სამი დღის შემდეგ ხელახლა ავედი უტასთან. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ეს ლურჯი დივანი და ნაცრისფერი ფარდები ჩემი შერჩეული იყო და თავს, მგონი, ამ სახლის ბინადრად ვგრძნობდი. გადაწყვეტილი მქონდა, ის, რაც წინა მოსვლაზე მოხდა, ამ ეტაპისთვის აღარ უნდა გამემეორებინა. ეს რომ ჩემს ოჯახს გაეგო, განსაკუთრებით, მამას, წარმოდგენა არ შემეძლო, რა მოჰყვებოდა, და მე თავს იმითაც ვერ ვიმართლებდი, რომ ჩემი შეყვარებული იყო, რადგან ამის შესახებ უტა არაფერს ამბობდა. თანაც, უტას ჩახუტება იმდენად მსიამოვნებდა, რომ ამ ეტაპზე სრულიად მაკმაყოფილებდა.
ივნისის საშინლად ცხელი დღე იყო. ოთახში შესვლისთანავე უტამ მაისური გაიხადა, მერე წელზემოთ შიშველმა ხორცის შეწვა დაიწყო სამზარეულოში. ნეტავ ზოგადად სექსუალურია კაცი სამზარეულოში თუ ჩემი ჰორმონები აღიქვამს ასე?.. ხომ არ სჯობს, დავივიწყო, რაც ბოლოს გადავწყვიტე... ისე, ეს შარვალი ზედმეტად დაბლა აქვს მგონი ჩამოწეული, ხომ არ მიწვევს?! ვფიქრობდი და თვალს ვერ ვაშორებდი. მგონი, დამაფიქსირა, რამდენჯერმე გამომხედა და თბილად გამიღიმა.
- არაფერში მომეხმარები, ელი? ისე, ეს ელი რას ნიშნავს? ელენეს ალბათ, ხო? - მკითხა და ხორცის ამობრუნება განაგრძო.
- კი, მაგრამ არავინ მეძახის ელენეს.
- მე დაგიძახებ, ელენე უკეთესად ჟღერს, არა? - კითხვით სავსე მზერა მომაგება უტამ.
- შენ როგორც გირჩევნია.
- შენ როგორ გირჩევნია? რომელს უფრო სექსუალურად გამოვთქვამ? - დაინტერესდა და ჩემკენ წამოვიდა, ტუჩები რომ კისერთან მომიტანა და ვნებიანად შემახო, მივხვდი, რომ იგივე სცენა მეორდებოდა. უკან დავიხიე და დივანზე ჩამოვჯექი.
- უტა, იმის გამო, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, ცოტა ვინერვიულე.
გვერდით მომიჯდა და ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო.
- რა გქონდა სანერვიულო?
- უნდა ხვდებოდე. - ისე მიჭირდა ლაპარაკი, ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი.
- ერთად რომ ვიყავით, ამას გულისხმობ თუ პირველი რომ ვიყავი, ამას...
- სხვანაირადაც ხომ არიან ერთად, ამის გარეშეც... თან, მგონი, ურთიერთობის ამ ეტაპისთვის ზედმეტი იყო და ადრეც... - წავილუღლუღე.
- როგორც გინდა, ისე ვიყოთ ერთად. სექსი რომ გვქონდა იმ დღეს, წახვედი სახლში, დაჯექი და ინერვიულე ამაზე?
- არა, იმ დღეს ბედნიერი ვიყავი.
- ახლა?
- ახლა ხორცი გეწვება, უტა. - დივნიდან წამოხტა.
- ამ ხორცს არა უშავს, ელი, მგონი, სხვა ხორცი უფრო დამეწვება ცოტა ხანში. - თვალი ჩამიკრა და სამზარეულოში გავიდა.
იმ საღამოს ვივახშმეთ და ორი საათი ერთად გვეძინა, უბრალოდ ჩახუტებულებს, მის ლურჯ დივანზე. ყველაფერთან ერთად მაინტერესებდა, ასეთი ურთიერთობა რამდენ ხანს გასტანდა, მაგრამ ერთ კვირაში თავადვე დავარღვიე საკუთარ თავთან დადებული პირობა.
რვის ნახევარი ხდებოდა, უტამ რომ გამაღვიძა, დროზე ჩაიცვი, ჩემი ნათესავები მოდიანო. ელდანაკრავივით წამოვფრინდი და დივანზე დადებული ხალათი დავინახე, მუქი ლურჯი და დიდი ზომა აშკარად.
- იმედია, მამაშენის არ არის. - გავიხუმრე და ქამარი მაგრად გავიჭირე მუცელთან.
ოთახში ორი ბიჭი შემოვიდა, სიმართლე გითხრათ, უფროსის და უმცროსის გარჩევა გაგიჭირდებოდათ, ორივეს ხორბლისფერი კანი და თავზე მოკლედ აღებული თმა ჰქონდა, ეჭვს არ იწვევდა, რომ ძმები იყვნენ. მუქი მწვანე თვალები ჰქონდათ, ზუსტად ერთნაირი.
ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ფაქტზე წამასწრეს, არადა, უკვე ყველაფერი მოწესრიგებული გვქონდა. პატარა გამომწვევად მიღიმოდა, ასე მომეჩვენა.
გაცნობის ბანალურმა სცენამ მშვიდად ჩაიარა, თუმცაღა, მომხდარის მიუხედავად, მაინც უბრალოდ ელენე ვიყავი. არადა, ვფიქრობდი, რომ მის შეყვარებულად ახლა მაინც მოვიაზრებოდი. მგონი, თვითონ საერთოდ არ იყო დაბნეული, ჩვეულებრივ იქცეოდა, გაწონასწორებულად, როგორც სჩვეოდა. ბიჭებს ლუდი შესთავაზა და მათ წინ დაჯდა. გუგა გამუდმებით ხუმრობდა, მისი უმცროსი ძმა კი, მის დაუსრულებელ ხუმრობებს აკრიტიკებდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, გუგა და ალექსანდრე უტას დედინაცვლის, ნინას ძმისშვილები იყვნენ და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ უტასთან. მგონი, ყოველდღიურიც კი.