სათვალე, არა მხოლოდ მზის, არამედ ჩვეულებრივი, მხედველობის საკორექციო, დიდი ხანია მოდურ აქსესუარად იქცა. მას არა მხოლოდ შოუბიზნესის ვარსკვლავები, სხვა ცნობილი და მნიშვნელოვანი პირებიც ატარებენ.
ყოველ სეზონზე დიზაინერები ახალ, ორიგინალურ ჩარჩოებს ქმნიან. დღეს უკვე აღარავის აწუხებს სათვალის კომპლექსი, პირიქით, ლამაზმანები თავსაც კი იწონებენ მისით.
მას, ვინც მუდმივად ატარებს სათვალეს, ჩვეულებრივ, რამდენიმე სხვადასხვაგვარჩარჩოიანი სათვალე აქვს - სხვადასხვა ფერისა და სტილის. თითოეულ ჩარჩოს თავისებური მიდგომა სჭირდება.
მას სახის შეცვლა შეუძლია და სასურველი შედეგის მიღებაში მაკიაჟი დაგეხმარებათ.
თუ გსურთ, სათვალემ უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი სახე, მაკიაჟის რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ.
თუ სათვალეს ატარებთ, მაკიაჟში ტრადიციული წესი უნდა დაიცვათ - აქცენტი ან თვალებზე უნდა გააკეთოთ, ან ტუჩებზე.
გაითვალისწინეთ, რომ სათვალის მიღმა ქუთუთოების კანი უფრო ღია ჩანს. სწორედ ამის წყალობით, შავი წრეები თვალების ირგვლივ სათვალის მიღმა გაცილებით ნაკლებშესამჩნევია. ასე რომ, ძალიან ღია კორექტორი არ გამოიყენოთ, არაბუნებრივი იქნება. უმჯობესია, თქვენს კანზე ერთი ტონით მუქი კორექტორი ან პუდრი წაისვათ.
თუ ცივი ფერების, მაგალითად, მოვერცხლისფრო, იასამნისფერ, დაბურულ ვარდისფერ, ნაცრისფერ, ცისფერჩარჩოიან სათვალეს შეარჩევთ, მას შესაბამის ფერებში გადაწყვეტილი მაკიაჟი შეუხამეთ. თბილი ფერების ჩარჩოებს კი ატმისფერი, ყავისფერი, მწვანე ჩრდილები მოუხდება. თუმცა, ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თვალის ფერზე უნდა იყოთ ორიენტირებული.
თუ მასიური მუქი ჩარჩო მოგწონთ, მაკიაჟი მინიმალისტურ სტილში უნდა იყოს გადაწყვეტილი. მკვეთრი ჩრდილები, ინტენსიური ისრები მუქ ჩარჩოსთან ერთად მეტისმეტად გადატვირთავს სახეს, რადგან ასეთი ჩარჩო თავისთავად მკვეთრი აქცენტია.
თვალების ფანქრით გამოკვეთა, თანაც მსუბუქად და აკურატულად, მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მუქი, მაგრამ დახვეწილი, ნაზი ჩარჩო გაქვთ.
წარბების ხაზი, სათვალის ფორმის მიუხედავად, საშუალო სიგრძის და გლუვი უნდა იყოს.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)