განქორწინება ძალიან სენსიტიური და რთულად გადასატანია. ასეთ დროს ერთგული, მზრუნველი მეგობრებია საჭირო, მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი?
ხომ შეიძლება, მათ მიერ ნათქვამმა ერთმა უმნიშნელო სიტყვამ კიდევ უფრო დაამძიმოს ახლად განქორწინებულის სულიერი მდგომარეობა? ამერიკელი ფსიქოლოგები მათ 13 რჩევას აძლევენ, რომელთა მეშვეობითაც მეგობრის დახმარებას შეძლებთ:
1. ექსპერტები თანხმდებიან, რომ იმის გარკვევა, თუ ვინაა დამნაშავე ცოლ-ქმრის ურთიერთობების არევაში, უშედეგოა და მსგავსი სჯა-ბაასი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. არასდროს ურჩიოთ მეგობარს განქორწინება, ეს მას უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებს და ქმრის დადებითი მხარეების მოშველიებას დაიწყებს. ერთადერთი, რაც მეგობრისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, გვერდით დგომაა. მან უნდა იცოდეს, რომ მარტო არაა.
2. განქორწინებას თან ახლავს ქაოსი და არეულობა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, დაიწყოთ მეგობრის კონტროლი და მისი ნაბიჯების თვლა. თქვენ უბრალოდ მრჩევლის ამპლუიდან უნდა უყუროთ მის გადაწყეტილებებს და საჭიროების შემთხვევაში (რაც მსგავს სიტუაციაში გარდაუვალია) დახმარების ხელი გაუწოდოთ. უნდა ასწავლოთ, დეპრესიის დროს როგორ მართოს საკუთარი ქმედებები. ურჩიეთ დახვეწოს სხეულის ენა, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით და არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოს მომავლის იმედი.
3.ზოგჯერ კი საერთოდ არაფრის თქმა არაა საჭირო და უბრალოდ მოსმენაა საკმარისი. ასეთ დროს ადამიანებს სჭირდებათ ვინმე, ვისაც ენდობიან და გულს გადაუშლიან. სულაც არაა საჭირო, მწარე სიმართლე მიახალოთ, საკმარისია იყოთ კარგი მსმენელი.
4. თუ ერთად დიდი დროის გატარება გიწევთ, ერთად მუშაობთ ან მეზობლები ხართ, მაინც ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მასთან. ასეთ სიტუაციაში ხომ ადამიანები არაკომუნიკაბელურები და ჩაკეტილები ხდებიან. ეცადეთ, მის გეგმებს დაამთხვიოთ საკუთარი და თუ მას არ აქვს საჯარო შეკრებებზე სიარულის სურვილი, დროებით თქვენც უარი თქვით ამაზე და მშვიდი საღამოები ერთად გაატარეთ.
5. გახდით უფრო მოსიყვარულე მის მიმართ. შეიძლება თქვენს მეგობარს საერთოდ არ უყვარს ჩახუტება და სითბოს გამოხატვა, მაგრამ ფსიქოლოგთა თქმით, ახლად განქორწინებულს ზედმეტი ყურადღება სჭირდება.
6. თქვენი მეგობარი აბსულუტურად უნდა გენდობოდეთ თქვენ და არც ერთი წამით არ უნდა მისცეთ საშუალება, ჩაგთვალოთ ჭორიკანად, რომელიც დაშორების შემდეგ ყველას მოუყვება ახალ ისტორიებს. მას უნდა მიანიშნოთ, რომ თავადაც გჭირდებათ მისი რჩევები. მოუყევით თქვენი ისტორიები, თუმცა ამით თავი არ შეაწყინოთ.
7. როცა ჩათვლით, რომ ის მზადაა, დაპატიჟეთ კინოში ან კაფეში, არ მისცეთ სახლში ჩაკეტვის უფლება.
8. ხშირად განქორწინებას თან ახლავს უძილობა და საჭმელზე უარის თქმა. აკონტროლეთ მეგობარი, არ მიიღოს ენდორფინი ან სხვა მედიკამენტები.
9 ახლად განქორწინებულები კარგავენ ყოველგვარ ინტერესს. მათ აღარც გართობა იზიდავთ და აღარც საყვარელი საქმე ანიჭებთ სიამოვნებას. ასე რომ, გაიხსენეთ, რისი კეთება მოსწონს და მასაც შეახსენეთ ეს.
10. თუ განქორწინებულ წყვილს ბავშვიც ჰყავს, ეს კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის საკითხს. ბავშვი შეიძლება დაეხმაროს მათ ან პირიქით. ეცადეთ, შვილთან ურთიერთობაში შეუწყოთ ხელი, მაგრამ დაიცავით ზღვარი, არ ჩაერიოთ დედა-შვილის კამათში. კარგი იქნება, თუ ბავშვს თქვენთან წაიყვანთ ხოლმე. ამით მეგობარს საკუთარ თავთან დარჩენის საშუალებას და მომავალზე დაფიქრების საშუალებას მისცემთ.
11. იარების მოშუშების აპრობირებული მეთოდი სიცილია. მიეცით მას სიცილის მიზეზი, ხშირად იხუმრეთ და გაახალისეთ მეგობარი.
12. დაეხმარეთ ადვოკატის არჩევაშიც. შეიძლება თქვენი მეგობარი იმდენად დაბნეულია, მზადაა, პირველივე შემხვედრი დაიქირავოს. თქვენ კი მას რეალობის დანახვაში უნდა დაეხმაროთ.
13. განქორწინების შემდეგ ყველაზე რთული ყოფილთან ურთიერთობაა. უბიძგეთ მეგობარს, შეინარჩუნოს მასთან ნორმალური ურთიერთობა, თუმცა ზედმეტად არ ჩაერიოთ პირად ურთიერთობებში.
მარიამ ელიაშვილი