ფიქრებში გართული მივუყვებოდი მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, ხავსმოდებულ შენობებსა და ბუჩქებს.
სკოლის უკან ჯგუფად აღმართული შენობებისგან ნანგრევებიღა დარჩენილიყო. ერთ დროს აქ ალბათ სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა კი ყმაწვილური ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდები თუ შეაფარებენ ხოლმე თავს სიყვარულის მორევში გადასაშვებად ან ნარკოტიკების, ალკოჰოლის მისაღებად რეალობას მოწყვეტის მიზნით.
ზოგჯერ აქ გარჩევებისა და ჩხუბისთვისაც იყრიდნენ თავს ვაჟები. მოშორებით, მარჯვნივ, მინდორზე იმ დღესაც შეკრებილიყვნენ, 20-25 იქნებოდნენ... მათ შორის რამდენიმე ჩემი სკოლის მოსწავლე ვიცანი. დავიძაბე... უცნობებს შორიდან თვალი შევავლე და ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, მალევე დავინახე ის, ვისი დანახვაც მინდოდა.
ბიჭებს შორის დადიოდა, დუმდა. მეორე მხრიდან ძაღლების ყეფამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რამდენიმე დაღრენილი მაწანწალა ჩემკენ მოდიოდა. რით დავიმსახურე მათი ყურადღება, ვერ ვხვდები, მაგრამ მათი რიცხვი ნელ-ნელა მატულობდა და როცა შევნიშნე, რომ 10-ზე მეტნი იყვნენ, შევშინდი. როცა ვიღაც შენი მიმართულებით გაშმაგებული მორბის და დანამდვილებით არ იცი, მისი სამიზნე შენ ხარ თუ არა, რთული სათქმელია, გაქცევა სჯობს თუ შეუმჩნევლად დარჩენა, რადგან განრისხებული სუბიექტი ასეთ დროს, როგორც კი შეგამჩნევს, აუცილებლად დაგესხმება თავს, მნიშვნელობა არ აქვს, დააშავე თუ არა რამე...
ძაღლები მიახლოვდებოდნენ. დავრწმუნდი, რომ დამეწეოდნენ თუ არა, მაშინვე გამგლეჯდნენ და ადგილიდან მოვწყდი. გავიქეცი! გავრბოდი მთელი ძალითა და ღონით, მაგრამ ინტერვალი ჩემსა და მდევრებს შორის იგივე რჩებოდა. მე მივრბოდი გაურკვეველი მიმართულებით და შიშისგან გული გამალებით მიძგერდა. მინდოდა მარჯვნივ გამეხედა, მაგრამ ვერ ვბედავდი.
- "ნუთუ ვერავინ ამჩნევს რომ ძაღლების არმია დასაგლეჯად მომდევს?!".
ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი, ერთდროულად დიდზე გადამედგა ფეხები და თან სწრაფადაც მემოძრავა.
- "დაიყვირე! დაიყვირეე!" - მეძახდა საკუთარი თავი, თუმცა ამაოდ. მინდოდა მეყვირა და ვერ ვყვიროდი, წინ მივიწევდი და მეჩვენებოდა, რომ გზა ჩემ უკან მოკლდებოდა, წინ კი უსასრულოდ იწელებოდა. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ უბრალოდ ცუდი სიზმარია და ყველაფერი დამთავრდება, როგორც კი გამოვიღვიძებ-მეთქი... ირგვლივ მწვანე და ლურჯი ფერები ერთმანეთში აირია. საკუთარი გახშირებული სუნთქვა და ძაღლების ყეფა შორიდან ჩამესმოდა. არ მახსოვს, როგორ შევაბიჯე ეკალ-ბარდებში, მაგრამ როცა გონს მოვედი, უკვე ძალიან ღრმად ვიყავი შესული, ეკლები მცოცავი მცენარეების მსგავსად მეხვეოდნენ ფეხებზე და წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი, ვეცემოდი და წამოდგომას ვცდილობდი. უკან მივიხედე, ძაღლებს ალყა შემოერტყათ და დაბრკოლების გადალახვას ვერ ბედავდნენ, თუმცა კი ისე მიცქერდნენ, როგორც უდაბნოში დაკარგულნი წყლით სავსე ტოლჩას.
კვლავ მარჯვნივ გავიხედე და წამიერად თბილმა ჟრუანტელმა დამიარა, როცა ჩემ საშველად მოსული სილუეტი დავინახე... მაგრამ მაიკი ვიცანი თუ არა, ადგილზე გავიყინე.
- ნუ გეშინია! - დამიძახა და ძაღლებს ხის ტოტი ესროლა. - დამშვიდდი და ჩემკენ წამოდი.
ძაღლების მოგერიება ერთი ხელის მოქნევით შეძლო. ძალიან შემრცხვა, თუ ეს ასეთი მარტივი იყო, მე რატომ ვერ მოვიფიქრე?
- არ შემიძლია... - აღმომხდა არაერთი წარუმატებელი მცდელობით სასოწარკვეთილს, ხმა მიკანკალებდა.
- საერთოდ, მანდ როგორ შეაღწიე? - დაიძახა გაბრაზებულმა და ჩემკენ წამოვიდა.
- არ ვიცი... - დავიჩურჩულე და დახეულ კედებს დავხედე. მთლიანად ვკანკალებდი, ხან მამცივნებდა, ხან კი მთელი სხეული მიხურდა და სული მეხუთებოდა.
-კარგად ხარ? - მაიკმა როგორღაც შემოაღწია ჩემამდე და ხელში ამიყვანა. ხელები მორიდებულად შემოვხვიე ყელზე და მზერა ისევ მისი მეგობრებისკენ გავაპარე. მაქსიმი არსად ჩანდა... მაიკი დამეხმარა ეკალ-ბარდებისგან თავის დაღწევაში და ძირს ჩამომსვა.
-მადლობა, მაიკ! - ვუთხარი გულწრფელად და დავემშვიდობე დიალოგის თავიდან ასაცილებლად.
სკოლაში დავბრუნდი, ბუფეტში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი. მუხლები მეკვეთებოდა, მღელვარებისგან ვთრთოდი. ვცდილობდი გამეაზრებინა, რომ რამდენიმე წუთის წინ ძაღლებმა კინაღამ დამგლიჯეს და იქვე მდგომმა ოცნების პრინცმა არც კი შემამჩნია.
"რა სულელი ხარ! იდიოტი!" -ვუმეორებდი საკუთარ თავს. "დამთავრდა!"- გადავწყვიტე, შემეწყვიტა არარეალურზე ოცნება და უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დამეტვირთა თავი. გადაწყვეტილება მტკიცე იყო, მაქსიმი თავიდან ამოვიგდე!
გადაფურცლეთ{{ArticleSplitCont}}
***
ოდესმე გიფიქრიათ, რა საოცარია, როგორ მისდევს დღე დღეს ისე, თითქოს არაფერი იცვლება და ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ აღარაფერია ისე, როგორც ადრე იყო? ზუსტად ასე გაიარა იმ სასწავლო წელმა. ბევრი რამ ვისწავლე, შევიძინე ახალი მეგობრები, დავემშვიდობე ძველებს, გავხდი უფრო თავდაჯერებული... ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ცხოვრების იმ ადრეულ ეტაპზე ვისწავლე, იყო ის, რომ არასდროს არაფერია ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, წარსულში დაბრუნდებოდი თუ მომავალს ნახავდი? - ვკითხე სესის, რომელიც მადიანად შეექცეოდა შოკოლადის ფილას.
- მმმმ... - ჩაფიქრდა. - სიმართლე გითხრა - წამოიწყო და სულის შებერვით სახეზე ჩამოვარდნილი კულული უკან გადაიწია. - ალბათ... წარსულშიც წავიდოდი, მომავალშიც, თუ ოდესმე სადმე შოკოლადი მინახავს, ყველას ერთად მოვუყრიდი თავს და ბოლოს ისევ აქ დავბრუნდებოდი და დავტკბებოდი ბედნიერებით. - თავიდან სერიოზული გამომეტყველებით ვუსმენდი, ბოლოს გულიანად გამეცინა. სესიმაც გაიცინა.
არ მახსოვს, როგორ გადაიზარდა ჩვენი "სიძულვილი" მეგობრობაში, მაგრამ ეს საუკეთესო გარდაქმნა იყო მათ შორის, რისი მოგონებაც შემიძლია. გოგონა, მაყვლისბუჩქისოდენა თავით (თმით) და წვრილი ხმით, ქედმაღლური გამომეტყველებითა და ბრენდული, ძვირად ღირებული, უგემოვნო ტანსაცმლით, მოულოდნელად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა. მისი კულულები, რაც ასე მაღიზიანებდა, როცა ჩემ წინ მერხთან იჯდა, მოგვიანებით უზომოდ შემიყვარდა. სესის ლამაზ თეთრ კბილებს მსხვილი ტუჩები უფარავდა. პატარა კეხი თხელ ცხვირზე მხოლოდ წინა ხედიდან ჩანდა, პროფილში ნაკლს ვერ უპოვიდი, თუმცა ნაკლი მაინც ხმამაღალი ნათქვამია. მოგრძო და ვიწრო თვალის ჭრილი ჰქონდა. ღია თაფლისფერ, მზეზე ოქროსფრად მოელვარე თვალებს გრძელი წამწამები უჩრდილავდა.
ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, არავითარ შემთხვევაში არ დაგიმალავდა, თუ ახალი კაბა გასუქებდა ან ფეხსაცმელი ქურთუკს არ უხდებოდა, მაგრამ ჩემით აღფრთოვანებული იყო და შესაბამისად, მსგავსი რამ იშვიათად ხდებოდა. ნებისმიერ დროს აგიხსნიდა გაკვეთილს, გიპასუხებდა იმდენჯერ, რამდენჯერაც შეკითხვას დაუსვამდი და უანგაროდ დაგაწერინებდა საშინაო დავალებას. მახსოვს, ერთხელ ისტორიის გაკვეთილი გვქონდა. მე დავალება არ მეწერა, სესის კი ეწერა, მაგრამ უხარისხოდ, ხარისხი კი მისთვის უმნიშვნელოვანესი ცნება იყო.
ორივეს გვეშინოდა ჩვენი სახელის გაგონების. მასწავლებელმა ჯერ კლასს მოავლო თვალი, მერე სია ჩაიკითხა და ბოლოს გამოაცხადა, რომ დაფასთან ან მე გავიდოდი დავალების წარსადგენად, ან სესი. ერთმანეთს გადავხედეთ და ის იყო, ხელი ავწიე, რომ მეღიარებინა, დავალება არ მიწერია-მეთქი, სესი უსიტყვოდ წამოდგა და დაფასთან გავიდა. გადავრჩი. ვიგრძენი, თვალები ცრემლებით როგორ ამევსო და თავი დავხარე. ოქროს მედლის ასაღებად იბრძოდა, დღე და ღამე წიგნებში ჩაერგო თავი და თავს დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ვიცოდი, ეს მისთვის რასაც ნიშნავდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ მისი იმედი ნებისმიერ გასაჭირში უნდა მქონოდა. საოცარი შეგრძნება დამეუფლა.
- იცი, ადრე ვფიქრობდი, წარსულში დავბრუნდებოდი და ბევრ რამეს შევცვლიდი–მეთქი, მაგრამ ცოტა ხნის წინ მესიზმრა, თითქოს დროში ვიმოგზაურე... მაგრამ არაფერი შემიცვლია - ვუპასუხე ისე, მისთვის არ შემიხედავს. ტბის პირას, სკვერში მივსეირნობდით. მწვანე, ალაგ-ალაგ ხეებით მორთულ მინდორს იდუმალი ტბისგან ქვაფენილით მოპირკეთებული ბილიკი მიჯნავდა.
- ძალიან საინტერესოა... თუ გესიზმრა, რომ დროში იმოგზაურე და არაფერი შეგიცვლია, ბედნიერი ადამიანი ხარ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, ან მხოლოდ ისეთი შეცდომები დაუშვი, რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალეს შენ ან შენი ცხოვრება.
არაფერი მიპასუხია, უხმოდ გავუარეთ რამდენიმე ბიჭს, რომლებსაც თავი ხის ძირას მოეყარათ და ლუდს წრუპავდნენ.
- იცი, ხანდახან მინდა, ვინმეს ყოველი ჩემი წარმატება და წარუმატებლობა გავუზიარო, ძილის წინ ტკბილი სიზმრები და ყოველ დილას სასიამოვნო დღე ვუსურვო... - აღტაცებით ლაპარაკობდა, ხან ცაში იყურებოდა, ხან მე მიყურებდა. - ერთად გადაგვხდეს თავგადასავლები, მაჩუქოს შოკოლადები, კომპლიმენტებით გამანებივროს, ერთმანეთთან ისეთები ვიყოთ, როგორებიც რეალურად ვართ და... - უცებ საუბარი შეწყვიტა, მხრები ჩამოუშვა და მინორული განწყობით გააგრძელა. - არ ვიცი, ღირს კი ამაზე ფიქრი? ალბათ, ოდესმე შეყვარებული თუ მეყოლება, უსაზღვრო მოთმინების უნარი და მხურვალე გული უნდა ჰქონდეს... ხომ გაგიგია, თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გაცივდებაო, მე კი ჩემი დატვირთული გრაფიკისა და მშობლების კონტროლის ფონზე, ალბათ, საუკუნეში ერთხელ თუ შევხვდები... მგონი, ვიღაც გვეძახის, - შეჩერდა სესი და ორივე სმენად ვიქეცით, მაგრამ ვერაფერი გავიგონე.
- მოგეჩვენა... - ვუპასუხე და გზა გავაგრძელე.
- არა, არა! აი, კიდევ...
- სესილია! - ამჯერად მეც გავიგონე, ბიჭის ხმა იყო, უკან მივიხედე. გავვოცდი. მიღებული ინფორმაციის გასაანალიზებლად თვალები დავხუჭე და გავახილე. მაქსიმი ჩემკენ მოდიოდა, ახლო მეგობარივით მიღიმოდა და ხელს მიქნევდა.
- არ არსებობს! - აღმომხდა შოკირებულს. მხოლოდ სესიმ გაიგონა და ეჭვის თვალით შეათვალიერა მაქსიმი. გაქვავებული ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. თავიდან გაქცევაც დავაპირე, მაგრამ მივხვდი, უხერხული იყო და ადგილიდან არ დავძრულვარ. სანამ მომხდარის გააზრებას ვცდილობდი, მაქსიმი მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კოცნა იყო, ქუჩაში შემხვედრ ნაცნობს რომ "გადა-კოცნი" ხოლმე, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, ამ კოცნით ვიგრძენი, ფეხქვეშ მიწა როგორ გამომეცალა.
- როგორ ხარ? - მითხრა და წამის მეასედში ათასმა აზრმა გამიელვა თავში. "როგორ ხარ? კარგად შენ? მეც კარგად? როგორც ყოველთვის, მაგრამ მერე? მერე რა უნდა ვუთხრა? ხომ არ ვეტყვი, ახალი რა ხდება, შენკენ-მეთქი? მე ხომ, რეალურად არც ძველი ვიცი? სულელურად გამოვა... იქნებ კვლავ თვითონ გამოიჩინოს ინიციატივა დიალოგის გასაგრძელებლადაც... ჰო, რა თქმა უნდა, სულ დამავიწყდა, სესის გავაცნობ და მერე..."
- კარგად, შენ როგორ ხარ? - "ჯანდაბა, რა ბანალური ვარ, შენგან მეტს ველი, საკუთარო თავო!"
- მეც კარგად... - მაშინ მივხვდი, რომ არც თვითონ გამოირჩეოდა დიდი მჭევრმეტყველებით. სესის ტელეფონმა დარეკა. თავზარი დამეცა, "რატომ მაინცდამაინც ახლა?" ტელეფონს უპასუხა, თვალებით მომიბოდიშა და მოშორებით დადგა.
- იმ ლეღვის ხესთან ვიდექი, დაგინახე, როგორ ჩამოიარე და... როგორც იქნა, გაგაგონე. დიდხანს გეძახდი. - მითხრა ღიმილით და პატარა ნაბიჯი წინ გადმოდგა, მომიახლოვდა.
- ჰოო? - როცა მელაპარაკებოდა, დაძაბული ვუსმენდი და ვცდილობდი, დროულად მომეფიქრებინა პასუხი, რომ რამე სისულელე არ წამომცდენოდა. - და იქ რას აკეთებდი? - შევამჩნიე, რომ ალკოჰოლის სუნი ჰქონდა. - მოიცა, შენ რა, მთვრალი ხარ?! ქუჩაში, ხის ძირას იჯექი და ლუდს სვამდი? სულ გაგიჟდი?
- ჰო, რა მოხდა? - მკითხა ცოტათი გაკვირვებულმა, ცოტათი დარცხვენილმა.
- ასე ბომჟები იქცევიან! - მივუგე მე.
- უნდა წავიდე, - მომესმა ხმა. უკან მოვბრუნდი და დაღონებული სესი დავინახე. - დედამ დამირეკა.
- ასე მალე? ახლა? - მასთან დიდი დროის გატარების იმედი არასდროს მქონია. საათ–ნახევარზე ან ორ საათზე მეტ ხანს მეგობრებთან დროის გატარების საშუალებას არასდროს აძლევდნენ, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო და დავეხსენი უხერხული მდგომარეობიდან.
- ჰო, ზუსტად ახლა... უკვე მომაკითხა. - თავით ქუჩის მხარეს მანიშნა. იქით გავიხედე, მაგრამ მანქანა ვერ დავინახე, ხეები ეფარებოდა.
- მაქსიმს არ იცნობ? - პასუხი კითხვაზე თავადაც ვიცოდი.
- არა.
- გაიცანი, ეს სესია, ეს კი მაქსიმი, ჩვენს სკოლაში სწავლობს.
- სესი? სესილია, სესო, სისი. - გაგვაჯავრა მაქსიმმა. - ყველა გოგოს სესილია ჰქვია, აბსოლუტურად ყველა გოგოს! სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც. - მოკლედ უპასუხა, შეუმჩნევლად გაიღიმა და ჩანთა მარცხენა ბეჭიდან მარჯვენაზე გადაიტანა. - მაგრამ უნდა წავიდე, მარტო დაგტოვებთ.
- კარგია - ისეთი ტონით თქვა მაქსიმმა, მხოლოდ რამდენიმე წამით გვიან მივხვდი ნათქვამის შინაარსს და შეშფოთებულმა შევხედე.
- რა თქვი?
- არაფერი, გაგაცილებთ–მეთქი!
- არა, არა! მარტო წავალ. - შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, მეგობარს გადავეხვიე და სანამ თვალს მოეფარა, შეშინებული, უსუსური მზერა არ მოვაშორე.
- ისე იყურები, თითქოს ამ წამს გასაჭირში მიგატოვესო.
- მეე? არა, რას ამბობ. - უხერხულობის დასაფარავად გავიღიმე და ვეცადე, სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. - რამდენი წლის ხარ? ჯერ ძალიან ადრე ხომ არაა ქუჩაში დგომა და ლოთობა? სხვა გასართობი ვერ ნახე?
- დედაჩემივით ნუ ლაპარაკობ. - გამიცინა, ლოყაზე მიბწკინა და ხელი შემომხვია. - წამოდი, გავისეირნოთ.
- მერე, შენი მეგობრები არ გელოდებიან? - ვუთხარი და მისი ხელი მხრიდან მოვიშორე.
- რა უკარება ხარ?!
- უბრალოდ, ასე მირჩევნია...
- და ბავშვური... შენ თვითონ რამდენი წლის ხარ?
- ცამეტის.
- რაა?! სერიოზულად?
- ჰო, შენ რამდენი წლის გეგონე?
- პატარა ხარ! - მისი სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს საკუთარ თავს აფრთხილებდა.
- ვიცი.
- ჰოო? - გაეცინა და თმა გადამიწია. - შენს ადგილზე ნებისმიერი შემეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შენ იცი თურმე... საყვარელი ხარ.
- მადლობა - ღაწვები შემიფერადდა.
- რაც შეეხება დალევას, - დაიწყო ბრძნულად. - თავს მარტო ვგრძნობ, არავინ ზრუნავს ჩემზე და ამიტომ გავლოთდი...
ორივეს გაგვეცინა.
შებინდებამდე ვისეირნეთ, ლამპიონებით განათებულ ბილიკებს მივუყვებოდით და ირგვლივ ყველაფერი ზღაპრული იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ასე აღვიქვამდი მაშინ. დაძაბულობა მალევე მომეხსნა და საოცარი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემში დაისადგურა ერთდროულად მსოფლიოში ყველაზე მშვიდმა და ყველაზე მღელვარე ადამიანმა. იმ ღამეს სახლამდე მიმაცილა და ჩემი ნომერი ჩაიწერა. კიბე ცეკვა-ცეკვით ავიარე, სხეულს სიყვარულის მელოდიას ვაყოლებდი. იმ მომენტში არ ვიცოდი, რა იქნებოდა 5 წლის შემდეგ ან 10 წლის შემდეგ, ვინ მეყვარებოდა და ვის გვერდით ვიქნებოდი, მაგრამ იმ წამს მიყვარდა ჩემი ბავშვური სიყვარულით და მინდოდა, ეს სიყვარული არასდროს დამთავრებულიყო.
გადაფურცლეთ{{ArticleSplitCont}}
***
- მივედით! - ფეხზე ადგა და დამეხმარა ჩამოვსულიყავი, შემდეგ სახვევი მომხსნა და თვალები გავახილე. თითქოს სხვა პლანეტაზე ვიყავი, სხვა გალაქტიკაში...
ტყეში ვიყავით, თუ შეიძლება ტყე ვუწოდო იმ ზღაპრულ ადგილს... რეალობასთან უფრო ახლოს იქნებოდა, რომ მეთქვა, სამოთხეში ვიყავით-მეთქი. სამოთხეც ყოველთვის ზღაპრული წარმომედგინა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რასაც იქ ვხედავდი.
დიდ, მწვანე ხალიჩას გარს ერტყა ხავსმოდებული ხეები, თითქოს იმ ადგილს უფრთხოდნენ და შორიდან უცქერდნენ. ჰაერი წვიმისა და სიყვარულის სურნელით გაჟღენთილიყო, რაც ალბათ ყველაზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა. მინდორი თეთრი გვირილებით იყო მორთული, ყვავილების ფოთლებზე ჩამოკიდებული წვიმის წვეთები კი ბრილიანტის ნატეხებივით ბრწყინავდა. გაზაფხულის კეკლუცი მზე ისედაც სასიამოვნო არომატს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
ის დუმდა, ცდილობდა, ჩემს სახეზე ემოციები ამოეცნო... მე კი, გაოგნებული ვაცეცებდი თვალებს, მინდოდა ულამაზესი პეიზაჟი სამუდამოდ და ცხადად გამჯდარიყო ჩემს გონებაში, რომ ის გრძნობა მრავალჯერ განმეცადა და თუ ისე ძლიერ არა, ცოტათი მაინც მესიამოვნა მოგონებებით.
- რა სილამაზეა... - ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ხდებოდა. სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა. მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა, სულშიჩამწვდომ, მწველ მზერას არ მაშორებდა. სახე ხელებში მოიქცია, სუნთქვა შემეკრა.
- რეალობაა, ყველაზე ტკბილი რეალობა! ჩვენი ერთად ყოფნის, ზღაპრული რეალობა... მინდორზე დავწექით, თავი მხარზე დავადე, ორივე დავდუმდით. ფიქრებმა გამიტაცა. რა იქნებოდა მაშინ, როცა ერთმანეთს შევაბერდებოდით? ის რომ ჩემზე ადრე წასულიყო ამ ქვეყნიდან? ალბათ, ჩემს სულსაც თან წაიყვანდა, მე კი ზომბად ვიქცეოდი. ზომბად, რომელიც მოვალეობის მიზნით სუნთქავს, არსებობს... ან რა იქნებოდა, თუ მე წამიყვანდა სიკვდილი მასზე ადრე? როგორ გადაიტანდა უჩემობას? ნეტავ, შეეჩვეოდა თუ გაუჭირდებოდა მარტოობა? მაგრამ ყველაზე მეტად იმის წარმოდგენა გამიჭირდა, რომ ქორწინების შემდეგ ან სიბერეში გავცივდებოდით ერთმანეთის მიმართ და ჩვენ შორის სითბოს სიცივე შეცვლიდა... ჩვენი სიყვარული გაფერმკრთალდებოდა... ჩვენი არა! საკუთარი გრძნობების უკვდავებაში სრულიად დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ... თუ მას აღარ ვეყვარებოდი ძველებურად... თუ ასე უნდა მომხდარიყო...
- რაზე ფიქრობ? - დუმილი დაარღვია.
- მეშინია...
- რისი გეშინია? ჩემი? - გაიცინა.
- სიბერის მეშინია, იმის, რომ როცა დავბერდები, ძველებურად აღარ გეყვარები.
გაკვირვებული მზერა ღიმილმა შეცვალა.
- ყოველთვის მეყვარები...
- როგორ ფიქრობ, რომეოს და ჯულიეტას ერთმანეთი უყვარდათ?
- იდეაში კი... რომ არ ყვარებოდათ, ალბათ, თავს არ მოიკლავდნენ.
- თვითმკვლელობა - ეგოიზმია, ერთი დანახვით შეყვარება - სისულელე!
- მე ერთი დანახვით შემიყვარდი.
- არ მჯერა... შენ ერთი დანახვიდან მეორე დანახვამდე არც კი გემახსოვრებოდი! იცი, რას ვფიქრობ? რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული სულაც არ არის სიყვარული, ისინი უბრალოდ ვნებამორეული, დეპრესიული ახალგაზრდები იყვნენ...
- რატომ ფიქრობ ასე?
- დაბრკოლებები ერთად რომ გადაელახათ და მათი ისტორია ბედნიერად დასრულებულიყო, ანუ დაქორწინებულიყვნენ, შესძენოდათ ბავშვები და ეცხოვრათ დიდხანს და ბედნიერად, ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი სინამდვილეში, არც ისე დიდხანს იქნებოდა ბედნიერი. ფეხმძიმობის შემდეგ ჯულიეტა აღარ იქნებოდა ძველებურად ქარიზმატული, სექსუალური, სხეულის კიდურები დაკარგავდა ფორმას და რომეოს სიყვარული ჯულიეტასადმი მართლაც რომ გაფერმკრთალდებოდა... ახალ ჯულიეტას გაიჩენდა.
- შენს გრძნობებში თუ გეპარება ეჭვი, შეგიძლია პირდაპირ მითხრა... მე კი, ვიცი, რომ ყოველთვის მეყვარები.
- სიმართლე გითხრა, ჩემს გრძნობებში კი არა, უფრო შენს გრძნობებში მეპარება ეჭვი. „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ წაგიკითხავს?
- დიდად არ ვგიჟდები კითხვაზე...
- მთავარ პერსონაჟს ამ რომანში ორი კაცი უყვარს... ერთ-ერთ ეპიზოდში ის ლინტონისადმი თავის სიყვარულს გაფოთლილ ხეს ადარებს, რომელსაც დრო და ჟამი შეცვლის, ზამთარი გაანადგურებს. „აი ჰიტკლიფი კი სხვანაირად მიყვარს: ეს გრძნობა მიწის წიაღში გაქვავებულ ძველისძველ ქანებს ემსგავსება. ის არის არცთუ დამატკბობელი, თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი წყარო. ჰიტკლიფი, ეს მე ვარ! ის სულ ჩემს გულშია“ - ასე აღწერს მეორესადმი გრძნობებს. ჩემთვის კი, ვფიქრობ, ჰიტკლიფიც შენ ხარ და ლინონიც.- მთელი ეს დრო მდუმარედ მიყურებდა, თითქოს არაფერი ესმოდა. - ხმა ამოიღე, მითხარი რამე!
- მიყვარხარ. ცოტა ხანს დამშვიდდი, ნერვიულობა შეწყვიტე და დატკბი ამ წამით.
მართლაც დავმშვიდდი, შუბლზე ვაკოცე და მოულოდნელად საიდანღაც მუსიკის ხმა მომესმა... სიყვარულის მელოდია? არა, ეს მაღვიძარა იყო!
ამბობენ, რომ სიზმარი ისაა, რაზეც გიფიქრია... ხშირად ისეთი სიზმარიც გვესიზმრება, რაზეც არასდროს გვიფიქრია... ადამიანები მრავალი საუკუნეა სიზმრის ახსნას ცდილობენ, მაგრამ ეს ფენომენი ამოუცნობია. შეისწავლეს ძილის ფაზები, ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თუმცა საიდან მოდის ზმანება? დღემდე ვერც ერთ სამეცნიერო კვლევით ცენტრში ვერ დაადგინეს. ნებისმიერ სიზმარს მრავალნაირი ახსნა მოეძებნება, ამ შემთხვევაში კი ჩემი სიზმრის მიზეზი ჯერ მოუპოვებელის დაკარგვის ფობია იყო.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი