ხატია შამუგია ერთადერთ ვაჟს მარტო ზრდის და აღიარებს, რომ ბიჭის, მით უმეტეს, დედისერთას აღზრდა რთულია. დღეს ხატია ჩვენი სტუმარია და თავის დედობრივ განცდებსა და გამოცდილებას გვიზიარებს.
- დედობა მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა... 24 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, ანუ არც ისე პატარა. თუმცა ამ გადასახედიდან პატარა ვიყავი. ძალიან სერიოზულად აღვიქვამდი ყველაფერს, დიდი მოლოდინი მქონდა და მთელმა ორსულობამ არანორმალურ რეჟიმში ჩაიარა. მეტისმეტად ყურადღებიანი და ემოციური ვიყავი. პირველი კვირიდან ცხრა თვემდე სულ ექიმებში დავდიოდი, ყველანაირ ანალიზს ვიკეთებდი და სულ რაღაც მაინტერესებდა. ირგვლივ ყველა შეწუხებული მყავდა. თან ძალიან აქტიური ვიყავი ჩემს საქმეში, რვა თვემდე ვმუშაობდი. კონცერტები მიმყავდა დიდი მუცლით... შემდეგ მშობიარობაც ძალიან რთული მქონდა, დიდხანს გახანგრძლივებული. ბევრი ექიმი და ბებიაქალი მეხვია თავს.
ნიკუშა რომ გაჩნდა, დედაჩემმა დაიძახა, რა ლამაზი ცხვირ-პირი აქვსო... მე მხოლოდ ის ვიკითხე, ბავშვი ხომ ჯანმრთელია-მეთქი და რომ მითხრეს, კიო, ვთქვი, გაიყვანეთ, სხვა აღარაფერი მაინტერესებს-მეთქი... სამი დღე სიარულიც კი მიჭირდა, ისე ცუდად ვიყავი. იმ დროს კლინიკაში სულ სამი ბავშვი იყო და მხოლოდ ჩემს შვილს ჰქონდა დღე და ღამე არეული. მთელი ღამე ეღვიძა და მთელი დღე ეძინა. ღამე რომ მესმოდა, ბავშვი რომ მოჰყავდათ, ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო. თვალებს ვხუჭავდი და უი, დედას სძინავსო, ისევ უკან მიჰყავდათ...
დაბადებიდან ექვს თვეში მოვნათლეთ. ნიკოლოზი ჰქვია და გვსურდა, ნიკოლოზობას მოგვენათლა. 9 ნათლია ჰყავს - ნიკა ლომიძე (ნიკუშას მოსახელე და მოგვარე), გვანცა კილასონია, ნატო დუმბაძე, სოსო ჯავახიშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო კერესელიძე, თამუნა გომართელი, ნინო კოკილაშვილი... ბავშვის ნათლობის დღეს კურიოზი შემემთხვა: ეკლესიაში ვერ მივედი, რადგან თმის და მაკიაჟის გასაკეთებლად ვიყავი სალონში. რესტორანშიც კი მესამე სადღეგრძელო იყო, მე რომ მივედი. არადა, დიდი ნათლობა გვქონდა... მასშტაბურ ღონისძიებაზე კარგა ხანი აღარ ვიყავი ნამყოფი, ახალნამშობიარევი ვიდრე ფორმაში ჩავდგებოდი. ამიტომაც ძალიან მოვინდომე გაპრანჭვა და შვილის ნათლობამ ლამის უჩემოდ ჩაიარა. გაგრძელება