რა არის ძალადობა? რა მოტივით ძალადობენ ან რა შედეგები მოჰყვება ამას? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვებზე არსებობს კონკრეტული პასუხები, ხალხი მაინც ინდივიდუალურად აღიქვამს ამ საკითხს.
ადამიანები ხშირად უკიდურესობებში ვარდებიან და თვლიან, რომ ძალადობა ქალთან იძულებით დამყარებული სექსუალური აქტი ან გამოსასყიდის მიღების მიზნით ვინმეს მოტაცებაა. არსებობენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ სუბიექტური აზრის დაფიქსირება და შეხედულების გაზიარებაც დანაშაულია. რეალურად, ძალადობა ძალის აშკარა ან ფარული გამოყენებაა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. ანუ ჩვენ, ყველანი ყოველდღიურად ვხდებით ძალადობის მსხვერპლი, უცნობებისა და ნაცნობებისგან, ოჯახის წევრებისა და რიგ შემთხვევებში მეორე ნახევრებისგანაც. ის, რაც 90-იან წლებში სიყვარულით თავდავიწყებული მამაკაცისგან სრულიად ბუნებრივ, რომანტიკულ ქმედებად ითვლებოდა, სისასტიკე, შეურაცხყოფა და იძულებაა. ძალადობის გავრცელებული ფორმებია ქმრის ძალადობა ცოლზე, მშობლის ძალადობა შვილზე, ოჯახური ძალადობა, ძალადობა მოხუცზე, მაგრამ არსებობს ძალადობის ისეთი ფორმებიც, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. ესენია:
1. ძალადობა მესამე პირზე შედარებით, სხვისი ცხოვრებისეული გამოცდილებით მანიპულირება.
ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ტიპის სირთულეებს ვაწყდებით და ხანდახან ისე ხდება, რომ ის, რაც პირველკლასელი მოსწავლის ძალებს არ აღემატება, ზრდასრული ადამიანისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. გარდა ასაკობრივი უნარებისა, ინდივიდუალური შესაძლებლობების ფაქტორიც საგულისხმოა. ყველას არ შეუძლია ერთნაირი დაბრკოლებების დაძლევა, ერთნაირი ტკივილის და გასაჭირის ატანა, მოთმენა. ალბათ, პრობლემებით დაღლილსა და სასოწარკვეთილს თქვენც ბევრჯერ მოგისმენიათ," დიდი ამბავი, შენ იცი, მამიდაჩემი რას უძლებდა?" ან - "რა გატირებს, შენს დას/ძმას შეხედე, როგორ ჭკვიანურად იქცევა, შენსავით მტირალა კი არაა", - "მაგაზე უარესი პრობლემა არ შეგახვედროს ღმერთმა, ეგ რა არი, შენი იცი, მე რისთვის გამიძლია?". შეეგუო იმას, რაც შენთვის გაუსაძლისია, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა უძლებს ამას ან ამაზე უარესს, ალოგიკურია. ყოველ ინდივიდს სამყარომ თავისი წილი ძალა, სისუსტე, მოთმინება, დადებითი და უარყოფითი თვისებები უბოძა.
2. დიპლომატიური ძალადობა, "ჩემი ხათრით გააკეთე ეს, თუ შენთვის რამეს წარმოვადგენ".
ადამიანები ზოგჯერ აიძულებენ სხვას ვინმეს ხათრითა და რიდით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. რეალურად, სხვისი აზრის გათვალისწინება სულაც არ გამორიცხავს თავისუფალ ნებას. მაგრამ როდესაც კატეგორიულად მიგითითებენ, თუ რა უნდა გააკეთო ხათრის გამო და უხერხულ მდგომარეობაში გაყენებენ, ეს ძალის აშკარა გამოყენებაა ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ნებით დათანხმება ვერ მოხერხდა.
3. კეთილი საქმით დავალდებულება.
ეს არის ძალადობა, რომლის დროსაც ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, თავისი ნებით გეხმარება, გასაჭირში მხარში გიდგება და სანაცვლოდ, მოგვიანებით, გარკვეულ მოთხოვნებს გიყენებს. მადლიერების გრძნობის გარეშე ყველანაირი ურთიერთობა კარგავს ფასს, გაკეთებული სიკეთის დაფასება ყველას უნდა შეეძლოს. მაგრამ, თუ თავად უწვდით დახმარების ხელს წაქცეულ ადამიანს, საკუთარი ნებითა და სურვილით, არ გაქვთ უფლება, საპასუხოდ რამე მოსთხოვოთ მას, როცა წამოდგება. თუ უანგაროდ, სარგებლის მიღების გარეშე სიკეთის კეთება არ შეგიძლიათ, უმჯობესია, თავიდანვე წაუყენოთ პირობები მას, ვინც თქვენგან უანგარო სიკეთეს ელის და ამ შემთხვევაში, სიტუაცია გარიგებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე ძალადობას.
4. სიტყვიერი ძალადობა, "ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი".
ამ ტიპის ძალადობა ხშირია ოჯახებში, რომლების "თავებადაც" კაცები მოისაზრებიან. მსგავს დამოკიდებულებას ასევე ხშირად ვხვდებით მშობლებსა და შვილებს შორისაც. რეალურად, ამ ტიპის მოძალადეები ვერ იაზრებენ დანაშაულის სიმძიმეს. ისინი თვლიან, რომ თავად უკეთ იციან, რა იქნება მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უკეთესი და ამიტომ თავს უფლებას აძლევენ, თავად გადაწყვიტონ. ყველაფერი ისე, როგორც ერთ ადამიანს უნდა, მხოლოდ მაშინაა, როცა ეს უკანასკნელი მარტოა. როცა ურთიერთობ პარტნიორთან, მეორე ნახევართან, შვილთან, ვალდებული ხარ, პატივი სცე მის აზრს, სურვილებსა და შეხედულებებს. რაც შენთვის მიუღებელია, მიუთითო და აუხსნა, რატომ ფიქრობ ასე, მოისმინო მისი განმარტებაც და ბოლოს ერთად, შეთანხმებულად მიიღოთ გადაწყვეტილება. ოჯახის სიმყარე დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. როცა ცხოვრებას სხვა ადამიანებს უკავშირებ, ქმნი ოჯახს, უნდა გქონდეს გააზრებული, რომ აღარ ხარ მარტო შენ, შენ გვერდით არიან სხვებიც.
5. ფიზიკური ძალადობა.
ასეთ დროს მეტ-ნაკლებად ყველა იაზრებს დანაშაულის სიმძიმეს, მაგრამ ხშირად ეგუებიან, რადგან მოძალადეს საამისო მიზეზი ჰქონდა... ან მსხვერპლმა სანათესაოსგან არ აიღო ნებართვა, როცა ამ უკანასკნელს დაუკავშირა ცხოვრება, ან მსხვერპლსა და მოძალადეს შორის მყარი ნათესაური კავშირია. მნიშვნელობა არ აქვს, რამ განაპირობა აგრესიული ქმედება ან რა შედეგები მოჰყვა ამას - ტვინის შერყევა თუ წამიერი, უკვალო ტკივილი. თავს უშველეთ, რადგან ეს კვლავ გამეორდება, ისევ და ისევ, სანამ ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად განადგურდებით.
მერიემ კაკაურიძე