საღამოს დედამ დამირეკა, ნათესავი დაგვეღუპაო და მთხოვა, ერთი-ორი დღით სახლში წავსულიყავი.
მეორე დილითვე წავედი. რაც უფრო ვშორდებოდი გუგას და ვეღარ ვხედავდი, მით მეტად ვგრძნობდი საკუთარი თავის მიმართ რაღაც გაურკვეველ სიძულვილს. მიწერა აღარ მინდოდა. ერთი პირობა ვიფიქრე, ტელეფონს გამოვრთავ-მეთქი.
სახლში მისულს დედამ დაკითხვა მომიწყო, ოჯახს როდის ქმნიო, სახლი აქვს თუ არა ცალკეო, ქორწილს სად გადაიხდითო... რაზე ლაპარაკობდა ეს ქალი, წარმოდგენა თუ ჰქონდა, რომ უტა ჩემ ცოლად მოყვანას არც ფიქრობდა და მისი ქალიშვილი სხვა კაცს ეკეკლუცებოდა უტას პარალელურად. ცხადია, არ ჰქონდა. დარწმუნებული იყო, მისი აღზრდილი გოგონა უფრთო ანგელოზი იყო და ქორწილის ღამემდე ხელს არავის დააკარებინებდა, ისევ მისი აღზრდის პრინციპებიდან გამომდინარე.
მხოლოდ ის ვუთხარი, რომ დაქორწინებას ჯერ არ ვფიქრობდით და ოთახიდან გავეცალე. არ ესიამოვნა. აშკარად მიხვდა, რაღაც რიგზე რომ ვერ მქონდა. უკან გამომყვა და ტაქტიკა შეცვალა, მოფერება დამიწყო და ცხელი ჩაი შემომთავაზა.
უაზროდ დაბნეული ვიყავი. იმაზე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. გუგა არ მიყვარდა და რომც მყვარებოდა, უტას ნათესავთან ღია რომანს ვერ გავაბამდი, თან მას შემდეგ, რაც მე და უტას მდიდარი სექსუალური ცხოვრება ერთად გვქონდა გამოვლილი. გუგას ოჯახს, ცხადია, ეცოდინებოდა, ვინც ვიყავი და ამის გამო არასდროს მიმიღებდნენ. მშობლების პოზიციიდან მართლებიც იქნებოდნენ, გულწრფელად რომ ვაღიარო.
უტა... დარწმუნებული არ ვიყავი არაფერში, არც იმაში, რომ ოდესმე ერთ ბუდეში ვიცხოვრებდით, და არც იმაში, რომ ეს ბუდე ისეთი სიმყუდროვით და სიყვარულით იქნებოდა სავსე, როგორზეც ვოცნებობდი ოდესღაც. სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. საოცარი ის იყო, რომ უტასთან დაშორებას ყველაფრის მიუხედავად არ განვიხილავდი.
იმ დღეს არ მიმიწერია გუგასთვის და ისიც არ მინდოდა, რომ თვითონ მოეწერა. აქ, ყველაფრისგან შორს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მეორე საღამოს მაინც მომწერა.
GUGA: "რატომ არ მწერ უკვე მეორე დღეა, წახვედი და "დამიკიდე", არა?!"
პასუხის მიწერა არ მინდოდა. არც ვიცი, რა მაიძულებდა მეპასუხა, მაგრამ მაინც ვუპასუხე.
ELI: "როგორ ხარ? არ მეცალა, რომ მომეწერა"
GUGA: "კაი, ვიცი მე, როგორც არ გეცალა"
პასუხი აღარ დამიბრუნებია, ყოველ წამს იმას ვფიქრობდი, რომ მიმეწერა, ეს სიგიჟე დასრულებულია და ამ თამაშიდან გავდივარ-მეთქი, მაგრამ ვერ ვწერდი. ცხადია, მის გრძნობებს ვუფრთხილდებოდი. ეს იყო ერთ-ერთი რეალური მიზეზი იმის, რომ წერტილს არ ვსვამდი. ერთხელ მითხრა, ძალიან ძლიერი ქალი ხარო. ამ თამაშში რომ ავყევი ამიტომ თუ კიდევ სხვა რამის გამოც, არ ვიცი და მგონი, სწორად გამოიცნო, ჩემი ყოველი წუხილის უკან იდგა ის ფიქრები, რომ ვინმე თუ გაიგებდა ამ ყველაფერს, აუცილებლად მოკლავდნენ. ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი და მხოლოდ დროდადრო, ჩემს თავზე. თუმცაღა არ მიყვარდა, ნამდვილად არ მიყვარდა.
თბილისში რომ დავბრუნდი, უტა ვნახე. გავისეირნეთ და ლაპარაკისას მითხრა: ძმაკაცებთან ერთად უნდა წავსულიყავი სამი დღე დასასვენებლად და რაღაც პროექტის გამო ვერ წავედიო. გუგა წასულა მარტო. ის რომ ახსენა, დამბურძგლა. ერთი წამი გავიფიქრე, რაღაც ხომ არ გაიგო და მცდის-მეთქი, მაგრამ საუბრის თემა მალევე შეცვალა და დავმშვიდდი. სახლში აღარ მივყვებოდი, ვეუბნებოდი, ვერ ვარ კარგად და ჩემს სახლში ყოფნა მირჩევნია-მეთქი. არც მაძალებდა არაფერს, უპრეტენზიოდ მაცილებდა სახლამდე. იქნებ მერჩივნა, გაეპროტესტებინა; იქნებ მერჩივნა, დაეძალებინა, ჩამძიებოდა, რატომ ვიყავი ცუდად, მაგრამ ასე არასოდეს იქცეოდა, იქნებ ეს მაკლდა, მისი გადაჭარბებული ზრუნვა, მისი ეჭვიანობა, მისი სიტყვები... სიტყვები, რომლებსაც ვერაფრის საფასურად ვერ ვეღირსე.
სამი დღე აღარც გუგას მოუწერია. გამოგიტყდებით და ამან დამამშვიდა, მაგრამ ვერ მოვისვენე, არ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი და მივწერე:
ELI: "ხომ გეუბნებოდი, რომ ყველაფერი გადაგივლიდა, მართალი ვყოფილვარ, ტყუილად წარმოიდგინე თავი ტანჯულ რომეოდ"
პასუხი... პასუხი გასაოცარი აღმოჩნდა.
GUGA: "მართალი ხარ, მე ასეთი ვარ, ყველაფერი ადვილად მერევა და მერე ადვილად მივლის, მაგრამ შენც გადაგიარა... სანამ მე გადამივლიდა, მანამდე შენ გადაგიარა, ასე არ იყო?"
თავბრუ დამესხა. ქალღმერთს, რომლადაც სულ ცოტა ხნის წინ თავი წარმომედგინა, "ღმერთ" გამოაკლდა და ისევ მხოლოდ "ქალ" დარჩა. კაცი კი, რომელმაც აგერ, ამ რამდენიმე დღის წინ წარმოიდგინა ჩემ გამო კოცონზე როგორ წვავდნენ, კოცონს ამაყად დააფსა და მშვიდად გააუვნებელყო. თავს საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი. საკუთარი უმართავი ემოციების და სისუსტის გამო შევუქმენი წარმოდგენა, რომ მიყვარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ყოვლისშემძლე მომნუსხველ ქალად მეგრძნო და ეიფორიის გავლის შემდეგ კიდევ იმიტომ, რომ მას არ ეგრძნო თავი ცუდად. ამაზე ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" გამახსენდა რატომღაც, სადაც ის წერს:
"ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი – სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე – ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი..."
ჩემი ქცევა სხვა არაფერი იყო, თუ არა უტვინოდ გაწეული თანაგრძნობა, რომლის მსხვერპლიც აშკარად მალევე აღმოვჩნდი.
გამწარებულმა ვუპასუხე:
ELI: "წესით, უნდა გეყოს იმდენი კაცობა, რომ შენი წასვლა მაინც საკუთარ თავზე აიღო"
GUGA: "იცი, სადაც უნდა დამაჭირო წიხლი... ვერაფერს ვიტყვი, მართალი ხარ"
ყველაფერი წავშალე ტელეფონიდან. ერთსაათიანი ქუჩაში ბოდიალის შემდეგ შვება ვიგრძენი. ბოლოს და ბოლოს, კაცისთვის, რომელთანაც სარეცელს ვიყოფდი, თვალებში შეხედვის მაინც აღარ შემრცხვებოდა. ხომ ასიათასჯერ მინდოდა წერტილი დამესვა ყველაფრისთვის, თან ისე, რომ არაფერი სტკენოდა გუგას, ჰოდა, თვითონ ისევ არ უფიქრია ჩემზე, ახლაც მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა და დამასწრო ის, რაც აქამდე წესით, მე უნდა გამეკეთებინა.
გაგრძელება იქნება