იმდენ საშინელებას გავუსწორე თვალი ამ ბოლო დროს, რომ გაოცების, შეცხადების და დაპანიკების ძალაც კი აღარ შემრჩა.
არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება ისე ყოველმხრივ უზრუნველყოფილი, რომ მოტეხილ ფრჩხილზე დამეწყო ტირილი, მაგრამ ფიქრს და საღი გონებით განსჯას გრძნობებზე წინ მაინც ვერ ვაყენებ. მთელი სხეული მტეხს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცივი, გაყინული ხელებით მაჯანჯღარებენ და კანს ბასრი დანით მისერავენ. მოწყვეტით ვეცემი სავარძლის რბილ ზედაპირზე და გულზე დაკრეფილ ხელებზეც მსწაფლ მიცურდებიან ცრემლები.
- აღარ შემიძლია! ეს უკვე აუტანელია! უკვე ოცდარვა წლის ვარ. რის არ მშინებია, როგორ არ მინერვიულია, მაგრამ ჩემი მოკვლა მაინც არავის ნდომებია! როგორ უნდა ვიყო მშვიდად, როცა ყოველ კუთხეში ვიღაცის ბინძური ხელები მელანდება?! - გულამოსკვნილი ყველაფერს ვამბობ, რაზეც კი აქამდე თავი შემიკავებია. - სად ვარ? რას ვაკეთებ? რა მინდა? უკვე აღარაფერი ვიცი. აღარაფერი! ამდენი საიდუმლოსგან სუნთქვაც აღარ შემიძლია. მგონია, ყველაფერი მთავრდება და ისევ...
გიორგი შუქს ანთებს და ჩემ წინ იჩოქებს. მასაც დაბინდვია სიმწრის ცრემლებით თვალები. მინდა, ტირილი შევწყვიტო და ჩემი სისუსტე არ დავანახო, მაგრამ არ გამომდის. სპაზმურად მახველებს და მთელი სხეული მაღალი ტემპერატურისგან მიდუღს. ვგრძნობ, როგორ ივსება ჩემი მოთმინების ლიმიტი. ამოვიწურე. გავილიე. ვერაფერს ვხედავ, რასაც შეიძლება დავეყრდნო.
- ელენიკა, შემომხედე! შემომხედე, კარგი? - ჩემს სახეს ხელებში იქცევს მამაკაცი და თავს მისკენ მატრიალებინებს. - ვერავის ბინძური ხელები ვერ მოგეკარებიან, გესმის? არავის... არავის მივცემ უფლებას! რაც უნდა იყოს... რაც უნდა იყოს...
უცებ ჩუმდება და თვალებს ღონეგამოცლილი ატრიალებს. მერე თითქოს რაღაცაზე ყოყმანობს, ფიქრობს. ბოლოს კი ისე უეცრად მაყენებს ფეხზე, რომ ინერციით ზედ ვასკდები. გიორგი ზურგზე ხელებს მაგრად მაჭერს და იმით გამწარებული, რომ ვერაფრით მამშვიდებს და დამაიმედებელსაც ვერაფერს მეუბნება, ჩემს თმებში ახლართული ღმუის.
გრძნობები ქაოსურად ედებიან ყველა კუთხეს თუ კუნჭულს. მისით შებორკილი ვბორძიკდები, მერე კი ბედს შეგუებული ვუშვებ ხელებს. ჩემი წინააღმდეგობა მისი სურვილებისადმი ნულს უსწორდება. ალბათ, მონათესავე სულიაო, იმაზე ამბობენ, ვინც იმას შენზე ადრე ამბობს, რის თქმასაც აპირებ და იმას შენზე ადრე აკეთებს, რაც გსურს. სწორედ ამ პრიორიტეტით სარგებლობს ის სხვა დედამიწელებისგან განსხვავებით. წარმოიდგინე, რომ უნდა უპასუხო იმ ჯერ არგაჟღერებულ კითხვას, რომლის პასუხიც უკვე იცი.
ვგრძნობ, როგორ ვსკდები, ვფეთქდები და ვიფანტები. ახლა მე ვივსები გიორგის გულისცემით, მისი სიმხურვალით და სიძლიერით. არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ ურთიერთობებში რომელიღაც აუცილებლად ცარიელდება იმიტომ, რომ მისგან შევსებულმა მეორე წუთს ისვე განკურნოს. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენს დროში ფილოსოფიები სისულელეა. არადა, თუ დავფიქრდებით, ფილოსოფოსები ყოველთვის სიმართლეს ღაღადებდნენ. უბრალოდ, მთავარი თვითმიზანი ის ჰქონდათ, რომ მათი ნააზრევი მაქსიმალურად გაუგებარი ყოფილიყო, ისეთი გაუგებარი, ბევრი ფიქრი რომ დასჭირვებოდა და რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ვინ ჩაეძიება ოცდამეერთე საუკუნეში საათობით თომას პეინის ''საღ აზრს'' ან პირანდელოს ფილოსოფიურ კონვენციას?
გიორგის ფრთხილად ვაშორებინებ ხელებს და ყალბად ვუღიმი. ერთმანეთის გვერდით ვსხდებით ორნამენტებიან ხალიჩაზე და ორივე თავს დივანზე ვდებთ.
- არ წავალ! არ მეშინია! ვიცი, სამუდამოდ ასე ვერ ვიქნებით, მაგრამ... არ მინდა, შენს მეხსიერებაში ისე დავრჩე, როგორც თავის სურვილებზე მოხტუნავე, ჩამოუყალიბებელი ადამიანი, რომელმაც მხოლოდ იმიტომ დაგტოვა პრობლემებთან მარტო, რომ მოჩვენებითი სიყვარულობანას თამაში მობეზრდა. - ვბუტბუტებ გაუგებრად და ჭერზე სიძველისგან გაჩენილ ლაქებს თვალს ვუსწორებ.
- მოდი, არ მოგატყუებ და მართლა ასეთი ხარ. - მიუხედავად ასეთი დამძიმებული სიტუაციისა, სიცილს ვერ იკავებს გიორგი.
- მგონი, სჯობდა, მოგეტყუებინე! - სიცილში ვყვები მე. - იცი, რომ ვაკვირდები, შესანიშნავი წყვილი ვიქნებოდით, რომ არა ეს ყველაფერი...
- მაგრამ ეს ყველაფერი რომ არა, არც ვიქნებოდით.
- თუ არ ვიქნებოდით, არც ყველაფერი იქნებოდა... - ვაგრძელებ და მიკვირს, რომ ასეთ უაზრო დიალოგზე მუცლის ატკიებამდე არ ვხარხარებ.
- ყველაფრის გარეშე კიდევ...
- არაფერი?
- ჰო, არაფერი!
- არ მინდა არაფერი!
- კარგი, ხო, ნუ ვიქნებით შესანიშნავი წყვილი... - დანანებით ვყრი ფარ-ხმალს, მაგრამ წამიერად წახდენილი გუნება მალევე მიკეთდება. - მთავარია, ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ და როდემდე...
- როგორ და როდემდე...
- რა თქმა უნდა!
- ჰო, ასეა!
- წყვილი? საერთოდ, ვინ მოიგონა ეს სიტყვა?
- ჩვენ წყვილი არ ვართ!
- ჰო, არ ვართ!
- რა თქმა უნდა!
- რასაკვირველია!
უცნაური შეგრძნებით მეღვიძება. ფარდა ნახევრადაა ჩამოფარებული. ოთახს ლამპიონების ყვითელი შუქი მოფენია. შუაღამე თუ იქნება. მისაღების კარი ისევ ღიაა. არაფერია შეცვლილი. ყველაფერი ისეა, როგორც დავტოვე. მაშ, რამ გამაღვიძა? ან რატომ ვარ ერთიანად გაოფლილი? ის-ისაა, ამ ყოველივეს შინაგან შფოთვას ვაბრალებ, რომ გარედან კაკუნის ხმა მესმის. იქ ვიღაცაა. იქ კი არა, სადარბაზოში, გიორგის სახლის კარებთან დგას და შემოსვლას ითხოვს.
საწოლიდან ისეთი სისწრაფით ვდგები, რომ ფეხი საბანში მეხლართება და იატაკზე ვეცემი. მისაღებში დივანი ჭრაჭუნებს. ნაბიჯების ხმა სულ უფრო ახლოვდება და ორი ფეხიც ჩემ წინ ჩერდება.
- ელენიკა, რა გჭირს? აქ რა გინდა? - ხმაშეცვლილი მკიდებს მაჯებში ხელებს და მასზე მთელი სხეულით დაყრდნობილს ფრთხილად მაყენებს.
სვანეთში ნატკენი ფეხი თავს მახსენებს, მაგრამ ახლა მთელი ყურაღება შემოსასვლელისკენ მაქვს მიპყრობილი. გული ისე ძლიერად მიფეთქავს, რომ მკერდთან წვას ვგრძნობ.
- იქ... იქ... - შეძრწუნებული ვლუღლუღებ და თითით კარებისკენ ვანიშნებ.
- რა იქ, ელენიკა? მგონი, რაღაც გესიზმრა... მოდი, დაწექი. - დამთბარი ტონით ჩემ დაყოლიებას და დამორჩილებას ცდილობს გიორგი და საწოლისკენ ძალით მივყავარ.
- მაგრამ იქ... - ვაპირებ ვუთხრა, რაშიცაა საქმე, მაგრამ კართან მდგომი კვლავ აკაკუნებს და ამჯერად ამის შემსწრე გიორგიც ხდება.
- დამშვიდდი და გამომყევი! - ერთბაშად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ფანჯრისკენ რომ ტრიალდება, ვხედავ, როგორი გადარეული და ფერდაკარგული თვალებით მოქმედებს.
ლაპარაკის და შეწინააღმდეგების უნარი გამქრალი მაქვს. პელოს ოთახისკენ მივყავარ და მერე საპირისპირო მხარეს რომ პატარა კარებია, მის სახელურს ჰკიდებს ხელს. ნერწყვს მტკივნეულად ვყლაპავ და ბნელ სივრცეს ეჭვით ვუმზერ.
- მარტო არ დაგტოვებ! - ისეთი თავდაჯერებულობით ვუცხადებ, ამ ვითარებაში განსაცვიფრებელიც რომ არის და კარებს ჩემი ხელით ვხურავ.
- ასეა საჭირო! შენ აქ დარჩები, ელენიკა! - მკაფიოდ გამოთქვამს სიტყვებს და ისე, რომ აღარაფერს მეკითხება, კარებს კვლავ აღებს და შიგნით შევყავარ.
- მაგრამ შენ... - ატირებული მაინც ვცდილობ გამოსვლას. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავტოვო მარტო. როგორც უნდა იყოს, არ ვიცი, ვინ დგას კარს უკან და რა აქვს გეგმაში მას. იმის დაშვებაც არ მინდა, რომ გიორგის შეიძლება რამე დაუშავონ. ამ წუთას ყველაზე მეტად მიყვარს ის და მგონია, რომ ასეთ სიყვარულს ვეღარც ვერასდროს ვიგრძნობ. საშინლად მიჭირს მისთვის ხელის გაშვება და ამ წყვდიადში დარჩენა.
- მე არაფერი მომივა, თუ შენ აქ დარჩები და... კარგად იქნები.
ხელებს შეყინულივით ვწევ უკან. ქვედა ტუჩი მებრიცება. ვიცი, ახლა მთელი ხმით ვერ ვიღრიალებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მსურს. გიორგი მიღიმის. ისევ ისე, როგორც მაშინ, სვანეთში, იმ სახლისკენ რომ მიდიოდა, რომელიც ჯორჯს ექირავებინა. მის ღიმილში ისევ სევდას ვხედავ მცირე დოზით და უფრო დიდი რაოდენობით ჩემი დამშვიდების სურვილს. მინდა, კიდევ სხვა რაღაც ამოვიკითხო მის მზერაში, მაგრამ არაფერი, სულ აღარაფერი ჩანს.
კარი იხურება. მე კი აქ ვრჩები. გიორგის გარეშე.
მაშინ, როცა შემოსასვლელის მხრიდან კარების გაღების ხმა ნათლად მესმის, მიხარია, ამ სახლს თხელი კედლები რომ აქვს. ყურს კარს ვადებ და სათავსოში ისე მოთავსებას ვცდილობ, ხმაური რომ არ გამოვიწვიო.
- გამარჯობა, გიორგი! - ხრინწიანი, შხამიანი ხმა ჩემს გულშიც კი ჰყოფს თავს დაუპატიჟებელი სტუმარივით. მგონია, რომ მუცელში ვიღაც მიფათურებს ხელს და თან მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება, დიდი ტკივილი მომაყენოს.
- შემოდი. - იმდენად ეტყობა გიორგის ნერვიულობა და დაძაბულობა, რომ ძლივს ვცნობ.
აშკარაა, ჯემალი მოვიდა. ყველაფერი მართლდება, რაც მამაჩემმა მითხრა. იმედია, შემდეგი მოვლენებიც ასეთი სიზუსტით არ წავა წინ. მეტისმეტი ღელვისგან მუჭი პირისკენ მიმაქვს. მთელი კანი სიმხურვალისგან მიფუთქავს და მექავება. მინდა, აქედან სასწრაფოდ გამოვიდე, გიორგის დავუდგე გვერდით და ვთქვა, რომ მე ელენიკა ვარ და მედალიონს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებენ, მაგრამ წინ რაღაც მეღობება. ეს ხის თხელი კარები არ არის. არც შიში. არც ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ვგრძნობ, რომ გიორგის ღიმილს ვერ გადავდივარ. მის თხოვნას თუ ბრძანებას, რომ აქ უნდა დავრჩე. ვერც მაშინ ვერ ვიძროდი ადგილიდან, როცა სვანეთში ვიყავით და ვერც ახლა. თხემიდან ფეხებამდე ვდამბლავდები. კიდურებს ვეღარ ვგრძნობ. ხმა საერთოდ აღარ მესმის და ლამისაა გავგიჟდე.
მე გიორგის თავშესაფარი ვარ! მე უნდა შევიფარო ის! ის კი არ უნდა მიცავდეს მე, თავად უნდა ვიფარავდე! თუ ახლა არ გავმოძრავდები, მეტად ვეღარასოდეს ვიხილავ მამაკაცის ღიმილს. ასე რომ, უფლება არ მაქვს, მას ვემორჩილებოდე... უნდა გამოვცოცხლდე... საკუთარ სისუსტეს უნდა ვძლიო... ჯერ თითებს ვამოძრავებ ფრთხილად, მერე მთლიანად ხელებს და ბოლოს თავისუფლად ვდგები ფეხებზეც. კარს ჩუმად ვაღებ და კედელს აკრული მივიპარები მისაღებისკენ.
- შენ ის აღარაფერში გჭირდება! პელო მკვდარია და თავადაც არ კვდები მისი ერთგულებით და მონატრებით! ეს მედალიონი ჩემს ნათლულს მე ვაჩუქე და სრული უფლება მაქვს, დავიბრუნო კიდეც. - ოთახში ბრდღვინავს ჯემალი, მაგრამ მას ჯერ კიდევ ვერ ვხედავ.
- შენი საქმე არაა ჩემი ცხოვრება და შეიგნე ეს! პელო, პირველ რიგში, ჩემი ცოლი იყო და მისი სიკვდილი არაფერს ცვლის! ის არ ისურვებდა, რომ შენი საზიზღარი მიზნების გამო მისი მედალიონი სხვას ჩაეგდო ხელში. საერთოდ არ ვიცი, რა დაინახა ამ მედალიონში ასეთი. პელო წმინდა იყო, ხელშეუხებელი, შენგან სრულიად განსხვავებული. - ეპასუხება მეორე მხრიდან გიორგი. შედარებით დაბრუნებია ხმა. სამალავიდან წამიერად გამოვდივარ და მის დაჭიმულ ყბებს და მოკუმულ მუშტებს ვხედავ.
- ენა ჩაიგდე! - ყვირის კაცი, წინ ნაბიჯებს დგამს და მე უკვე ვახერხებ მის დანახვას.
მელოტი, ჩია კაცია. დიდი, ბურთივით ცხვირი და პატარა პირი შორიდან განსაკუთრებით მკეთრად ჩანს. სახეზე სიბრაზისგან წამოჭარხლებულია. რამდენჯერ გამიფიქრებია, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, მაგრამ ყოველთვის მაღალი, მკვრივი, ღონიერი მამაკაცი მიდგებოდა თვალწინ. სინამდვილეში კი მას არც ჯანი აქვს და არც ისეთი აღნაგობა, მის მჭექარე, სისინა ხმას რომ შეეფერება.
- ისწავლე, როგორ უნდა მელაპარაკო! მე შენი რიგითი მძორი არ ვარ, უამრავ ჭუჭყიან საქმეს რომ მოგიყომარებენ ხოლმე! თავად რა შეგიძლია? არაფერი! ერთი სუნიანი ნაგავი ხარ, რომელიც დიდი ხანია უკვე ნაგავსაყრელზე წასაღებია! - თვალები უსისხლიანდება გიორგის. - პელოს ნახმარ ხელსახოცსაც კი ვერ მიიღებ, მედალიონზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!
კაცი ასეთი დამცირებისგან თითქოს იგუდება. ადგილზე იკლაკნება და ცალი ხელი საეჭვოდ მიაქვს ჯიბისკენ...
ვკივი და იმას ვაკეთებ, რაც წესით, არ უნდა გამეკეთებინა.
მისაღებში შევრბივარ და კაცის დანიან ხელს წინ ვეფარები.
გაგრძელება იქნება