. სანაპიროს მდუმარედ მივუყვებოდით. ხან წვრილი კენჭები მიჩხვლეტდნენ ტერფებს, ხანაც - ქვიშა მეყრებოდა ფეხსაცმელში, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის სასიამოვნო განცდა, რომელსაც ზღვის სურნელი მანიჭებდა მაშინ... სიო ყვრიმალებზე მეალერსებოდა, ნიავი თმას მიწეწავდა, სწრაფი ნაბიჯით მიმავალს ზღვისფერი კაბა წინიდან მეკვროდა, უკან კი ფრიალით მომყვებოდა. ტალღების შრიალს აქა-იქ, სანაპიროს ბარებში გაჟღერებული სხვადასხვა ჟანრის მელოდია ერეოდა. მზე ჩაესვენა, არეალი მთვარეს დაუთმო საასპარეზოდ. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვანან მზე და მთვარე შეყვარებულებს? ერთი მეორის სინათლითა და სითბოთი კაშკაშებს...
- სად მივდივართ?
- დაიღალე?
- უკვე ოცი წუთია პლაჟს ჰორიზონტალურად მივუყვებით, როცა ზღვაში შესასვლელად, მხოლოდ მიმართულების შეცვლაა საჭირო...
გაეცინა.
- შენ მართლა გგონია, რომ ასეთ ამღვრეულ წყალს მიგაკარებ, ასეთ სიცივეში გვიან ღამით?
პატარა გემს მივუახლოვდით, რომელიც ზომით ნავს ან კატერს უფრო წააგავდა, მაგრამ ადგილობრივები იახტას უწოდებდნენ, რადგან მათთვის ასე უფრო მომგებიანი იყო.
- გამარჯობა! - მიესალმა მაქსიმი უცნობს.
- ორი კაცისთვის ვერ დავძრავ!
მაქსიმმა გემის მფლობელი უსიტყვოდ გაიხმო მოშორებით, რამდენიმე წამი ელაპარაკა და ორივენი კმაყოფილი სახეებით დაბრუნდნენ.
- წავედით!
- დაგთანხმდა? - ამგვარი კატეგორიულობის შემდეგ უცაბედი გარდატეხა მოულოდნელი იყო. მაქსიმმა არაფერი მიპასუხა, იახტაზე გადავიდა და ხელი გამომიწოდა, რომ მეც გადავეყვანე. ორ სართულს თეთრი კიბე აერთიანებდა, იახტა დამსვენებლებისთვის რბილი სავარძლებით, პუფებითა და დეკორაციული ხალიჩებით მოეწყოთ. გემის ქიმს გაუბედავად მივუახლოვდით, იახტის წინა შემაღლებულ ადგილზე ფრთხილად გავიმართეთ და ერთმანეთს მჭიდროდ მივეკარით. მხრებით ძლიერად მიმიკრა და ორივე ხელი მუცელზე შემახო.
- ახლა, ალბათ, სძინავს, არა?
- ჰო, ალბათ...
თითოეული უმნიშვნელო ტალღის რხევა მკაფიოდ იგრძნობოდა. არ ჩანდა, სად მთავრდებოდა მთვარის შუქით განათებული ზღვა და იწყებოდა ცა, თითქოს ჰორიზონტიც ზღვას შთაენთქა... უსასრულო სივრცეს მიაპობდა გემი და უკან იტოვებდა ქალაქს. ლამპიონებით განათებული ქუჩები ნელ-ნელა პატარავდებოდა და უფერულდებოდა.
- მოგწონს?
- მაგიჟებს! ვერ წარმოვიდგენდი, ამ ერთი შეხედვით პატარა გემს ასეთი სასიამოვნო განცდების გაღვივება თუ შეეძლო! - შევძახე აღტაცებულმა. ტალღების ხმაურში ბგერები იფანტებოდა.
- წარმოუდგენელი მხოლოდ შენ ხარ! - ჩამჩურჩულა მარცხენა ყურში და მეამბორა. მალე ქალაქი ციცინათელების პატარა გუნდს დაემსგავსა. ვიგრძენი, მუცელზე როგორ ამომეზნიქა პატარა სხეულის ნაწილი, სავარაუდოდ ხელი, ან ფეხი...
- გაიღვიძა!
- ჰოო, გაიღვიძა - გამეცინა. სასიამოვნო ნიავი სუსხად იქცა, ნიკაპი ამითრთოლდა.
- გცივა?
- ცოტა...
- წავიდეთ?
- ცოტა ხანს ვიყოთ...
ზოგჯერ წამი საუკუნედ იქცევა ხოლმე, ხანდახან კი, როცა გვინდა, დრო გაიყინოს, საათებიც დაუნდობლად სწრაფად მიფრინავენ. ქვემოთ ჩავედით და რბილ პუფში ჩავესვენეთ. ქვედა სართულზე შედარებით ნორმალური ტემპერატურა იყო და ტალღების ლივლივიც ადრენალინითა და მღელვარებით დაღლილს სიმშვიდეს მგვრიდა.
- მითხარი, რომ ყოველთვის მე გეყვარები ყველაზე მეტად!
- არა! - მიპასუხა ეშმაკური ღიმილით.
- კი! კი! მე უნდა გიყვარდე ყველაზე მეტად! იცოდე, თუ ეს ბავშვი ჩემზე მეტად უნდა შეგიყვარდეს... გარეთ არ გამოვუშვებ - განვაცხადე და ფეხები გადავაჯვარედინე. ორივეს გაგვეცინა.
- არა, მართლა მინდა, რომ ყველაზე მეტად გიყვარდე - გავუმეორე დაღვრემილმა.
- ნუ გეშინია, ყველაზე მეტად მეყვარები სულ... - ჩვენი ბაგეები ნაზად შეეხნენ ერთმანეთს, მიეფერნენ, შემდეგ კი ვნებით დაეწაფნენ. ვიგრძენი, სხეულში სითბო როგორ ჩამეღვარა. მერე თავი მხარზე ჩამოვადე და თეთრად მოელვარე მთვარეს მივაპყარი მზერა. არ მახსოვს, როდის, მაგრამ დამეძინა...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. V თავი. პარადოქსი