რა ხდებოდა წლების მანძილზე "საშინელებათა სახლში", სადაც სამართალდამცველებმა მშობლების მიერ ნაწამებ 13 ბავშვს მიაგნეს, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.
ლუის და დევიდ ტურპინებს საკუთარი შვილები ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული ბინძურ ოთახში. ბავშვებს არ აჭმევდნენ საჭმელს და არ აძლევდნენ კონტაქტის უფლებას უახლოეს ნათესავებთანაც კი.
შემთხვევა კალიფორნიაში, პერისში მოხდა. წყვილის 17 წლის შვილმა მოახერხა, თავი დაეხსნა ჯაჭვებისგან, ფანჯრიდან გადამხტარიყო და სამაშველო სამსახურში დაერეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი საშინელი სურათი დახვდათ - 13 მშიერი ბავშვი, საშინელ სიბინძურეში, ავეჯზე იყო ჯაჭვებით დაბმული. მშობლები მაშინვე დააპატიმრეს, ბავშვები კი სოციალური სამსახურების მუშაკებმა წაიყვანეს და საჭირო მკურნალობას უტარებენ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტურპინების სახლში მიმდინარე საშინელი ამბების შესახებ, მეზობლები წყვილის უცნაურ საქციელზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი კულტის წევრები ეგონათ.
ცნობილია, რომ დევიდი და ლუიზი ელვის პრესლის თაყვანისმცემლები იყვნენ და რამდენჯერმე განაახლეს საქორწინო ფიცი. ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები მათ "ფეისბუქზეც" განათავსეს, შვილებს ერთნაირი სამოსი აცვიათ.
"ტურპინები ყველასგან განმარტოვებით ცხოვრობდნენ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ მეზობლებთან და გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გაურკვეველი კულტის წევრები არიან.
"ჰელოუინში" ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახის ბავშვები იღებენ მონაწილეობას, თუმცა ტურპინების შვილები არასოდეს დაგვინახავს. თანაც, "ჰელოუინზე" ტკბილეულის სათხოვნელად ამ უცნაურ ოჯახთან მისვლას ბავშვებიც კი ვერ ბედავდნენ. ეს არის სახლი, სადაც შესვლა არავის სურს", - ამბობს მეზობელი კიმბერლი მილიგანი.
ტურპინების სახლი მათ უბანში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია - ის 300 ათას დოლარად არის შეფასებული. გამოცემა Radar Online-ის ინფორმაციით, დევიდს კარგი შემოსავალი ჰქონდა.
ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ რამდენჯერმე დაინახა, როგორ ასრულებდნენ ტურპინები შუაღამისას უცნაურ რიტუალს.
"ექიმი ვარ და ხშირად გამთენიისას მიხდება სახლში მოსვლა. დაახლოებით 3 საათი იყო, როდესაც დავინახე, როგორ დადიოდნენ წრეზე მათი შვილები და ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდნენ. ძალიან უცნაური იყო", - ამბობს მეზობელი. გაგრძელება