1908 წლის მარტში, “გრანდ ოპერის” გვირაბების შემოწმების დროს, მუშებმა ერთი კედელი მოანგრიეს, რომელიც მეზობელ სარდაფში გასასვლელ გზას ბლოკავდა. კედლის მიღმა ადამიანის ჩონჩხი იპოვეს…
მსოფლიოში ყველაზე დიდი ოპერის დირექტორს სკანდალის შეეშინდა და გადაწყვიტა ჩონჩხი თავისი მეგობარი ჟურნალისტისთვის ეჩვენებინა. გასტონ ლერუ ნამდვილი პროფესიონალი იყო და ყოველი სტატიის დაწერას, დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ის არასოდეს წერდა შოკისმომგვრელ, შეურაცხმყოფელ და სკანდალურ სტატიებს. გასტონ ლერუს ყურადღება ჩონჩხის უცნაური ფორმის თავის ქალამ მიიპყრო. ის ძალიან დეფორმირებული იყო. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისი ჩონჩხიც ოპერის კედელში იყო ნაპოვნი, ცხოვრებაში წარმოუდგენლად მახინჯი იყო. ჩონჩხს თითზე ძვირფასი ბეჭედი ეკეთა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში უნდა ყოფილიყო დამზადებული.
პარიზის გრანდ ოპერის შენობა ცნობილია თავისი სილამაზით. მნახველები მისი მდიდრული ინტერიერის ხილვისას აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ოპერის მიწისქვეშა გვირაბები კი ერთ-ერთია, პარიზის ცნობილი ლეგენდებიდან. ისინი უზარმაზარია და რამდენიმე დონეს შეიცავს. ამ მიწისქვეშა ლაბირინთებში ადვილად შეიძლება დაკარგვა. ოპერის ცენტრში კი ნამდვილი მიწისქვეშა ტბაა, რომელიც გამოიყენება როგორც წყლის რეზერვუარი, ხანძრის შემთხვევაში.
გასტონ ლერუ შოკირებული იყო ჩონჩხის სიმახინჯით და გადაწყვიტა გაეგო ვის ეკუთვნოდა ის. ბეჭდის ფოტო ყველა გაზეთში გამოაქვეყნეს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ, გასტონმა ოპერის რამდენიმე ძველი თანამშრომელი მოძებნა, რომლებმაც ერთი ისტორია უამბეს.
ოპერის მშენებლობაზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი იმდენად მახინჯი იყო, რომ ნიღბის გარეშე არ ჩნდებოდა ხალხში. მას ყველა ერიდებოდა და დანახვისთანავე პირჯვარს იწერდნენ. წარმოშობით, არქიტექტორი ერთ-ერთი ფრანგული სოფლიდან იყო. დედა მსუბუქი ყოფაქცევის ჰყავდა, რომელიც ორსულობას მალავდა და მუცელზე კორსეტს ატარებდა. სწორედ ამიტომ დაიბადა ბავშვი მკვეთრად დეფორმირებული თავის ქალით… დედამ ის ბოშებს მიჰყიდა, როგორც იშვიათი გარეგნობის მქონე ადამიანი (freak show-სთვის), მაგრამ არქიტექტორი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო…
მას არ ჰქონდა ბინა, ამიტომ დირექციამ ოპერაში ერთი ოთახი გამოუყო საცხოვრებლად. საცოდავს გოგონათა დასის ერთ-ერთი წევრი შეჰყვარებია, რომელმაც არ უპასუხა სიყვარულით. არქიტექტორმა ის როგორღაც თავის სახლში შეიტყუა და ორი კვირის მანძილზე სარდაფში მალავდა. შემდეგ თავისი ნებით გაუშვა… თვითონ კი გაქრა. ამბობენ, რომ მან ოპერის მიწისქვეშა გვირაბებში, საკუთარი თავი კედელში თავისი ნებით გამოამწყვდია და ასეთი შემზარავი სიკვდილი არჩია.
ამბობენ, რომ მისი მოჩვენება დღესაც დაძრწის ოპერის შენობაში და საიდუმლო გასასვლელების მეშვეობით, რომლებიც თვითონ ააშენა, ყველგან შეუძლია შეღწევა.
ლერუს ეს ვერსია მოეწონა, მაგრამ თავისი ინტერპრეტაციაც შეიტანა, მეტი რომანტიკისთვის. იდუმალ დასახიჩრებულ ადამიანს – ერიკი დაარქვა და გენიალური კომპოზიტორიც გახადა. მისმა შეყვარებულმა მიიღო სახელი – კრისტინა. სწორედ ასე შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თრილერი ლიტერატურის ისტორიაში. რომანი “ოპერის ფანტომი” 1910 წელს დაიბეჭდა.
თეა ინასარიძე