ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ფეშენებელურ უბანში მდებარე ბერკლის სკვერის 50 ნომერი სახლი ყველაზე მისტიკურია დედაქალაქში. ის უკვე 200 წელია შიშის ზარს სცემს ხალხს.
ადრე ამ ადგილებში "ნაღები საზოგადოება" ლორდები, ჰერცოგები ცხოვრობდნენ. ახლა კი...
თავიდან იყო სახლი
1740 წელს არქიტექტორმა უილიამ კენტმა, 4-სართულიანი აგურის სახლი ააგო, რომელშიც სხვადასხვა დროს პოლიტიკოსები ჯორჯ კანინგემი და უინსტონ ჩერჩილი ცხოვრობდნენ. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ბინადარი იყო ტომას მაიერსი. პარლამენტის წევრი ამ სახლში 1859 წელს ცხოვრობდა.
სახლის მოჩვენებები
სახლს პოპულარულობა მოჩვენებამ მოუტანა. ის ბევრს უნახავს. ქალის სილუეტი სახლის სხვადასხვა ადგილას ჩნდება. ამბობენ, რომ ეს ის ახალგაზრდა ლედია, რომელიც ბიძამ გააუპატიურა, გოგონა ფანჯრიდან გადახტა და ახლა მისი სული ბინადრობს სახლში.
მეორე ვერსიით სახლში ახალგაზრდა მამაკაცის სული ცხოვრობს. ნათესავებმა ის მანსარდაში ჩაკეტეს, მამაკაცი შეიშალა და გარდაიცვალა.
მესამე ვერსიით სახლში პატარა გოგონას სული ბინადრობს, რომელიც სადისტმა მსახურმა მოკლა.
სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცის სული სწორედ ტომას მაიერსია. ის შეყვარებულმა მიატოვა. მამაკაცი სახლში ჩაიკეტა და შეიშალა.
მთვრალი სტუდენტი
1840 წელს 20 წლის სტუდენტმა რობერტ უორბოისმა, ქეიფის დროს, მეგობრებთან ნაძლევი დადო, რომ ღამეს სრულიად მარტო გაატარებდა მოჩვენებების სახლში. სახლის პატრონებმა ბიჭს სურვილის ასრულებაში ხელი არ შეუშალეს. ის მეორე სართულზე დატოვეს, თავად კი პირველზე დარჩნენ ღამის გასათენებლად. რობერტი დაარიგეს, რომ საშიშროების შემთხვევაში ზარი დაერეკა და, ყოველი შემთხვევისთვის, იარაღიც დაუტოვეს.
45 წუთის შემდეგ ჯერ ზარმა დარეკა, შემდეგ კი გასროლის ხმა გაისმა. სახლის პატრონმა თვითმკვლელი ბიჭი კუთხეში მიყუჟული იპოვეს, სახეზე შიში ჰქონდა აღბეჭდილი.
მთვრალი მეზღვაურები
50 წლის შემდეგ ორი მთვრალი მეზღვაური, რობერტ მარტინი და ედვარდ ბლანდენი სახლში შეიჭრა, ამ დროისთვის ბერკლის სკვერის 50 ნომერი მდებარე სახლი უკაცრიელი იყო და დასვენება გადაწყვიტეს. შუაღამისას მამაკაცები "რაღაც ხმაურმა" გააღვიძა. მარტინი ქუჩაში გავარდა, პოლიციელი იპოვა და მასთან ერთად დაბრუნდა სახლში. ბლანდედი ფანჯრიდან გადავარდნილიყო და სახეზე ისეთივე გამომეტყველება ჰქონდა, როგორც სტუდენტმა რობერტ უორბოის.
ლორდ ლიტლტონის გასროლა
ასეთი მდიდრული აპარტამენტი დიდხანს ვერ გაჩერდებოდა ცარიელი და ბერკლის სკვერის 50 ნომერი მდებარე სახლში ინგლისელი არისტოკრატი ლორდი ლიტლტონი დასახლდა. ერთ დღესაც, როცა ლორდი დასაძინებლად ემზადებოდა, მის ოთახში რაღაც არსება შეცურდა, ლორდმა მას ესროლა. დარწმუნებული იყო, რომ რვაფეხა მოკლა და რომ ის მიწისქვეშა არხით მოხვდა უკაცრიელ სახლში. თუმცა, მის კვალს ვერსად მიაგნეს...
ფინალი
იყო თუ არა სახლში მოჩვენება ან რვაფეხა, არავინ იცის. გასული საუკუნის 30-იან წლებში სახლი კომპანია Maggs Brothers -მა შეიძინა და ანტიკვარიატის სალონი გახსნა. საინტერესოა, რომ მას შემდეგ მოჩვენებებსა და რვაფეხაზე არავის უსაუბრია. შეიძლება იმიტომაც, რომ ის ოთახი, სადაც მკვლელობები მოხდა, ჩარაზეს და მისი გამოყენების ნებართვა საწყობადაც კი არ დართეს, რადგან არავინ იცის, რა მოხდება, თუ ოთახის კარი გაიღება...