"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე, რომელიც საკუთარ სახლთან დანით დაჭრეს, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
მას სახლთან თათა ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ მიაკითხეს. ჯანჯღავა და ნოზაძე ჯერ შეკამათდნენ, შემდეგ მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და ჯანჯღავამ ცივი იარაღით დაჭრა მომღერალი.
გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ამ თემაზე სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
ირაკლი ნოზაძე:
- სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდა ეს ყველაფერი. ეტყობა, მეორე მხარეს აწყობს, ჩირქი მომცხოს. ამიტომ მიგორებენ შავ პიარს. ნარკოტიკების თემა ამ საქმეში გრანდიოზული სისულელეა. ჩემსა და ჯანჯღავას შორის კონფლიქტი არანაირად არ უკავშირდება ნარკოტიკებს. ყველას გთხოვთ, მსგავს ინტერპრეტაციას ნუ მისცემთ ამ შემთხვევას.
- ირაკლი, მოგვიყევით, რითი დაიწყო კონფლიქტი თქვენ შორის...
- თათას დილით გამოვართვი ფული და შევთანხმდით, რომ იმავე დღეს დავუბრუნებდი, თუმცა შეთანხმების ვადამდე თათამ ჩვენს საერთო მეგობართან დარეკა. მეგობარს ლაუდ სპიკერზე (მაღალ ხმაზე) ჰქონდა ჩართული ტელეფონი და მესმის, რომ თათამ ძალიან ცუდად, უწმაწური სიტყვებით მომიხსენია. მან არ იცოდა, მეც რომ ვისმენდი და ამის შემდეგ არც მე დამიკლია, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიე. ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ვალს აღარ დავუბრუნებდი, აგრესიული მოვარდა ჩემს სახლთან და ატეხა დებოში.
როდესაც ეს გოგო სახლთან მოვიდა, მისმა ქცევამ შემაშინა, ისე აგრესიულად იქცეოდა - ყვიროდა, იგინებოდა და იმუქრებოდა. ამიტომაც არ ჩავედი თავიდან და ჩავუშვი ჩვენი საერთო მეგობარი ზუკა. ისიც რომ ვერაფერს გახდა, ჩავედი და მეც ვცადე მისი დაწყნარება, რაზეც უფრო აგრესიით მიპასუხა.
- თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ პირიქით, თქვენ გამოირჩეოდით აგრესიით, დაარტყით და მანაც საპასუხოდ მოგიქნიათ დანა.
- მათ, სავარაუდოდ, ასე უნდათ, რომ გამოიყურებოდეს ეს საქმე, სტრატეგია აქვთ ასეთი, დაამტკიცონ, რომ თათას ჩემი განზრახ მოკვლა არ უცდია. მაგრამ კადრებშიც ხომ ჩანს, ვინ ვის ესხმის შეიარაღებული? რას წარმოვიდგენდი, ქალი დანით თუ დამესხმებოდა თავს? ჯერ მანქანაში ვჯდები, რათა იქ გველაპარაკა, მაგრამ ის მანქანას წიხლებს ურტყამს, მერე მინას. ვცდილობ, დავაშოშმინო და გადმოვედი თუ არა, ვეცადე მის ხელით მოგერიებას და ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა.
გაგრძელება