17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი CONCEPT-ART, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების, "დედა ენის" მსოფლიო პრემიერას.
მაესტრომ გასულ სეზონზე, როდესაც გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული ბავშვთა გუნდს მოუსმინა, სცენიდან გამოაცხადა, რომ მათთვის აუცილებლად შექმნიდა ახალ ნაწარმოებს და რამდენიმე თვეში პრემიერა დაინიშნა.
გია ყანჩელი: „რაც უფრო ხმაურიანი ხდება გარემო, მით უფრო მიჩნდება სურვილი, მუსიკაში მივაღწიო ისეთ ჟღერადობას, რომელიც სიჩუმის ზღვარზეა. რაც უფრო რთულდება თანამედროვე მუსიკალური ენა, მით უფრო ვცდილობ მივაღწიო ისეთ სიმარტივეს, რომლის მიღმა მუსიკალური ანბანი იწყება. თუ ჩემი გამარტივებული მუსიკალური ენა და სიჩუმის ზღვარს მიღწეული მუსიკა მსმენელის გარკვეული ნაწილის მოწონებას დაიმსახურებს, ჩავთვლი, რომ ჩემს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მუსიკალურ სამყაროში აუთვისებელი სივრცის მოპოვება უკვე არსებულის განსხვავებულად წარმოჩენაა. „დედა ენა“, რომელიც გორის ბავშვთა გუნდს და ჩემს შვილიშვილებს მივუძღვენი, გახლავთ ზემოთ აღნიშნულის აღსრულების მცდელობა.“
17 ოქტომბრის კონცერტში მონაწილეობისთვის თბილისს ასევე ეწვევიან აღიარებული მევიოლინეები - პაველ ვერნიკოვი და სვეტლანა მაკაროვა. შესრულდება ლეგენდარული კომპოზიტორის ნაწარმოები EX CONTRARIO ორი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის. პროექტის მასპინძელია ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი.
გია ყანჩელი: „ლათინურად EX CONTRARIO დაპირისპირებას ნიშნავს. უშედეგოდ ველოდებოდი განსხვავებული რელიგიების დაახლოებას. რაც უფრო მეტად იზრდებოდა ნაპრალი კონფესიებს შორის, მით უფრო მიჩნდებოდა სურვილი, დამეწერა ნაწარმოები, რომელშიც აღმოსავლური და ევროპული ტრადიციების თანაარსებობის შესაძლებლობას გადმოვცემდი. EX CONTRARIO-ს პრემიერა იტალიის ქალაქ ვერონაში 2006 წლის ივლისში შედგა.
მოხარული ვარ, რომ ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებელი - შესანიშნავი მევიოლინე პაველ ვერნიკოვი თბილისშია და სვეტლანა მაკაროვასთან ერთად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.“
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია "ბადაგონი", სასტუმრო "ამბასადორი", ტელეკომპანია "იმედი", რადიო "ჰოლდინგი ფორტუნა", მედიაჰოლდინგი "პალიტრა" და საინფორმაციო ცენტრი 118 08.