ცოტამ თუ იცის, რომ გამომგონებელი, რომელმაც 15 წლის ასაკში რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საკვები, 16 წლის ასაკში კი დიაბეტიანების პური გამოიგონა, ქართველია.
გიორგი ფხაკაძე ახლა 18 წლისაა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს. ის ჯერ რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საკვებზე, შემდგომ კი დიაბეტიანების პურზე თანატოლ მეწყვილესთან, მარიამ ერაძესთან ერთად მუშაობდა.
გიორგის პირველ გამოგონებას, რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საკვებს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, დიაბეტური პურ-ცომეულისგან განსხვავებით. ამ უკანასკნელმა ახალგაზრდა გამომგონებელს IYIPO 2016-ის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი, მოგვიანებით კი კონკურსზე, "ლეონარდო და ვინჩი" პირველი ადგილი მოუტანა.
- რას საქმიანობ, სად სწავლობ და რა მიღწევები გაქვს, გარდა იმისა, რომ დიაბეტური საკვები გამოიგონე? რამდენიმე სიტყვით გააცანი მკითხველს თავი...
- ამჟამად ვარ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საკვებზე ნამუშევარი, მაგრამ ეს პროექტი არ იყო იმდენად წარმატებული, რამდენადაც დიაბეტიანების საკვები.
- შეგიძლია უფრო დეტალურად მოგვიყვე რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საკვებზე?
- მოგეხსენებათ, რკინადეფიციტური ანემია არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს აქვს რკინის ნაკლებობა ორგანიზმში (აისახება სისხლში ჰემოგლობინით), რაც იწვევს ადამიანში სისუსტეს და არის არაერთი სხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი. ჩემი კვლევით გავაკეთეთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და ასევე, რკინის ათვისებისათვის საჭირო ელემენტებსაც (იგულისხმება ფრუქტოზა). გარდა ამისა, კვლევაში გათვალისწინებულია იმუნიტეტისთვის სასარგებლო ნივთიერებების ჩადებაც (რადგანაც რკინადეფ. ანემიას ძირითადად იმუნიტეტის შესუსტებაც მოჰყვება). ჯამურად ეს პროდუქტები (ცომეული) არის გათვალისწინებული დიეტოთერაპიისათვის და წარმატებულად უნდა შეძლოს დაავადების ეფექტების შემცირება და განკურნებაც კი.
- რამდენი წლის იყავი, როცა ამ კვლევაზე მუშაობდი?
- ამ პროექტზე როცა ვმუშაობდი, ვიყავი 15 წლის.
- მსგავსი კვლევებისთვის ხომ სპეციალური დანადგარებია საჭირო?
- კი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დანადგარებს ვიყენებდი კვლევისთვის. ძირითადად, ეს იყო სპეციალიზებული საცხობი დანადგარი, სადაც კონტროლირებადი გარემოს ქვეშ ცხვებოდა პურ-ცომეული. დავამზადეთ პური და ორცხობილები.
- რა გამოხმაურება მოჰყვა ამ გამოგონებას? სადმე კონკურსზე არ გაიტანე?
- რკინადეფიციტურის პროექტს დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა - IYIPO-ში მეორე ადგილზე გავედით ჩვენს კატეგორიაში, რაც საერთაშორისო დონეზე გასასვლელად არ გვეყო, ხოლო დიაბეტურ პურს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. IYIPO 2016-ში პირველი ადგილი რეგიონალურში და ოქროს მედალი საერთაშორისოზე. შემდეგ გაუმჯობესებული კვლევა გავიტანე "ლეონარდო და ვინჩიზე" და პირველი ადგილი ავიღე. ჩემთვის მთავარი პრიზი ამერიკაში, Intel ISEF-ში მონაწილეობა იყო.
- ამბობ, მთავარი პრიზიო. გარდა ამისა, სხვა პრიზებიც იყო?
-კი, "ლეონარდო და ვინჩის" ფულადი პრიზი - 5000 გაყოფილი ორ მონაწილეზე და შემდგომ კიდევ "TBC ბანკმა" დაგვიწესა სტიპენდია. რკინადეფიციტურის პროექტზეც და დიბეტური საკვების პროექტზეც ვმუშაობდი მეწყვილესთან, მარიამ ერაძესთან ერთად.
- დიაბეტიანების საკვები ახლა იყიდება სადმე?
- კი, მაგრამ იშვიათია, იმპორტულია და ფასიც მაღალი ადევს და ჩვენი მიზანი მათი ჩანაცვლება იყო ადგილობრივი მასალის გამოყენებით დამზადებული პროდუქტით. ჩვენი პროდუქცია ჯერჯერობით არსად იყიდება.
- რაიმე გეგმები ხომ არ გაქვთ, გაყიდვებთან დაკავშირებით?
- ჯერჯერობით რთულია ამაზე რამის თქმა. ჯერ სწავლა მინდა დავამთავრო და უკეთ შევისწავლო ქიმიური პროცესები დამზადებისას და სხვა ფაქტორები.
- შენ და მარიამ ერაძემ საიდან გაიცანით ერთმანეთი?
- საერთო ინტერესებით “გაგვაცნეს” ერთმანეთი...
- ანუ ჯერ დაიბადა იდეა და მერე გაიცანით ერთმანეთი?
- დაახლოებით, თუმცა იდეის დაბადება მთლად სწორიც არაა. ასე იდეა არ “მოგაწვება”, უფრო კვლევით მიდიხარ დასკვნებამდე. ჯერ დავაკვირდით, რა იყო ხშირი პრობლემა დღევანდელ სამყაროში და შემდეგ დავიწყეთ იმის ძიება, თუ რომელი იქნებოდა კარგი საკვლევი და ვიფიქრეთ, რომ რკინადეფიციტურ ანემიასა და დიაბეტზე ვიმუშავებდით, რადგან მანდ დიეტოთერაპიაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მივედით დასკვნამდე, რომ ადამიანის კვების ძირითადი კომპონენტი პური და ცომეულობაა. და რადგან ეს ხშირი პროდუქტია, ჩავთვალეთ, რომ ყველაზე საინტერესო და საჭირო იქნებოდა.
- რა ინგრედიენტები გამოიყენეთ დიაბეტიანების საკვებისთვის?
- ეს იყო ამარანტი, ოსპი, სოიო და ხორბალი. დიაბეტური საკვების შემთხვევაში, სოიოსაგან შეგიძლია გააკეთო ბევრნაირი, სხვადასხვა გემოვნების საკვები.
მერიემ კაკაურიძე