არის რამდენიმე ფილმი, რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს აზროვნებაში შეაღწია. ხანდახან კადრები გონებაში სამუდამოდ იბუდებენ და აღარასდროს მიდიან.
როცა პატარა ვიყავი, ძალიან მძიმე ფილმი ვნახე. იქ ერთი საშინელი სცენა იყო, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი გარდაცვლილ ქალს.
ის კადრი დღემდე მყარადაა ჩემს გონებაში და იგივე ემოცია მაქვს ახლაც, მისი გახსენებისას.
მას შემდეგ, რაც ტომ ფორდის ფილმი - „ღამის ცხოველები“ ვნახე, დიდხანს გაუნძრევლად ვიჯექი და ვაანალიზებდი.
დასაწყისი: უცნაური სიშიშვლე, ცეკვა, ხელოვნების ახალი განზომილება და კითხვის ნიშნებით სავსე განცდები. ეს ყოველივე ერთად დაგატყდებათ თავს.
ფილმი ოსტინ რაიტის ცნობილი რომანის - „ტონი და სიუზანის“ ეკრანიზაციაა.
ტომ ფორდმა ძალიან დაგვაბნია. ქალის მთავარი როლი ორ მსახიობ ქალს მოარგო, ისლა ფიშერსა და ემი ადამსს, რომლებიც ყველას ერთმანეთში ერევა, იმდენად ჰგვანან.
უცხოური წყაროები რომ არ გადამემოწმებინა, თავადაც ერთი და იგივე მსახიობი მეგონებოდა. მამაკაცის მთავარი როლი კი ჯეიკ ჯილენჰოლს ერგო, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი.
ზოგადად, ისლაც და ემიც, ორივე საკმაოდ საინტერესო გარეგნობისაა. მათი ჟღალი თმა შექმნილ გარემოსთან აბსოლუტურ შესაბამისობაში მოდის.
რაც შეეხება შინაარსს, სიუზან მოროვი არტ გალერეის დირექტორია. იგი მეორედაა გათხოვილი.
ხდება ისე, რომ ქალს პირველი ქმარი თავის ნაწარმოებს უგზავნის, რომელიც სწორედ მას ეძღვნება.
ერთი მხრივ, რუტინა, ყოველდღიურობა და ქმრის ღალატი; მეორე მხრივ, განცდები, ემოციები, იმედი. ეს ყველაფერი მთავარ გმირს ერთად უგროვდება. წიგნის კითხვისას ის სულ სხვა ადამიანი ხდება. აქვე ახსენდება, როგორ გაიცნო პირველი ქმარი, როგორ არიგებდა დედა...
სიუზანს ცივი და ამავდროულად, საოცრად მეტყველი სახე აქვს. მის მოქმედებებშიც კარგად ჩანს, თუ რა მგრძნობიარე ადამიანია და როგორ ცივ გარემოსთან უწევს შეგუება. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სინამდვილეში რაც მას სურდა, ეს ის არაა.
წიგნის კითხვისას სიუზანს შიში ეუფლება და ელის, რომ რამე ცუდი მოხდება, რადგან მასში მუქარა და ძალადობაა.
წიგნის მთავარი გმირები სწორედ სიუზანი და ტომი არიან. ნაწარმოების შინაარსი ბევრ რამეს გვასწავლის და გვიჩვენებს, რომ ცხოვრება იმაზე საშიშია, ვიდრე გვგონია.
მაყურებლის მხრიდან გადაჭარბებული მოლოდინის განცდა კი, ფილმის ერთ-ერთი პლუსია.
კადრების თამაშით რეჟისორი ცდილობს, რეალობაში დაგვაბრუნოს და თან გვაგრძნობინოს, რომ რეალობა სწორედ ისაა, რასაც სიუზანი წიგნის კითხვისას ხედავს.
ფილმის ნაწილში, სადაც სიუზანი სამუშაო მაგიდასთანაა, ჯონ კორენის ნამუშევარი, “NUDE IN A CONVEX MIRROR” ჩანს. სხვადასხვა მომენტში იხილავთ ბოლო პერიოდის მხატვრებისა და დიზაინერების მნიშვნელოვან ქმნილებებს.
საკვანძო კადრი კი იმდენად ემოციურია, რომ თავისუფლად ახერხებს, სამუდამოდ დარჩეს შენი წარმოსახვის მიდამოებში.
თეთრი სხეული და წითელი ფერი - ეს ერთდროულად მშვენიერი და ტრაგიკულია. ამ დროს უბრალოდ სუნთქვა გეკვრის და ზემოქმედების ქვეშ ხარ. როცა ამ ფილმს ბოლომდე უყურებთ, მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ.
ფილმის ბოლო ნაწილში კარგად ჩანს მარტოსული ქალის პორტრეტი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც მზადაა, რომ იბრძოლოს და ცხოვრება გააგრძელოს.
nocturnal animals - ის ფილმია, რომელმაც ერთ ღამეში გამზარდა.
ნათია ხუნაშვილი