მხატვრისა და გრაფიკული დიზაინერის, გიორგი გაგლოშვილის ნამუშევრებმა სოციალური ქსელი მთლიანად მოიცვა.
მას განსაკუთრებული პოპულარობა გალაკტიონის ლექსის - „მთაწმინდის მთვარის“ ანიმაციაში გაცოცხლებამ მოუტანა, რომელიც ანიმატორმა 13 წუთში შექმნა. მიკი მაუსის დახატვის მცდელობიდან - პოეზიის ანიმაციაში გადმოტანამდე და არაერთი სახალისო ვიდეორგოლისა თუ ანიმაციის შექმნამდე, გიორგიმ საინტერესო გზა გაიარა, რომელიც მხატვრობას უკავშირდება. ანიმატორი marao.ge-ს საკუთარ შემოქმედებაზე ესაუბრა და დაგეგმილი ანიმაციების სიუჟეტიც გაანდო:
- ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ხატვით. მახსოვს, როგორ ვცდილობდი მიკი მაუსის დახატვას. მოზარდობისას დავინტერესდი კომიქსებით. ძალიან მიყვარდა და მიყვარს კომიქსებზე დაფუძნებული ანიმაციები და დავიწყე ამ პერსონაჟების გადმოხატვა ტელევიზორიდან. მაშინ არც ვიდეო მქონდა, არც კომპიუტერი. ვიჯექი და სანამ ტელევიზორში გადიოდა, ვცდილობდი პერსონაჟების დამახსოვრებას - რა ეცვათ, როგორი ვარცხნილობა ჰქონდათ... ამასობაში დავხვეწე ტექნიკა და შემდეგ დავიწყე საკუთარი ისტორიებისა და გმირების გამოგონება. ბევრი კომიქსის იდეა მოვიფიქრე იმ პერიოდში და დავხატე კიდეც, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, ეს ყველაფერი ბავშვური იყო, არაპროფესიონალური. 2010 წელს გადავწყვიტე ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, ანიმაციაზე. 4 წელი ვისწავლე და დავეუფლე ანიმაციას, რითაც დღეს ვარ დაკავებული. ვმუშაობ როგორც კერძო დაკვეთებზე, ასევე სტუდია „ველოსიპედში“, სადაც პატარებისთვის საყვარელი პერსონაჟი - „ჟირაფი ჟოზე“ იქმნება.
ანიმაცია და პოეზია დაამეგობრე 13 წუთში. ჯერ გალაკტიონი, მერე ჭილაძე... როგორ გაგიჩნდა იდეა, როგორია, როცა ლექსის ან პოეტის ცხოვრების მიხედვით ხატავ? რამდენად თავისუფალი ხარ ამ დროს, როგორც შემოქმედი და რა არის შენი სათქმელი, მოტივაცია?
- ეს სრულიად შემთხვევით მოხდა და არ მქონია საერთოდ არანაირი გათვლა, რომ ეს ასეთი პოპულარული გახდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა პოზიტიურ ტექსტებს, რომ ძალიან კარგია, რომ ასეთი რამ მანამდე არ უნახავთ. ამან მომცა მოტივაცია, გამეგრძელებინა ეს მიმდინარეობა და შემექმნა სხვა ნამუშევრები, სხვა ლექსებზე. რაც შეეხება თვითონ ნახატს, ვცდილობ, ის არ გადმოსცემდეს უშუალოდ ლექსის შინაარსს. მთავარია, ემოციური ფონი ემთხვეოდეს. მაგალითად. ჭილაძის ლექსზე დავხატე ბიჭი შეყვარებულის საფლავთან, ლექსში კი მსგავსი არაფერია ნახსენები, მაგრამ ლექსი ნახატის ხატვის პროცესს მაინც მოუხდა. რაც შეეხება სათქმელს, განწყობაზეა დამოკიდებული. საკმარისია, ოდნავ მოწყენილი ვიყო, ნახატიც სევდიანი გამოდის.
„ფეისბუქში“ პოპულარული ბატონები, დავითი და გიორგიც გააცოცხლე. ანიმაციაში საკუთარი ფანტაზიით მოგირთავს ერთ-ერთის კომპიუტერი, რითაც შენიღბულად რაღაცაზე მიგვანიშნებ. ეს ანიმაციის შესაძლებლობებს ახალი კუთხით გვიჩვენებს. რამდენად ადვილია ანიმაციის გამოყენებით საკუთარი აზრის დაფიქსირების გზების პოვნა, თან ისე, რომ ეს არ იყოს გამაღიზიანებელი და ვულგარული?
- ამ ანიმაციის გაკეთების იდეა დაახლოებით 5-6 დღის წინ მომივიდა. ყველგან მათი ვიდეოებიდან ამოჭრილ კადრებს ვხედავდი და მეც ანიმაციის გაკეთება გადავწყვიტე. თან ორივეს ხმის პაროდიას ვაკეთებ. იმავე დღეს დავხატე დავით გიორგობიანის ანიმაციური პერსონაჟი, მეორე დღეს - გიორგი ასათიანის. შემდეგ დავწერე ტექსტი, თავადვე ჩავწერე ხმა. პერსონაჟები და გარემო ანიმაციისთვის უკვე გამზადებული მქონდა. ჩავუჯექი და ზუსტად ერთ დღეში გავაკეთე ეს ანიმაცია. გალაკტიონის შემთხვევაში არ მოველოდი ასეთ გამოხმაურებას, მაგრამ ამაზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვიცოდი, რომ აფეთქდებოდა. ჩემი აზრით, მთავარია, პიროვნული შეურაცხყოფა არ მიაყენო მას, ვის პაროდიასაც აკეთებ და დანარჩენი არ იქნება გამაღიზიანებელი.
მხიარული ვიდეოებითაც ამარაგებ ხოლმე შენს „ფეისბუქმაყურებელს". 2 ცალი ხარ ხოლმე ვიდეოებში. პროგრამული თვალსაზრისით, რამდენად რთულია ფიზიკურად ერთი გიორგისთვის გაორება, თუა მარტივი?
- ეს დავიწყე დეკემბერში. პირველად გავაკეთე „აბრახუნებენ?!“ ორი საყვარელი ბავშვი ზის და ერთმანეთს ელაპარაკება. მათი ხმა ავიღე და ჩემი მიმიკები დავურთე. ხალხმა ძალიან აიტაცა. ამის მერე მივყევი და მივყევი. დღეს 10-მდე ვიდეო მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება ვიდეოში გაორებას, მონტაჟი რთული არაა, მაგრამ რთული გადაღებაა, კადრი არ უნდა აიჭრას, ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იყოს კამერა და ასეთი დეტალებია. ერთი რამე რომ შეგეშალოს, ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი ხდება.
„ჟოზეზეც“ მოგვიყევი, ვინ არის, როგორ შეიქმნა, რამდენად რთულია საბავშვო ანიმაციაზე მუშაობა?
- ჟოზეს იდეა მე არ მეკუთვნის. ჟოზე მსახიობის, სცენარისტის და რეჟისორის - გიორგი მარშანიას მიერ შექმნილი პერსონაჟია. ჟოზე თავს ძალიან მარტო გრძნობდა და მეგობრები სჭირდებოდა. აი, ამაზე კი მე ვიზრუნე. ჟოზეს მეგობრებიდან ჩემი დახატულია რამდენიმე პერსონაჟი - მაიმუნი და სპილო.
რაც შეეხება სცენარს და რეჟისურას, ეს ძირითადად გიორგის კომპეტენციის საკითხია. თუმცა, როცა კადრირება იხატება, მთელი სტუდია გუნდურად ვსხდებით და ერთად განვიხილავთ, რა როგორ აჯობებს და ასე შემდეგ. საბავშვო ანიმაციაზე მუშაობას ძალიან დაფიქრება სჭირდება. ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო, თან მით უფრო, რომ ჟოზეს სერიები საგანმანათლებლოა და გათვლილია 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებზე.
რომელ ამპლუაში გრძნობ თავს უფრო კომფორტულად, საბავშვო ანიმაციების კეთების დროს თუ მაშინ, როცა საკუთარი ფანტაზიით ქმნი რამეს?
- ზოგადად, მე ძალიან რთულად ვეგუები რუტინას. საბავშვო ანიმაციებზე, გვინდა-არ გვინდა, გვიწევს რუტინულ რეჟიმში მუშაობა. ასეთი საქმე სხვანაირად არ გაკეთდება. ეს კი ხანდახან ძალიან დამღლელია და ამას ყველა ვაღიარებთ. აი, როცა სახლში მუზა მოგივა და წამოგივლის, დაიწყებ მუშაობას, შეიძლება 6 საათი ან თუნდაც მთელი დღე ისე გავიდეს, ვერც მიხვდე. აი, ესაა განსხვავება.
უახლოეს მომავალში რატომღაც პოლიტიკოსების გაშარჟებას მოველი... რას უმზადებ „გაგლოს“ მაყურებელს?
- სხვათა შორის, დღეს მომივიდა ცნობილი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ანიმაციაში გაცოცხლების იდეა. ვინაობებს ჯერ ინტრიგად დავტოვებ. ვინაიდან გალაკტიონის ლექსზე შექმნილი ანიმაცია ასე საინტერესო გამოვიდა, დავიწყე მუშაობა ანიმაციაზე, რომელიც გალაკტიონის სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს...