მთავარია გწამდეს, რომ შეუძლებელი არაფერია და შეუძლებელსაც შეძლებ.
ოდესმე გიფიქრიათ, როგორია, არაფერი გესმოდეს ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა სამყაროს შეცნობას იწყებ? როგორ წარმოგიდგენიათ, ასწავლოთ ლაპარაკი ბავშვს, რომელსაც არც კი ესმის? ალბათ, ფიქრობთ რომ შეუძლებელია, მაგრამ კვლავ გაგიმეორებთ, რომ შეუძლებელი არაფერია და გაგაცნობთ გოგონას, რომელიც თავად დაგარწმუნებთ ამაში.
მაგდა ფონია ბავშვობიდან ხატავს. მისი თვალით დანახულ, ლამაზ, ფერად სამყაროს. სკოლის დამთავრების შემდეგ მან დეკორატიული დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა და შეისწავლა: ხალიჩების ქსოვა, გობელინი, თექა, ჩითვა, ღებვა და დაა სხვა ხელობები.
მაგდა 2 წლის იყო, როცა სმენა დაუქვეითდა ექიმის დაუდევრობის გამო, მაგრამ დედის შეუპოვრობის დამსახურებით, ის დღეს ხალხთან კომუნიკაციას ჟესტური ენის გამოყენების გარეშე, უპრობლემოდ ახერხებს და ამბობს, რომ ხანდახან ავიწყდება კიდეც, რომ სმენადაქვეითებულია.
- 2 წლის ვიყავი, როცა ავად გავხდი, არვიცი ზუსტად რა მჭირდა, ამ თემაზე დედას არ ველაპარაკები. ძალიან რთული გზა აქვს გავლილი, ბევრი იბრძოლა, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი, ამ ყველაფრის გახსენება მისთვის რთულია, იმის მიუხედავად, რომ ახლა სავსებით ბედნიერია… ექიმმა შეცდომა დაუშვა, გენტამიცინი გამიკეთა და სმენა დამიქვეითდა.
დედა ფიზიკის, მათემატიკისა და ასტრონომიისმასწავლებელი იყო, ჩემს გამო კარიერა დაუფიქრებლად გადადო გვერდზე...
- როგორ იხსენებენ ამ ამბის შემდეგ პერიოდს? 2 წლის ასაკში ბავშვი იწყებს მეტყველებას იმის მიხედვით, რაც ესმის. შენ მშვენივრად კითხულობ, წერ და შენთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია.
-მაშინ, როცა ეს დამემართა დედამ დაიწყო კარგი ლოგოპედის ძებნა. როცა უნარშეზღუდულთა სკოლაში მივიდა, უთხრეს ჩვენსავით ვერ დაილაპარაკებს ვერც ერთი სმენადაქვეითებულიო…დედა დაღონდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა.. 5 წლამდე ეძებდა თავისი საქმის მცოდნეს, პროფესიონალ ლოგოპედს, თვითონ მასწავლიდა ყველა სიტყვას.
მთელ დროსა და ენერგიას მე მითმობდა, ჩემი უფროსი და ხშირად უყურადღებოდ რჩებოდა, ის ახლაც ხშირად კალთაში უჯდება დედას და ეფერება, იმ სითბოს ასანაზღაურებლად, რომელიც ბავშვობაში დააკლდა. ლოგოპედმა მასწავლა ბგერების გარჩევა, გრამატიკა… ყველა იხსენებს, რა საშინლად ჯიუტი ბავშვი ვიყავი. წარმოიდგინეთ, არაფერი გესმის, ვერ ლაპარაკობ, საერთოდ არ იცი რა ხდება ირგვლივ, რატომ ხარ ამ სამყაროში… ასე, როგორ ვიქნებოდი წყნარი ბავშვი?
- ხალხისგან ალბათ თანადგომასაც გრძნობ, აგრესიასაც და სიბრალულსაც.. როგორ გამოხატავენ ამ ყველაფერს და რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
-როცა არ იციან სმენადაქვეითებული ვარ ჩვეულებრივად მიღებენ, ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ და გაიგებენ თუ არა, რომ არ მესმის, უკვირთ, როგორ არ გესმისო? საერთოდ არ გეტყობაო და შემდეგ იჩენენ განსაკუთრებულ ყურადღებას, თანაგრძნობას, მიფრთხილდებიან, თანამიგრძნობენ, ვებრალები, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ არ მესმის? ბევრი იმის გამო მემეგობრება, რომ სმენადაქვეითებული ვარ.
- მომიყევი, როგორია შენთვის ერთი ჩვეულებვრივი დღე? რითი იწყება შენი დილა, ვისთან ერთად საუზმობ, სადილობ... რას საქმიანობ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს. ქუჩაში მარტო თუ დადიხარ ხოლმე და დამოუკიდებლად როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?
- ჩემი დილაც ისევე, როგორც სხვების, ხან დადებითად იწყება, ხან უარყოფითად… მარტო საუზმობა არ მიყვარს, კომპანიონობას საყვარელი ოჯახი მიწევს. ყოველ დილას იმაზე ფიქრით ვიწყებ, რომ საყვარელი საქმით დავკავდები. დროს არ ვკარგავ, თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, დროს დაფასება უნდა. მივდივარ უნივერსიტეტში, დეკორატიულ დიზაინზე ვსწავლობ, იქ შეუძლებელია მოიწყინო. უსაყვარლესი ლექტორები მყავს. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ. ვგიჟდები კითხვაზე, როცა კითხვა ვისწავლე, 6 წლის ვიყავი, 7 წლის შევედი სკოლაში, კითხვა უკვე გამართულად შემეძლო სხვებს რომ ვუყურებდი, როგორ უჭირდათ კითხვა მიკვირდა. მახსოვს, პირველი გაკვეთილი “აი- ია" იყო, ჩემი რიგი რომ მოვიდა, ისე სწრაფად ჩავიკითხე მასწავლებელმა ვერაფერი გაიგო, მეუბნებოდა, ნუ ჩქარობო...
ქუჩაში 14 წლამდე დედას დავყვებოდი, მერე მარტომ დავიწყე სიარული. გამირთულდა, მაგრამ ვფიქრობდი, სულ დედის იმედზე ხომ ვერ ვიქნებითქო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, დამოუკიდებლად უნდა შეძლო ყველაფერითქო.
მიჭირდა ქუჩაში სიარული, ხალხი სასმენ აპარატს აშტერდებოდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და გადავლახე დაბრკოლებები. ახლა უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, მერე რა მოხდა? ხალხმა ზოგჯერ არ იცის, იქნებ პირველად დაინახეს სასმენი აპარატი?
- დადიოდი ჩვეულებვრივ საჯარო სკოლაში. როგორი იყო მასწავლებლებისა და თანაკლასელების დამოკიდებულება?
-დავდიოდი ჩვეულებვრივ სკოლაში, იქ უყურადღებობა იყო, გაკვეთილებს თითქმის არ მაყოლებდნენ, ძალიან იშვიათად. ყველა ფიქრობდა, ვერაფერს შევძლებდი, მერვე კლასამდე ჩაკეტილი ვიყავი. მერე გადამიყვანეს სხვა სკოლაში, იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მასწავლებლები თანაბრად უთმობდნენ თითოეულ მოსწავლეს ყურადღებას. ბევრი მეგობარი გავიჩინე და მათთან დღემდე ვმეგობრობ. როცა ეს იმ მასწავლებლებმა გაიგეს, რომლებიც ფიქრობდნენ რომ ვერ შევძლებდი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას, ძალიან გაუკვირდათ.
- როცა გელაპარაკებიან, მაგალითად სამგზავროს გადახდის დროს, ან მაღაზიაში, უხერხული ვითარება ხომ არ იქმნება? არის ხოლმე ასეთი შემთხვევები?
-კი, არის ასეთი შემთხვევები, ზოგს უკვირს, ზოგი ჩვეულებვრივად იღებს, მაღაზიაში როცა შევდივარ, ხშირად მეკითხებიან, ქართველი ხარო...
ზუსტად არ მახსოვს, როდის გამიტაცა წიგნებმა, მაგრამ, როცა კითხვის დროს, რომელიმე სიტყვას ვერ გავიგებდი, ვცდილობდი დამოუკიდებლად გამერკვია სიტყვის მნიშვნელობა. თავიდან ვკითხულობდი ისევ და ისევ, არ ვნებდებოდი სანამ მიზანს მივაღწევდი და ასე, ნელ-ნელა ვხვეწავდი და ვამდიდრებდი ლექსიკურ მარაგს. დედას უკვირდა, ეს სიტყვა საიდან ისწავლე, არც მე მისწავლებია და არც ლოგოპედსო, თან სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა.
ლოგოპედთან 3 წელი დავდიოდი, მერე სკოლაში შევედი და მას შემდეგ აღარ დამჭირვებია. ახლა, ცოტა მიჭირს ბგერების გამოთქმა, ძალიან პატარა ვიყავი, როცა ვისწავლე და დაამავიწყდა რაღაცები, მაგრამ ნიუხედავად ამისა, სავსებით კმაყოფილი ვარ ყველაფრით. იცით, ხანდახან მავიწყდება, რომ სმენადაქვეითებული ვარ… ეს ყველაფერი ღვთის, დედისა და ლოგოპედის დამსახურებაა.
არ მიყვარს ლოგოპედის თქმა, იმიტომ რომ ის ადამიანი ჩემთვის არ არის მხოლოდ ლოგოპედი, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მეორე დედაა…
როცა გაგვიჭირდა, უფასოდ მასწავლიდა საფუძვლიანად და გულიანად. ის არასდროს მალავდა აღფრთოვანებას, ყოველთვის ჯეროდა, რომ ბევრს მივაღწევდი. დედისა და ლოგოპედის ამაგს, ვერასდროს გადავიხდი.
ხანდახან, როცა უხერხული სიტუაცია იქმნება ქუჩაში, ან ტრანსპორტში, ყოველთვის დუმილს ვამჯობინებ. ასეთ დროს ხალხი ფიქრობს, რომ ვერაფერს ვხვდები, ვერაფერს ვგრძნობ, ისინი ცდებიან. ის, რომ არ მესმის სულაც არ ნიშნავს, რომ ვერ ვაზროვნებ ან გრძნობები არ გამაჩნია.
- ერთხელ სტატუსიც დაწერე სოციალურ ქსელში ხალხის დამოკიდებულებაზე, მოუწოდებდი მათ დაკვირვებოდნენ რას ამბობდნენ და რას აკეთებდნენ. რაიმე ისტორია ხომ არ უძღვოდა ამ სტატუსს?
- ხალხის დამოკიდებულებამ დამაფიქრა, დამღლელია, როცა ხალხს ვერ აგებიებ რისი თქმა გინდა, ვერ წარმოიდგენთ, ხანდახან როგორი გამაღიზიანებელია რომ მოგაშტერდებიან, ან მუდმივად ებრალები.
- შენ მეგობრობ სმენადაქვეითებულებთანაც და მათთანაც, ვისაც ჩვეულებვრივად ესმით და მეტყველებენ, რა განსხვავებაა შენი გადმოსახედიდან მათ შორის?
- განსხვავებას ვერ ვხედავ, ზოგს ჰგონია, რომ სხვა ადამიანებივით არ არიან, მაგრამ ცდებიან.... რატომღაც სხვანაირად ფიქრობენ შეზღუდულებზე.
- ბავშვობის პერიოდს დავუბრუნდები, ყვები რომ დედა არ ნებდებოდა მაშინ, როცა სხვები ფიქრობდნენ რომ არაფერი გამოვიდოდა.. თავად როგორ აღიქვამდი ამ ყველაფერს? იმედით იყავი განწყობილი? როგორია, როცა ისედაც უსუსურ ასაკში, სამყაროს შეცნობის სტადიაზე ხალხი განსხვავებულად გიყურებს, სიბრალულით ან არ სჯერათ შენი? რას ფიქრობდი მაშინ, როგორი წარმოგედგინა მომავალი?
- ვერ წარმომედგინა, როგორი მომავალი მექნებოდა, მაგრამ, სადღაც, გულში მაინც მქონდა იმედი, რომ ოდესმე დიდ წარმატებას მივაღწევდი. ახლაც ვოცნებობ, დიდ წარმატებას მივაღწიო და კვლავ მჯერა ამის… ეს ყველაფერი, დედაჩემის თავდაუზოგავი ბრძოლის დამსახურებაა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
- სწავლობ დეკორატიულ დიზაინზე, ხატავ არაჩვეულებვრივად, მოუყევი მკითხველს შენს პროფესიაზე
- იმიტომ ავირჩიე ეს ფაკულტეტი, რომ ეს საქმე მაბედნიერებს… ვხატავ ბავშვობიდან, ახლა უკვე ვფლობ სხვა არაერთ ხელობას - თექა, ქსოვა, გობელინი, ხალიჩა, ფარდაგი, ჩითვა, ღებვა… ხელოვნება ჩემი სფეროა, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც თევზი წყალში.
- და როგორ ფიქრობ, რომ არა ეს ამბავი, იქნებოდი თუ არა ისეთი როგორიც ხარ? ხომ არ გგონია, რომ ამან რამეში დაგაბრკოლა და უფრო მეტს მიაღწევდი? ან იქნებ პირიქით ამან უფრო დიდი სტიმული მოგცა?
- არავინ იცის, რა იქნებოდა ასე რომ არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამან გამაძლიერა. მე დღეს ბედბიერი ადამიანი ვარ, ვცხოვრობ საყვარელ ოჯახთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მანიჭებს სიხარულსა და სიამოვნებას. მეგობრები მყავს, მაქვს ჩემი მიზნები, რომლებიც იმედს მაძლევენ და მოგონებები, რომლებიც მაძლიერებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მშობელს, არასდროს დანებდნენ და დაკარგონ იმედი, შეუძლებელი არაფერია.
მერიემ კაკაურიძე