ბლენდერის სადენს ჩასართველში რომ ვაერთებ, ნაპერწკლებს ყრის და ფეთქდება. უცნაურ ხმაზე გიორგი სამზარეულოში გამოდის და ხელში სადენშერჩენილს მაწყდება.
-როგორი უხარისხო ყოფილა!-ბრალს ვდებ ბლენდერს ყოველი მტკიცებულების გარეშე და ჩასართველისკენ მიმაქვს ხელი.
-მოიცა, დენი არ გადმოვიდეს!-მაჩერებს მამაკაცი, რადგან ჩემი ქმედება სარისკოდ ეჩვენება.
-კარგი, რა... ადრე თმის საშრობი გადამეწვა და ზუსტად ამნაირად მოვიქეცი!-ხელს ვუქნევ, მაგრამ ის უკან მხევს და თვითონ ფრთხილი მოქმედებით სადენს თავისკენ ქაჩავს.
-ესეც ასე.-დამშვიდებული მიღიმის.-უწვენოდაც გავალთ როგორმე!
სულ არ ვნაღვლობ იმაზე, რომ წვენს ვეღარ გავაკეთებ, რადგან ახლა ბევრად მნიშვნელოვანი რამის მოწმე ვხდები. ის, რომ გიორგის შეეშინდა, რამე არ მომსვლოდა... რომ იცოდა, შეიძლებოდა დენი გადმოსულიყო და რომ მაინც ჩემ მაგივრად გამოაძრო გაფუჭებული ჩასართველიდან სადენი... იმაზე მეტყველებს, რომ... რომ... რომ! დიდი, უფორმო მასა დნობას იწყებს ჩემს მუცელში, კმაყოფილება ცას წვდება, ხოლო დენი საიდან არ ვიცი, მაგრამ მაინც გადმოდის ჩემს ორგანიზმში... მაინც ვცხელდები, მაინც მაჟრიალებს, მაინც მელევა ძალა... და ამჯერად აღარ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია!
-უწვენოდ კი, მაგრამ უშენოდ მე... გავალ კი?-ვარსკვლავებივით მენთება თვალები.
-შენ არ ვიცი, რას იზამ, მაგრამ... მაგრამ უჩემობა ნამდვილად არ იქნება ადვილი საქმე!-ეცინება გიორგის, ჩემს ყურთან იხრება და ამატებს.-ამიტომ ამაზე არც იფიქრო!
თვალს ვაყოლებ სადარბაზოდან გამოსულ გიორგის. თვითონ ვერ მამჩნევს, რადგან ფარდას ვარ ამოფარებული. მანქანაში რომ ჯდება, მაღაზიის კიბეებზე ჩამომავალ ჯორჯს ვლანდავ. პირდაპირ ვერცხლისფერი ლექსუსისკენ მიეშურება და ისე საჩქაროდ ეფარება გამოღებულ კარებს, რომ ვხვდები, ვიღაცას ემალება.
''გიორგი!''-კივის ჩემი გონება.
სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ჯორჯი მანქანას მხოლოდ მაშინ ძრავს, როცა გიორგის ავტომობილი კუთხეში უხვევს. არა, არა, არა, უკან მისდევს! ეს რაში სჭირდება? მედალიონისთვის! ეტყობა იმ ''საჭირო კაცებმა'' ჯერ პელოს კვალს მიაგნენ და მას რომ გაყვნენ, ხელში გიორგი შერჩათ. თავპირისმტვრევით გავრბივარ შემოსასვლელისკენ, ქურთუკს მხრებზე ვიგდებ და კარს ვიჯახუნებ. რამე რომ დაუშავონ... რამე რომ დაუშავონ იმ მედალიონისთვის, რომელიც მე მაქვს, თავს მოვიკლავ...
''უჩემობა ნამდვილად არ იქნება ადვილი საქმე!''-მახსენდება გიორგის სიტყვები და მეჩვენება, რომ ჩემს გულს ვიღაც მაგრად უჭერს ხელს.
კბილების კაწკაწს ვერაფრით ვწყვეტ. ყინვა და შიში გაერთიანებული ძალებით მეტაკებიან. როგორც კი ქუჩაში გამოვდივარ, იქვე გაჩერებულ მანქანას ვაწყდები, რომლიდანაც პირველსართულელი მეზობელი, ზურა გადმოდის.
-ზურა, ზურა, უნდა დამეხმარო!-ვეჯაჯგურები მას.-წამიყვანე! რაც შეიძლება სწრაფად, წამიყვანე!
არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე და იმაზე, რასაც ვთხოვ. საჭესთან უაზრო კითხვების გარეშე ბრუნდება და მეც მაშინვე ვთავსდები მის გვერდით.
-მაქსიმალურად სწრაფად! გზაზე რომ გავალთ, სიჩქარეს უფრო მოუმატე! ერთი მანქანაა და იმას უნდა გავყვეთ!-შეძლებისდაგვარად ვუხსნი და ისიც მანქანას ადგილს წყვეტს.
გზაჯვარედინზე შუქნიშანზე წითელი ანთია. ნაცნობი ლექსუსი სწორედ იქაა გაჩერებული. მის წინ შავ ფერს ვკრავ თვალს და ვვარაუდობ, რომ ეს მანქანა გიორგის ეკუთვნის.
-ხედავ?-თვალს გზას აშორებს ზურა.
-კი, კი, ვხედავ.-ერთი ამოსუნთქვით ვპასუხობ.-ახლა მადლობების თქმისთვის არ მცალია, მაგრამ მართლა ძალიან მეხმარები! ამას არ დაგივიწყებ!
-კარგი, კარგი, მორჩი ახლა.-ახლობლურად მიღიმის ის.
შუქნიშანზე მწვანე ირთვება. მანქანები ერთმანეთს ასწრებენ, თუ ვინ მოწყდება ადგილს პირველი. ყურებს ბჟუილისა და წუილის ხმა მიგუბებს. გაუმართავი ძრავები ისე გუგუნებს, რომ ეს უფრო მიმატებს ნერვიულობას.
-ფრთხილად!-ვყვირი, როცა სატვირთო მანქანა ბოლო წუთს უხვევს საპირისპირო მხარეს და ჩვენც საშინელ ავარიას ამით ვურჩებით.
-დამშვიდდი, ელენიკა და მითხარი, რომელ მანქანას მივყვებით!-ზურაც იმდენად დაძაბულია, საჭეზე მიჯაჭვულ ცხოველს ჰგავს.
-იმას!-თითით ვაჩვენებ და ტერფებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს.
-ისიც ვიღაცას მიყვება, ჰო?-გაოცებული ვრჩები მისი კითხით.
-ასეა.-თავს საცოდავად ვაკანტურებ.
მალე ცენტრალური გზიდან გადავდივართ. აქ უფრო მარტივია იმის შემჩნევა, რომ უკან მოგყვებიან, მაგრამ არც გიორგი და არც ჯორჯი ოდნავადაც კი არ ცვლიან სიჩქარეს. ლამის სავარძლიდან ვვარდები, ზურა საჭეს მარჯვნივ რომ ატრიალებს, რადგან წინა ორი მანქანის მძღოლიც სწორედ ასე იქცევა.
-ბოლოში გადი.-ვეუბნები ზურას, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი იქვე ჩერდება, სადაც გიორგი.
ზურა კორპუსის ბოლოში აყენებს მანქანას.
-შეგიძლია წახვიდე და იფიქრო იმაზე, რომ დღეს ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთე, გესმის?-მანქანიდან გადასული ღიმილით ვემშვიდობები და კარებს ვუხურავ.
მანქანა ტრიალდება და მე მარტო ვრჩები.
სადარბაზოში ისეთი სიჩუმეა, ვეჭვდები, რამე ხომ არ ამერია_მეთქი. რამდენიმე სართულს უკან რომ ვიტოვებ, კიბეზე შეჩერებულ ჯორჯს ვხედავ და კედელს ვეკვრი.
''მოვასწარი!''-ვფიქრობ და ქოშინის შეკავებას ვცდილობ.
ჯორჯს ეტყობა, რომ ჭოჭმანობს. ალბათ, არ უნდოდა გიორგის შეემჩნია, ამის გამო დაგვიანებით ამოვიდა და ახლა ვერ გაუგია, რომელ კარში შევიდა ის. ბოლოს მაინც ზევითა სართულზე ადის და კარებზე აკაკუნებს.
გამოდის, რომ ან ამ სართულზე ჰქონდა ეჭვი, ან კიდევ ერთით მაღლა. იმ ადგილს ვიკავებ, სადაც ცოტა ხნის წინ ჯორჯი იდგა და თმიდან სამაგრს ვიხსნი. ჩემი ქალური ლოგიკით თუ ზემოთ გიორგი არ ცხოვრობს, მაშინ ეს იქნება მისი სახლი.
-ვინ გნებავთ?-მესმის ზემოდან ქალის ხმა და სწრაფად ვუყრი საკეტში სარჭს. მოხერხებული, მოქნილი ხელის მოძრაობის შედეკად კარი ჩარჩოში ინძრევა. გიორგი ბინაში ახლახან შევიდა, ესე იგი კარები მას უნდა გაეღო. თუ ასე არ მოხდა, არ უნდა ვცდებოდე. კარებს ჩუმად ვაღებ და შიგნით შევდივარ.
ბნელა. შემოსასვლელი ისეთ ადგილასაა, ფანჯრები რომ არ უდგება. უკვე შემიძლია გიორგი დავიცვა. მე მისი თავშესაფარი ვარ, ეს კი მისი სამყოფელია. ადგილი, სადაც ბედნიერად ცხოვრობდნენ ის და მისი ცოლი. მშვიდი, ჰარმონიული ყოველდღიურობით ტკბებოდნენ და დროის შეგრძნება აღარ ჰქონდათ. ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამ იდილიას შეიძლებოდა დასასრული ჰქონოდა.
უცებ ვიღაც უკნიდან პირზე ხელს მაფარებს და ჩემი კივილიც სადღაც იკარგება. მაშინვე ვიაზრებ, ვის მკლავებშიც ვარ მომწყვდეული, ხელს კედელზე ალალბედზე ვაფათურებ და შუქს ვანთებ.
-ელენიკა?-გაოგნებული, დაჭყეტილი თვალებით მაშტერდება მამაკაცი.
ქურთუკი ჯერაც არ გაუხდია. მხოლოდ ღილები აქვს შეხსნილი. შეიძლება გზაშივე აიღო ეჭვი, რომ ვიღაც აედევნა და ამიტომაც დაყარაულდა აქ.
-პირველად, ცხოვრებაში ამ ერთხელ კითხვების გარეშე დამიჯერე და... მენდე!-თხოვნაზე ვაგებ მთელ წინადადებას.
-ხომ იცი, რომ...-არ მეპუება გიორგი, მაგრამ პირზე თითებს ვაფარებ და ამით ვახერხებ მის შეჩერებას.
-ჯანდაბა, ამჯერად ისე უნდა მოიქცე, როგორც მე გეუბნები! გთხოვ!
ენერგიით ასავსებად და ნერვების დასაწყნარებლად ვეხვევი. ისიც წელზე ხელებს მაწვდენს, რაც დასტურს ნიშნავს. თითქოს ჯადოსნური ელექსირი დამელიოს, ისე მივლის ფეხებიდან თავამდე რაღაც შუშხუნა და ტკაცუნა.
-სად არის ოთახი, რომელიც ყველაზე შორსაა კარიდან და რომელსაც ყველაზე სქელი კედლები აქვს?-მომლოდინედ ვეკითხები, თან კარისკენ მაქვს მზერა.
-წამოდი.-ხელს მკიდებს გიორგი და გრძელ, მაგრამ ვიწრო დერაფნს მატარებს.
დერეფნის ბოლოს გრძელი, თეთრი კარებია. ამ ჩაბნელებულ სივრცეში მხოლოდ ის მოჩანს. მის წინ ვჩერდებით. გიორგი კარებს აღებს და შიგნით ჯერ მე მიშვებს, მერე კი თვითონ შემოდის. ისეთი შეგრძნება მებადება, რომ ამ საძინებელში დიდი ხანია არავინ ყოფილა. ყველაფერი დაწკრიალებულია და ოთახის ყოველ კუთხეში წესრიგი სუფევს. ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღი ძველებურია. აქაურს არ ჰგავს, უცხოური მგონია. მის გარშემო ჭაღი შეყვითლებულია. კედელთან ტრილიაჟი დგას. სარკის წინ ფლაკონები ალაგია. ყველა ცარიელია ერთის გარდა. ტრილიაჟი ტკბილ სურნელს აფრქვევს. ძვირადღირებული პარფიუმერიის სურნელს, რომელიც თავის ეფექტს წლების შემდეგაც კი არ კარგავს. იატაკზე დაფენილი ხალიჩაც კი ისე გამოიყურება, რომ ეტყობა, დიდმა დრომ განვლო და მასზე არავის გადაუვლია. ეს პელოს ოთახია.
-ეს...-ვიწყებ, მაგრამ გიორგი მსწრაფლ მაწყვეტინებს.
-რა ხდება, ამიხსნი?
-გამიყვანე აქედან! სადმე სხვა ოთახში წავიდეთ! სადმე სხვაგან!-დაპანიკებული, დამფრთხალი ვჩურჩულებ და ყელზე ხელებს ვიჭერ.-ვიხრჩობი!
-ელენიკა, ნუ ფიქრობ! ნუ ისმენ! არ იგრძნო!-ჩემს გამოსაფხიზლებლად იბრძვის გიორგი, ყელიდან ხელებს მაშვებინებს, თავისკენ მიაქვს და მის კისერზე მახვევინებს.-მხოლოდ თვალებს ვერ დახუჭავ! ეს უნდა დაინახო, გესმის?
-გამიშვი! უნდა წავიდე!-კარისკენ გავრბივარ და სახელურს ვეჯაჯგურები, მაგრამ გიორგი ოთახის ცენტრისკენ მიმათრევს. იატაკზე ჩაკეცილს თავი საწოლზე მივარდება. ფეთიანივით ვჩოჩდები, რადგან არ მინდა იმ წყეულ გადასაფარებელს ვეხებოდე.
გიორგის ყურადღება მხოლოდ ჩემკენაა მოპყრობილი. მიყურებს და მგონია, რომ ჩემ იქით ვერაფერს ხედავს, არც მოგონებების ხმა ესმის და ვერც სუნამოების აუტანელ სუნს გრძნობს. ის ზუსტად ისე იქცევა, როგორც მე მეუბნება. მინდა მას მივბაძო, მასავით ვისუნთქო, მაგრამ მყესები გაწყვეტამდე მეჭიმება. თითქოს ვიღაც ცდილობს სული ამომართვას ისე, ვითომ მე წავართვი. პირველად ვგრძნობ, რომ გიორგი ჯერ კიდევ სხვისი საკუთრებაა. ამ ოთახს სურს რომ ჩამყლაპოს. პირს აღებს, ჩემკენ მოიწევს, მაგრამ თვალებს არ ვხუჭავ და... ვხედავ, როგორ მეფარება გიორგი, როგორ მიფარავს თავისი ხელებით იმისგან, რაზეც წარმოდგენაც კი არ აქვს...
-ეს უნდა მომხდარიყო! სხვანაირად არ შეიძლებოდა, სხვანაირად ვერ შევძლებდით...-ბუტბუტებს გიორგი და ქარბორბალაც უმალ ცხრება.
დაღლილი და მისავათებული სახეს მის პალტოში ვრგავ. ყველაზე კომფორტულად და სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. ახლა იმდენად ახლოს ვარ მასთან, რომ ვერავინ ჩადგება ჩვენ შორის, ვერავის ჩრდილი, ვერავის ლანდი და ვერავის ანარეკლი...
გარდა იმისა, ვინც კარებს გამეტებით უშენს მუშტებს და ეს ხმა ოთახის სქელ კედლებშიც კი აღწევს...
გაგრძელება იქნება სამშაბათს