ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
ის marao.ge-ს მკითხველს რჩევებს აძლევს და თავის მოტივაციას უზიარებს:
- როგორ და რამდენი კილოგრამი დაიკელით? თავს როგორ გრძნობთ?
- დაკლებაზე სერიოზული მუშაობა 1 წლის წინ დავიწყე. დიეტოლოგებსაც მივმართე, თუმცა უშედეგოდ. რატომღაც გული ვერ დავუდე. 7 თვის წინ კი "დუკანის დიეტა" დავიწყე და 38 კილოგრამი დავიკელი. ახლა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, თუმცა ჭარბი წონის გამო გამუდმებით წნევები მაწუხებდა.
- ბავშვობიდან პუტკუნა იყავით თუ შემდეგ მოიმატეთ?
- ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვიყავი. 14 წლის გავთხოვდი. მაშინ 51 კილოგრამს ვიწონიდი, მერე მოვიმატე, წონა „გამექცა“ და ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემებსაც ვუჩიოდი.
- კიდევ აგრძელებთ დიეტას? რამდენი კილოგრამი ხართ ახლა?
- 22 კილოგრამის დაკლება კიდევ მინდა და დიეტასაც არ ვარღვევ. 130-დან 92 კილოგრამზე ჩამოვედი. უბედნიერესი ვარ, თუმცა მცდელობას ისევ არ ვაკლებ.
- ალბათ, ძლიერი ნებისყოფაა საჭირო. რა გაძლევთ მოტივაციას? როდის მიხვდით, რომ რაღაც შესაცვლელი იყო?
- მეგობრები ყოველთვის კორექტულად მიმანიშნებდნენ, რომ უნდა დამეკლო, თუმცა რატომღაც ეს ამ ნაბიჯის გადადგმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთხელ ჩემმა დამ ფოტო გადამიღო, რომელზეც იმაზე მსუქანიც კი ვჩანდი, ვიდრე ვიყავი. ასე დამანახა ჩემი მდგომარეობა და მითხრა, რომ ჩემმა წონამ პიკს მიაღწია. მაშინ ძალიან გავბრაზდი. ისიც ვიცოდი, თვითონაც განიცდიდა ამ ამბავს. მითხრა, რომ ჩემი მეუღლის სიტყვები აშინებდა, რომელსაც თურმე შეუმჩნევია, ძილის დროს პერიოდულად ჩემი სუნთქვის ხმა აღარ ესმოდა. ჩვენი სიყვარული ძლიერია, 14 წლიდან ერთად მოვდივართ და გარეგნული ცვლილებები ამ გრძნობას ვერ შეასუსტებს, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშინებდა.
ყველაზე მთავარი მოტივატორი კი 12 წლის უნახავი დედა იყო, რომელთანაც ამ ზაფხულს ჩავფრინდით. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თვითმფრინავში ღვედიც ვერ შევიკარი. შემდეგ კი დედას ვამჩნევდი, როგორ ჩუმად აკვირდებოდა ჩემს სხეულს. გაორებული იყო - უნდოდა ჩემზე ეზრუნა, მაგრამ თან ეშინოდა, გული არ ეტკინა. ერთხელ, როცა მისი მეგობრების გასაცნობად წასვლა გადავწყვიტეთ, მთხოვა, სახელოიანი მაისური ჩამეცვა. მეც, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვეტყოდი დედას, რომელმაც შვილებთან ყოფნაზე უარი ჩვენივე კეთილდღეობისთვის თქვა. იმ წლიდან მივიღე გადაწყვეტილება, დამეკლო წონაში.
სტიმული ჩემმა სტილისტმაც მომცა, რომელიც ასევე ამ დიეტას იცავდა და კარგი შედეგიც ჰქონდა. გადავწყვიტე, მეცადა. მთავარია მონდომება. მის გარეშე ვერაფერს შეძლებთ. თუ რამეზე სული მიმდის, გარეთ გავდივარ, არავითარ შემთხვევაში არ ვეკარები "აკრძალულ" პროდუქტს. ამ 7 თვის განმავლობაში არასდროს დამირღვევია დიეტა, რადგან მაქვს მიზანი და მინდა, მივაღწიო. ასე რომ, მთავარია, ძალიან გინდოდეთ და მოინდომოთ, ყველაფერი შესაძლებელია.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც მსგავსი უხერხული მომენტები აქვს, მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც ვერ დგამს?
- ეცადეთ, ერთი კვირა მაინც გაძლოთ დიეტაზე და როცა სასწორზე დადგებით და მცირე შედეგს დაინახავთ, ეს სტიმულს მოგცემთ. იყიდეთ ტანსაცმელი, რომელიც ჯერ არ გერგებათ. დღეს, 56 ზომის შემდეგ 42 ზომას ვიცვამ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. იგი ვერც ტორტს შეედრება და ვერც გოჭს. გახსოვდეთ, რომ მთავარი მიზანი და სურვილია. თუ შევძელი მე, რატომ ვერ შეძლებ შენ?
მარიამ ელიაშვილი
"ამ დიეტამ 15 კგ-თან ერთად ჭამის მადაც გამიქრო" - დიეტა დიეტოლოგის რჩევით